რა დაიბარა საქართველოზე შეყვარებულმა ემიგრანტმა - გზაპრესი

რა დაიბარა საქართველოზე შეყვარებულმა ემიგრანტმა

მან ღირსეულად ატარა ქართველი კაცის სახელი უცხოეთში. მის პიროვნულ თვისებებს შორის უმთავრესი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული იყო. სწორედ ამ გრძნობამ ჩამოიყვანა საქართველოში, აქ გარდაიცვალა და დაიკრძალა კიდეც. "სამი სამშობლო მაქვს: საქართველო, სადაც დავიბადე; საფრანგეთი, სადაც გავიზარდე და ამერიკა - სადაც ვიცხოვრე. ისე კი მთლიანად ქართველი ვარ, რადგან სიზმარში ქართულად ვლაპარაკობ", - ამბობდა გივი ზალდასტანიშვილი. მისი მამა სოლომონი, რომელიც 1924 წლის აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი იყო, აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, სულ მალე კი მეუღლე მარიამიც შეუერთდა მცირეწლოვან შვილებთან - გივისა და ოთართან ერთად. გივი ზალდასტანიშვილს მისი ნათესავი ეკა ხირსელი და მეგობრები - შალვა გვარამაძე და ირაკლი ბოკუჩავა იხსენებენ.

ეკა ხირსელი:

- გივი ჩემი მამიდაშვილი იყო, მისი დედა და მამაჩემი და-ძმა იყვნენ. ერთმანეთს სხვა მხრივაც ვენათესავებით, ბიძაშვილები იყვნენ მამამისი და დედაჩემი. გივი 1986 წელს გავიცანი, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა. მანამდე მას იტალიაში შეხვდა ჩემი ძმა ილიკო, როცა სამსახურიდან, კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან მივლინებაში გაგზავნეს. ერთ ნათესავს, რომელიც მამიდად გვეკუთვნის, გივისთან კავშირი ჰქონდა და იმ ქალბატონმა შეატყობინა, ილიკო იტალიაში იქნებაო. გივი ამერიკიდან სპეციალურად ჩაფრინდა მილანში ილიკოს სანახავად. ცხადია, შეხვედრა საიდუმლოდ უნდა შემდგარიყო, ილიკო დახურულ ინსტიტუტში მუშაობდა და ჯგუფის წევრებსაც კი არ უნდა გაეგოთ არაფერი. შეხვედრისას კურიოზი მოხდა, მათ იცნეს ერთმანეთი და ორივეს წამოუძახია, - ძია კოლიაო და რატომ? გივი ძალიან ჰგავდა თავის ბიძას, მამის ძმა კოლია ზალდასტანიშვილს, ხოლო ილო ჰგავდა დედაჩემის ძმას - კოლია ხირსელს. მერე გაარკვიეს, ვინ რომელ კოლიას გულისხმობდა. ერთადერთი ნათესავი, რომელიც გივიმ საქართველოში ჩამოსვლამდე ნახა, ჩემი ძმა იყო. მერე უკვე, როცა ჩამოვიდა, მამიდაშვილმა - მერაბ გამყრელიძემ მიიპატიჟა ოჯახში და მაშინ გავიცანით. პირველივე შეხვედრაზე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობ ადამიანს შევხვდი. არც ასაკში განსხვავება ნიშნავდა არაფერს, 20 წლით ჩემზე უფროსი გივი გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი იყო. პირველივე წუთიდან ახლო და ნათესაური ურთიერთობა დამყარდა. მსგავსი განცდა მქონდა, როცა ამერიკაში ჩავედი 1998 წელს და გავიცანი გივის ძმა - ოთარი.

ერთხელ სუფრასთან ნათესავები შეუჩნდნენ, - ხომ ლამაზია საქართველოო?! გივიმ თქვა: მსოფლიოში ბევრი ძალიან ლამაზი ადგილი მინახავს და საქართველო ძირითადად, სილამაზით კი არ მხიბლავს, ხალხთან ურთიერთობა და მათი სითბო მომწონს, ამით გამოირჩევაო. გივის საქართველო ძალიან უყვარდა და სულ ცდილობდა ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გაეკეთებინა. ახლობლებს საჩუქრებით გვანებივრებდა და მძიმე წლებში დახმარებაც გაუწევია. ძალიან ხშირად გვირეკავდა. 2003 წლის ნოემბრის ამბების დროს ამერიკაში იყო. დარეკა, მძიმედ ლაპარაკობდა (ინსულტი ჰქონდა გადატანილი) და თან ტიროდა: როგორ მინდა მანდ ყოფნა და ახლა, არ შემიძლიაო. როგორც კი ცოტა მომჯობინდა, მოითხოვა და ეტლით ჩამოაყვანინა თავი თბილისში. დაიბარა კიდეც, - აქ დამასაფლავეთო და ასეც მოხდა, 2007 წელს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში. აქაურ საქმიანობასა და ზოგადად, თავის ბიზნესზე არ ლაპარაკობდა.

მუდმივად ჰქონდა კონტაქტი იმ ახალგაზრდებთან, ვისაც ხელი შეუწყო, საზღვარგარეთ რომ ესწავლა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნათლული ნუგზარ კაჩუხაშვილი იყო, ის დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორია. სხვათა შორის, სანამ ნუგზარმა გასაუბრება არ გაიარა, გივისთვის არ მითქვამს, რომ ჩემი ნათლული იყო. როცა ვუთხარი, კი ესიამოვნა, მაგრამ ის თვისება არ ჰქონდა, რომ რომელიმე ახლობლისთვის რამეზე რეკომენდაცია გაეწია. მას მიაჩნდა, რომ იმ ნათესავს თავად უნდა ეთქვა, თუ რამე სჭირდებოდა. როცა ჩამოვიდა, გარკვეულწილად ველოდით, რომ რადგან აქაურ ცხოვრებას არ იცნობს, რაღაცას გვკითხავს ან ვინმეს დახასიათება დააინტერესებს და ჩვენც რჩევას მივცემდით. მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს ამერიკული თვისებაა - "მე თვითონ შევძლებ".

მახსოვს, უფროსი შვილიშვილი გოგონასთვის სათამაშოს ყიდვა მთხოვა: ისეთი რამე მინდა, ლოგინში ჩაიწვინოს და მოეფეროსო. ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინა ვუყიდე. რა კარგიაო, - გაუხარდა. ის ბავშვი, ნათელა ერთი წელი აქ სწავლობდა, გივის შექმნილ ამერიკულ აკადემია-სკოლაში. სხვათა შორის, ერთხელ მას ვკითხეთ, - ასე გვიან, მე-8 კლასიდან რატომ იწყებ სწავლას-თქო? გივიმ გვითხრა: მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა სწავლა-განათლება მშობლიურ ენაზე უნდა დაიწყოს და მერე მიიღოს ის ცოდნა, რაც სწავლის გასაგრძელებლად გამოადგება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელშიო. გივი თბილისში ცალკე სახლში ცხოვრობდა, თუმცა პრაქტიკულად, ყოველდღე ვნახულობდი. სამწუხაროდ, გვიან შევხვდით ერთმანეთს. ბოლოს მოგონებების წერა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. მე მკარნახობდა და ვიწერდი, მხოლოდ რამდენიმე ფურცელია...

givi-dedastan-da-zmastan-ertad-1704043892.jpg

შალვა გვარამაძე:

- გივი ზალდასტანიშვილი გამაცნო ჩემმა მეგობარმა ილიკო ხირსელმა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით კიბერნეტიკის ინსტიტუტში. ბატონი გივი არაერთხელ ყოფილა ჩემთან სახლში და აგარაკზეც. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე იყო. კარგად მახსოვს, როგორ აწუხებდა ჩვენი ქვეყნის პრობლემები და მეუბნებოდა: რომელი მთავრობაც მოვიდა, ყველას ლანძღვაში ხართ, არ დასრულდა დაჭერები, მექრთამეობა... როგორც ვაკვირდები, მაღალი თანამდებობის პირები მხოლოდ თავისი პირადი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობენ. ბევრს ჯიბეში დიპლომი უდევს, მაგრამ განათლებული არ არის, ამას რა ეშველებაო? მისთვის პრიორიტეტული იყო განათლება. გივის თაოსნობით მრავალმა ახალგაზრდამ ისწავლა ამერიკაში. იქ ჩასულებს ერთ მკაცრ პირობას უყენებდა, აუცილებლად დაბრუნებულიყვნენ საქართველოში და მიღებული განათლება თავიანთ ქვეყანაში გამოეყენებინათ. თუმცა, ამ დაპირებას ახალგაზრდები ყოველთვის ვერ ასრულებდნენ, უცხოეთის ცდუნებას ვერ უძლებდნენ, რაც ბატონი გივის გულისტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევდა.

გივი და მისი ძმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. გივის ჰქონდა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ოთარი კი ინჟინერ-მშენებელი იყო. მისი აშენებულია უამრავი ობიექტი, მათ შორის ბოსტონის აეროპორტი. ოთარს ჰქონდა მომზადებული თბილისის აეროპორტის პროექტი, რომელიც გივიმ აქ ჩამოიტანა. ჩვენი საერთო მეგობრის - ავთანდილ კვიტაშვილის ხელშეწყობით, ბატონი გივი შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს. მე და ილიკო ერთად ვიყავით და შედეგს ველოდით, მაგრამ როცა გივი ვნახეთ, ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა, ამ თემაზე ხმაც არ ამოუღია. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჩემთან აგარაკზე ვიყავით, მოვისმინეთ მისგან საუბრის დეტალები. იმავე თემაზე სასაუბროდ შევარდნაძეს მეორედაც შეხვდა ბატონი გივი, მაშინ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ ბატონი ედუარდი. პირველი უარი იმით ახსნა, რომ ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი და მოსკოვთან ჭიდილში ვერაფერს გახდებოდა შევარდნაძე, მეორე ჯერზე კი ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა იდგა... და ის არაჩვეულებრივი პროექტი ჩავარდა. ეკონომიკის სფეროში სხვა გეგმებიც ჰქონდა ბატონ გივის, სამწუხაროდ, ვერც ის განხორციელდა. თუმცა, ედუარდ შევარდნაძემ დააფასა ძმების ღვაწლი საქართველოდან გატანილი 1918-1921 წლების სახელმწიფო არქივის მოვლისა და დაცვისათვის, საქართველოში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და მათ საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

givi-ojaxis-cevrebtan-ertad-copy-1704043902.jpg

ირაკლი ბოკუჩავა:

- გივი ზალდასტანიშვილი უცნაურად გავიცანი. მე და ჩემს მეგობარ ნუგზარ რუხაძეს გვქონდა პროექტი "საქართველოს ინიციატივა", სადაც ერთი საკითხი ეხებოდა უცხოეთში მოსწავლეების გაგზავნას. 1993-97 წლებში ამერიკასა და გერმანიაში სასწავლებლად, ერთი წლით გავუშვით 150-ზე მეტი უფროსკლასელი. ამ საქმეში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა, ვინც იმ დიდი გაჭირვების დროს ჩვენი ქვეყნის მომავალზე იფიქრა. ერთ დღესაც მე და ნუგზარს სატელეფონო საუბარი გვქონდა (ის ამერიკაში მუშაობდა), რა დროსაც გამიჩნდა იდეა, ამ ბავშვებს აქეთ-იქით რომ ვგზავნით, მოდი, თბილისში გავაკეთოთ სკოლა-მეთქი. წერილი დავწერეთ და ამერიკის საელჩოს მივმართეთ, რომ დაგვხმარებოდნენ. წერილის ჩაბარებიდან ზუსტად მეორე დღეს, რასაც არაფრით ველოდი, მირეკავენ: თქვენი მსგავსი იდეა გივი ზალდასტანიშვილს აქვს, ის ახლა თბილისშია და შეხვდით მას სასტუმროში, ორ საათზეო. მაშინვე წავედი და ასე გავიცანი გივი. ის ლექციებს კითხულობდა თბილისის ბიზნესსკოლაში მარკეტინგის საკითხებში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა სალექციო კურსი ფინანსებში.

გივიმ თქვა, - სანამ სკოლას გავხსნით, ჯერ მასწავლებლები შევარჩიოთო და დახმარება მთხოვა. ჩამოდიოდა წელიწადში 2-3-ჯერ. ჩვენი ურთიერთობა ასე იყო აწყობილი. მას ბინა ჰქონდა ნაქირავები თარხნიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო "საქართველოს" გვერდით, მასთან სახლში მივდიოდი და ვიხილავდით ამა თუ იმ საკითხს. ჩვენ შორის საქმიანი ურთიერთობის გარდა, მეგობრული ძაფებიც გაიბა. თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო. ახლო მეგობრები გავხდით, ის ჩემს სიტყვას იჯერებდა, მე - მის ნათქვამს ვენდობოდი. სიამოვნებით ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, ხან პურმარილს გაშლიდა სახლში და რამდენიმე კაცს მიგვიპატიჟებდა. მახსოვს, რუსთაველის თეატრში დავესწარით უცნობის კონცერტს "ქვეყანაშია ფერები მუქი", ძალიან კმაყოფილი იყო, კონცერტი მოეწონა და სიმღერების ტექსტებიც, იმდროის ყოფას შეეფერებოდა. ერთხელ ოპერაში სპექტაკლს ვესწრებოდით გივი, მე და ჩემი მეუღლე. გივისთან მოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი (მაშინ პრეზიდენტი არ იყო), სანდრა რულოვსი და ისაუბრეს, მიშა ამერიკიდან იცნობდა.

გივი უკვე ასაკში იყო, ამ დიდ პროექტს რომ შეეჭიდა. იდეა რა იყო? შერჩეული ახალგაზრდები გივის სასწავლებლად მიჰყავდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ერთი წლით. ყველაფერს ამერიკის მთავრობა აფინანსებდა, ეს რა თქმა უნდა, გივის დამსახურება გახლდათ. 4 წლის მანძილზე 20 ბავშვი გავგზავნეთ. რომ არა გივი, მე და ნუგზარი ამ საქმეს ვერ განვახორციელებდით. პირველი ნაკადი რომ წავიდა, მომდევნო წლის შემოდგომაზე გავხსენით ამერიკული სკოლის მე-9 კლასი. 2001 წლის 14 სექტემბერი იყო. გივის სჯეროდა, რომ უძლიერესი პედაგოგები, რომლებმაც კვალიფიკაცია საზღვარგარეთ გაიარეს, თანამედროვედ აღჭურვილი კაბინეტები, ინტერაქციული სწავლების მეთოდები და სხვა გამორჩეული პირობები გამოიღებდა სასურველ შედეგს და აქ აღზრდილი ბავშვები წარმატებით ჩააბარებდნენ მისაღებ გამოცდებს ნებისმიერ ცნობილ უნივერსიტეტში. გივიმ შემომთავაზა ვყოფილიყავი სკოლის დირექტორი, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან არ მქონდა სათანადო გამოცდილება. მან ამერიკიდან ჩამოიყვანა თავისი მეგობარი დონალდ ტომასი, რომელიც პირველი დირექტორი გახდა. მე ჩამოვშორდი ამ საქმეს. ბოლო წლებში ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. გივისთან ურთიერთობის პერიოდს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ.

ნანული ზოტიკიშვილი