კამპანია, რომლის მიხედვითაც შეიძლება „თოვლის ბაბუა“ ნებისმიერი ადამიანი გახდეს - გზაპრესი

კამპანია, რომლის მიხედვითაც შეიძლება „თოვლის ბაბუა“ ნებისმიერი ადამიანი გახდეს

სოფო მეიშვილისთვის ქველმოქმედება და მუდმივ რეჟიმში ვიღაცის დახმარება ცხოვრების თანმდევი პროცესია. 9 წლის წინ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლე სიკეთისთვის“ ფარგლებში, არაერთი ოჯახი თუ ცალკეული ადამიანი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს, იქნება ეს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ავეჯი, ჰიგიენური საშუალებები თუ სხვა. დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების ნივთებითა და პროდუქტით უზრუნველყოფა სხვა პერიოდებშიც ხდება: წინასასკოლოდ, საშობაოდ, სააღდგომოდ თუ ნებისმიერ სხვა დღესასწაულის წინ.

საახალწლოდ სოფო და მისი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, ქველმოქმედ მოხალისეებთან ერთად ახორციელებენ პროექტს „წერილები თოვლის ბაბუს“. შედეგად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები საახალწლო საჩუქრებს იღებენ. წერილებში სურვილები განსხვავებულია და ამავდროულად, მათ ერთი საერთოც აქვთ - საკვები და ტკბილეული. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ეს სურათი დიდად არ იცვლება. საახალწლო წერილების მიღება დეკემბრიდან იწყება და ყოველდღიურად მატულობს. კამპანიაში „წერილები თოვლის ბაბუს“ მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ მოზარდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „ფეისბუკზე“ არსებობს ჯგუფი სახელწოდებით „სიცოცხლე სიკეთისთვის“, მასში გაწევრების მსურველები ირჩევენ რომელიმე ბავშვისა თუ ხანდაზმულის წერილს, იქვე ტოვებენ კომენტარს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ მის ასრულებაზე - იქნება ეს მისამართზე ფოსტით გაგზავნა თუ მითითებული საკონტაქტო ნომრებზე დარეკვის შედეგად, საჩუქრის პირადად მიწოდება. ასე რომ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ერთი დღით გახდეს „თოვლის ბაბუა“.

1-1704042936.jpg

სოფო მეიშვილი:

- 9 წლის წინ, როცა წინასაახალწლო პერიოდში სამსახურიდან ქუჩაში გამოსულს, დახმარების მთხოვნელი ბევრი ადამიანი შემხვდა, შინ დათრგუნვილი დავბრუნდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წელი და არ მინდოდა, მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო დღესასწაული. მეგობრებთან ერთად, ჯერ ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში მივედი და საახალწლოდ იქ მცხოვრები ადამიანები გავახარეთ. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სისტემატური ხასიათი მიმეცა. ერთხელ, დიდ ლილოში მეგობართან ვიყავი და შინ ვბრუნდებოდი, როცა გაჩერებაზე ვნახე უსაყვარლესი ბავშვები. მეგობარმა მიამბო, რომ ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყვნენ. 7-შვილიანი ოჯახი მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა, სადაც არანაირი პირობები არ ჰქონდათ. მაშინ გადავწყვიტე, იმ ბავშვებისთვის საახალწლო წერილები გამომერთმია და მათი სურვილები შემესრულებინა. ასეც მოხდა და პირველად მაშინ დავიწყე ბავშვების საახალწლო წერილების შეგროვება. წლებთან ერთად, ეტაპობრივად და ყოველწლიურად, ფონდის სახელით, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის პროექტს - „წერილები თოვლის ბაბუს“ ვახორციელებთ. 2023 წლის დადგომისას 160 ბავშვი გავახარეთ და 30 ოჯახი უზრუნველყოფილი იყო სადღესასწაულო სუფრით. იმედი გვაქვს, წელს უფრო მეტს შევძლებთ.

ანა კალანდაძე