"ქართველებს ამერიკაში მოვახდევინე ჭურისთავი"
გოზინაყი, საცივი, გოჭი და ქვევრის ღვინო - აი ეს მთავარი კერძები და სასმელი იქნება ამერიკაში მცხოვრები დავით ცქიფურიშვილის ოჯახში. ბატონი დავითი ამერიკაში 25 წლის წინ დასახლდა და სახლიც საკუთარი ხელით ააშენა, მარანიც, საწნახელიც თავად გამოთალა, ქვევრებიც ჩაყარა. საკუთარი ეზო პატარა საქართველოს დაამსგავსა, თონესთან ახლოს კი ქართულად მოჩუქურთმებული მაგიდა უდგას. როგორც გვიამბო, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ტყიბულის პრეფექტის მოადგილე იყო, შემდეგ საქართველოს პირველ პრეზიდენტს იცავდა ბუნკერში. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, იძულებული გახდა, მეუღლესთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. ის ახლა პენსილვანიის შტატში, ფილადელფიასთან ახლოს, პატარა ქალაქ ბორისვილში მეუღლესთან, მერი ჯავახიშვილთან და შვილებთან - გრეგორისა და ნუცასთან ერთად ცხოვრობს, სამშენებლო კომპანია აქვს და ამავდროულად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას "ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის".
- ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას და სახლის მონახულებას, იქაურობა მაინც სულ მენატრება. ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან სრულიად ქართულ გარემოს ვქმნი ჩემს სახლში. და ყველანაირად ვცდილობ, ჩემი კარ-მიდამო ქართული სოფლის სახლს მივამსგავსო, ეზოში ოცდაათიოდე ძირი ვაზიც კი დავრგე, თანაც, ყველა ქართული ჯიშის, მაგრამ ახალ წელს ჩემს ფანტაზიას უფრო დიდ გასაქანს ვაძლევ. სუფრაზე აუცილებლად ქართული კერძები გვაქვს და ქართული წესით დაწურული ქვევრის ღვინით ვლოცავ ოჯახს.
- ოცდაათიოდე ძირი ვაზი ღვინის დასაწურად გყოფნით?
- არა, ამისთვის ყურძენს კალიფორნიაში ვყიდულობ და ღვინოს ქართული წესით ვაყენებ. ვენახი იმიტომ მაქვს, რომ ქართული გარემო მქონდეს ეზოში, ქართული ყურძენი მივირთვა, შემოდგომაზე ჩვენებური რთველი გავმართო და ამ დროს სულ ცოტა, ასი კაცი მაინც მყავს ხოლმე სტუმრად.
- ახალი წლისთვის მეკვლე თუ გყავთ?
- მეკვლეც მყავს და სურვილებსაც ჩავუთქვამ ხოლმე.
- სურვილების ასრულების მართლა გჯერათ?
- აუცილებლად! სხვათა შორის, ამერიკა ოცნებების ასრულების ქვეყანაა. აქ ყველა ოცნება რეალობად იქცევა, თუ მართლა გულით ინატრებ და არ იზარმაცებ.
- თქვენი ოცნება რა არის?
- როგორც ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა, მეც ვოცნებობ და მიზნად მაქვს საქართველოში დაბრუნება.
- ამერიკაში კარგად დაფუძნდით, საკუთარ სახლსა და ულამაზეს ეზოზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი კომპანიაც გაქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში ცხოვრება?
- იცით, რაშია საქმე? რაც უნდა კარგად აგეწყოს ცხოვრება, უცხო ქვეყნის ცის ქვეშ ბედნიერი ვერ იქნები. სულ გაორებული ვარ, ზოგჯერ ჩემი ხელით გამოთლილი საწნახლისა და ჩაყრილი ქვევრების დანახვაც კი აღარ მინდა. შეიძლება ჩემმა შვილებმა იპოვონ აქ ბედნიერება, რადგან აქ გაიზარდნენ, მე კი ამას ვერ მივაღწევ. ჩემი გრეგორი იმ სახლში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ახლა ვცხოვრობთ და ხშირად მეუბნება, რაც უნდა მოხდეს, ეს სახლი არ გავყიდოთო. მისთვის ეს მამულია, ჩემი გული კი ტყიბულის სახლშია... მე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მტკივნეულად განვიცდი, ჩემი შვილი კი უფრო პრაგმატულად უყურებს ყველაფერს.
- რა მიზეზის გამო გახდით იძულებული, საქართველო დაგეტოვებინათ ან ზვიადთან ერთად როგორ აღმოჩნდით ბუნკერში?
- როგორც უკვე გითხარით, ტყიბულის პრეფექტის მოადგილე ვიყავი. ზვიად გამსახურდიას ბოლომდე მხარს ვუჭედი. მისი მჯეროდა და მწამდა. პრეფექტურის რამდენიმე თანამშრომელი თავიდანვე ვატყობდით, რომ საქართველოში პროცესები რუსული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა, მაგრამ ჩვენ რა შეგვეძლო?! როდესაც არეულობა დაიწყო, თბილისში ჩამოვედით, უზენაესი საბჭოს შენობაში მივედით და ზვიადს ჩვენი სამსახური შევთავაზეთ. 31 დეკემბერს, ტყიბულის მაშინდელი პრეფექტისა და ქუთაისის დეპუტატ ლია კაცაძესთან ერთად, ქუთაისში წავედი. მერე პროცესები ისე განვითარდა, რომ თბილისში ვეღარ დავბრუნდით, ვეღარც ტყიბულში ჩავდიოდი, რადგან ყველგან კიტოვანის გვარდია იდგა. ორი წელი აჭარას ვაფარებდით თავს. ასლან აბაშიძე "მხედრიონს" აჭარაში არ უშვებდა და შესაბამისად, ჩვენც იქ უფრო უსაფრთხოდ ვიყავით. სანამ ზვიადი ცოცხალი იყო, "მხედრიონიც" დამდევდა და შევარდნაძის ხალხიც.
- როგორც პროცესების უშუალო მონაწილეს, რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ მოახერხა რუსეთმა სამოქალაქო ომი გაეჩაღებინა იმ ქვეყანაში, რომლის ხალხიც ცოტა ხნის წინ ერთ მუშტად იყო შეკრული და ერთმანეთის დასაცავად რუსულ ტანკებს უპირისპირდებოდა?
- რუსებმა ჩვენი სისუსტეები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. 200 წლის განმავლობაში ოკუპაციაში ნაცხოვრებ ერს სახელმწიფოებრიობის განცდა არ გვქონდა და ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირება იოლი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ მოგვიტანეს თავიანთი მხრებით. ჩემს თაობას ამისთვის არ უბრძოლია, სისხლი არ დაუღვრია და შესაბამისად, ვერც გავუფრთხილდით.
- თქვენ თქვით, რომ "მხედრიონი" და შევარდნაძის ხალხი მხოლოდ ზვიადის გარდაცვალებამდე გდევნიდნენ, მაშინ რატომ წახვედით ქვეყნიდან?
- ზვიადის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ძალიან რთული სოციალური სიტუაცია შეიქმნა. ჩემი ადგილი აქ ვეღარ დავინახე და ამერიკაში წავედი. თავიდან მუშების დამხმარე ვიყავი, სამშენებლო ნაგავი გამქონდა ობიექტიდან, მერე ოსტატი გავხდი. 37 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ ჩავედი. არანაირი შრომა არ ვითაკილე და სამ წელიწადში იმდენს მივაღწიე, რომ საკუთარ ბიზნესს ჩავუყარე საფუძველი. დღეს უკვე ჩემი სამი უკრაინული და ერთი ბრაზილიური ბრიგადა მუშაობს ნიუ-ჯერსის სხვადასხვა შტატში. ძველ სახლებს ვარემონტებ, ახალ სიცოცხლეს ვძენ.
- ალბათ, ქართველებსაც ეხმარებით დასაქმებაში.
- კი, მაგრამ რთულია მათთან ურთიერთობა.
- რას გულისხმობთ?
- ქართველები ამბობენ, არ გვიყვარს, როცა ვინმე რამეში გვიყენებსო. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, ჩვენი გამოყენება გინდაო... ღმერთმა დაიფაროს, რომ ყველა ქართველი ასე ფიქრობდეს, მაგრამ ბევრ ახალჩამოსულ ჩვენს თანამემამულეს აქვს ასეთი უცნაური წარმოდგენა.
ადრე აქ თითო-ოროლა ქართველს თუ შეხვდებოდი და ისე მიხაროდა, თითქოს ბიძაშვილი ვნახე. მაშინ სამუშაო ადგილიც ბევრი იყო და არც ბინის დაქირავება ჭირდა. დღეს ორივე ძალიან ჭირს. ხშირად ქართველი პროცენტიან ვალს იღებს, მოდის აქ, მაგრამ სამსახურს თვეების განმავლობაში ვერ შოულობს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ადრე ყველას ვეხმარებოდი, მაგრამ ბოლო დროს დასახმარებელი ადამიანების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ფიზიკურად ვეღარ გავწვდები ყველას. სხვათა შორის, მხოლოდ მე არ ვარ ასეთ დღეში. დიდი ხნის წინ ჩამოსული ქართველები ხშირად ჩივიან, რომ ვეღარ აუდიან საქართველოდან ჩამოსული ნაცნობების დაბინავება-დასაქმებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი საქართველო მოდის და მოდის... ნეტავ, ქვეყანაში ვინღა დარჩა?!
- ამერიკაში ოჯახთან ერთად წახვედით?
- ჯერ მე და ჩემი მეუღლე წამოვედით, ორი წლის ქალიშვილი კი მშობლებთან დავტოვეთ. მაშინ არც "ფეისბუკი" იყო, არც მობილური და ძალიან გაგვიჭირდა. გრეგორი რომ შეგვეძინა, ოდნავ გაგვიქარწყლდა ნუცას მონატრება, მაგრამ მაინც ძალიან განვიცდიდით. ერთ დღეს გავიგეთ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის ვეტერინარულ ჰოსპიტალში პროფესიონალი სჭირდებოდათ. მერის ზოოვეტი ჰქონდა დამთავრებული და ბედი ვცადეთ. გაგვიმართლა, მერი დაასპონსორეს და ამერიკის მოქალაქეები გავხდით, ამის შემდეგ კი ნუცას ჩამოყვანაც შევძელით.
- თქვენი შვილები ამერიკელები არიან თუ ქართველები?
- ნახევრად ქართველები და ნახევრად ამერიკელები. ორივე შვილი დედ-მამაზე ჭკვიანია. ამერიკული წესებით იზრდებიან, მაგრამ ქართულ ტრადიციებსაც არ ივიწყებენ. მათ ბევრ ქართველ თანატოლს არ დაუწურავს ყურძენი საკუთარი ხელით, ჩემი შვილები კი ჯერ კიდევ 15 წლის წინ წურავდნენ ყურძენს საწნახელში. უფრო მეტიც, დღეს საქართველოში ბევრი ქართველია, რომელსაც ჭური არ მოუხდია. მე საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს ხშირად ვმასპინძლობ და ბევრს უთქვამს, პირველად მოვხადე ჭურს თავიო. წარმოგიდგენიათ? ქართველებს პენსილვანიაში მოვახდევინე ჭურისთავი.
- მახსოვს, უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს ჰქონდა "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ფოტო თქვენი მარნიდან. ისიც ზუსტად იმას წერდა, რომ ჭურს თავი პირველად ამერიკაში მოხადა.
- დიახ, ნამდვილად ასე იყო. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილმაც ჩემთან მოხადა ჭურს თავი პირველად.
- ისე, საწნახელი ამერიკაში როგორ გააკეთეთ?
- ჩემი ხელით გავაკეთე სამი საწნახელი: ერთი ჩემს მარანში, ერთი რესტორანში და ერთიც ყვარელში გავატანე, მიშა სააკაშვილისთვის.
- თქვენი შვილები რას საქმიანობენ?
- ბიჭი კოლეჯში სწავლობს და იტალიურ რესტორანში მიმტანად მუშაობს, გოგონა - ფარმაცევტულ ლაბორატორიაში. ოცნებობს, ბუნების დაცვისთვის გააკეთოს ლაბორატორია საქართველოში.
- ე.ი. შეიძლება საქართველოშიც დაბრუნდეს?
- ძნელი სათქმელია, ახლა კი აქვს ასეთი სურვილი, მაგრამ მერე რა იქნება, ვინ იცის... ჩემი შვილები სამართლიან გარემოში ცხოვრებას არიან მიჩვეულები, საქართველოში ძალიან გაუჭირდებათ, ადვილად მოატყუებენ, დაჩაგრავენ. ჩვენ მთელი ცხოვრება უსამართლობას ვუყურებდით და როგორღაც ვიტანდით, ესენი ვერ აიტანენ, შეიძლება მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუდგეთ, იდეალები დაემსხვრეთ. როგორც მშობელს, არ მემეტება ჩემი შვილები უსამართლო გარემოში საცხოვრებლად. აქ შრომა ფასდება, საქართველოში - არა. აქ ლაზიკას ჭაჭის ქარხანა გავხსენი. ადგილობრივი მთავრობის მესვეურები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, დახმარება ხომ არ გჭირდებათო? თავიანთი ინიციატივით მეხმარებოდნენ პროექტის სწორად დაგეგმარებაში. პოლიციის შეფი მოდიოდა და მეკითხებოდა, სამშენებლო მასალები ხომ არ გეკარგება, კრიმინალები ხომ არ გაწუხებენო? იცით, რატომ უხაროდათ ჩემი ამბავი? იცოდნენ, ხალხს დავასაქმებდი და იმიტომ.
- თქვენ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შესახებ რას გვეტყვით?
- უმთავრესად ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ვეხმარებით, თუმცა ზოგჯერ აქციებსაც ვაწყობთ.
- აქციებს ვის უწყობთ?
- საქართველოს ხელისუფლებას. არაერთი აქცია გავმართეთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ახლა ახალი კამპანია წამოვიწყეთ, საარჩევნო უბნების გახსნისათვის. ემიგრანტებს უნდა დავეხმაროთ, რომ 2024 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამ ჩემს საბრალო ქვეყანაში ვინც ხელისუფლებაში მოვა, წასვლა აღარავის უნდა. "ქართულმა ოცნებამ" ყველა რეკორდი მოხსნა, თან ყველაზე ანტიქართული ძალა აღმოჩნდა, ყველანაირად ცდილობს ქვეყნის არჩეული დასავლური კურსი შეცვალოს და რუსულ ჭაობში დაგვაბრუნოს. იმედია, ეს არ გამოუვა.
ხათუნა ბახტურიძე