"13 წელზე მეტია აქ ვარ და ზუსტად ვიცი, საქართველოს გარდა, ბედნიერი ვერსად ვიქნები..."
საქართველოს კუთხეების შემოვლას ერთი მინუსი აქვს - ძალიან ბევრ დაკეტილ სახლს ნახულობ... მიზეზი უცვლელია, სოციალური ფონი... დემოგრაფების თქმით, სოფლების კვალდაკვალ, დაცლის საფრთხე პატარა ქალაქებსაც ემუქრება, რადგან უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან...
ამ ზაფხულს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მომიწია წასვლამ, მე-V-VI საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია უნდა მენახა. იქ მისვლამდე უამრავი ცარიელი სახლი ვნახეთ, თუმცა, ერთი გამონაკლისიც აღმოვაჩინე - ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს, პერიოდულად ჩამოდის, რათა ბაბუასეული სახლი საკუთარი ხელით აღადგინოს...
"ეს ადამიანი არის ის პატარა იმედი, რომ სოფელი არ დაიცლება და ვიღაც ხვალ ან ზეგ მაინც დაფიქრდება, რომ წარსული და სახლი ძალიან მნიშვნელოვანია", - მეუბნება ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია მელია.
ქართველ ემიგრანტს დავუკავშირდი და ვთხოვე, ინტერვიუ მოეცა...
გოდერძი გაბუნია:
- 2005 წელს წავედი ამერიკაში, კონკრეტულად, ფლორიდის შტატში. ბევრისგან განსხვავებით, ჩასვლა და დამკვიდრება არ გამჭირვებია, რადგან ჩემამდე დიდი ხნით ადრე, იქ ჩემი მეგობარი იყო წასული, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მან ბინისა და სამსახურის საქმე წინასწარ მოგვარებული დამახვედრა, რაც იქ ჩასულისთვის დიდი შეღავათი იყო. იმ წლებში, ჩემთვის და ზოგადად, იმ თაობის ქართველი ახალგაზრდებისთვის "ამერიკული ოცნება" ბევრს ნიშნავდა; ერთი სიტყვით, ფლორიდის პატარა საპორტო და საკურორტო ქალაქ ტამბა-ბეიში ჩავედი და პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ მეგონა, დიდხანს დარჩენას ვერ შევძლებდი - იქაური ტენიანი ჰავის გამო. მიწას ბუღი ასდიოდა... აკლიმატიზაციის პროცესი ძალიან გამიჭირდა, რასაც ემატებოდა ნოსტალგია. ამასთან, ის, რომ ერთ დღესაც, დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრებამ, მარტივი არ აღმოჩნდა... ჩასვლის მერე, ინგლისური ენის კურსები გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოფნისას ენას მეტ-ნაკლებად ვფლობდი...
- რა იყო შენი პირველი სამსახური?..
- ადგილობრივ საკაბელო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ იმდენად მძიმე საქმე იყო, მაშინვე სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე... ტამბა-ბეი მშვიდი საკურორტო ზონაა. ქალაქში ბევრი სასტუმროა და ერთ-ერთ მათგანში დავიწყე მუშაობა, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა. პრაქტიკულად, პირველი პირი ვიყავი, ვინც ვიზიტორებს იღებდა და აბინავებდა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა მათი ავტომანქანების პარკირება, სასტუმროში დაბინავება, ბარგის შენახვა და სხვა ტექნიკური საკითხები... უმეტესად, სპორტსმენები მოდიოდნენ, ადგილობრივი გუნდების მოთამაშეები... სირთულე ის იყო, რომ ყველა კატეგორიისა და ეროვნების ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, ეტიკეტის სრული დაცვით. ენას მაინცდამაინც კარგად არ ვფლობდი, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე "ცუდი ინგლისურით" მოსაუბრე ადამიანის ნათქვამსაც კი ჟესტიკულაციით ვიგებდი...
სხვებთან ერთად, საკმაოდ ხშირად გვსტუმრობდნენ ლათინოამერიკელები, რომლებიც ესპანურად საუბრობდნენ. მათთან ურთიერთობას ვუმადლი, რომ დროთა განმავლობაში ესპანურიც ავითვისე... ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, სასტუმროში, რუსულად მხოლოდ მე ვსაუბრობდი. არადა, პოსტსაბჭოთა სივრციდან ვიზიტორების სიმრავლეს არ უჩიოდა. შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რადგან მათთან კომუნიკაცია არ მიჭირდა, ეს კი ახალი თანამშრომლისთვის ერთგვარი პლუსი იყო.
სასტუმროს, სადაც ვმუშაობდი, ფლორიდის შტატში რამდენიმე ფილიალი ჰქონდა. როდესაც ხალხმრავალი კონფერენციები იმართებოდა, სტუმრებს სხვა ქალაქების სასტუმროებში ანაწილებდნენ. თანამშრომლებს წინასწარ გვითანხმდებოდნენ და ჩვენც თან მივყავდით. სხვა ქალაქების ნახვის შანსს არასდროს ვკარგავდი.
ვიზიტორები მაღალი კლასის მომსახურებას ითხოვდნენ და შესაბამისად, ხშირად გვქონდა ტრენინგი, გადამზადება... ერთი სიტყვით, საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, თუმცა, იქ მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ენა, მათ შორის, გერმანული და ესპანური მესწავლა და ინგლისური უფრო განმემტკიცებინა... საერთოდ, ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია უკეთესი მომავალი შეიქმნას და რაც მეტი გამოცდილება გაქვს, მით დაფასებული ხარ, ეს ეხება ანაზღაურებასაც... კიდევ ერთი, რაც ამერიკაში ცხოვრებისას თვალში საცემია, არის ის, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, მისთვის სრულიად ახალ პროფესიას დაეუფლოს, თუნდაც ბევრად უმცროს ადამიანებთან ერთად და ეს უხერხულობას არავის უქმნის. მაგალითად, 50-60 წლის სტუდენტები არავის უკვირს...
სასტუმროში თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ქორწილსაც იხდიდნენ, თანაც თავიანთი ქვეყნის ტრადიციების დაცვით. ვინაიდან სასტუმრო აეროპორტის ეზოშივე იყო, სტუმრები სხვადასხვა შტატიდან მოფრინავდნენ და ეს მასპინძლისთვისაც ხელსაყრელი გახლდათ...
მახსოვს ინდოელების ქორწილი. მათი ტრადიციიდან გამომდინარე, სურდათ სასტუმროში მოეყვანათ სპილო, რათა მასზე "ამხედრებულ" სასიძოს საპატიო წრე დაერტყა, რისი უფლებაც ადმინისტრაციამ არ მისცა. ინდოელები აღშფოთდნენ, შეთანხმებული ვიყავითო. ადმინისტრაცია არ თმობდა, - პატარა ზომის სპილო მაინც მოგეყვანათო. კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ბოლოს სიძე ცხენით შემოვიდა... ქორწილის დროს, სასტუმროს ტერიტორიაზე უამრავი ყვავილი, ფოთოლი და ფული დაყარეს... ფულის შემგროვებელი პერსონა ცალკე ჰყავდათ, ყვავილები კი დატოვეს...
- ფილადელფიაში როდის წახვედით?
- მოგვიანებით, ნაცნობი ქართველების დახმარებით, ფილადელფიაში გადავედი. ფლორიდისგან განსხვავებით, სადაც მაშინ ქართული დიასპორა ძალზე მცირერიცხოვანი იყო, პენსილვანიის შტატის ამ ქალაქში სხვადასხვა დროს ჩასული და დამკვიდრებული უამრავი ქართველი ცხოვრობს. რაც მთავარია, აქაური კლიმატი ძალიან ჰგავს საქართველოსას, თუმცა, უფრო მკაცრი ზამთარი იცის. ფლორიდაში 10 წელი მუდმივად ზაფხულში ვიცხოვრე და თოვლი მენატრებოდა. პენსილვანიის შტატში კი, თითქოს ნატვრა ამისრულდა, იმავე წელს ფილადელფიაში დიდი თოვლი მოვიდა.
ეს არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, ცხოვრების სწრაფი ტემპითა და უამრავი ქვეყნიდან ჩამოსული ემიგრანტით, სადაც თვითრეალიზაციის პრობლემა არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდიდან პენსილვანიაში გადასვლა ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლას ჰგავდა, აქ სრულიად "სხვა ამერიკა" დამხვდა. თუმცა, თავის დამკვიდრება აღარ გამჭირვებია. უამრავი ქართველი ცხოვრობს და სანაცნობო წრეც ყველგან მნიშვნელოვანია. აქაურობა ამიტომაც, უფრო მემშობლიურება... ფლორიდაში ქართული რესტორანიც კი არ იყო. მე კი ყველაფერი მშობლიური ისე მენატრებოდა, ლამის დავფიქრდი, ქართული სამზარეულო ხომ არ გავხსნა-მეთქი? მით უფრო, რომ კერძების მომზადება კარგად გამომდის... ასე რომ, უკვე მესამე წელია ფილადელფიის სწრაფი ტემპით ვცხოვრობ...
- თუმცა, არც საქართველო დაგვიწყებია.
- საქართველო არასდროს დამვიწყებია. ფლორიდაში ცხოვრების პერიოდშიც ჩავდიოდი, ოღონდ, იშვიათად. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ ემიგრანტს უნდა დაბრუნება, უბრალოდ, ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა... საერთოდ, ჩემი ამერიკაში წასვლის მოტივი ბავშვობის ოცნებების ახდენა იყო. ახლაც ერთი სული მაქვს, წლიდან წლამდე დრო სწრაფად გავიდეს, რომ ჩამოვიდე და დაწყებულ საქმეს რამე შევმატო...
ბაბუასეული სახლი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მაქვს. ბავშვობა იქ გავატარე, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. როდესაც ბაბუის კარ-მიდამოს გამართვა დავიწყე, ადგილობრივებს თან უკვირდათ და თან, უხაროდათ: აქედან თბილისში გარბიან, შენ კი ამდენი წელი ამერიკაში იცხოვრე და სოფელში რა გინდაო?!. თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. ეს იმ დადებითი ენერგიის მომტანია, ჩამოსვლიდან მორიგ ჩამოსვლამდე რომ მყოფნის... ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მიცხოვრია, ზოგან დიდი ხნით, ზოგანაც მცირე დროით. 13 წელზე მეტია ემიგრაციაში ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა, ხალხით, ცხოვრების წესით, მსოფლიოში მეორე არ არსებობს. ალბათ ახალს არაფერს ვამბობ, ამერიკა საოცარი სახელმწიფოა, მაგრამ მე საქართველო ყველაფერს მირჩევნია და სხვაგან ბედნიერი ვერ ვიქნები...
მარტო ჩემი კი არა, მამაჩემის ოცნება იყო სოფელში სახლი გვქონოდა და როცა მოგვინდებოდა, დასარჩენად ჩავსულიყავით... ჯერ სახლის რესტავრაციაზე ვფიქრობდი, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის იყო და ხვალ თუ ზეგ მაინც დაინგრეოდა. რადგან ბაბუას აშენებული გახლდათ, მისი ხსოვნის პატივსაცემად, საძირკველი შევუნარჩუნე და მასზე ახალი ავაგე. სოფელი და ზოგადად, იქაურობა ძალიან მიყვარს. ბავშვობის მეგობრები, ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანებიც ისე მეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. წელს ეზოში რამდენიმე ძირი ხე დავრგე, ახლობელმა ბიჭმა გამოიარა და მთხოვა, - ერთ ცალს მე დავრგავ, მინდა ყველა გავლა-გამოვლაზე ვუყურებდე, როგორ იზრდებაო...
ჩემი წინაპრების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნება-გადაფორმებასაც შევეჭიდე, რომელიც პროცედურულად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პროცესი ახლაც გრძელდება, მაგრამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
- თქვენს სოფელშიც, როგორც დანარჩენ საქართველოში, უამრავი დაკეტილი სახლი ვნახე. ეს ალბათ დამთრგუნველია...
- დიახ, როგორც სხვაგან, ჩემი სოფლიდანაც ბევრი ადამიანი წავიდა, მთავარი მიზეზი კი ეკონომიკური პრობლემებია. ხალხს უჭირს და ცდილობს, გადარჩეს. თუმცა, მაინც მგონია, რომ არაფრის გამო არ ღირს საკუთარი ფუძის დავიწყება. ეს ხალხიც, ადრე თუ გვიან, თავის კერას დაუბრუნდება...
- სოფელში გაქვთ მე-5 საუკუნის ეკლესია, ძალიან მნიშვნელოვანი წარსულით.
- სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია არის ქვითა და აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ადრინდელ შუა საუკუნეებშია აგებული... მასზე ბევრი რამ უცნობია. კარგია, სასულიერო პირი ტაძარზე ზრუნავს და ცდილობს, ყველას, ვისაც მისი აღდგენა და შესწავლა ხელეწიფება, ხმა მიაწვდინოს. ვიცი, რაღაც სასიკეთო ძვრებიც დაიწყო...
- დედულეთშიც გაქვს სოფელი და იქ გასაკეთებელი გეგმებიც შედგენილია, არა?..
- ასე ვთქვათ... ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ის წლები, გარემო შეუძლებელია არ გიყვარდეს. ყოველთვის მინდოდა მიწასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო, ახლო კავშირი მქონოდა... დედულეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორულუში გავატარე, სადაც ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი და როგორც კი შანსი მომეცა, მიწის ნაკვეთი ვიყიდე და თხილი ჩავყარე. მომავალში ისიც სამოსახლოდ მინდა, პატარა სახლის აშენებას ვგეგმავ... ამასთან, ყოველთვის მსურდა აუზი მქონოდა და თევზი მომეშენებინა. რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა ჯიშის თევზიც ჩავყარე. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ისეთი ველურები არიან, მე ვერ ვიჭერ, მაგრამ სხვები თევზაობენ... ამას წინათ, ბევრი წვალების შემდეგ, მამაჩემმაც დაიჭირა ერთი ცალი... აუზიდან ამოღებული მიწა თხილნარში მოვაყრევინე, რომ წვიმების დროს წყალი არ დაგუბდეს, თან გარშემო ნაწრეტი წყალი აუზში ჩაედინება და არასდროს შრება...
ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობის ოცნებებიდან რამდენიმეს განხორციელება შევძელი... კიდევ მაქვს გეგმები, მაგრამ ჩემი ნაკვეთი გზისპირასაა, ამჟამად მის მიმდებარედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტები მიმდინარეობს, ამიტომ ჯობია, მოვლენების განვითარებას დაველოდო...
ლალი პაპასკირი