ანდევირი, ძროხის ქურდები, გაუპატიურების მსურველი და... ბევრი სახალისო ამბავი
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ციცინო ცხვედიანი საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და სასამართლო დარბაზებში გადახდენილი მხიარული ეპიზოდების გახსენება არასოდეს უჭირს. პროცესიდან თავის ოფისში, როსტიაშვილი-ცხვედიანის საადვოკატო ბიუროში დაბრუნებული, უკვე მეუღლის, ზურაბის და ახლა უკვე მისი იურისტი ქალიშვილის, ნუგბარა როსტიაშვილის მოყოლილ სახალისო ამბებსაც ისმენს, ამას ემატება მისი კოლეგების მონათხრობიც და იმდენი სახალისო ამბავი დაუგროვდა, იმედია, მალე წიგნის გამოცემის სურვილიც გაუჩნდება. თითქმის ყოველ წელს ვაკითხავ, რადგან ვიცი, ჩვეული იუმორით მომიყვება ახალ-ახალ სახალისო ამბებს.
სეკვესტრი (მოსამართლის ნაამბობი)
სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ახალშემოღებული იყო სიტყვა „სეკვესტრი“. ადვოკატი გულიკო გაბაიძე და მოწინააღმდეგე ადვოკატი პროცესზე წაკინკლავდნენ. ქალბატონი გულიკო ტანად ძალიან პატარა გახლდათ, მოწინააღმდეგე კი მაღალი მამაკაცი იყო. გაბრაზებულმა ადვოკატმა მამაკაცმა გულიკოს უთხრა, - შე სეკვესტრირებულოო. გულიკომ ახედ-დახედა საკმაოდ ხანში შესულს და მშვიდად მიუგო:
- შე საცოდავო, შარვალში ჩაიხედე, სეკვესტრი შიგ გაქვსო.
ანდევირი (ადვოკატ დავით ახალაურის ნაამბობი)
ადვოკატურის 100 წლის იუბილე კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა. კახეთიდან დამირეკა ერთ-ერთმა ადვოკატმა და მკითხა, სად იმართებოდა ბანკეტი. ვუპასუხე, რომ კლუბ „ანდერვილში“. კოლეგას, როგორც ჩანს, სახელის დამახსოვრება გაუჭირდა და კიდევ დამირეკა იგივე შეკითხვით. მესამედაც რომ დამირეკა და ისევ კლუბის სახელი მკითხა, მივხვდი, "ანდერვილის" თქმას აზრი არ ჰქონდა და ხმამაღლა ვუპასუხე: ანდევირი.
ფაქტია, კახელ კოლეგას მეტად აღარ დაურეკავს და კლუბსაც მოაგნო.
ბედგახსნილი (ადვოკატ გულიკო ჯიმშელაძის ნაამბობი)
ოდესღაც, ადვოკატობამდე, მოსამართლე ვიყავი. ვიხილავდი ერთ სამოქალაქო საქმეს ქორწინების ბათილობის შესახებ. ქმარი ამტკიცებდა, რომ მათი ქორწინება ფიქტიური იყო, ქალი კი აცხადებდა, ნამდვილად ცოლ-ქმარი ვიყავითო.
- თუ მართლა ჩემი ცოლი იყავი, მითხარი, რა განსხვავებული ნიშანი მაქვს ტანზე? - დაუყენა საკითხი ქმარმა.
- არ გაქვს განსხვავებული ნიშანი, - იყო ქალის პასუხი.
- ახლავე გიჩვენებ, თუ არ მაქვს განსხვავებული ნიშანი, - შესძახა ქმარმა და შარვალზე ქამრის შეხსნა დაიწყო.
- რას შვრები, - ვიკივლე მე. - არ გინდა გახდა, ისე თქვი, რა ნიშანი გაქვს?!
- ბრმა ნაწლავის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და „შრამი" მაქვს, - განაცხადა ქმარმა.
მოკლედ, არ გავახდევინე ამ კაცს და გამოვიტანე გადაწყვეტილება, განვაქორწინე. გასაჩივრების ვადა გავიდა, არ გაუსაჩივრებიათ და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში მაშინდელი წესის მიხედვით ორ კვირაში. მეთხუთმეტე დღეს მოდის ეს განქორწინებული ქმარი ვეებერთელა თაიგულით და მუხლმოყრით მეუბნება:
- ქალბატონო გულიკო, გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ!
ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ ეს კაცი არ მეშვება, - გინდა თუ არა, ცოლად გამომყევიო. - უკვე მყავს ქმარი-მეთქი, - ვუთხარი.
- არა უშავს, მაინც გამომყევით, - არ მანებებს თავს.
- არ გამოგყვებით და მიბრძანდით, საიდან მოიტანეთ, რომ ცოლად გამოგყვებოდით? – აღვშფოთდი მე.
- ეჰ, ჩემს ინტიმურ საკითხებზე რომ ვლაპარაკობდი, ისე გიელავდათ თვალები, არ მეგონა, უარს თუ მეტყოდით, - ჩაილაპარაკა განაწყენებულმა, შებრუნდა და კარი გაიხურა.
ძროხის ქურდები
ზურაბ როსტიაშვილი იცავდა მაკე ძროხის ქურდობაში ბრალდებულ პირებს და თავგამოდებით ამტკიცებდა, - არ მოუპარავთ, იპოვეს. რომ მოეპარათ, დაკლავდნენ და ხორცს წამოიღებდნენ, უფრო იოლი იყო, ამათ კი ფერება-ფერებით მოჰყავდათ ისე, რომ ჯოხიც არ უხმარიათ გასადენადო.
- ბატონო ზურაბ, ახლა არ მითხრათ, რომ სამშობიაროდ მიჰყავდათ ის ძროხა, თორემ გადავირიეო, - უთხრა მოსამართლემ.
საქმე იმაში იყო, რომ ეს პირები ამ მაკე ძროხასთან ერთად რაიონის სამშობიაროსთან დააკავეს.
ასოს შეცვლა
ერთი ჩემი მეგობარი ადვოკატი ქალბატონი რამდენიმე წელიწადი ერთ-ერთი რაიონის მოსამართლე იყო. იხილავდა სამოქალაქო საქმეს უდავო წარმოებით. განმცხადებელი მოხუცი კაცი იყო, გვარში თუ სახელში ერთი ასო არასწორად ეწერა და ამის გასწორება უნდოდა. ჩემმა მეგობარმა, როგორც წესია, ჰკითხა განმცხადებელს, რას ითხოვო?
- ბევრი არაფერი მინდა, შვილო, მარტო ასო შემიცვალეო, - სთხოვა მოხუცმა.
- პატივცემულო, მე აქ გადაწყვეტილებები გამომაქვს, ასოს შეცვლა თუ გინდა, კუზანოვს მიაკითხეო, - უპასუხა ჩემმა მეგობარმა.
"პოლიციელები“
წლების წინ ჩვენს ოფისში ერთი ძალიან მოკრძალებული, ზრდილობიანი, ეროვნებით ბერძენი ახალგაზრდა ადვოკატი მუშაობდა. ერთხელაც ეს გოგონა (პირობითად ელენე) იცავდა ყვავილების გამყიდველ ქალს, რომელსაც რაღაც ინციდენტი მოუხდა პოლიციელებთან. სხდომის დაწყების წინ ქალმა ელენეს განცხადება გადასცა და უთხრა, აქ ყველაფერი მიწერია და შენ წაიკითხეო. ელენემ გამოართვა და ამ ქალის ნაცვლად, ხმამაღლა დაიწყო კითხვა:
"...იმ დღესაც ჩვეულებრივად ვიდექი მეტროს წინ, ხელში მეჭირა ყვავილები და ვიძახდი: "იყიდეთ ყვავილები". ამ დროს მოვიდა ორი *** (მამაკაცის ორგანო) პოლიციელი და მითხრეს..."
უცბად ელენემ კითხვა შეწყვიტა, დაიძახა: „ვაიმე, ეს რა ვთქვი“, ფურცელი ხელიდან გააგდო, ხელები სახეზე აიფარა და მოწყვეტით დაემხო მაგიდაზე.
ელენე რუსულენოვანი იყო და სანამ წინადადების ბოლოში არ გავიდა, ვერ გაიაზრა, რას კითხულობდა, დარბაზი კი ძალიან გამხიარულდა.
სინანული
ადვოკატი კესო ცარციძე წარმოშობით საჩხერიდანაა. წლების წინ იცავდა ერთ ბრალდებულს, რომლის საქმესაც ასევე საჩხერელი გამომძიებელი იძიებდა. საფუძვლიანი გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ საჩხერეში, კესოს დაბადების დროს, ბებიაქალი ამ გამომძიებლის დედა ყოფილა. კესო კერკეტი კაკალია და გამომძიებელს სულ თავბედი აწყევლინა. გამწარდა კაცი, რა ექნა არ იცოდა და გაცეცხლებულმა უთხრა კესოს:
- აფსუს, რატომ ხელიდან არ გოუვარდი დედაჩემს!..
სად არ შეიძლება ერთად შესვლა
ერთ დღეს იურისტები, მათ შორის ადვოკატებიც ერთ-ერთ სასტუმროში პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს, რის შემდეგაც სადილი იყო დაგეგმილი. გამოვცვივდით ჯგროდ ეს მშიერი ხალხი და დავიწყეთ სასადილო დარბაზის ძებნა. დავინახეთ სასტუმროს თანამშრომლები და ქალიან-კაციანად მივცვივდით, სად შევიდეთო?
- ქალები აქეთ შედით და კაცები იქითო, - დაგვაკვალიანა ერთმა.
- რატომ, ერთად რომ შევიდეთ, რა უჭირსო? - გააპროტესტა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
- არავითარ შემთხვევაშიო, - კატეგორიულ უარზე დადგა სასტუმროს თანამშრომელი.
თურმე ტუალეტების წინ ვმდგარვართ და ეგონა, კოლექტიურად ვაპირებდით შიგ შესვლას!
"დაბ. ამდაამწელს!"
რამდენიმე წლის წინ ერთმა დამწყებმა ადვოკატმა მთხოვა, ალიმენტის მოთხოვნაზე სარჩელი დავწერე და გადამიხედეო. უარს როგორ ვეტყოდი? წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ისე ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას, არსად უთითებს ბავშვების სახელებს და დაბადების თარიღს. უბრალოდ წერს, ორი შვილი გვყავსო.
- კახა (სახელი შეცვლილია. ც.ც.), ალიმენტს რომ ითხოვ, უნდა მიუთითო ბავშვების სახელიც და დაბადების თარიღიც. წაკითხვისას ხომ უნდა ჩანდეს, რომ ბავშვები არასრულწლოვანები არიან, - ვუთხარი მე.
- მომინიშნეთ, სად და რა ჩავამატო, - მთხოვა კახამ.
მეც იქ, სადაც ეწერა, ორი შვილი გვყავსო, ხელით ჩავამატე: „ნიკა, დაბ. ამადაამწელს (აბა, მე რა ვიცოდი, როდის დაიბადა და ვიფიქრე, კახა ჩაწერდა თარიღს) და ანა, დაბ. ამადაამწელს". მოსამართლემ სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლო სხდომა რომ დაინიშნა, კახამ სარჩელი ისევ მომიტანა და მთხოვა, წაიკითხე და მითხარი, სავარაუდოდ რას შემეკითხება მოსამართლეო? სარჩელი ავიღე და ვკითხულობ, მაგრამ რას ვკითხულობ:
"...შეგვეძინა ორი შვილი. ნიკა, დაბ. ამადაამწელს და ანა, დაბ. ამადაამწელს".
- კახა, რას ჰქვია, "დაბ. ამადაამწელს", სად არის თარიღი-მეთქი? - თვალებს არ დავუჯერე.
- ქალბატონო ციცინო, თქვენ ზუსტად ასე ჩამიწერეთ, თარიღი არ ჩაგიწერიათო.
"გაუმაძღარი" და
1999 წელი იყო, აი, ის პერიოდი, ჯერ კიდევ ზრდილობიანები და "კომპლექსიანები" რომ ვიყავით, ყურები ბილწსიტყვაობას არ იყო შეჩვეული და თვალები – უხამს სანახაობას.
დედა-შვილი ბინაზე დაობდა. მე შვილს – ახალგაზრდა ქალს ვიცავდი. მოსამართლე ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ. დედასაც ახალგაზრდა მამაკაცი ადვოკატი იცავდა. პროცესს სასამართლოს პრაქტიკანტები და სხვა პირებიც ესწრებოდნენ. მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, დედა-შვილი ხართ და მორიგდითო.
- ბატონო თემურ, თქვენ არ იცნობთ ჩემს დას, ის არ მოგვცემს ამის საშუალებას, - დაიწყო ჩემმა კლიენტმა.
- თქვენი და რა შუაშია, მხარეები თქვენა ხართ, - გაუკვირდა მოსამართლეს.
- იმ შუაშია, რომ ყველაფერი მაგას უნდა, ვერ გაძღა ვერც ფულებით, ვერც სახლებით და ვერც ...-ებით, - განაცხადა ჩემმა კლიენტმა.
ყველა გავშრით, ხმა ვერ ამოვიღეთ. ისევ მოსამართლე მოვიდა გონს, მაგრამ აღშფოთებისაგან ენა დაება:
- გგგაგგაძძევებთ დარბაზიდან...
- რატომ, ბატონო თემურ, მართალს გეუბნებით, მართლა ვერ გაძღა ჩემი და ...-ებით, - გულწრფელად გაიმეორა ჩემმა კლიენტმა...
ვინ უნდა დაპწკინოს და დაჩქმიტოს კლიენტი
მე, დათო გიორგაშვილი და ალექსი გაბუნია ვიცავდით ერთ ჩვენს საერთო ნაცნობ ქალბატონს, რომელსაც წონასწორობას აკარგვინებდა მოწინააღმდეგის განცხადებები, ეპასუხებოდა და წესრიგი რომ არ დაერღვია, მოსამართლეს დარბაზიდან არ გაეძევებინა, მისი გაჩერება მიხდებოდა არა მარტო სიტყვით, არამედ ხან ფეხის ფეხზე დაჭერით, ხან მსუბუქი ჩქმეტითაც. პროცესი რამდენიმე სხდომის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ სხდომაზე მე გადაუდებელი საქმის გამო ვერ მივედი, დათოს და ალექსის შევუთანხმდი, რომ ეს სხდომა უჩემოდ ჩაეტარებინათ. საღამოს ჩემთან ოფისში მოვიდნენ სამივე და მიამბეს, რაც მოხდა. თურმე, ჩვენს ქალბატონს თავი ვერ შეუკავებია და მოსამართლეს წესრიგის დარღვევისათვის გარეთ გაუბრძანებია.
- რა იყო, ბიჭებო, ერთხელ დაგტოვეთ მარტო და ამ ერთ ქალს როგორ ვერ მოუარეთ? – ვუსაყვედურე დათოს და ალექსის.
- ჩვენი ბრალი არ არის, შენი ბრალია, - გამომიცხადეს მშვიდად.
- რა არის ჩემი ბრალი? - კინაღამ გადავირიე.
- შენ როცა იყავი, კი აჩერებდი ამ ქალს, არ მოხვედი და ჩვენ რა გვექნა, კაცები ხომ ვერ დავუწყებდით ქალს პწკენა-ჩქმეტას? - იმართლეს თავი.
მეტრო ქუთაისში
ერთ დღეს დამირეკა ქალბატონმა და მითხრა, რომ კონსულტაცია სჭირდებოდა. დავიბარე საღამოს 19 საათზე და ვკითხე, იცოდა თუ არა ჩვენი ოფისის მისამართი? მითხრა, რომ ნახევარი საათით ადრე დამირეკავდა და მერე ამეხსნა ადგილმდებარეობა.
18 საათსა და 30 წუთზე მირეკავს და მეკითხება, სადაა ოფისიო?
- ქეთევან წამებულის 47-ში, მეტრო „სამასი არაგველის“ წინ, - ვუპასუხე მე.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ ყოყმანით მეკითხება:
- ქალბატონო ციცო, ქუთაისში მეტრო არის?
ახლა ჩემი პაუზის (და გაოცების) ჯერი დადგა:
- ქუთაისი რა შუაშია?..
თურმე, ვისაც ჩემი ტელეფონის ნომერი მიუცია, იმას უთქვამს ჩემზე, ქუთაისელიაო. ამ ქალბატონსაც უფიქრია, ქუთაისში აქვს ალბათ ოფისიო და თბილისიდან ქუთაისში გაქანებულა ჩემთან შესახვედრად!
გაუპატიურების მსურველი (ადვოკატი ქალბატონის ნაამბობი)
ვიცავდი გაუპატიურებაში ბრალდებულს. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლია და გადავწყვიტე, კონსულტაცია მიმეღო ზურაბ როსტიაშვილისაგან, რომელსაც ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს. შევუთანხმდი შეხვედრაზე, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, რომ ვერ მივედი. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოს ეზოში შემთხვევით დავინახე, იმანაც დამინახა და დამიძახა:
- ნანა (სახელი შეცვლილია. ც.ც.), რატომ არ მოხვედი იმ დღეს? აღარ გინდა გაუპატიურება?
მე, გახარებულმა იმით, რომ ზურამ არ გადაიფიქრა ჩემი დახმარება, აღტაცებულმაშევძახე:
- მინდა, ზურა, მინდა, დღეს რომ მოვიდე, გეცლება ჩემთვის?
- შენ უარს როგორ გეტყვი, - მიპასუხა ზურამ.
ჩვენი დიალოგის შინაარსით შეცბუნებული სახეების დანახვაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ცოლი "დავკარგე"
საფრანგეთში ვართ მე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და ჩემი მეუღლე ზურა როსტიაშვილი. სეირნობისას დავკარგეთ ერთმანეთი. თურმე ზურა დადის და ნერვიულობს, ცოლი დავკარგეო, ზაზა ეუბნება, - შენს ცოლს და შვილების დედას ვინ ჩივის, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავკარგე მეო.
გამოცდილი ქალი
კიდევ ერთი საქმე იყო გაუპატიურების, ზურამ საქმეში ჩართო ჩვენი ახალგაზრდა ადვოკატი. დაზარალებული ჰყვებოდა დეტალებს და რაღაც არ დაემთხვა ერთმანეთს, ურთიერთსაწინააღმდეგოს ამბობდა. წამოდგა ნანუკა და ეუბნება: ბატონო მოსამართლევ, დაზარალებული ტყუის, ასეთნაირად სქესობრივი ურთიერთობა შეუძლებელია. ორი შვილის დედა ვარ, გამოცდილი ქალი და დამეჯერებაო. ცალკე მოსამართლე კვდებოდა სიცილით, ცალკე ზურა...
ციცინოს შვილი...
ჩემი ქალიშვილი ნუგბარა როსტიაშვილიც ადვოკატია. ერთ პროცესზე მოწინააღმდეგე ადვოკატმა ჰკითხა ნუგბარას, ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილის შვილი ხარო? ნუგბარამ უპასუხა, კიო.
- ააა, ესე იგი, ციცინოს შვილიც ხარ? - ჩაეკითხა კოლეგა.
მერე ნუგბარაც მეხუმრებოდა, დარწმუნებული ხარ, რომ შენი შვილიც ვარო?
ბატონი ნუგბარა
ერთ დღეს ფოსტიდან კურიერი მოვიდა და განაცხადა, ბატონი ნუგბარა როსტიაშვილისათვის გზავნილი მაქვს გადასაცემიო. ვუთხარი, ბატონი არ არის, ქალბატონია-მეთქი. არ დამიჯერა, თქვენზე უკეთ სასამართლომ იცის, გზავნილზე ბატონი ნუგბარა როსტიაშვილი წერიაო. აღარ ვუთხარი, ჩემი შვილია და როგორმე, მე უკეთ ვიცი-მეთქი, არ შევურყიე სასამართლოსადმი რწმენა.
"მამაშენი რასაც მამწარებდა, არ მეყო?"
ნუგბარა საკმაოდ წარმატებული ადვოკატია და ჩვენი კოლეგების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ის ჩვენი შვილია. დაბრუნდა ერთ დღეს სასამართლო პროცესიდან სიცილით და გვიყვება: მოპასუხის ადვოკატმა ძალიან უკმაყოფილოდ მომაძახა, მამაშენი რასაც მამწარებდა, არ მეყოო, ახლა შენ უნდა გამამწაროო? როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანი ყოფილი პროკურორი იყო, რომელიც ახლა ადვოკატად მუშაობს და ამ დავაში ის მოპასუხე მხარეს იცავდა.
რამდენი ლაპარაკი გცოდნია (ადვოკატ ნუგბარა როსტიაშვილის მონათხრობი)
სასამართლო პროცესი 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ამ ორმოცი წუთის განმავლობაში მეორე მხარის ადვოკატმა გამომკითხა ყველაფერი, გავიგე ზურას და ციცოს შვილი რომ ხარ, რა კარგი გოგო ხარ, დასაოჯახებელი ხარ. ახლა კი ვართ მოწინააღმდეგეები, მაგრამ ზოგადად კოლეგიალურობის მომხრე ვარო. მეც გამიხარდა, დავეთანხმე... დაიწყო პროცესი, მოსარჩელის წარმომადგენელი ვიყავი, ალბათ ნახევარი საათი ვილაპარაკე, დავასაბუთე ჩვენი პოზიცია და დამიკმაყოფილდა სარჩელი. დასრულდა სასამართლო სხდომა. მეორე მხარის ადვოკატი არც კი დამემშვიდობა, მეტიც, უკმაყოფილოდ მომაძახა, რამდენი ლაპარაკი გცოდნიაო და წავიდა.
თეა ხურცილავა