შობა ომში - გზაპრესი

შობა ომში

უკრაინამ წელს პირველად აღნიშნა შობა 25 დეკემბერს... ქართველი მებრძოლი, "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე, მთავარი სერჟანტი, სნაიპერი ლევან ფიფია, რომელიც უკრაინაში 2017 წლიდან იმყოფება, "გზას" უყვება, როგორ შეხვდნენ შობის დღესასწაულს ფრონტის ხაზზე და ზოგადად, როგორია ვითარება ომში. იგი 2017-2023 წლებში უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში მონაწილეობდა ავდიივკაში, ლისიჩანსკში, ბახმუტში, ორიხოვოში, ჰულიაიპოლეში, ჰოსტომელში, ბუჩაში, ირპინსა და ბორისპილის მიმართულებით ჩატარებულ ოპერაციებში.

უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ქვეყნის ყველაზე საპატიო არასახელმწიფო ჯილდო - უკრაინის სახალხო გმირის წოდება.

- იმ ღამეს დავალებაზე ვიყავი, მაგრამ ვიცი, ბიჭებმა აღნიშნეს. ერთმანეთს მიულოცეს, სადაც შესაძლებელი იყო, სასულიერო პირებიც იყვნენ, როგორც "ბლინდაჟებში", ასევე სანგრებში. ქვეყანაში ომია, მაგრამ შობის შემობრძანება მოსახლეობაში მაინც იგრძნობოდა.

რაც შეეხებათ მეომრებს, დღესასწაულის მიუხედავად, ყურადღება წუთითაც არ მოდუნებულა. ხომ ვიცით, მტერი ამ დროს კიდევ უფრო გაფაციცებული და ჩასაფრებულია. შესაძლოა, დივერსიული ჯგუფები სპეციალურად შემოვიდნენ და "განსაკუთრებულად მოგვილოცონ". ამიტომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და წინა ხაზზე მყოფები სრულად იყვნენ მოტივირებული.

რაც შეეხება დანარჩენს, აღვნიშნეთ მოკრძალებულად, თავშეკავებულად, როგორც ომში მყოფ ადამიანებს შეეფერებათ. გრძელი, ტკბილი პური გამოაცხვეს, პასქას მივამსგავსე.

აქ აქვთ წმინდა საღამოს მთავარი კერძი კუტია, რომელიც ხორბლისგან მზადდება. ზოგ რეგიონში მიირთმევენ ფაფასავით სქელ კუტიას, რომელიც თხილით არის შეზავებული და ამატებენ ყაყაჩოს თესლებს, თაფლს, რომელიც ოჯახის სიმდიდრისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ ითვლება. ზოგან ქიშმიშსაც უმატებენ.

მიირთმევენ უზვარს (ვზვარი – ასე გამოითქმის). ეს არის ხილის სასიამოვნო კომპოტი, რომელშიც ხილთან ერთად, კენკრასაც იყენებენ. ასევე ემატება თაფლი.

სუფრაზე აქვთ თევზიც - წმინდა საღამოს სუფრაზე თევზი პატრონების კეთილდღეობის გამოხატულება იყო. გადმოცემის თანახმად, უფრო ხშირად მთიან ადგილებში მიირთმევდნენ, ძირითადად, კარპატებში... ომში მთავარია ნოყიერი საკვები, ამიტომ სადღესასწაულო სუფრებზე, რომელიც ძირითადად ნაჩქარევად იშლება, უფრო ხორცი და ძეხვეული გვაქვს, თუმცა, დაბალი ტემპერატურის დროს, წვნიანი საკვები აუცილებელია და ბიჭებს აქვთ კიდეც... სანთელი დაანთეს, ილოცეს და ერთმანეთს მიულოცეს.

ასეთ დროს მთავარია, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდნენ, რისი შესაძლებლობაც ყველას არ აქვს. გააჩნია ადგილს, დავალებას და ფუნქციას. არიან ჯგუფები, რომელთაც გარკვეული დროით არავისთან აქვთ კომუნიკაცია, თუმცა, მშვიდობით დაბრუნების შემდეგ მიულოცავენ ოჯახებს...

soba5-copy-1704702804.jpg

- ვიცი, რომ მშვიდობიან მოსახლეობასთან გაქვთ ურთიერთობა. ბევრი, მათ შორის დასავლურ მედიაში, ამბობს, რომ მოსახლეობა დაიღალა ომით. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს?

- რუსეთმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამ ფაქტმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა - უნდა იბრძოლონ, რადგან უკან დახევა არ შეიძლება, დამარცხება რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს, ეს კი არ უნდათ. დამარცხებას არც კი განიხილავენ. ამიტომაც, მგონია, რომ კი არ დაიღალნენ, შეეჩვივნენ ომში ცხოვრებას. პირველ დღეებში ნამდვილად პანიკა იყო, რითაც რუსეთმა ისარგებლა, ახლა ასეთი რამ არ ხდება.

ყოფილა შემთხვევა, პარკში ან სკვერში შეუმჩნევიათ, რომ რაკეტა მოფრინავს, მაგრამ ყურადღება არც კი მიუქცევიათ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ მათი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ამ საფრთხეს გაანეიტრალებს.

ამ ეტაპისთვის, ჩვენი რამდენიმე დანაყოფი წინა ხაზზე იმყოფება, დანარჩენები ისვენებენ. ახლა, ვინაიდან ზამთარია, დაბალი ტემპერატურა და ხშირად ცუდი ხილვადობა, ტექნიკა ცუდად მოძრაობს, რის გამოც, გარკვეული გადაადგილებები ძნელად შესამჩნევია და რთულ პირობებში გვიწევს ყოფნა. მინუს 10 და უფრო დაბალი ტემპერატურის ფონზე, სანგრებსა და "ბლინდაჟებში" ყოფნა, გაჩერება და სიტუაციის კონტროლი ძალიან რთულია. ახლა, როდესაც გესაუბრებით, აქ შუადღის 12 საათია და მინუს ხუთი გრადუსი ყინვაა, ღამე, მინუს 10-ზე დაბალია. როდესაც სახლში, თბილად ზიხარ, ასეთი სიცივე არაფერს ნიშნავს, მაგრამ სანგარში ან დავალებაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე ფორთხვით რომ გადაადგილდება ან მდინარე უნდა გადალახოს, ძნელი გასაძლებია. თუმცა, ბიჭები თავიანთ საქმეს მაინც ასრულებენ.

- ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არც ერთ მხარეს არ აქვს წინსვლა.

- ზამთრის პერიოდი ყოველთვის პასიურია. მარტი-აპრილის შემდეგ დაიწყება მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები ორივე მხრიდან. ეს პერიოდი იმისთვის არის, რომ შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის მოემზადოს – ძალების მობილიზება, გადამზადება, კონტინგენტის შევსება, რასაც მოჰყვება აქტიური მოქმედებები. ასე ხდება. როგორც ტექნიკას უჭირს ზამთრის პერიოდში გადაადგილება, ისე უჭირთ სამხედროებსაც, რადგან დიდი თოვლია. ვერც შტურმი ან ამა თუ იმ კონკრეტული ტერიტორიის აღება, ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგორც კარგ ამინდში. მოკლედ, ყველა ქმედება ნაკლებად ეფექტურია.

- ომი ყოველთვის საშინელებაა, მაგრამ განსაკუთრებით, ზამთარში. ვიცით, რომ უკრაინელ სამხედროებსა და მათთან ერთად მებრძოლ მოხალისე-მეომრებს ბევრად უკეთესი ამუნიცია აქვთ, ვიდრე რუსებს.

- საბჭოთა კავშირის დროინდელი ამუნიცია აქვთ და ასევე პრობლემები სამხედრო ტექნიკასთან დაკავშირებით; გარღვევები აქვთ პირად შემადგენლობაში, მომარაგებაში. მედიკამენტების არქონის გამო, ფილტვების ანთებით, მაღალი ტემპერატურით, ინფექციებით იღუპებიან. სამედიცინო ჩანთას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ბოლო ხანებში, ამდენი ადამიანური დანაკარგის ფონზე, ბევრი სამხედრო ვარდება ტყვედ. ვისაც შესაძლებლობა აქვს, გარბის. მათ გაუსაძლის პირობებს ემატება შიმშილი, სიცივე და ეს იმ ფონზე, როდესაც სამხედროებზე, რიგითებზე, დაბალი წოდების ადამიანებზე მუდმივად ძალადობენ, სცემენ, ჩაგრავენ. მოუმზადებელ პირად შემადგენლობას ტაქტიკურ ბრძოლებში უშვებენ.

ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეტაპებად მოდიან და იხოცებიან; რამდენიმე მეტრითაც კი არ აქვთ წინსვლა, მაგრამ მაინც აიძულებენ, წინ იარონ.

ქვედანაყოფების უკან სპეციალურად შექმნილი ჯგუფები იყვნენ და ვინც უკან დაიხევდა, ხოცავდნენ. ამიტომ ერჩივნათ, წინ ევლოთ, ასე უფრო ჰქონდათ გადარჩენის შანსი ან ბოლოს და ბოლოს, ტყვედ ჩავარდებოდნენ. იციან, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თითქმის ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე სტანდარტების სამხედროებს უნდა ჰქონდეთ. რუს ტყვეებს გაოცებით უკითხავთ, - წვნიანი, სარდელი და ხორცი გაქვთ? კი ამბობდნენ, მაგრამ არ გვჯეროდაო.

ჩვენებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი კვირის შემდეგ შეცვალონ, შინ დაისვენონ, რეაბილიტაცია გაიარონ, დამშვიდნენ, რაც ძალების აღდგენას უწყობს ხელს და შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებულები ბრუნდებიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში. რუსებს ამის საშუალება არ აქვთ, ისინი შეტევაზე გადმოსული ოკუპანტები არიან, სხვის მიწაზე მყოფები და ყველა ნაბიჯზე საფრთხის წინაშე დგანან. უკრაინელი სამხედროები კი სახლში არიან, თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ და მშვიდობიანი მოსახლეობაც თავის მეომრებს მხარში უდგას.

soba3-copy-1704702818.jpg

- რა არის ყველაზე რთული?

- ჩემთვის თუ ზოგადად?..

- ორივე შემთხვევაში...

- ჩემთვის რთულია, რომ სახლში არ ვარ, ჩემს ქვეყანაში, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან. ომში ყოფნაზე თუ მეკითხებით, ბრძოლა მაშინ არის ძნელი, როდესაც ადამიანს გამარჯვების არ სჯერა...

ორი წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი დავკარგეთ. მამაჩემი რომ იბრძოდა, ის მახსოვს. მას შემდეგ სულ ომს ვუყურებ, მხოლოდ მასშტაბები იცვლებოდა. რუსეთი ხან ჭურვებს გვესროდა, ხან ჩვენს ხალხს იტაცებდა საკუთარი სახლებიდან და ხოცავდა, უკეთეს შემთხვევაში, უკანონო პატიმრობაში ჰყავდა. სულ არასტაბილური მდგომარეობა გვქონდა. არადა, მთელი ცხოვრება მაინტერესებს, მშვიდობა როგორია...

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც მეგობრები და თანამებრძოლები გიკვდებიან. ახლახან ორი ბიჭი დაგვეღუპა, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი, მათი ცხედრების გამოყვანა ჯერაც ვერ მოვახერხეთ...

- ყველაზე რთულ წერტილად ისევ ავდეევკა რჩება?

- მთელ ფრონტზე არის ადგილები, რომელსაც შესაძლოა, ცხელი წერტილი ეწოდოს. ტერაკონის მხარე, ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურია. საქმეს ართულებს ის, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსებს დიდი რაოდენობით საზენიტო დანადგარები და საარტილერიო ჭურვები გადასცა, რაც ნიშნავს, რომ საჰაერო დარტყმები გააქტიურდება, განსაკუთრებით, გაზაფხულზე.

- რუს ტყვეებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- მათი პირველი ნაკადი გოსტომელთან ავიყვანეთ და მას შემდეგ, კიდევ არაერთხელ მოგვიწია გადაკვეთამ, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, ერთი მათგანი მაინც პატრიოტულად ყოფილიყო განწყობილი. გამომიშვეს და ვიბრძვი, მიბრძანეს და უნდა ვიომო, თუ არ წამოვიდოდი, ჩემი ოჯახის წევრებს ზიანს მიაყენებდნენო, - ასეთი იყო მათი პასუხები. პირადი შემადგენლობის 90-ზე მეტი, ნარკომანი და ლოთია. ამიტომაც, მგონი მსოფლიოში ერთადერთი გამონაკლისი რუსი სამხედრო ტყვეები არიან, რომლებიც მას შემდეგ, რაც მტრის ხელში ჩავარდებიან, ალკოჰოლს ითხოვენ: თუ არ დამალევინებთ, მოვკვდებიო. პირველად ვერ გავიგე, რას ამბობდნენ, შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, - დასალევს ითხოვენო...

უმეტეს შემთხვევაში, ამისთვის ესხმოდნენ თავს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას – საჭმელსა და ალკოჰოლს ითხოვდნენ, თორემ პოზიციები და სხვა სამხედრო დავალებები უმეტეს შემთხვევაში, არც კი აინტერესებდათ.

ყველა ერში არსებობენ მტკიცე ხასიათის ადამიანები და ალბათ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც არიან, მაგრამ ფრონტის ხაზზე უმეტესად, იძულებით გაგზავნილი ხალხია. როგორც ირკვევა, მათ შორის გავრცელებულია ნარკოტიკული საშუალებები, აბები, რომლის მიღების შემდეგაც შიშის გრძნობა ეკარგებათ, უფრო გამბედავები ხდებიან და ყველაფერზე, ამ შემთხვევაში კი, სიკვდილზეც თვალდახუჭული მიდიან. ტაქტიკა, სტრატეგია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით, მაგრამ რაოდენობრივად ბევრნი არიან და დანაკარგი, ჯერჯერობით, არ ეტყობათ.

ახალი წლების პერიოდში კიდევ უფრო გაახშირეს სარაკეტო იერიშები და დრონით თავდასხმები. ზამთარია და ამიტომაც, მათი სამიზნე ელექტროგადამცემი ხაზები, სადგურები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, რასაც ხანდახან ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამით უკრაინას და უკრაინელ ხალხს შეაშინებენ, წინააღმდეგობის სურვილს დაუკარგავენ. ეს არ მოხდება, მით უფრო, რომ დღე-ღამეში 50 დრონსა და რაკეტას თუ უშვებენ, მათი უმეტესობა მიზანს ვერ აღწევს. ძალიან უნდათ პირვანდელი შედეგები ჰქონდეთ, როდესაც უკრაინას არც "რკინის გუმბათი" ჰქონდა და აღარც ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები. მადლობა ღმერთს, ასე არ არის.

- სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის მხრიდან დაგვიანებული სამხედრო დახმარება, შესაძლოა, რუსეთმა თავის მთავარ კოზირად აქციოს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, შიგნიდან დაინახოთ პროცესები. როგორ ხედავთ ამ საფრთხეს?

- კი, საფრთხე რეალურია და დასავლეთის მიერ დაგვიანებული დახმარება ნამდვილად დიდი რისკების პირისპირ გვტოვებს. არ ვიცი, რატომ გაიწელა შეპირებული F 16-ის გადმოცემის პროცესი. "ჯაველინები" და მსგავსი დანიშნულების ტექნიკა კი გვაქვს, მაგრამ ის საჰაერო მხარდაჭერის როლს ვერ შეასრულებს. ფრონტის ხაზზე ყველაფერი კომპლექსურად არის აწყობილი და როდესაც ყველა ხაზი გამართულია, მაშინ არის სამხედრო ოპერაცია წარმატებული. შესაძლოა, ტანკები და სხვა სახის მძიმე ტექნიკა გვქონდეს, მაგრამ საჰაერო მხარდაჭერისა და ანტისარაკეტო სისტემების გარეშე, მიზანს ვერ მივაღწევთ...

გასულ წლებში, თუ რომელიმე ქვეყანას ძლიერი სამხედრო საზღვაო ფლოტი ჰყავდა, ითვლებოდა, რომ ის საშიში, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო იყო. ახლა ასე არ არის. თანამედროვე ომებში, წარმატებული სამხედრო ოპერაციისთვის, ყველა რგოლის პროფესიული, მაღალ დონეზე მომზადებაა საჭირო. რომელიმე ნაწილის ჩავარდნას ათჯერ მეტი ზარალი მოჰყვება. ახლა უკრაინის დამხარება არ უნდა შეწყვიტონ, თორემ თავად ევროპას ეს ყველაფერი ცუდად მიუბრუნდება. ვფიქრობ, ეს გააზრებული აქვთ დასავლეთში და არ შეწყვეტენ დახმარებას, თუნდაც მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მეორე, ომში ჩართულ ქვეყანას მხარს უჭერს, ეს იმიტომ, რომ იქ მისი ინტერესები იკვეთება, თორემ მხოლოდ კეთილი ნებით, უკრაინას არავინ ეხმარება.

ლალი პაპასკირი