ჯუჯა ჩოხით და სხვა საახალწლო ფიგურები - გზაპრესი

ჯუჯა ჩოხით და სხვა საახალწლო ფიგურები

თუმცა, ორიგინალური თოჯინები სხვადასხვა სივრცეში არც წლის სხვა დროს არის "ზედმეტი". ეკა ლორთქიფანიძე მესამე წელია ჯუჯების, ირმების, სხვადასხვა თოჯინისა თუ ანიმაციური ფილმების პერსონაჟების ფიგურებს ქმნის, მათ შორის ყველაზე პატარა ნამუშევარი 20-სანტიმეტრიანია, ყველაზე დიდი კი - 1-მეტრიანი. როგორც ამბობს, წლიდან წლამდე და ყველა სეზონზე, ხელით შეკერილი ფიგურებისადმი ინტერესი სულ უფრო მატულობს.

2-1704044144.jpg

- ბუღალტერ-ეკონომისტი ვარ, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია. დავოჯახდი, სამი შვილი შემეძინა და გადავწყვიტე დრო დედობისთვის დამეთმო. ძალიან მიყვარს ხელოვანი ადამიანები და მეც ყოველთვის ვცდილობდი ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. ეს იყო: ყვავილები, სამკაული, თმის აქსესუარი, ნაძვის ხის სათამაშო, ვაფორმებდი დაბადების დღეებსაც. დღეს ელენე 15 წლისაა, გიორგი 14-ის, ხოლო იოანე 7-ის. ბავშვები პატარები რომ იყვნენ, გადავწყვიტე, მათთვის სათამაშოები შემეკერა. მერე ჩემს ნათლულს შევუკერე, სხვებსაც და ახლობლებსაც ასეთი ნივთებით ვასაჩუქრებდი. ყველას ძალიან მოსწონდა და მირჩევდნენ, ეს ნივთები მასობრივად დამემზადებინა. ბოლო სამი წელია საქართველოს ბაზარზე ჯუჯებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ინსპირაციაც აქედან წამოვიდა. გადავწყვიტე მეც მეცადა, ჩემი დიზაინით განსხვავებული ფიგურები შემექმნა. პირველი თოჯინა რომ შევკერე და ინტერნეტში განვათავსე, 1 საათში გამოხმაურება მოჰყვა და გაიყიდა. ამის მერე გადავწყვიტე, ეს საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია. წელსაც ჯუჯებზე დიდი მოთხოვნაა და მინდა ჩემს ერთგულ მომხმარებელს მადლობა გადავუხადო. ბევრი შეკვეთა მაქვს, როგორც კერძო პირების, ისე მაღაზიებისგან. საქმეში ოჯახის წევრები მეხმარებიან. მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს, შვილებიც აქტიურად არიან ჩართული ადრეული ასაკიდანვე. ვიცოდი, რომ ხელსაქმე მოტორიკისთვის ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევრებში ახლა უკვე ბევრი დეტალი მათი ხელითაა დამზადებული. მიუხედავად ამისა, ფიზიკურად ვეღარ ავუდივარ ამ ყველაფერს. ამიტომ ვაპირებ პროექტში "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობას და გრანტის მიღების შემთხვევაში, საშუალება მექნება სხვებიც დავასაქმო. დეკემბერი განსაკუთრებით დატვირთულია, მაგრამ საახალწლო დეკორაციებზე მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობ. რომ ვფიქრობ, 1-3 იანვარს დავისვენებ-მეთქი, მაშინაც კი თოჯინების შეძენის მსურველები მყავს და უმეტესად, ძველით ახალი წლისთვის სურთ შეძენა. თუ ვინმე თავისთვის იყიდის, მერე უკვე სასაჩუქრედ ყიდულობენ და ასეთი დაინტერესების გამო, ვერ ვახერხებ ეს ნივთები ახლობლებსაც დავუმზადო და ვაჩუქო. მეტიც, შინ ჩემთვისაც არ "მყავს" (იღიმის).

4-1704044158.jpg

ყოველთვის ვცდილობ, ახალ-ახალი ნამუშევარი შევქმნა და 2024 წლისთვის ჯუჯა შევკერე ჩოხით. ალბათ ყველას გვინახავს ჩოხით შემოსილი თოვლის ბაბუები, მაგრამ ჯუჯები ქართულ ბაზარზე არ არის. ვფიქრობ, დაინტერესება იქნება და ჩემს ნამუშევრებში ქართული ხაზიც მინდა წამოვწიო.

ანა კალანდაძე