როგორ შევეგებოთ დამდეგს და ვის მოუტანს წარმატებას დრაკონის წელიწადი
სულ რამდენიმე დღე დარჩა 31 დეკემბრის დადგომამდე. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ დღეს თქვენი სახლი, რა კერძები იქნება მაგიდაზე და როგორ იქნება მორთული ნაძვის ხე. ასტროლოგების თქმით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონისაა - ერთადერთი მითური (და ამავდროულად, ყველაზე პატივცემული) არსება 12 ნიშნიდან. იმისათვის, რომ ბრძენი, ამბიციური, კაპრიზული, მაგრამ სამართლიანი დრაკონი დაგეხმაროთ, 2024 წელს - ფინანსურ სტაბილურობაში, წარმატებული ბიზნესის აწყობაში, დაწინაურებაში, გახდეთ პოპულარული ან ცხოვრების სიყვარული იპოვოთ, აღმოსავლური ასტროლოგიისა და ფენ-შუის პრაქტიკოსი სპეციალისტის ეკა კვარაცხელიას რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. როგორც ის ამბობს, ცეცხლისმფრქვეველი არსება იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. შესაბამისად, მოკრძალების ადგილი და დრო არაა: საახალწლო დეკორაციაში რაც შეიძლება მეტი ბრჭყვიალა, ბუმბული, სიკაშკაშე, მკვეთრი ფერები უნდა შევიტანოთ. ერთი სიტყვით, ფუფუნება უნდა იგრძნობოდეს, ყველაფერი მეფური იყოს.
- დრაკონს უყვარს საკუთარ თავში დარწმუნებული და მიზანდასახული, შეუპოვარი ნატურები. მკვეთრი და ნათელი ცვლილებებია მოსალოდნელი კულტურის, კინემატოგრაფიის, ასევე მუსიკალურ სფეროში. თავბრუდამხვევი წინსვლა ელით გამომცემლებს, მწერლებს და ამ სფეროსთან ახლოს მყოფ ადამიანებს. ხის დრაკონი ენთუზიაზმით ავსებს დიზაინერებსა და იმიჯმეიკერებს, ხელს შეუწყობს მათი იდეების რეალიზაციას. კარგი წელია სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის. თავისუფლად შეგიძლიათ წამოიწყოთ ის პროექტები, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. არ არის დრო ფუჭი ოცნებებისა და ცაში უაზროდ ყურების, დრაკონის ენერგია დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
- ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება დრაკონის წელი განსაკუთრებულად იღბლიანი?
- ეს წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება: ვირთხის, მაიმუნის, დრაკონისა და მამლისთვის. 2024 წელი მათ პოზიტიურ მოვლენებს, მხნეობას, სულიერ ზრდასა და შესანიშნავ ცვლილებებს ჰპირდება. მაგალითად, მამალი იბრწყინებს საზოგადოებაში და საჭირო ხალხს მიიზიდავს ცხოვრებაში; ვირთხა გაიმყარებს ფინანსურ მდგომარეობას; მაიმუნი რეაბილიტირდება რთული პერიოდის შემდეგ; დრაკონი კი თავისთავად წლის მასპინძელია ყველა სფეროში.
- ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე?
- წელს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გველმა, ძაღლმა, ხარმა და ცხენმა. ამ ნიშნებმა უნდა აწონ-დაწონონ თავიანთი გადაწყვეტილებები და დაზოგონ შინაგანი მარაგი. თუ საქმეს წამოიწყებთ, ნუ გადახვალთ სხვაზე. ეს რჩევა სასიყვარულო სფეროსაც ეხება. წლის ბატონი გამოირჩევა შემდეგი თვისებებით: თვითკმაყოფილებით, თვითრწმენით და ბუნებრივია, ამ თვისებების მქონე ადამიანებს სწყალობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ დაეხმარება სხვებს, პირიქით - თუ დაინახავს, რომ ვიღაც ძალიან ცდილობს, მონდომებულია, აუცილებლად შეუწყობს ხელს. უნდა გაითვალისწინოთ დრაკონის თვისებები და შეძლებისდაგვარად გაითავისოთ შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, სიკეთე, სამართლიანობა.
- რა ფერი უყვარს დრაკონს?
- დრაკონს ძალიან უყვარს მწვანე, ასევე ოქროსფერი და წითელი, მოყავისფრო ფერებიც. მწვანე გამოიყენეთ ტანსაცმელში, სამკაულებში, აქსესუარებში, სახლის დიზაინში, თუნდაც ფარდების, სანთლებისა და ვაზაში მოთავსებული მწვანე ხილის სახით. ასევე წითელი, ოქროსფერი და ღია ყავისფერი.
იასამნისფერიც იღბლისა და ხვავის მომტანი ფერია ამ წელს. რაც შეეხება ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, უპირატესობა მიანიჭეთ დრაკონის ქვას, რომელსაც მეორენაირად დრაკონის სისხლს ეძახიან. დრაკონის წელს მისი ტარება უპირობო დამცავი და იღბლის მომტანია. ასევე კარგია მწვანე ავანტურინი, მალაქიტი, ნეფრიტი, ზურმუხტი... დრაკონი, როგორც წლის მფარველი, მეგობრულად გამოიყურება. მისი მეფობის დროს ბევრს გაუღიმებს იღბალი.
- როგორ უნდა აღვნიშნოთ დრაკონის მობრძანება, როგორ მოვიზიდოთ იღბალი სახლში?
- ტრენდული იქნება ხის აქსესუარები, ელემენტები და თილისმები. შეიძინეთ დრაკონთან ასოცირებული ნივთები; შეარჩიეთ თილისმა, რომელსაც ატარებთ მთელი წლის განმავლობაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დრაკონის ფორმის, იქნება ეს ბრელოკი თუ სამკაული. კარგი იქნება, თუ სახლისთვის შეიძენთ ქოთნის მცენარეს, მაგრამ უნდა იყოს ხის მსგავსი და არა მხოლოდ ფოთლები ან ყვავილები. თუ გაქვთ რაიმე ხე, გამოუცვალეთ ქოთანი და მიწა. კარგი იქნება მწვანე ან ყავისფერი ქოთანი.
აქტუალური იქნება ფენ-შუის ფულის ხეები, განსაკუთრებით მწვანე და ოქროსფერი მინერალებით, ციტრინი და ავანტურინი. შეიძინეთ ბრჭყვიალა და ოქროსფერი ნივთები. დრაკონს უყვარს სადღესასწაულო ელფერი. ამ წელს უნდა შეხვდეთ მხიარულად, ორიგინალურად, ხმაურიანად, ზარ-ზეიმით, მაშხალებით. შეიძლება შეხვდეთ როგორც სახლში, ისე რესტორანში ან უცხო ქვეყანაშიც. მთავარია საგულდაგულოდ მოემზადოთ და ხალისიანად, პოზიტიურად შეეგებოთ. უნდა ჟღერდეს ხმამაღალი მუსიკა, იყოს სიმღერა და ცეკვები. მხიარულ და დღესასწაულის მოყვარე დრაკონს არ უყვარს უღიმღამო ფერები. 31 დეკემბრის დადგომისთანავე ეცადეთ, აკეთოთ ყველაფერი ხალისით, ღიღინით და მონდომებულმა. კარგი იქნება, თუ სახლის დალაგებას 31-მდე დაასრულებთ, გადაყრით ძველ ნივთებს და გადაახალისებთ სახლს; შეძლებისდაგვარად გამოცვალეთ ინტერიერი. ნუ შეზღუდავთ ფანტაზიებს, სახლი მორთეთ ბრჭყვიალა ელემენტებით, გირლანდებით, აუცილებლად ქაღალდის ელემენტებით, ყვავილებით, ახალი ნივთებით. არ დაგავიწყდეთ მწვანე და ოქროსფერი ნივთების სიჭარბე. ასევე კარგი იქნება დრაკონის სტიკერების გაკვრა მაცივარსა თუ ფანჯრებზე.
- რაც შეეხება სუფრას...
- სუფრა უმჯობესია იყოს თეთრი ან წითელი. ნაჭრის ან ქაღალდის ხელსახოცი დაახვიეთ გრაგნილად და მწვანე ლენტი შეაბით, როგორც ბანტი. რამდენი ოჯახის წევრიცაა, იმაზე ერთით მეტი წითელი ან მწვანე სანთელი აანთეთ. ის ერთი დამატებითი სანთელი აუცილებლად უნდა იყოს წითელი და ოჯახის იმ წევრმა აანთოს, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს ან ასაკოვანია. თავისი პირადი სანთელი ყველამ ახალ წლამდე 10 წუთით ადრე უნდა აანთოს, შემდეგ თავად ჩააქროს სურვილის აქტივაციით და თებერვალში დაანთოს. სანთელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის და ზომის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დრაკონის ფიგურა. ერთი სერვირება ცალკე გამოყავით სუფრაზე, დააწყვეთ ტკბილეული, ჭიქაში დაასხით შამპანური და მოსვით, გაიხსენეთ განვლილი წლის ყველაზე ბედნიერი მომენტები და მადლობა გადაუხადეთ მას. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის დიასახლისი ბაჭია განათავსოთ ამ სერვირებასთან ახლოს. ჩინური, ასევე მრავალი ქვეყნის ტრადიციის მიხედვით, საახალწლო სუფრაზე დიასახლისი წითელი ლენტით შეკრულ ახალ ჩხირებს (ჩინურს) ან კოვზს ულაგებს ოჯახის წევრებს, სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოდ, 2024 წლის საუკეთესო საჩუქარია კოვზი, როგორც ხვავის და ბარაქის მომტანი. ე.ი. კარგი იქნება, თუ დიასახლისი ოჯახის წევრებს კოვზებს აჩუქებს. ფინანსებისთვის გაბანტეთ ყავისფერი ლენტით, სურვილის შესასრულებლად - წითლით, კარიეული წინსვლისა და სწავლა-განათლების პერსპექტივისათვის - ლურჯით.
- კერძების მომზადებისას რა უნდა გავითვალისწინოთ?
- კერძების მომზადებისას ნუ შეიზღუდავთ თავს, მხოლოდ მამალი არ მოამზადოთ. ის დრაკონის მეგობარია და შემწვარ-მოხრაკულის სახით არ უნდა დაახვედროთ. კერძები უნდა იყოს უხვად. კარგია სხვადასხვა სახეობის მწვანილი. არ დაივიწყოთ წიწაკის, ნივრისა და სუნელების სიმრავლე კერძებში - დრაკონი ცეცხლოვანი არსებაა და ცეცხლით სუნთქავს. სუფრის შუაგულში დადგით ხილით სავსე ვაზა, მწვანე და წითელი ვაშლებით, მანდარინით და ფორთოხლით, ასევე ტკბილეული, თხილეული, ჩირი და ეს ყველაფერი გააფორმეთ დაფნის ტოტებით. ცალკე მოათავსეთ მწვანე ყურძენი, რაც ერთ-ერთი მთავარი წლის ბარაქაა სუფრაზე. ცენტრში ხილს და ტკბილეულს დაუდგით დრაკონის ფიგურა ისე, რომ ოჯახის უფროსს უყურებდეს. ხის ჯამში ჩაყარეთ ხორბალი, ჩააწყვეთ ფენ-შუის 8 მონეტა (თუ არ გვაქვს, 8 ცალი ნებისმიერი ნომინალი) და დადგით დრაკონის მახლობლად. ასევე ცენტრში მოათავსეთ ვაზა წყვილი ყვავილით, მხოლოდ ისინი არ უნდა იყოს ერთი სიგრძის, ეცადეთ ისე გადაჭრათ, რომ ჩაწყობისას ყველა სხვადასხვა ზომის იყოს. ეს ბალანსის ეტაპობრივი ზრდის ელემენტი იქნება თქვენს ოჯახში. დრაკონს უყვარს წყალი და სუფრაზე აუცილებლად დადგით წყლის გრაფინი. აუცილებლად დაასაჩუქრეთ ახლობლები, შეძლებისამებრ გაახარეთ ყველა და მთელი წელი სიხარულით სავსე, ხვავიანი და ბარაქიანი გექნებათ. ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ სურვილების წითელი ან მწვანე ქისა, დაწერეთ სურვილი და აუცილებლად ჩააყოლეთ კუპიურა, პატარა მაგნიტი. ნაძვის ხის აღების შემდეგ სურვილი დაწვით და ქისა კუპიურით წლის თილისმად შეინახეთ. ახალი წლის ღამეს ჯიბეში აუცილებლად იქონიეთ ფული, სასურველია მისი რაოდენობა იყოფოდეს რვაზე. ყველა წყენა და დარდი დატოვეთ წარსულში. 31 დეკემბერს ნუ გადაყრით ნაგავს. 12 საათის დადგომამდე 10 წუთით ადრე, მანდილოსნებმა მხრებზე შარფი მოისხით და ისე ჩაიფიქრეთ სანუკვარი სურვილი, ეს შარფი წლის განმავლობაში არ გაასხვისოთ. არ არის აუცილებელი შარფი იყოს ახალი, მაგრამ თქვენი უნდა იყოს და არა ოჯახის სხვა წევრის. არ დაივიწყოთ ჩიჩილაკიც, მით უმეტეს, რომ 2024-ის დრაკონი ხის სტიქიისაა. ჩიჩილაკს გაუკეთეთ ბროწეული და 2 მანდარინი.
- თუ მეკვლედ დაგვპატიჟებენ, საჩუქრად რა უნდა შევარჩიოთ?
- წელს მეკვლეს მთავარი ატრიბუტიკა, მანდარინებთან და ტკბილეულთან ერთად დაფნის ტოტია, როგორც ბარაქის სიმბოლო. თუ ამ წელს მეკვლე მოგიტანთ საწერ კალამს ბლოკნოტით ან ფერადი ფურცლებით, ეს საქმეებში წარმატებას მოგიტანთ.
ხათუნა ბახტურიძე