"ჩემი შვილის მკვლელმა პასუხი აგოს" - გზაპრესი

"ჩემი შვილის მკვლელმა პასუხი აგოს"

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წლის თავზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და მოკლულის ოჯახს რუსეთმა სამი თვის ვადაში 130.000 ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ასევე მათ უნდა დაფარონ სასამართლოსთვის გაწეული სხვა ხარჯები, კერძოდ 9,265.15 ევრო.

ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" იცავდა. საჩივარი ევროსასამართლოში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან მალევე, 2018 წლის 11 იანვარს შევიდა. 8 წელი ელოდებოდა ოჯახი სტრასბურგის ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც 19 დეკემბერს გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 30 წლის გიგა ოთხოზორია ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი იყო და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.წ. მესაზღვრემ - რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. დანაშაულს ჰყავს თვითმხილველები და ამ უმძიმესი ფაქტის ამსახველი კადრებიც არსებობს. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და 2017 წელს სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი ოღლის გადაცემა არაერთხელ მოსთხოვა და საერთაშორისო ძებნილადაც გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მან თავი რუსეთს შეაფარა.

აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა. მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა შეხვედრაზე.

ქართული მხარე სტრასბურგში ამტკიცებდა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა განმცხადებლების პოზიციას და საბოლოოდ დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა. დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის, საქმის განხილვის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქმის იურისტი გიორგი ტაბატაძე, რომელმაც სარჩელი გაგზავნა სასამართლოში, კმაყოფილია მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა არა აქვს იმედი, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება.

"მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები, პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ ქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა... ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ტაბატაძე.

როგორც ჩანს, გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. დედა, ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ ამდენი წლის შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ მისი სურვილია შვილის მკვლელი განსასჯელის სკამზე იხილოს:

- უკვე მერვე წელია ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. ამ საქმეს მაშინვე მოჰკიდა ხელი "საიას" ადვოკატმა. თავად გამოთქვეს სურვილი, ეს საქმე სტრასბურგში წაეღოთ. გიორგი ტაბატაძე ძალიან მონდომებულია, მან შეადგინა სარჩელი და გაგზავნა. იქიდან მოსულ კითხვებზეც კომპეტენტურ პასუხებს სცემდა და ეს დღეც დადგა. ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ სიმართლე დაინახეს. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს. გამოიკვეთა, რომ ქართველის არაადამიანურად სიკვდილში, პირველ რიგში, დამნაშავეები რუსები არიან; ისინი აქეზებენ სეპარატისტ აფხაზებს, ოსებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ ხოლმე. ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არა მარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას. იმედი გამიჩნდა, რომ ჩემს შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებულების საქმეებიც გაიმარჯვებს სტრასბურგში. ეს საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა გიგას მკვლელობაში ბრალდებული დაისჯება. ჩემი ერთადერთი სურვილია, მკვლელი გადმოსცენ საქართველოს მხარეს და ციხეში ჩაჯდეს. 8 წელი გავიდა და ერთი დღე არ ჩამჯდარა... ეს წლები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რაც მთავარია, დადასტურდა რუსეთის ბრალეულობა და ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამ საქმეზე იმუშავა. მადლობა თითოეულს, ვინც თუნდაც ერთი ფურცელი ჩადო ამ ისტორიაში. განსაკუთრებული მადლობა გიორგის, ამხელა თავდადებისთვის. "საიას" მერე საქმეში "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჩაერთო, ახლა მთავრობაც წერს, ჩვენც ყველაფრის საქმის კურსში ვიყავითო. ვინც თავის საქმეს აკეთებს, ყველას დიდ პატივს ვცემ.

- გაქვთ გადაწყვეტილების აღსრულების იმედი?

- რუსეთი რომ იტყვის, ამაზე პასუხს ვაგებო, ამას არ ველოდები, არც იმ დაკისრებული თანხის გადახდას, თუმცა შეიძლება საბოლოოდ ესეც მოხდეს... იქ მარტო ჩემი შვილის ამბავი არ იყო გაგზავნილი, ჩემნაირად გაუბედურებული სხვა ოჯახების პატრონებმაც გაუგზავნეს საჩივრები ადვოკატებს და ღმერთმა ქნას, ყველა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომელიც აღსრულდება. პატიოსანზე პატიოსანი ოჯახი მქონდა, პატიოსანი ბიჭი იყო გიგა, ძალიან კარგი ვაჟკაცი. პატრიოტული სული რომ გამოამჟღავნა, ამიტომაც მომიკლეს. ჩემს შვილამდეც და შემდეგაც ბევრი უმძიმესი მკვლელობა მოხდა, რაც საუბედუროდ ისევ გრძელდება. ამ დღეებში ყველას თვალწინ ახალგაზრდა კაცი, ვიტალი კარბაია ცემაში მოკლეს და დამნაშავეებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ჩემი შვილის მკვლელსაც ყველა ხედავდა. გადაღებულია, როგორ მოვიდნენ ისინი, რა ჩაიდინა, მაგრამ არავინ დასჯილა. ეკლესიაში სალოცავად მისული თამაზ გინტური სიცოცხლეს გამოaსალმეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? მტერს მტერი უნდა დავარქვათ. ვიღაცა რომ აშავებს, მის გაკეთებულ საქმეზე არ უნდა ვთქვათ, არაფერი გაუკეთებიაო. დაუსჯელობის სინდრომზე ცუდი არაფერია. რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, ეს უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმეა.

es-saflavze-1704042418.jpg

- როგორ ცხოვრობს დღეს გიგა ოთხოზორიას ოჯახი?

- გიგას მკვლელობის შემდეგ იმდენი ინერვიულა და იდარდა ჩემმა დედამთილმა, გიგას გამზრდელმა ბებიამ, რომ რვა თვეში გარდაიცვალა. დღე და ღამე იძახდა, შვილო, შენთან წამიყვანეო... გიგას გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მივედით მის საფლავზე, ასევე მოვიდნენ გიგას მეგობრები და ჩემმა მეუღლემ მეორე დღეს ინფარქტი მიიღო, მესამე დღეს გარდაიცვალა. 2 წელიწადში სახლიდან სამი მიცვალებული გავასვენე. მე პედაგოგი ვარ, ხელი რომ ჩამექნია და მუშაობა არ გამეგრძელებინა, რა უნდა მექნა? აფხაზეთის პირველ საშუალო სკოლაში ვმუშაობ, ზუგდიდში. ჩემს რძალს დედ-მამა არ ჰყავს, არც და-ძმა, ჩვენ ვიყავით ერთად. შვილებისგან არასდროს გამირჩევია ჩემი რძალი, შეხმატკბილებული ოჯახი მქონდა. არასოდეს დამიგროვებია სიმდიდრე, ჩემი შვილების განათლება და მათთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაფერზე მთავარი იყო. ჩემი გიგას ქალიშვილი 19 წლის არის, მესამე კურსის სტუდენტია კავკასიის უნივერსიტეტში, წარჩინებული მოსწავლეა. რა ფაკულტეტიც უნდოდა, იქ სწავლა 8.000 ლარი ღირდა, ჩვენი ოჯახი კი ამ თანხას ვერ გადაიხდიდა; ბავშვმა მოინდომა და 50-პროცენტიანი გრანტი აიღო. უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა, თუ პირველ ადგილად ჩვენს უნივერსიტეტს ჩაწერს, დარჩენილი სახელმწიფო გრანტის თანხა თქვენ დაფარეთ და დანარჩენ თანხას, 6.000 ლარზე ცოტა ნაკლებს უნივერსიტეტი უფინანსებს. თავი არ შეურცხვენია, სულ მაღალ ნიშნებზე აბარებს. ჩვენი გადასახდელი იყო 1.250 ლარი და კარგად რომ სწავლობს, აფხაზეთის სამინისტრომ დამატებით 500-ლარიანი დაფინანსება მისცა. ჩემთვის მთავარია ბავშვების კარგი განათლება. გიგას ბიჭი მეათეკლასელია და ახლა თბილისში გადავიდა, რადგან ფეხბურთს კარგად თამაშობს. საფეხბურთო ფედერაციაში წვრთნები გაიარა. ჩემი რძალიც ზუგდიდში, ჩვენს სკოლაში მუშაობს. სოხუმის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ბიბლიოთეკარია. ჩააბარა უფროსი მასწავლებლის გამოცდებიც. ძალიან შრომისმოყვარე და კარგი ადამიანია. ბიძაშვილმა ერთოთახიანი ბინა გვათხოვა და სანამ ბავშვები სტუდენტები იქნებიან, აქ იყვნენო, მითხრა.

- კარგი იქნება, სტრასბურგის გადაწყვეტილება თუ აღსრულდება...

- იმედი არ მაქვს. ხომ გახსოვთ, საბარგო თვითმფრინავით რომ ჩამოიყვანეს ხალხი, მათაც მოიგეს საქმე, მაგრამ მისცა ვინმემ რამე? არც ამ შედეგს ველოდი, მაგრამ დადგა და იმედია, ჩემი შვილის მკვლელს ვიხილავ ციხეში. ჩვენს ხელისუფლებას უკვე აქვს ისეთი საბუთი, რომლის დახმარებითაც შეუძლია რუსეთს წაუყენოს პრეტენზიები და მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა გვაჩვენონ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა თითოეული ქართველის სიცოცხლის, სახელმწიფოს ინტერესების და სახელის დასაცავად იბრძვის. ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებმა ყველა შეხვედრაზე უნდა მოითხოვონ, რომ ჩემი შვილის მკვლელი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რათა მან პასუხი აგოს უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის...

თეა ხურცილავა