2023 წლის დანაკლისი...
იმ ცნობილი ადამიანების ნაწილს გავიხსენებთ, რომლებიც წელს გამოაკლდნენ ქართულ ხელოვნებას...
ოთარ იოსელიანი
17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი. კინოკარიერის მანძილზე გადაღებული ფილმებითა და მნიშვნელოვანი ხელწერით შეძლო მან თავისი გამორჩეული ადგილი დაემკვიდრებინა. დიდძალი და ერთგული მაყურებელი თავიდანვე გაიჩინა.
დღეს ყველა აღიარებს, რომ ოთარ იოსელიანის კინოშედევრები უფრო მეტია, ვიდრე კინო. მისი ნამუშევრები ეკრანზე რეალობის გადატანის მცდელობაა და იმ ფერების კინოსურათად ქცევა, როგორ ფერებშიც საბჭოთა საქართველომ იცხოვრა. იმ ეპოქაში საქმე ცოტა სხვანაირად იყო: "ნამდვილი კინო არავის სჭირდება, კინო ცირკივითაა. თუ ცირკი არ არის, სანახავად არავინ მიდის. ჩემი პირველი ფილმი "აპრილი" საბჭოთა ცენზურამ აკრძალა, მეორე ფილმი "გიორგობისთვეც" აკრძალეს, მესამე ფილმს "იყო შაშვი მგალობელი" იგივე ბედი ეწია და მერე "პასტორალსაც", - ჰყვებოდა ოთარ იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში. საბჭოთა ცენზურისთვის მისი კინო მიუღებელი იყო, მაგრამ პოზიცია არასდროს შეუცვლია, მუშაობდა, ფიქრობდა, აზროვნებდა და მოქმედებდა ისე, როგორც მიაჩნდა. არც კრიტიკული აზრის გამოთქმის ერიდებოდა...
გაიზარდა ოჯახში, სადაც მამა გადასახლებული იყო.... "მაღალი რანგის ოფიცერი გახლდათ. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, აქ ყველანი უკვე მონები ვიყავით, საბჭოთა სინამდვილე ბატონობდა", - იხსენებდა რეჟისორი.
1984 წლიდან რეჟისორი, საბჭოთა ცენზურასთან პრობლემის გამო, ემიგრაციაში წავიდა, სადაც აქტიური საქმიანობა განაგრძო. გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები. "მთვარის ფავორიტებმა" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც - "და იყო სინათლე" და "ყაჩაღები. თავი VII".
"კინოს აქვს გრამატიკა, სინტაქსი, წყობა. მთავარია რაზე მეტყველებ და როგორ, ანუ რას იღებ და როგორ... არსებობს საოცარი ფენომენი - ცხოვრება, რომელიც გატენილია სიმართლით და ამავე დროს ტყუილით. ამაზე ვიღებთ ფილმებს და გვიხარია, რომ ვინც გამგებია, ესმის. საქართველოში სამკურნალო სიმღერები არსებობს, მაგალითად "ბატონები". სიკვდილისგან ვერ გადაარჩენს, მაგრამ ავადმყოფს აწყნარებს. ამიტომ მოდიოდნენ ავადმყოფთან მგალობლები და უმღეროდნენ. ჩვენი ხელობაც დაახლოებით ეგეთია. თუ იმავეს ფიქრობთ, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფილმი მკურნალია, ჩვენ ერთმანეთის გვესმის, ერთნაირ ტალღაზე ვართ..."
ოთარ იოსელიანის სახელი და საქართველო ვენეციის, კანისა და ბერლინის კინოფესტივალებზე მსოფლიო კინოშედევრების გვერდით დასახელდა. ლოკარნოს 66-ე კინოფესტივალზე ოთარ იოსელიანს "ოქროს ლეოპარდი" გადასცეს. 2 წლის წინ რეჟისორმა აღდგენილი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ეროვნული არქივის კინოფონდს უსახსოვრა. მისი ფილმების სკანირება და რესტავრაცია საფრანგეთში მოხდა.
მედეა ამირანაშვილი...
"თბილისის ოპერა ჩემთვის დედა-თეატრია, ქუთაისის ოპერა - შვილობილი. ორივე მიყვარს. სიმღერაზე უარი 61 წლის ასაკში ვთქვი, ახლა ახალგაზრდებმა იმღერონ-მეთქი", - თქვა წლების წინ ინტერვიუში ქართველმა საოპერო მომღერალმა მედეა ამირანაშვილმა, რომელიც 2 დეკემბერს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქალბატონი მედეა ოპერისა და ბალეტის თეატრის სრულუფლებიანი წევრი გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა და ცხოვრების ბოლომდე თავს მის ნაწილად მიიჩნევდა... კონსერვატორიის პროფესორი ვოკალის გაკვეთილებს ხანდაზმულ ასაკშიც ატარებდა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდა.
ბევრს დიდხანს ეგონა, რომ კინოფილში "ჭრიჭინა", ცნობილ სიმღერას "მშვენიერმა მაისმა" ლეილა აბაშიძე ასრულებდა. არადა, მას მედეა ამირანაშვილი მღეროდა. "რა პარტია არ შემისრულებია და რომელ სცენაზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ყველგან მაინც ამ სიმღერით მხვდებოდნენ, რადგანაც კინო ოპერასთან შედარებით, მასობრივი ხელოვნებაა... ლეილა აბაშიძე მეხუმრებოდა, მოდი, ფილმის ტიტრებში ნუ მივაწერთ, რომ შენ მღერიო... ერთხელ მატარებლით ერთად მივდიოდით და ხაშურში გავჩერდით, ხალხი "ჭრიჭინა, ჭრიჭინას" ძახილით შემოგვეხვია. ლეილას ვუთხარი, მოდი, ახლა შენ იმღერე და პირს მე გავაღებ-მეთქი, მაგრამ მატარებელი დაიძრა და ლეილამ სიმღერა ვერ მოასწრო", - სიცილით იხსენებდა ინტერვიუში მედეა ამირანაშვილი.
"ყველგან კარგია, მაგრამ, სახლში უკეთესი", - ეს ფრაზა ხშირად მითქვამს, ყველაზე წარმატებული გასტროლიდან დაბრუნების შემდეგაც კი. არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის მიტოვება. არადა, თითქმის ყველა ქვეყნის საოპერო სცენაზე მიმღერია - კანადიდან დაწყებული, ავსტრალიითა და ახალი ზელანდიით დამთავრებული, ცხადია, ევროპის ჩათვლით. პარიზში სეზონიც კი გავხსენი, მაგრამ არანაირ შემოთავაზებას არასდროს დავთანხმებივარ. წარმატებული ვიყავი და როგორც ხდება ხოლმე, თაყვანისმცემლებიც საკმარისად იყვნენ. ეტყობა, გარეგნულადაც რაღაც იზიდავდათ ჩემში... ქუჩაში რომ გავიდოდი, ხალხი უკან მომყვებოდა... ჩემი მეუღლე მოქანდაკე ოთარ ფარულავა იყო, რომელთან ერთადაც 10 წელი ვიცხოვრე. არ იყო ცუდი პიროვნება, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავცილდით. მან შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, მისი შვილია მსახიობი ია ფარულავა. იასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, "მედიკო დედიკოს" მეძახის. ვწუხვარ, რომ იას ძმა გარდაეცვალა, ისიც კარგი გულის ბიჭი იყო"...
თენგიზ არჩვაძე...
28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს წინაშე. არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი აქვს შექმნილი. გამორჩეულად უყვარდა მსახიობი მაყურებელს.
თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი მწუხარებით გამოეხმაურა. მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი. ბატონ დიმას მასზე წიგნიც აქვს გამოცემული, ახლოს იცნობდა მსახიობს და მასთან მეგობრობდა. იგი ინტერვიუში იხსენებდა: "თენგიზ არჩვაძე არ იყო მხოლოდ მსახიობი, მისი არსებობა ცალკე, კიდევ უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღმოჩნდა ქართველი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ის ნამდვილად გამორჩეული მოქალაქე გახლდათ. მოქალაქე, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იშვიათად მინახავს ასე საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ მწერლობაზე, ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი, ფეხით აქვს მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ერთხელ ვკითხე და იმ წიგნშიც არის ეს ეპიზოდი, ყველაზე კარგად სად გრძნობთ თავს-თქო? მთაშიო. რაჭველი კაცისგან ეს არც გამიკვირდება-მეთქი. არა, მთაში და მარტოო. რატომ-თქო? იმიტომ, რომ მთაც კაციაო. მთასთან დიალოგი ისეთია, აი, იმას თუ დაუმუღამებ, მაგაზე კარგი არაფერია. ის სულიერია, სუნთქავსო. მოკლედ, ის არავის ჰგავდა... ძალიან დიდი კაცი დაკარგა ქართველმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კინომ და თეატრმა..."
მანანა დოიჯაშვილი...
ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი). გარდა ამისა, იგი იყო ყოველწლიური ფესტივალის - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" - ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი... არაერთი კარგი წამოწყების ავტორი 2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გახლდათ.
მიღებული აქვს ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო - ფალიაშვილის სახელობის პრემია.
ბუბა კიკაბიძე
2023 წელს ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მისი ანდერძის თანახმად ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს.
მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სიკვდილზეც ისაუბრა და ბრძანა: "სამი დღის წინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. დავწექი და ვუთხარი: "უფალო, წამიყვანე, როგორ, არ მაინტერესებს". ერთი თირკმელი არ მუშაობს. ჰემოდიალიზს ვიკეთებ, ეს ხდება კვირაში სამჯერ, ოთხი საათის განმავლობაში. ასუფთავებენ სისხლს, მერე თრომბებიც ჩნდება. მეგონა რომ მოვმკვდარიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა. ჩემი დადებითი თვისება ისაა, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით. ხანდახან ეკლესიაში დავდივარ, იქ სიწყნარეა... სანთელს ვანთებ..."
გოგი ხარაბაძე...
81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე. მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ამბები.გე-ს ცნობილმა ხელოვანებმა გაგუზიარეს...
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:
"კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე - ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის... გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც, ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია... ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი... წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა... მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო... ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი. საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში... ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა..."
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
"გოგი ხარაბაძე მართლაც შესანიშნავი მსახიობი, პიროვნება იყო... ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ეროვნული შეგნება ჰქონდა და გამოხატავდა კიდეც! როცა საქართველოს უჭირდა, ქვეყანას თავის მეგობრებთან ერთად გვერდით ედგა და ყველაფერს აკეთებდა, სიმართლე ნათქვამი ყოფილიყო... მეტსაც გეტყვით: ტელეფილმების სტუდიაში მან ბიბლიის მიხედვით შესანიშნავი ციკლი შექმნა, სადაც ჭეშმარიტებაზე, სულიერებაზე, რწმენაზე მიდიოდა საუბარი... გოგი ხარაბაძე ხელოვნებიდან არასოდეს წასულა!"
ჯამლეტ ხუხაშვილი...
ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბის "ტენერიფეს" ვარსკვლავი, კალათბურთელი გიორგი შერმადინი ცნობილ ჟურნალისტს, კომენტატორს, კალათბურთის მწვრთნელსა და უბრალოდ, საუკეთესო ადამიანს, ჯამლეტ ხუხაშვილს ასე გამოეთხოვა:
"განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული ჩემდამი თავდადება. გამორჩეულად დიდი ადამიანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, შალვოვიჩ!"
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში. იყო საზოგადოება "დინამოს" მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004). დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქედ (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწედ (2014).
ჯემალ ღაღანიძე...
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან რუსთაველის თეატრში 66 წელი გაატარა, სადაც არაერთი სახასიათო როლი განასახიერა. მაყურებელი ბატონ ჯემალს ფილმებიდანაც იცნობს... 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი" გაიხსნა. ის ამაყობდა იმით, რომ არასდროს ჰყოლია დუბლიორი და ლეგენდარულ "კავკასიურ ცარცის წრის" ყველა სპექტაკლში (600 წარმოდგენა) მონაწილეობდა.
"ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა. რაც ახალგაზრდობაში მქონდა ჩაფიქრებული, ის განვახორციელე. სკოლაში, თითქმის მეშვიდე კლასიდანვე ჩემი ოცნება იყო მსახიობი გავმხდრიყავი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თეატრს და შემოქმედებით ცხოვრებას... ათწლეულებია რუსთაველის თეატრში ვარ. ხდება ხოლმე, როცა გრძნობ, ეს როლი რომ მეთამაშა, ალბათ ვითამაშებდი... მერე დროს მოაქვს ყველაფერი, ადამიანი ფიზიკურადაც იცვლება, გონებრივადაც და შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოს, რომ იმ როლის თამაში გინდოდა... ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი, მაღალი ვიყავი და შეიძლებოდა, დონ კიხოტზე მეფიქრა, მაგრამ იმ მომენტში ამისთვის მზად არ ვიყავი, ჩემი ასაკი არ მაძლევდა იმის უფლებას, ამხელა როლი წამომეკიდებინა. მსახიობს თავისი ამპლუა აქვს და რეალურად უნდა იფიქროს... მიმაჩნია, რომ სახასიათო მსახიობი ვარ, იმიტომაც არის, რომ 4-5 კაცი ვართ თეატრალურ სამყაროში, რომლებმაც მივიღეთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია", - ჰყვებოდა ჯემალ ღაღანიძე.
დავით პაპუაშვილი...
80 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი დავით პაპუაშვილი. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა სამძიმრის პოსტი: "უდიდესი ტკივილია რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის, ჩვენი უძვირფასესი, დავით პაპუაშვილის გარდაცვალება..."
დავით პაპუაშვილი 1942 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი ("საბრალდებო დასკვნა"), ტიტე ნატუტარი ("ყვარყვარე"), შალვა ("კავკასიური ცარცის წრე"), კეიტსბი ("რიჩარდ III"), ოსვალდი ("მეფე ლირი"), მეორე ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), რაიბულ, ჰიდირ ("ლამარა"), ბატონი დევი ("მერე რა რომ სველია, სველი იასამანი") და ა.შ.
თენგიზ მუშკუდიანი
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 12 ივნისს გახდა 96 წლის...
თენგიზ მუშკუდიანს 1957 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1965 წელს - სახალხო არტისტის წოდება. გადაღებულია ფილმებში - "დიდოსტატის მარჯვენა" (ჭიაბერი) და "აბეზარა" (გიორგი)...
ზაზა მიქაშავიძე...
31 მარტს თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძეც გარდაიცვალა. მისთვის თეატრი და ზოგადად, ეს სამყარო იყო ყველაფერი, მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინა. ცნობილია, რომ ბატონი ზაზა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ და ამ სამსახიობო წყვილს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
"ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ... მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე ვარ. ბატონი მიშა იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო", - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
რამაზ იოსელიანი, მსახიობი:
"ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზაზა აღარ არის. 45 წელიწადი ერთად ვიყავით... ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა, იყო კარგი მეგობარი, რაც მთავარია, თხემით ტერფამდე პროფესიონალი გახლდათ. არ მახსოვს, რეპეტიცია გაეცდინოს ან მოუმზადებელი მოსულიყოს. ყველანაირად მოწესრიგებული იყო, ნამდვილად თეატრის კაცი. ბოლოს "ბაკულას ღორებში" ითამაშა. ეს სპექტაკლი ჩემი და ნინელის მესამე საკურსო სპექტაკლი იყო, რომელიც შემდეგ თეატრში გადმოვიდა... ძალიან შეწუხებული ვარ, ზაზას წასვლით გული დამწყდა. ამდენი წელი ერთად, ხუმრობა ხომ არ არის?! სცენაზეც ხშირად ვყოფილვართ პარტნიორები. ყოველთვის ფორმაში იყო... თეატრის გვერდში მდგომი ადამიანი წავიდა..."