„აფხაზეთი ქართველების გარეშე ისეთივეა, როგორიც ცა მზის გარეშე“ - გზაპრესი

„აფხაზეთი ქართველების გარეშე ისეთივეა, როგორიც ცა მზის გარეშე“

აფხაზეთზე უზომოდ შეყვარებული სოხუმელი ნინო მირცხულავა თავის ირგვლივ აერთიანებს ყველას, ვინც იმავე სიყვარულს გულით ატარებს. მისი უდიდესი სურვილია ხმა მიაწვდინოს აფხაზებს და შეახსენოს მათ წარსული დროის კარგი ურთიერთობები, გაუწოდოს მეგობრობის ხელი და მოუწოდოს შერიგებისკენ, დანდობისკენ, მიტევებისკენ! ნინოს ერთადერთი ლოზუნგი ასეთია: „ჩვენ დავბრუნდებით“!

რას ნიშნავს სოხუმელობა

- სოხუმელობა ნიშნავს სიყვარულს, ურთიერთობას, გმირობას! ვნახე ომი, უბედურება; ვისმენდი „გრადებისა“ და „გაუბიცების“ საზარელ ხმას, ტანკების გრუხუნს. განვიცადე შიში, ტკივილი. იყო ათეულობით დაჭრილი და დაღუპული. მოგვიკლეს ძმები, მამები, მეგობრები, თანაკლასელები, მეზობლები, ახლობლები თუ სხვები. ათასობით დედა შეიმოსა ძაძით. ვინც გადარჩა, დარჩა უსახლკაროდ. ზოგს დღესაც არა აქვს საკუთარი ჭერი. სამშობლოში დღემდე დევნილები ვართ, 30 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ. იმედგაცრუების, შიმშილის, უსახსრობის მიუხედავად, მაინც გავუძელით განსაცდელს. ფეხზე დავდექით, მრავალი წარმატებული სოხუმელი გვყავს სხვადასხვა სფეროში. თუ ვერ დავდექით ფეხზე მყარად, გაბზარული გულითა და სევდიანი თვალებით დღესაც განვაგრძობთ ცხოვრებას იმედით - „იქნებ დავბრუნდეთ ჩვენს ოდაბადეში!“ ერთი აფხაზი მეგობრის სიტყვებია: სოხუმი მარტო ქუჩები, ზღვა, პალმები და შენობები კი არ არის, არამედ ხალხია, რომელიც დღესდღეობით არ არისო... სოხუმი (აფხაზეთი) ქართველების გარეშე ისეთივეა, როგორიც ცა მზის გარეშე!

სოხუმის მე-17 სკოლა

- ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ყველასათვის საყვარელი კაცის, ბატონ რევაზ ბასილაიას დირექტორობის პერიოდში მომიწია სწავლამ სოხუმის მე-17 სკოლის ულამაზეს შენობაში. მე-5 კლასში ქართულსაც კი გვასწავლიდა. მახსოვს, გაკვეთილად გვქონდა ლექსი „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“, მთელი კლასი გამოჰკითხა და მე ბოლოსთვის მომიტოვა. ამასობაში ზარიც დაირეკა, თვალები ცრემლებით ამევსო, შემამჩნია, გაიღიმა და ასე მითხრა, - ხუთიანს გიწერო, მაგრამ ჩემთვის ნიშანი კი არა, ლექსის მოყოლა იყო მთავარი...

მინდა გავიხსენო ჩვენი დაწყებითი კლასის დამრიგებელი ნელი საბახტარაშვილი, რომელმაც წერა-კითხვა შეგვასწავლა. ჩვენი სასწავლო ნაწილი ამური ცატავა, მართლაც კარგი ადამიანი იყო, თან ბოტანიკას, ზოოლოგიას გვასწავლიდა. მის მეუღლესთან - ნინოსთან ბიოლოგიაში ვემზადებოდი. როგორ თბილად მახსენდება ეს ოჯახი... მე-5 კლასში საოცარი კლასის დამრიგებელი, ძალიან მშობლიური და მუდამ მოღიმარი, ბატონი შოთა ჯანჯღავა გვყავდა. ერთხელ "შატალოზე", კინოში წასულები დარბაზიდან გამოგვიყვანეს, პატივცემული შოთა მზად იყო ჩვენს დასატუქსად. ჩვენ კი სიმღერა წამოვიწყეთ „კაპიტან, კაპიტან ულიბნიტეს“ და ღიმილიც მივიღეთ... ისტორიის მასწავლებელი ალექსანდრე კობახიძე მუდამ მედლებით დახუნძლული პიჯაკით დაიარებოდა - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინა კუპრავა გაკვეთილს რომ ატარებდა, კლასში ისეთი სიჩუმე იყო, საკუთარ გულის ცემას გაიგონებდი. მახსოვს, სასწავლო წელი დამთავრდა, წიგნები ჩავაბარეთ, ნიშნები დაწერილია და ბოლო გაკვეთილია. დაიწყო სათითაოდ ყველას გამოკითხვა. არ მახსოვს, რაღაც უშველებელი ლექსი იყო, რომელიც არც ერთმა არ ვიცოდით. ყველა ფეხზე დაგვაყენა მთელი გაკვეთილი. ასე დავისაჯეთ. სკოლის დამთავრების შემდეგაც ვმეგობრობდით, ხშირად იყო ჩემი სტუმარი. ღიმილით გავიხსენებ ფიზკულტურის მასწავლებლებs ნოდარ ძიძიგურს და გრიშა გულდედავას, რომლებიც „მარშიროვკების“ დროს გამოთქმაზე „და ზდრავსტვუეტ კომუნისტიჩესკაია პარტია“, პასუხად „ურას“ ნაცვლად, „ღურას“ გვაძახებინებდნენ. სამხედრო მომზადება - ალმაკაევი, ხუთვარსკვლავიან კონიაკზე ხუთიანი გარანტირებული გვქონდა...

წერილი სოხუმს

- მონატრებული სალამი თბილისიდან ჩემო მშობლიურო, ბავშვობის ქალაქო! ფიქრებს სულ შენამდე მოვყავარ სიზმარში თუ ცხადში. დავხეტიალებ ხან ჩემს უბანში, ხან თეატრში ვესწრები „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერას, ხან კინო „აფსნში“ ვართ - ჩემი ძმა ვახო, ბიძაშვილი კახა ქორთუა და მამიდაშვილი მერი დარასელია. ხან „ამრაში“ მივირთმევ ნაყინს მეგობრებთან ერთად. ზაფხულობით მამას მივყავდით მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილები ზღვაზე, ჯგუბურიას ქუჩის გავლით. დილის 7 საათზე ზღვა იყო კამკამა, სიო თბილი, ცა - ლაჟვარდისფერი. რა სასიამოვნოდ მახსენდება, უჰ, როგორ მიძაგძაგებდა ზღვიდან ამოსულ. ჩაყვინთვისას წყალგადაყლაპულს როგორ მიხაროდა მედუზებისა და ლიფსიტების დაჭერა, წყლიან ვედროში მოვათავსებდი და სახლში მომქონდა. ფერადი კენჭებისა და სხვადასხვა ფორმის ნიჟარების მოგროვებაც ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებდა.

აი, უნივერსიტეტი, ჩემი ვაჟა-ფშაველას ქუჩა, სადაც ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით აგვისტოში, რადგან აქაური მცხოვრები თუ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები მისაღებ გამოცდას აბარებენ. აი, ჩემი სახლი, გვერდით დოდოს სახლი, ივნისის თვეში ეზოში რომ ციცინათელები დაფრინავენ და ღელე რეჩკადან რომ ბაყაყები მიმღერიან სერენადას. აგერ, ნარდის თამაშით არიან გართული მამა, გენო ჩოჩია, თეკლე ბიცოლა, სერო გოგილიძე და ისმის შეძახილები: "მარსი", "კოქსი", "ოინი". ოთხივე ძლიერი მოთამაშეა. ცოტა ხანში მალხაზ მირცხულავაც გამოჩნდა, საოცარ ისტორიებს ჰყვება. აი, პაატა მირცხულავას ხმაც შემომესმა, ნოე ბიძიაც შემოგვიერთდება... დედა ყვავილებს რწყავს და თან ვახშამს ამზადებს, ჩემი ძმა ვახო მეგობრებთან არის და მათთან ერთად ბრუნდება სახლში ქეიფის გასაგრძელებლად. მე ჩემს ძაღლ შარიქასთან ვერთობი. პროფტექნიკური სასწავლებლის ეზოში მეზობლად მცხოვრები ბავშვების ჟივილ-ხივილია: ზოგი ქართველია, ზოგი რუსი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი, აფხაზი... ჩემო მშობლიურო ქალაქო, ცოტაც და მალე დავბრუნდებით!

მადლიერი აფხაზი

- „კაპიტონ ფარნაოზოვიჩ... ხაზიაიკა“ - ამ ხმას რამდენიმე წლის მანძილზე მთელი ოჯახი ვცნობდით. ეს იყო 60-ოდე წლის აფხაზი დემური, კეთილი, მაღალი, ოდნავ კეხიანი ცხვირით, მოღიმარი სახით, გვერდით ოქროს კბილი რომ უნათებდა და მუდამ "კეპკა" ეხურა თავზე. ჭიშკართან მოაყენებდა "გაზ-24"-ს და ეშერიდან ყოველ დღესასწაულზე ჩვენი ოჯახისათვის ძღვენი მოჰქონდა: თიკანი, კუპატები, ლეღვით სავსე კალათა, მარწყვი, კარალიოკი, მანდარინი, ყურძენი, ღვინით სავსე ბოცები თუ სხვა, სეზონის მიხედვით, მადლიერების ნიშნად, რადგან მამაჩემმა მისი ერთადერთი შვილი განკურნა. კმაყოფილი დემური ყოველ დამშვიდობებაზე ასე ამბობდა: „ვამ სპასიბა, ი მნე ტოჟე სპასიბა“.

1-copy-1703495820.jpg

სოხუმი ყველგან

- ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ია წავედით ახლობელთან დაბადების დღეზე. იქიდან გამოსულებმა გასეირნება გადავწყვიტეთ. მოვდივართ გზაში და უცებ, ვიღაცის ეზოში დავინახე გლიცინიები. შევყვირე, - ია, სოხუმის გლიცინიები! დავყნოსე და ვამბობ: იქაურს მაინც სხვა სურნელი ჰქონდა. გზას მივუყვებით, მათხოვარი გამოჩნდა, რომელიც გიჟ სოხუმელს - „სვაბოდას“ მივამსგავსე. ის მუდამ ნასვამი იყო და თავისი ჩახრინწული ხმით გაიძახოდა: „სვაბოდა ვსემ“. მომაგონდა გიჟი „მარადონაც“, რომელიც მუდამ წელს ზევით შიშველი, ზღვისქვებ გადაკიდებული დაეხეტებოდა სანაპიროზე. ცოტათი ჩამოცხა, ია ნაყინზე მეპატიჟება, მაგრამ ვერ დამიყოლია. ვპასუხობ, რომ სოხუმის მერე არანაირი ნაყინი არ მიყვარს, რომ მას სულ სხვა გემო ჰქონდა. წინ წავედით და ისევ შევყვირე: ია, ნახე, სოხუმში რომ მყავდა, ზუსტად ისეთი ძაღლია, ყაზბეგური ნაგაზი! მაგრამ ზუსტად ისეთი არაა, მას უფრო წყლიანი თვალები ჰქონდა. მივიწევთ წინ, მესმის ჟარგონული სიტყვა „ვასია“. გავიფიქრე, ნამდვილად სოხუმელია-მეთქი, რაც აქაური „სიმონის“ სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს.

ხიდთან მივედით, მტკვარი უჟმურად გამოიყურება. სოხუმზე, ზღვაზე ვაგრძელებ საუბარს: ია, იცი? ქალაქთან მიახლოებულს მუდმივად ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს მაჭარკის ხიდიდან სხვა, ზღაპრული სამყარო იწყებოდა - მაისის სოხუმი საოცარი ჰავით, თბილი ზღვით, ლაღი მცხოვრებლებით... შევისვენეთ ჭადრის ხესთან. ვუცქერი და ისევ ვიხსენებ ორჯონიკიძის ქუჩას, ფოთლებღაღანა ჭადრების ხეივანს. მთელი გზა ისე გავერთე სოხუმზე საუბრით, დაღლა არც მიგრძნია. სახლში მოსულს კი ფიქრები არ მასვენებდა: რა კარგი იქნებოდა, რომ თბილისის ქუჩებში ვხედავდე ბანერებს წარწერით: „ჩვენ დავბრუნდებით“, „აფხაზეთი საქართველოა“ ან „დიდება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს“, ან სოხუმის პეიზაჟებს...

ნანული ზოტიკიშვილი