რაზე ოცნებობენ ცნობილები - გზაპრესი

რაზე ოცნებობენ ცნობილები

და ასე რომ მოხდეს, აუცილებლად ჩაფიქრება უნდა მოვასწროთ. ახლა რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერდეთ და იცოდეთ, ის სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ, რას მისწერდით? – ამ უცნაური თხოვნით, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე. ვნახოთ, როგორია მათი საახალწლო ნატვრები და მოგონებები.

"როცა თოვლის ბაბუას წერილებს ვწერდი, კარგი თავგადასავალი იყო"

323887401-501989945351015-4926272281851112490-n-copy-1704183081.jpg

ანა ტყებუჩავა, მსახიობი:

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის მანამდე მჯეროდა, სანამ ერთ დღეს, კარადის თავზე, ის სასაჩუქრე ქაღალდები არ აღმოვაჩინე, რომელშიც შემდეგ კანფეტებს, მანდარინს და საჩუქრებს გვილაგებდნენ. მე და ჩემს ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მაშინ ის 2-ის, მე – 8 წლის ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი იმედგაცრუება განვიცადე. ის პერიოდი, როცა თოვლის ბაბუას წერილებს ვწერდი, კარგი თავგადასავალი იყო. ახლა ჩემი შვილები არიან ზუსტად იმ ასაკში, როცა ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. უფროსი ახლა ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წლების წინ იცოდა. მეც ვუთხარი, რომ ის მართალია. ბავშვის ფანტაზიას გააჩნია. მაგალითად, ჩემს მეორე შვილს ძალიან ძაბავს ის ფაქტი, რომ ვიღაცას შეუძლია, ღამით აივნიდან ან ბუხრიდან სახლში შემოძვრეს და საჩუქარი დაუტოვოს, ეს არ აძლვეს უსაფრთხოების გარანტიას, ამიტომ დიდად არ სიამოვნებს, არ ეძიება. მე ისეთი ბავშვი ვიყავი, თოვლის ბაბუ საჩუქარს თუ არ მომიტანდა, არც ვიმჩნევდი. სასურველი ნივთი მშობლებს, სიყვარულის ნიშნად, რომ ეჩუქებინათ, ეს რა ნაკლებად სასიხარულო იქნებოდა?

- ახლა რომ წერდე წერილს თოვლის ბაბუას და იცოდე, ეს სურვილი აუცილებლად აგისრულდება. რას მისწერდი?

- წერილი უნდა დავწერო (იცინის)? ესეც საინტერესო თავგადასავალია.

ძვირფასო თოვლის ბაბუ!

ახლა გონებაში ძალიან პრიმიტიული აზრებიც მომდის და დიდებულიც. რა გთხოვო, აბა? ევროკავშირში რომ შეგვიყვანო, შეგიძლია? ჩვენი ქვეყნიდან ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ რომ არის წასული სამუშაოდ, იმ ადამიანებს იგივე პირობები აქ რომ შეუქმნა, იქნებ ეს მაინც შეძლო. მთელი გულით მინდა, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა გთხოვო. შენ ქართველი თუ ხარ, უფრო კარგად გამიგებ, ევროპელი თუ ხარ, ალბათ გაგიჭირდება.

ჰო, პირადად ჩემთვის რა მინდა? ერთ სურვილს გაგიმხელ, ამ წუთში ძალიან მინდა, ფრენსის პიკაბის ჩანთა მქონდეს, რომელიც 1500-2000 ევრომდე ღირს. ჰერმესის ჩანთას კი არ გთხოვ, ან სხვა 100 000-ევროიან საჩუქრებს. ამ სურვილს თუ ამისრულებ, ძალიან გამახარებ. იმედია, კარგი ხელფასი ან დანაზოგი გექნება. გელოდები სიყვარულით.

შენი ანა ტყებუჩავა.

- ანა, როგორი იყო შენთვის 2023 წელი?

- ამ წლის მადლიერი ვარ, შემოქმედებითად დატვირთული წელი მქონდა, ცუდი ამბებიც იყო, საშინელი გამოწვევებიც, რომლის გამკლავებაც მომიხდა. ადამიანებს სულ გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები ხშირად იყოს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც გვთავაზობს, რომ ფიქრობ, ეს უსამართლობაა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ასეთ ამბებს უნდა გავუმკლავდეთ, ამის ძალა საკუთარ თავში როგორმე უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, 2024 წელი ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი წელი იქნება, მჯერა, მომავალში ყველაფერი უფრო და უფრო კარგად იქნება. ახალ 2024 წელს ასე ღიმილით და ვარდისფერი სათვალით ვუყურებ.

გიგის საახალწლო "პერედაჩები", "ბაითი გააძვრე" და ახალი წლის ღამე თონეში

dsc3798-1666080642-copy-1704183105.jpg

გიგი მიგრიაული, მსახიობი:

- ისეთი ბავშვი ვიყავი, თოვლის ბაბუის საერთოდ არ მჯეროდა, მით უმეტეს მისთვის წერილი არასდროს მიმიწერია. 90-იანი წლების ბავშვები პატარაობიდანვე პრობლემებით ვიყავით დატვირთულები, საერთოდ არ ვდარდობდით, თოვლის ბაბუა საჩუქარს მოგვიტანდა თუ არა.

- ახლა ამ ზღაპრულ არსებაზე, შენს შვილებს ელაპარაკები?

- რა თქმა უნდა და ვცდილობ, დავაჯერო.

- გამოგდის?

- ჯერ პატარები არიან, ბევრი შეკითხვაც არ უჩნდებათ. ისე არ მინდა, რომ მათ ულტიმატუმი წავუყენო, არ ვეუბნები, კარგად თუ მოიქცევით, თოვლის ბაბუა საჩუქარს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანთ-მეთქი. ყოველთვის ვაკეთებ იმაზე ხაზგასმას, რომ თოვლის ბაბუა ყველაფერს ხედავს და ესმის. მათ ის საჩუქრები, რის შესახებაც თოვლის ბაბუას მისწერეს, უკვე შევუძინე და ვეღარ მოვითმინე, ახალი წლის დადგომამდე მივეცი. ახლა კიდევ ფიქრობენ, რა მისწერონ.

- გიგი, თოვლის ბაბუა მართლა ყველაფერს ხედავს, ესმის და მთელი წლის განმავლობაში, კარგად თუ იქცეოდი, სურვილს აუცილებლად აგისრულებს. რას მისწერ მას?

თოვლის ბაბუ!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ასაკში წერილს თუ მოგწერდი. შენ მე ყოვლისშემძლე მგონიხარ. გაგანდობ, რაც გულით ძალიან მინდა, საკუთარ სახლზე ვოცნებობ, ეს სურვილი ჩემს შვილებსაც აქვთ, ჯერ შინაური ცხოველები არ გვყავს, რადგან ეზოიანი სახლი არ გვაქვს. საკუთარი სახლი რომ გვექნება, დიდი ეზოთი, იქ ჩვენ ყველა, ჩვენს ცხოველებთან ერთად, ბედნიერად ვიცხოვრებთ. ჰოდა, თოვლის ბაბუ, ყველანი თუ გინდა გაგვახარო, ერთი კარგი "ბაითი" გააძვრე. კიდევ რაღაც მინდა გთხოვო, ამაზე მეტად რაც მინდა, იმასაც გაგანდობ, მე კი მეკუთვნის საჩუქარი, რადგან სულ კარგად ვიქცევი, მაგრამ ყველანაირ საჩუქარს ერთ სურვილში გაგიქვითავ. ყველაზე მეტად მინდა, ამ სამყაროში ბავშვები არასდროს ავადმყოფობდნენ.

გიგი მიგრიაული 23.12.2023

- გიგი, თოვლის ბაბუა თავად ყოფილხარ?

- სტუდენტობის წლებში არაერთხელ ვყოფილვარ, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სახლებში გამოძახებებზე დავდიოდი.

- სახალისო შემთხვევები გექნება გასახსენებელი.

- რა თქმა უნდა. ერთი გამოძახება გამორჩეულად მახსოვს, ოჯახში მეგობარ თოვლის ბაბუასთან ერთად მივედი, შეგვეგებენ უფროსები და ბოლო წამამდე ველოდებოდი, რომ საიდანღაც ბავშვი გამოვიდოდა. მალე გაირკვა, რომ შინ ბავშვი არ ჰყავდათ, სუფრასთან მიგვიპატიჟეს, რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს, მერე თოვლის ბაბუის ჩემი ფორმა მეგობარს გამოვატანე, მე იმ ოჯახში დავრჩი და მეოთხე დღეს წამოვედი (იცინის). მივედი, როგორც თოვლის ბაბუა და წამოვედი, როგორც გიგი მიგრიაული, იქ სერიოზული დალევა წავიდა.

- იმ ოჯახთან დამეგობრდი?

- ის 4 დღე ვმეგობრობდით, ახლა სახელი და გვარიც არ მახსოვს, დარწმუნებული ვარ, იმათაც არ ახსოვთ, მე ვინ ვიყავი.

- თოვლის ბაბუობის მთავარი ამბავი, სიხარული რა არის?

- ბედნიერი ბავშვების თვალები, დაგინახავენ თუ არა, თვალები უბრწყინდებათ, ეს საოცარი სანახავია.

- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრილხარ?

- ერთხელ მეგობრები ახალი წლის შესახვედრად ერთად შევიკრიბეთ. რამდენიმე პურის ამოსატანად რომ ჩავიდა, იქ ისეთი რიგი დახვდათ, ახალ წელს თონესთან შეხვდნენ. ჩვენ უპუროდ რომ დავრჩით, ჩავაკითხეთ, აღმოჩნდა, რომ პურის მცხობელი იმ ღამეს თონეში ხვდებოდა. ჩვენი პურმარილი იქ ჩავზიდეთ და ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა თონეში გავაგრძელეთ. მერე ის ადამიანი თავის სახლში გავუშვით და ჩვენ ისევ უკან ავბრუნდით.

- ბავშვობაში მეკვლედ დადიოდი?

- იტალიურ ეზოში გავიზარდე და მთელი ეზოს მეკვლე მე ვიყავი, რადგან მეპატიჟებოდნენ, ე.ი. ბედნიერი ფეხი მქონდა. მერე ჩემი ძმა, ნიკუშა გაიზარდა და ის დადიოდა. ჩემი შვილი ანკა 5 თვის იყო, 12 საათის დადგომამდე, ბავშვი გარეთ "გავდგით", მერე კარებზე ჩვენ თავად დავაკაკუნეთ და შინ "შემოვდგით", ძაან გაკვირვებული კი გვიყურებდა, მაგრამ ფეხბედნიერი მეკვლე აღმოჩნდა, ბედნიერი წელი გვქონდა.

- საახალწლო სამზადისში აქტიურად ხარ ჩართული?

- ნაძვის ხე უკვე ავაწყვეთ, რომ ვთქვა, შინ კერძებს ვაკეთებთ-მეთქი, ასე არ არის. ბებიები გვშველიან, ჯერ ნინოს მშობლებთან ავდივართ, შემდეგ - ჩემს მშობლებთან. იქიდან კონტეინერებით გვატანენ ყველაფერს და ჩვენი საქმე მხოლოდ ამოლაგება და თეფშებზე დალაგებაა. ციხეში რომ "პერედაჩებს" ეძახიან, ჩვენ საახალწლოდ ვიღებთ "პერედაჩებს".

- როგორი იყო შენთვის 2023 წელი?

- შეიძლება ითქვას, რომ კარგი წელი იყო, ხერხემალზე ოპერაცია გავიკეთე, გადაღებები მქონდა, ამბებით და ემოციებით დახუნძლული წელი იყო.

"ტვინში საახალწლო ქარბუქი" და ეგოისტური წერილი თოვლის ბაბუას

125102791-3440008266035815-8090725666521673926-n-copy-1704183119.jpg

- ბატონო კახა, რომ იცოდეთ, ეს სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ, თოვლის ბაბუას რას მისწერდით?

კახა გოგიძე, მსახიობი:

- რა რთული დავალება მომეცით, რომ იცოდეთ, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- თოვლის ბაბუსთვის წერილი ბავშვობაშიც არ მიგიწერიათ?

- ბავშვობაში ჩემს თავს მივწერე წერილი, რომელიც ახლახან აღმოვაჩინე და გაკვირვებული დავრჩი, პატარა კახა რას ეუბნებოდა დიდ კახას, რას ურჩევდა და.შ.

- შინაარსს გაგვანდობთ?

- ჯერა - არა, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება.

- პატარა კახას სურვილები აუსრულეთ?

- ნაწილობრივ უკვე ავუსრულე, სადღაც 60% მაინც და დანარჩენი წინ მაქვს. სანამ ყველაფერს არ ავუსრულებ, აქედან არსადაც არ წავალ. ვაა! თოვლის ბაბუას რა მივწერო, რა რთული საქმე ყოფილა, კარგი, მოვიფიქრებ (პაუზის შემდეგ)...

თოვლის ბაბუ!

ამ წერილს ჩემთვის ძალიან მოულოდნელად ვწერ, მეოცნებე არ ვარ, არც პოლიტიკური ხაზით, არ ჩემი ცხოვრების წესით. ახლა ტვინში საახალწლო ქარბუქი მაქვს, ჩემი შეცდომების გამოსწორების ძალა მინდა რომ მომცე. არა, არა, ეს რაღაცნაირი ნათქვამი გამოდის. ყველაზე დიდი სურვილია, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს შემეძლოს ის მეჩუქებინოს, რაც მას ბედნიერებას მოუტანს. ცოტათი ეგოისტურია, არა? რა ვქნა ასეთი გამომივიდა.

- თოვლის ბაბუის როლი გითამაშიათ?

- ეს როლი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ რამდენჯერმე მომიწია, მშობლებმა ძალიან ბევრი იცინეს, ბავშვები ვერ მიხვდნენ, რა იყო სასაცილო. არ მიყვარს, ჩემი ქვეყანა ახალ წელს უფრო მეტად რომ ზეიმობს, ვიდრე - შობას.

- 2023 წლის მთავარი ამბავი რა იყო და რა მოლოდინი გაქვთ?

- მთავარი ამბავი უდავოდ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში, ჩემი ქვეყანა და ხალხი კიდევ უფრო დაუახლოვდება დასავლურ ღირებულებებს. მეტად გავიზრდებით, დავაფასებთ თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება ჩემი ქვეყანა და რა მიმართულებით წავა. 2024 საარჩევნო წელია და დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დემოკრატიულად წარიმართება ეს პროცესი.

თამუნა კვინიკაძე