წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს - გზაპრესი

წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევს. 2022 წლის აგვისტოში საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის ჯგუფის გამარჯვებული გახდა - ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში პოლონეთს, შვეიცარიას, ლატვიასა და აზერბაიჯანს მოუგო, რის შემდეგაც ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდა და ეს მატჩიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით, 8:6 დასრულდა. გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრაში კვლავ პოლონეთის ნაკრებს შეხვდნენ და ეს გადამწყვეტი მატჩიც მოიგეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებმა ჯამში 9 მატჩიდან 7 მოიგო, 2023 წლის 19 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდული ნაკრები შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. მათ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ლიეტუვას ნაკრები დაამარცხეს. ნაკრების წევრს, 17 წლის ლაშა ხუციანიძეს წყალბურთში მიღწეული წარმატებების შესახებ ვესაუბრეთ.

- წყალბურთში როგორ მოხვდი, სპორტის ეს სახეობა ხომ არც ისე პოპულარულია საქართველოში?

- ბავშვობაში ხერხემლის პრობლემა მქონდა და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ცურვის წრეზე შევეყვანე. როგორც იცით, ხერხემლის დაავადების დროს სასარგებლოა კუნთების დატვირთვა, ოღონდ მსუბუქ ფორმაში. ცურვა არის ერთადერთი ვარჯიში, რომელიც კუნთებს თან ავითარებს და თან ადუნებს. 4 წლის ვიყავი, ცურვა რომ ვისწავლე. თავიდან მაინცდამაინც არ მომეწონა, მაშინვე წყალში რომ ჩამაგდეს, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე მსიამოვნებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ წყალბურთითაც დავინტერესდი და სპორტის ამ სახეობაში გადავინაცვლე. 12 წლისას კარგი შედეგები მქონდა, 15 წლისა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ წყალბურთი ჩემი სპორტია და არჩევანში არ შევმცდარვარ.

- ნაკრების შემადგენლობაში პირველი თამაში ალბათ განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა...

- 15 წლის ვიყავი, უნგრეთის წინააღმდეგ რომ ვითამაშეთ. მართლაც საუკეთესო ნაკრები ჰყავს უნგრეთს და სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენთვის. განსაკუთრებულად მახსოვს, 2022-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ადგილზე რომ გავედით, პოლონეთს დაძაბულ ბრძოლაში მოვუგეთ. ეს გამარჯვება ყველას გვიხაროდა. ბუნებრივია, იყო მარცხიც, მაგრამ ეს მოტივაციას არ მიკარგავს, პირიქით, სტიმულს მაძლევს, რომ უფრო შემდეგში კარგად ვითამაშო.

სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანია იყო ფიზიკურად ძლიერი და მომზადებული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გონებაც ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობაში. დღეში ორჯერ მაქვს ვარჯიში, დილის 9-ზე 3 საათით ვვარჯიშობ და საღამოს 9-ზე საათ-ნახევარს. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს.

- ამას ისიც ემატება, რომ წელს აბიტურიენტი ხარ. რა გეგმები გაქვს?

- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. რთულია, თან აქტიურად ივარჯიშო და თან ისწავლო, მაგრამ ვცდილობ, ორივე კარგად გამომივიდეს.

403402169-315468898112030-4277051794230219454-n-1703490640.jpg

- წყალბურთის გარდა, კიდევ რა გატაცება გაქვს?

- თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. გარდა წყალბურთისა, ძალიან მიყვარს ფეხბურთიც და როდესაც დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ. გერმანიაში ვცხოვრობდი 2 წელი და მაშინ დავდიოდი ფეხბურთზე.

- შენი აზრით, სპორტის ეს სახეობა დღეს რამდენად პოპულარულია?

- ბოლო 5 წელია, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ წყალბურთს, უფრო მეტად ვითარდება სპორტის ეს სახეობა და უფრო მეტი ბავშვიც დადის, რაც ძალიან კარგია. ზოგადად სპორტი ხომ სასარგებლოა ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარებისთვის, ცურვა კი მგონი, ერთადერთი სახეობაა, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

- წარმატებებს ვუსურვებთ წყალბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე!

ნინო ჯავახიშვილი