ზურაბ როსტიაშვილი: "12-ით ნული მოვუგე პროკურატურას" - გზაპრესი

ზურაბ როსტიაშვილი: "12-ით ნული მოვუგე პროკურატურას"

გასულ კვირას ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანა. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, წელს, 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ დღეს 21 წლის კახა კობახიძემ 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვანებმა იმავე დღეს დააკავეს. განსასჯელის სკამზე უმძიმესი ბრალდებით იჯდა კახა კობერიძე. შურისძიების მოტივით მას მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ამ საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები სამი კვირის მანძილზე იხილავდნენ. პროკურატურა ბრალდებულის დასჯას ითხოვდა და ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ სახეზე იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი. ის ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ჩადენილი, ასაბუთებდა კიდეც ამას და ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. დიდხანს ჰკითხავდნენ მოწმეებს მსაჯულები, სიმართლეში გარკვევა რომ შესძლებოდათ. ემოციური იყო ბრალდებულის დედის დაკითხვა, რომელიც დეტალურად ჰყვებოდა თავისი ცხოვრების უმძიმეს 22 წელზე. მსაჯულებმა მოუსმინეს ბრალდებულს და მის ძმასაც. 3-კვირიანმა სასამართლო განხილვამ მსაჯულები ერთ აზრამდე მიიყვანა, საბოლოოდ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა თქვა, რომ ბრალდებული უდანაშაულო იყო და კახა კობერიძე სრულად გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭის ახლობლები. დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელშიც კი გაავრცელეს. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი:

- სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა ის, რასაც 7 თვე ვიძახდით, რომ კახა კობერიძეს შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად ცნო ის უდანაშაულოდ და დღეს თავისუფალია. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. არადა, მთელმა სოფელმა პირველივე დღიდან იცოდა, რომ კახა უდანაშაულო იყო. ჩვენ ეს სიმართლე ნაფიცებამდე უნდა მიგვეტანა, რაც არ იყო იოლი საქმე. პროკურატურა თავიდანვე ცდილობდა მსაჯულები შეცდომაში შეეყვანა და მომხდარი ისე წარმოეჩინა, თითქოს განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით იყო ჩადენილი. ძალიან გამაბრაზა პროკურატურის ამ ქმედებამ. მოთმინებით ვუსმენდი მათ და როცა ჩემი სიტყვის დრო მოვიდა, დეტალურად განვიხილე, რა როგორ მოხდა, მომყავდა მტკიცებულებები. ჩვენი სიმართლე ჩანდა კიდეც მოწმეების დაკითხვის დროსაც. ცალსახად, მომხდარი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული იყო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა კიდეც ჩვენი პოზიცია და 12-ვე მსაჯულმა გაამართლა ბრალდებული. ეს ისტორიული განაჩენია. 12-ით ნული, დავამტკიცე, რომ პროკურატურას ბრალი შეთითხნილი ჰქონდა. ჩემი დასაცავი და მისი ძმა მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამა მათ ბავშვობიდან ჯოხით სცემდა. პრობლემა მისი სიმთვრალე იყო, ამ მდგომარეობაში აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად იყენებდა დანას... ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტი და ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში ძალიან აგრესიული იყო, სიფხიზლეში კი რადიკალურად განსხვავებული. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა. როგორც კი ქმარი მთვრალი გამოჩნდებოდა, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან... იმ დღესაც დალია და მთვრალმა ატეხა ჩხუბი. კახას დაურეკეს, სასწრაფოდ მისულიყო სახლში, რადგან მამამისი აწიოკებდა ოჯახს - ცოლი ისევ გაქცეული იყო სახლიდან. ამის გამო გაგიჟდა, დალეწა ყველაფერი, ისროდა თეფშებს. ცოლს მოკვლით დაემუქრა. ის იძულებული გახდა, მეზობლის სახლიდან შინ დაბრუნებულიყო, დაბრუნებულს კი ისევ გინება დაუწყო და მოკვლა დაუპირა. ამის გამო ქალი ისევ გაიქცა. მან მეორე შვილი, ნოდარი გარეთ გაუშვა და უთხრა, - წადი, მოიყვანე დედაშენიო. როგორც კი ნოდარი ოთახიდან გავიდა, ბრახუნის ხმა შემოესმა. აწ განსვენებულმა კარი დაკეტა. ნოდარი ფანჯარასთან მივიდა და მამამისი დაინახა, როგორ იდგა დანით ხელში. დანა ორჯერ მოუქნია კახას, მეორე მოქნევაზე ბიჭმა შეძლო და დანა წაართვა. მამამისმა მაისურზე მოქაჩა და ახრჩობდა, მან კი თავდაცვის მიზნით მოიქნია მამისთვის გამორთმეული დანა და ამ დროს ჭრილობა მიაყენა. მამის დაჭრის შემდეგ კახა კობახიძე გაიქცა და მეგობრები მოიყვანა მოსახმარებლად. დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს და წაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ბრალდებული ძალიან განიცდის მომხდარს, რადგან მიუხედავად ასეთი მოძალადე ხასიათისა, მას მამა უყვარდა.

იმ დღეს შვილი ამ მდგომარეობამდე მამის საქციელმა მიიყვანა. 21 წლის პატიოსანი და შრომისმოყვარე ბიჭია კახა კობახიძე. თავდაცვის უფლება უპირატესია და ადამიანი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს იცავს, არ არის დამნაშავე. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ბიჭს ყელზე ნაჭდევებიც ეტყობოდა, რაც ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია და ესეც ადასტურებს, რომ თავს იცავდა...

სასამართლოზე დაიკითხა მოკლულის ძმაც, რომელიც პოლონეთშია და ონლაინ ჩაერთო. მანაც განმარტა, რომ მომხდარი მისი ძმის ბრალი იქნებოდა და ითხოვა ბრალდებულის გამართლება. საქმის განხილვის დროს ძალიან აქტიურობდნენ ნაფიცი მსაჯულები, სვამდნენ კითხვებს. 12 მსაჯულიდან 4 მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები. გაუმარჯოს ჩვენს გონიერ ქალებს. ერთმა მსაჯულმა გამომძიებელს დაკითხვისას ისეთი სმაილიკები გაუგზავნა, რითაც ფაქტობრივად დასცინა და აგრძნობინა, ზღაპრებს ჰყვებიო. პროკურატურა წესით სიმართლეს უნდა არკვევდეს და არ იყოს დაინტერესებულიყო უდანაშაულო ადამიანის დასჯით...

12-ით ნული, ეს მართლა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

ძალიან ემოციური იყო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული შვილისა და დედის შეხვედრა. "ჩემი შვილი", "ჩემი შვილი", - დიდხანს იმეორებდა ამ სიტყვებს დედა, რომელსაც გულში ჩახუტებული ჰყავდა ვაჟი. ნათია ჩარბოდაშვილს ვთხოვეთ მოეყოლა, თუ რატომ მოხდა მათ ოჯახში ამხელა ტრაგედია:

- მთელი 7 თვე, რაც ჩემმა შვილმა ციხეში გაატარა, უმძიმესი იყო ჩემთვის. არც მიძინია. ხშირად მოვდიოდი ბატონი ზურაბ როსტიაშვილის ოფისში, ვხედავდი მის თავდაუზოგავ შრომას და იმედს არ ვკარგავდი. როცა ნაფიცებმა უდანაშაულოდ ცნეს ჩემი შვილი, იმის მერე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ჩემი შვილი თავს იცავდა. მანამდე ჯერ მე ვიცავდი თავს ჩემი ქმრისგან, ამიტომ წავედი იმ დღეს სახლიდან და მეზობელს შევაფარე თავი. დანით გამომეკიდა და მეშინოდა, ეს ამბავი ცუდად არ დამთავრებულიყო. ბოლოს მაინც ცუდად დამთავრა ყველაფერი. 22 წელი ვიცხოვრე ამ ადამიანთან და ვიცი, ეს თავდაცვა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. მამა ძალიან უყვარდა, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ. მოძალადე იყო, როცა თვრებოდა, ფხიზელი კი სულ სხვანაირი ადამიანი გახლდათ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვეღარ აანალიზებდა, რას აკეთებდა. როცა ბრაზდებოდა, პირველ რიგში დანებისკენ გარბოდა. დაგვდევდა დანით ან ცულით, ან წალდით, რაც ხელში მოხვდებოდა. ხშირად მეზობელთან გავქცეულვარ, იქაც მოვარდნილა, მეზობელსაც დამუქრებია. ძალიან ხშირად ჩემი შვილი გამოქცეულა ჩემთან ერთად და დავმალულვართ. ხშირად აწყნარებდა კახა მამამისს. მეტყოდა, მე დავამშვიდებო და ამას მართლა ახერხებდა, დააძინებდა და მერე ვბრუნდებოდი შინ. რომ გამოფხიზლდებოდა, ჩადენილს ნანობდა. პატიებას, ბოდიშს იხდიდა და ჩვენც ვპატიობდით. გვეცოდებოდა ოჯახის წევრი.

- სიყვარულით შექმენით ოჯახი?

- მე და კობა 22 წლის წინ დავქორწინდით. გამოვიდა, რომ სულ ბრძოლაში ვიყავი. სამი თვის გათხოვილი ვიყავი, 2 თვის ორსული, პირველად რომ იძალადა. მთვრალმა დაიძინა, 20 წუთში გაიღვიძა და საწოლთან რომ ვერ შენიშნა ჩუსტები, ამიტომ დამიძახა. მისვლისთანავე რამდენჯერმე გამარტყა სახეში, თმაზე მომქაჩა და მიყვიროდა, - აქ რატომ არ დამილაგე ჩუსტებიო? ეს იყო პირველი ფიზიკური ძალადობა, რამაც შემდგომ სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველი მისი დათრობა პრაქტიკულად, ძალადობა იყო; ან ვინმე უნდა ჩარეულიყო და დაეძინებინა, როცა გამოფხიზლდებოდა, ნორმალურად გახლდათ. მთვრალს მიზეზიც არ სჭირდებოდა, ელემენტარულზე შეეძლო ეჩხუბა, - ეს აქ რატომ არის და იქ რატომ არ დევს, ან საჭმელი რატომ არის ცივი და არ არის ცხელი?..

- ოჯახი მარტო ცხოვრობდით?

- საჩხერელი იყო ჩემი მეუღლე. როცა საჩხერეში ვცხოვრობდით, იქ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მამამისი. ისიც ბევრჯერ გამხდარა ამ ჩხუბების მოწმე, თვითონაც ხშირად იყო მსხვერპლი. მამამისზეც უძალადია. მერე წამოვედით საჩხერიდან. ჩემმა მშობლებმა გვიყიდეს ბინა, ჩემს ქმარსაც უყიდეს მანქანა, იქნებ ხელს რომ შევუწყობთ, აღარ მოიქცეს ასე, გამოსწორდესო. დედაჩემმა ფულიც კი ჩადო ბიზნესში, ლილოს ბაზრობაზე აუღო ნივთები, რომ გაეყიდა და მოგება ენახა, მაგრამ ის ნივთები გაყიდა და ფული რესტორანში დახარჯა. ვერაფერი ვუშველეთ. თბილისში ბინა გავყიდეთ და სოფელში გადავედით საცხოვრებლად...

განსაკუთრებით უყვარდა ჩემი გრძელი თმის მოქაჩვა, მერე წონასწორობას ვკარგავდი და ვეცემოდი, მაფორთხიალებდა ძირს - ამ დროს მეორე შვილზე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი და საათ-ნახევარი ჩამკეტა სოფლის ტუალეტში. თვითონ იჯდა და არაყს სვამდა. თან მაგინებდა, მემუქრებოდა, - მოვრჩები დალევას და უარესს გიზამო... საკმაოდ ხშირად სვამდა. მერე სულ ამბობდა, მაპატიეთ, აღარ დავლევ, ვიცი დამნაშავე ვარო და ვპატიობდით. გვჯეროდა, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა და რამდენიმე დღეში ისევ სვამდა, არაფერი იცვლებოდა.

- ასე იცხოვრეთ 22 წელი. განქორწინება არ გიცდიათ?

- დიახ, 22 წელი არ არის ცოტა დრო. მთელი ახალგაზრდობა ასეთ დღეში გავატარე. თავიდან რომ ვესაუბრე დაშორებაზე, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, დამემუქრა. ამბობდა, სად უნდა წახვიდე, რომ ვერ მოგძებნო? გინდაც დამიჭირონ, გამოგჭრი ყელს, მაინც არ გაცოცხლებო. იმდენად აგრესიული იყო, მჯეროდა, ამას გააკეთებდა. შიში მქონდა, თან ჩემებითაც მემუქრებოდა, - ვისთანაც იქნები, იმათაც დავხოცავ, ერთ ავტომატს ვიშოვი, ყველანი რომ ერთმანეთზე დაგალაგოთ, შენებსაც გავწირავო. იმათაც ვუფრთხილდებოდი. გვეტყოდა ხოლმე, 17 წლისამ ორი პოლიციელი ისე მოვკალი, თვალი არ დამიხამხამებიაო.

742b383b62352a2deb71907f000b7252-1703508044.jpg

- პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს?

- ყველამ ასე ვიცოდით, მეგობრებმაც, რომ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 16-17 წლისა დამიჭირეს და მოვიხადე სასჯელიო. ახლა, როგორც გაირკვა, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. მე რომ გავყევი, უკვე ნასამართლევი იყო, მაგრამ ეს ამბავი არ ვიცოდი, მერე გავიგე.

- როგორც ვიცი, თქვენი თანაცხოვრების დროსაც აღმოჩნდა ციხეში...

- დიახ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სხვადასხვა ნარკოტიკსაც მოიხმარდა. ამის გამო იყო ნასამართლევი და შემდეგ ყაჩაღობისთვისაც გაასამართლეს. ეს ყაჩაღობა ოზურგეთში ჩაიდინა. ჩემი და ბავშვების თვალწინ ეწეოდა მარიხუანას, წამალიც გაუკეთებია. თავიდან, როცა ძმაკაცებს მოიყვანდა, სხვა ოთახში შეგვყრიდა და ისე იკეთებდნენ. ოთახიდან გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევდა, მერე უკვე ესეც მიატოვა და არც ბავშვებს ერიდებოდა. სახლში ნივთები, ავეჯი, ყველაფერი დაამტვრია. წინა დღეებში ტელევიზორის, სერვანდის შუშები ჩაამსხვრია, ცული აიღო და სამზარეულო მთლიანად დაჩეხა. რამდენიმე წლის წინ სახლს ბენზინიც დაასხა და ცეცხლიც წაუკიდა. ყველაფერს აკეთებდა, მისი შიში რომ გვქონოდა.

- ნათესავები ვერ გეხმარებოდნენ?

- ვერავინ. ძმა ჰყავს, პოლონეთშია რამდენიმე წელი. მასაც ემუქრებოდა. მეზობლის ბიჭები იყვნენ, იმათაც ყველას შიში ჰქონდათ. საჩხერეში მეზობლებსაც და აქაც ყველას შიში ჩაუნერგა. ამბობდა, რომ არავის ჰქონდა ჩარევის, თუნდაც საპატრულოში დარეკვის უფლება. დღესაც აღიარებენ მეზობლები, - შიში გვქონდა. თქვენ არ გინდობდათ და ჩვენ როგორ დაგვინდობდაო?

- ქალთა ძალადობაზე ამხელა კამპანიები ჩატარდა და მსხვერპლებს მუდმივად მოუწოდებენ, დარეკონ ცხელ ხაზზე, არც ერთხელ არ გიცდიათ დაგერეკათ?

- ამაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან მინახავს სამეზობლოში ასეთი შემთხვევის დროს გამოძახებული პოლიცია. ჩაუსვამთ მოძალადე ერთი წელი ციხეში და ერთი წლის შემდეგ გამოდიან. მერე სად უნდა წავსულიყავი? თანაც, ჩვენი სოფლის პოლიციის განყოფილებაში იცოდნენ, ჩვენს ოჯახში რა ხდებოდა. ყოფილა შემთხვევა, პოლიციას ჩამოუვლია ჩხუბის დროს და იმის ნაცვლად, დაგვხმარებოდნენ, გვითხრეს, - ვალდებულები ვართ დავიჭიროთ, ამიტომ შეიყვანეთ სახლში, ვითომ ვერ დავინახეთო. არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ეს საუბარი მეზობლებმაც გაიგეს. იმედიც არ გვქონდა, რომ სახელმწიფო დაგვიცავდა. ახლა რომ ვაანალიზებ, ვხვდები, ყველაფერი სხვანაირად უნდა გამეკეთებინა. რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა, იმ დღეს მამის დასაწყნარებლად ჩემს შვილს არ დავურეკავდი და არ ვეტყოდი, დამეხმარე მის დაწყნარებაში-მეთქი. იმედი მქონდა, რომ როგორც სხვა დროს, ახლაც შეძლებდა მის დაწყნარებას და დაძინებას, მაგრამ ბავშვს ეტაკა, ახრჩობდა და ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება. ბრაზდებოდა, რატომ გარბიხარო? არანაირი პასუხი არ აკმაყოფილებდა და თუ არ შეეპასუხებოდი, ხმას არ გასცემდი, იმაზეც გეჩხუბებოდა: რატომ ხარ ჩუმადო?

- როდის გაიგეთ, რომ კახამ მამა მოკლა?

- მალევე გავიგე, რამდენიმე წუთში. მეზობელთან შემოვარდა მისი შვილიშვილი და მითხრა, რომ ჩემი უმცროსი შვილი გარეთ იდგა და ტიროდა. ნოდართან რომ გამოვვარდი, მან მითხრა, მამას სისხლი სდის, დაჭრილია და საავადმყოფოში წაიყვანესო. უშუალოდ იმ მომენტში არც ჩემი ქმარი მინახავს და არც ჩემი უფროსი შვილი. წაყვანილი ჰყავდათ კახას და მის მეგობრებს კლინიკაში, შემდეგ ბიჭი დაიჭირეს. ვერ აღვწერ, ამ დღეებმა როგორ გაიარა. ეს 7 თვე არც კი მძინებია. ყველაზე საშინელი დღეები იყო მათ შორის, რაც გავიარე.

zurab-rostiashvili-da-kaxa-koberidze-copy-1703508031.jpg

- ახლა რას ამბობს კახა?

- არ ლაპარაკობს ამ თემაზე ბევრს, რადგან მომხდარი მისთვის დიდი ტრაგედიაა, განადგურებულია. კახა ძალიან კარგი შვილია. სულ გვერდით მედგა. ჩემი მეუღლე ყოველთვის უმუშევარი იყო და ეკონომიკურად ყოველთვის გვიჭირდა. კახა სულ ცდილობდა, რამე სამუშაო ეშოვა და დაგვხმარებოდა. 13-14 წლის ასაკიდან უკვე მუშაობდა, ფულს მე მაბარებდა და მეტყოდა, - დე, შენ იცი აბა რას იყიდიო, საჭმელს გულისხმობდა. ახლაც, სანამ დაიჭირდნენ, ტრაილერებს ცლიდა და ამით ინახავდა ოჯახს. უმცროსი შვილი 17 წლის არის. ძმებს კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და ამ ტრაგედიამ კიდევ მეტად გაგვაერთიანა. ჩემი მაზლიც იმას ამბობს, მე არ დამინახავს, რა მოხდა, მაგრამ მწამს, ჩემი ძმისშვილი განზრახ მკვლელობას არ ჩაიდენდაო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კახა პირველად მამის საფლავზე ავიდა, ძალიან დიდ ემოციებში იყო. მას მერე სულ საფლავზე დადის. ახლაც იქიდან მოდის. სულ შეცვლილია, სულ სხვანაირია ჩემი შვილი. აღარ არის ისეთი ლაღი, როგორიც ადრე იყო. სულ მღეროდა, მხიარულობდა. კლასელებიც იხსენებენ, სულ გვახალისებდა და სიმღერებს მისგან ვიზეპირებდითო. ახლა მოწყენილია, უჭირს ამ ამბავთან შეგუება.

ამ შვიდი თვის განმავლობაში ორჯერ ვნახე ციხეში, პაემანზე. შუშის მიღმა იყო ჩემი შვილი, შეხების უფლებაც არ მქონდა. ვიდექით და ტელეფონით ვსაუბრობდით. მერე პროცესებზე რომ ვნახე, ვერც ვიცანი, ისეთი სხვანაირი იყო... მადლობა ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილს ამ შრომისთვის. ბევრი იბრძოლა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და სიმართლე დაემტკიცებინა. ოფისში მისულს სულ მამხნევებდნენ. როგორც ნათესავები და ოჯახის წევრები, ისე მიგვიღეს. ბევრი ნათესავი ვერ დაგიდგება ისე გვერდით, როგორც ეს ადამიანები დამიდგნენ. შეუძლებელი შეძლეს. რაც სიმართლე იყო, დაინახეს მსაჯულებმა. 12-მა ადამიანმა ერთხმად გაამართლა ჩემი შვილი. მადლობა მათ ამისთვის. დღეს შვილი გვერდით მყავს...

რომ მცოდნოდა, რით დამთავრდებოდა იმ დღეს ეს ტრაგედია, უსიტყვოდ დავასრულებდი ქმართან ურთიერთობას. სხვებსაც ვურჩევ, იყვნენ უფრო ძლიერები, არაფრის შეეშინდეთ და არ შეუშინდნენ მოძალადე ქმრებს, რათა საქმე ამხელა ტრაგედიამდე არ მივიდეს.

თეა ხურცილავა