"მერწყული ვარ, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ..." - გზაპრესი

"მერწყული ვარ, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ..."

შობა-ახალი წელი ყველაზე ნათელი, ბრჭყვიალა დღესასწაულია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ბავშვობაში აბრუნებს. ამასთან, ეს დღესასწაული ადამიანს უკეთესი მომავლის იმედით და სიხარულით ავსებს. "გამონაკლისი არც მე ვარ, საახალწლო ფუსფუსი და სამზადისი ძალიან მიყვარს", - გვითხრა მსახიობმა მედეა ლორთქიფანიძემ.

- ახალი წლის მოსვლა გულს ახარებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ყველაზე ბედნიერი შობა-ახალი წელი მაინც ბავშვობაში მითენდებოდა, როცა მშობლები ცოცხალი მყავდა, როცა ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი და ყველა ახალ დღეს ახალი სიხარული მოჰქონდა. დედაჩემი პოლონელი ქალი იყო, ევროპული სილამაზე ჰქონდა და მამაჩემის გვერდით რომ იდგა, მათ დანახვას არაფერი სჯობდა. მამას ალენ დელონს ადარებდნენ, ისიც ლამაზი კაცი იყო. ჩემს ძმასაც გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. მარტო მათი დანახვა იყო ჩემთვის დღესასწაული. ახალი წლის მოსვლასაც ლამაზად აღვნიშნავდით და სხვა დღესასწაულებსაც. მართალია, ახალ წელს ბავშვობაში სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ ამ დღესასწაულს ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში დიდი იმედი და სიხარული მოაქვს.

- როგორ შეაფასებთ უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეულ 2023 წელს?

- ეს ჩემთვის საკმაოდ რთული წელი იყო: იმდენჯერ დავეცი, რომ ფეხი დამიზიანდა და სერიოზული მკურნალობა დამჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა კარგად ვარ! "ჩემი ცოლის დაქალებშიც" დამიძახეს და ბოლო სერიებში ვითამაშე. ჩემმა მანანამაც მძიმე დღეები გამოიარა: მისი უდანაშაულო შვილიშვილი ციხეში ჩასვეს, მაგრამ ახლა ბედნიერია, რადგან ჯეკო თავისუფალია და ახალ წელს საყვარელ ოჯახთან ერთად შეხვდება. რა თქმა უნდა, სერიალში ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილიშვილი ჯანმრთელი და გახარებული დამიბრუნდა. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ყველა პრობლემას მოვერიე და საყვარელ კოლექტივს დავუბრუნდი, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებს" ამდენი წელია ქმნის.

- ალბათ თქვენც გიფიქრიათ, ამ სერიალმა ამდენ წელიწადს როგორ გაუძლო?

- იმიტომ გაუძლო, დედიკო, რომ გადასარევი მსახიობები თამაშობენ, რომლებსაც ეს საქმე მთელი გულით უყვართ. ერთმანეთს სულ ვეფერებით. ამხელა გუნდია და მე ჯერ არ გამიგონია ჭორაობა, კამათი და უსიამოვნება. ყველა იმაზე ვფიქრობთ, საქმე კარგად გავაკეთოთ და რეჟისორებმა შენიშვნა არ მოგვცენ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ზოგჯერ მიყვარს ტექსტში რაღაცების დამატება. ეტყობა, ცუდად არ გამომდის და მპატიობენ. იცით, რატომ ვარ ბედნიერი ადამიანი? - სადაც მივედი, ყველგან არაჩვეულებრივი, კეთილი ხალხი დამხვდა და ამ სერიალშიც ასეა: "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებაზე რომ ვარ, ასე მგონია, სახლში, ოჯახის წევრებთან ვარ... არაჩვეულებრივი რეჟისორები და სცენარისტი მყავს - გიორგი ლიფონავა, გიორგი მეგრელიშვილი, ქეთი დევდარიანი, რომელიც ძალიან საინტერესო სცენარებს წერს, ამიტომ არ მიკვირს, რომ ერთგული მაყურებელი ჰყავს და ამდენი წელია, ქართულ ტელესივრცეში თავისი ნიშა აქვს დაკავებული.

- ახლა თქვენს ნამდვილ შვილიშვილებზეც მოგვიყევით: როგორი ბავშვები არიან?

- ძალიან კარგი შვილიშვილები მყავს: უფროსი - რატი ყიფიანი მე-9 კლასშია, საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ბიჭია. ჩემი მეუღლე ხომ ცნობილი ექიმი იყო და ისიც ბაბუის კვალს მიჰყვება: ექიმობა უნდა და ბევრს შრომობს, რომ მიზანს მიაღწიოს. ბაბუაზე ხშირად მეკითხება და მედიცინაზე ყველაფერი აინტერესებს. უმცროსი, ნიცა მეექვსეკლასელია და მსახიობობაზე ოცნებობს. ძალიან უნდა, სკოლას რომ დაამთავრებს, თეატრალურში ჩააბაროს და მეც მომხრე ვარ. ჯობია, კარგი მსახიობი გახდეს, ვიდრე ცუდი ექიმი, თანაც, მონაცემებიც აქვს. მასთან ერთად ოჯახური საახალწლო სპექტაკლი დავდგით, ერთად ვითამაშებთ და შობა-ახალი წლის დღეებს ასე გავილამაზებთ. ჩემს შვილიშვილებს სულ ვამეცადინებ: ლექსებსაც ვასწავლი და განსაკუთრებით, ქართული ენის გრამატიკაში ვავარჯიშებ, რადგან მოსწავლემ მშობლიური ენა კარგად უნდა იცოდეს. მიხარია, რომ ზარმაცები არ არიან, ორივე კარგად სწავლობს. ნიცა სკოლიდან რომ მოვა, მაშინვე გაკვეთილების სწავლას იწყებს. არ მახსოვს, შენიშვნა დასჭირვებოდეს, დაჯექი და იმეცადინეო. გაკვეთილებს რომ ისწავლის, მხოლოდ ამის შემდეგ მიდის თავის ტოლებთან სათამაშოდ. მიხარია, რომ ორივე კარგად სწავლობს, მარტო იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემები არიან: რატიც და ნიცაც ძალიან ზრდილობიანი, კარგი ბავშვები არიან. რასაკვირველია, ეს ჩემი ქალიშვილის და სიძის დამსახურებაა. ჩემი შვილი შორენა მახარაძეა, ხოლო მისი მეუღლე შოთა ყიფიანი გახლავთ. ბედნიერი ვარ, რომ შორენა ძალიან კარგ, თბილ ოჯახში მოხვდა და თვითონაც არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა.

- საინტერესოა, როგორი სიდედრია მედეა ლორთქიფანიძე?

- იმდენად კარგი სიძე მყავს, რომ მასთან ცუდი ვერ იქნები! სულ ვამბობ, რომ სიძეში ძალიან გამიმართლა - მე ასეთი კაცის მნახველი არ ვარ - გაბრაზება საერთოდ თუ იცის, არა მგონია. სახლში ხან რა გამიფუჭდა, ხან რა, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, საყვედურს მაინც არ მეტყვის. თუ სადმე წასვლა მჭირდება, მანქანაში ჩამისვამს და წამიყვანს. ისეთი დინჯი და განათლებული ადამიანი იშვიათი სანახავია და მასთან ცუდი როგორ ვიქნები? სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩემს ერთადერთ შვილს ასეთი თბილი და კარგი ოჯახი აქვს. ბავშვებსაც, ერთ ხმამაღალ სიტყვას არ ეტყვის, ალბათ ამის გამო აქვთ ასეთი ტკბილი ურთიერთობა. მართალია, შორენამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ არ მუშაობს, შვილებსაც უვლის და მეც თან მყვება. ძალიან კარგი დიასახლისია, უგემრიელეს ნამცხვრებს აცხობს და რაც მთავარია, თავისი ცხოვრებით კმაყოფილია. მათ რომ ვაკვირდები, ხშირად ვფიქრობ, რომ როდესაც ქმარი ოჯახში თავის ადგილზეა, არაფერი გაუჭირდებათ. ტკბილი სიტყვით კაცი ყველაფერს მოაგვარებს, "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი", - მართლა კარგი ნათქვამია. როგორ გითხარით, ჩემი გოგო ყველანაირად ხელს მიწყობს, სიძეც ყურადღებით მეპყრობა და ბედის მადლობელი ვარ, რომ ასეთები არიან! მეც, ბუნებით მშვიდი ვარ, ჩხუბი და დავიდარაბა არ მიყვარს. ეგ კი არა, სულ "მშვიდობის მტრედის" როლს ვასულებდი: ვინ იცის, რამდენი ნაჩხუბარი, მტრად გადაკიდებული ადამიანი შემირიგებია. ტყუილი მე არ მიყვარს, ჭორაობა და კამათი, ჰოდა, აბა, რატომ უნდა ვიყო ცუდი სიდედრი?..

rati-da-nica-copy-1704044560.jpg

- ნაძვის ხე ბავშვებთან ერთად მორთეთ?

- ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს! რომ ვხედავ, ნიცას და რატის კი არა, მეც მიხარია. სახლსაც უხდება და არაჩვეულებრივ საახალწლო განწყობას გვიქმნის.

- თუ არის კერძი, რომელსაც ყოველთვის ამზადებთ და რომლის გარეშე საახალწლო სუფრა ვერ წარმოგიდგენიათ?

- გოზინაყის და ტკბილეულის გარეშე საახალწლო სუფრას რა ეშხი აქვს? მიყვარს, როცა ოჯახში სადღესასწაულო სამზადისია! ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ: ჩემი შვილი ტორტს და ნამცხვრებს აცხობს, მე ან ბაჟეს გავაკეთებ, ან საცივს, ნიგვზიანი კერძები განსაკუთრებით მიყვარს. ცუდია, რომ ღომი არ გამომდის, ამიტომ, მჭადებს ვაცხობ, როგორც ნამდვილ იმერელ ქალს შეეფერება. ნიცა ჯერ პატარაა, მაგრამ დედამისივით გემრიელი ხელი აქვს - ისეთ ლამაზ ღვეზელებს აცხობს, მაკვირვებს...

- ალბათ, თქვენი მეკვლე რომელიმე შვილიშვილი იქნება.

- ახალ წელს ჩემთან ძირითადად, მეზობლები შემოდიან. ვიცი, რომ ჩემს ოჯახს ცუდს არაფერს უსურვებენ; ისიც ვიცი, რომ ბოროტი გულის ადამიანი ჩემს ოჯახში არ შემოაბიჯებს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილიშვილებიც იყვნენ ჩემი ოჯახის მეკვლეები, თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, ახალ წელს ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად შევხვდები, მშვიდად და წყნარად, რაც ძალიან მომწონს. ადრეც ასე ვხვდებოდი. მირჩევნია, ჩემთვის მშვიდად ვიყო, ვიდრე ბევრ ხალხში გავერიო, ვიღაც გავჭორო ან გავლანძღო. სტუმრები რომ მყავს და ვმასპინძლობ, ძალიან მომწონს.

- დაბოლოს, რას ელოდებით ახალი, 2024 წლისგან?

- მინდა ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ბედნიერი, გახარებული ვნახო. ჩემი უპირველესი ნატვრაა, 2024 წელი მთელი საქართველოსთვის მშვიდობიანი იყოს. რა ვქნა, დედიკო, 2008 წლის აგვისტოს დღეები რომ მახსენდება, მარტო მშვიდობა მინდა, სხვა არაფერი...

კიდევ რას ვნატრობ? - დედებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან და თავიანთ პატარებს მხოლოდ ინტერნეტით ხედავენ, სამშობლოში დაბრუნებას და შვილების გულში ჩახუტებას ვუსურვებ. მინდა ყველა კარგ ადამიანს წარმატების და სიხარული წელი ჰქონდეს. მე ჰოროსკოპით მერწყული ვარ, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ და გული მიგრძნობს, 2024 წელს ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი მზიანი, ნათელი ქვეყანა მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს!

ხათუნა ჩიგოგიძე