"როცა სურდეს, მაშინ, მაშინ მომაკითხოს, ბოლოს მაინც უნდა ჩამოვართვა ხელი" - გზაპრესი

"როცა სურდეს, მაშინ, მაშინ მომაკითხოს, ბოლოს მაინც უნდა ჩამოვართვა ხელი"

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიტყვითა თუ საქმით ხალხის უპირობო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ. სწორედ ასეთი გახლდათ მწერალი და პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, გასულ კვირას, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"პალიტრა მედიის" არქივში ბატონ თემურთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ ინახება. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდებს მისი ორი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტებს: ნინო ჯავახიშვილს და ეთერ ერაძეს ეკუთვნით.

"- ბატონო თემურ, კი ამბობთ, "ან რა მაშინებს მე ოხერს, როცა ღმერთი მყავს მეოხედ", მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს, იმედიანად ხართ?

- იცით, როგორი განწყობა მაქვს? სევდის ღრუბელი რომ მოიქუფრება და საწვიმარ-სატირლად რომ ემზადება, აი, ასე ვარ, მაგრამ გულს მაინც ბევრი რამ მიმაგრებს. ყოველთვის, როცა ძალიან გვიჭირს, ადამიანები ერთმანეთს ვუბრუნდებით და ეს მაიმედებს. ჩემთვის ვფიქრობ, იქნებ, ამ თავსდატეხილმა ჭირმა შეძლოს სიკეთის გაღვივება ჩვენში, ასეთ ცივ სამყაროში. იქნებ, მსოფლიო სევდას რამე სადინარი მიეცეს, ეს ამბავი ხომ მხოლოდ ჩვენს თავს არ ხდება. უკეთესობის იმედი რომ დავკარგო, ისე რა მაცოცხლებს, უიმედოდ ერთი დღის გათენებაც არ მინდა. რატომღაც მგონია, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად დასრულდება მთელი მსოფლიოსთვის...

- ადამიანები ერთმანეთს ვუბრუნდებით ხოლმეო, ბრძანეთ და ამ გასაჭირმა, მგონი, მართლაც გაგვახსენა მივიწყებული ადამიანური ღირებულებები. "სძულთ ერთმანეთი, - საკვირველია, უერთმანეთოდ მაინც ვერ ძლებენ" - თქვენი ეს სიტყვები სწორედ ერთმანეთის საჭიროებაზე მეტყველებს.

- ერთი ასეთი ლექსი დავწერე:

"რაც დაგვაკლო დღეს ჩინეთის კორონამ,/ თავის დროზე ვერც რუსეთის კოლონამ./ უცნაურად არეულა სამყარო,/ დატორტმანდა დედამიწა, არ მყარობს./ მსოფლიოს ცა შავად მოქუფრულია,/ ქმენ, რაც გინდა, ყველაფერი ტყუილია,/ არაფერი აღარ ფასობს შაურად,/ ქვეყნად მოსვლა გვექცა დანაშაულად./ არც უფალი, არც ბუნება არ გვწყალობს,/ რა დღეში ხარ, დედამიწავ, საწყალო!/ ნუთუ მართლა უფალმა და ბუნებამ?/ - ურწმუნობა, მგონი, მეჩურჩულება".

წინააღმდეგობებით სავსე ლექსია, ხან ერთს ვფიქრობ და ხან - მეორეს. კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ჩემი სულიერება გადარჩენისკენ მიიწევს და ვფიქრობ, ყველაფერი მალე ჩაივლის...

- ერთ-ერთი კრებულის წინასიტყვაობაში წერთ: 65 წლის კაცმა კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. ფერად დღეებსაც კარგად ვიხსენებ, თალხ დღეებსაც ზოგჯერ ვაფერადებო. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ფერადი რა იყო?

- სოფელში გატარებული ჩემი ბავშვობა. მაშინ სხვა დრო იყო, უმეტესობა მშობლებთან და ბებია-პაპებთან ვიზრდებოდით, სამყარო სავსე იყო ამ ადამიანებით და მათი წასვლით უცებ დაცარიელდა. მდიდრები არ ვყოფილვართ, მშრომელი, პატიოსანი მშობლები მყავდა და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება არც მაშინ იყო ყველასთვის დალხენილი. ფერად დღეებში სწორედ იმ პერიოდს ვგულისხმობ.

- "ვერავინ მითხრა ამ სოფლის უბრალო ავან-ჩავანი,/ მე რომ ზედმეტი მეგონა, თურმე ის იყო მთავარი". რა ყოფილა მთავარი ან რა არის ის, რაც ადრე ზედმეტად გეჩვენებოდათ?

- ხშირად ფიქრობ ადამიანი, აი, ამას ასე გავაკეთებ, ისე ვიცხოვრებ და ა.შ., გეგმავ შენი ჭკუით. მთავარი მაინც სიყვარული და რწმენა აღმოჩნდა. ყველაფერი უეცრად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში - შეყვარებაც, ოჯახის შექმნაც, სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც. რაც მოვალეობის მოხდად მიმაჩნდა, თურმე ყველაზე მთავარი ეგ ყოფილა და სხვა ყველაფერი - უმნიშვნელო.

- ალბათ ამიტომაც წერდით: "ვეღარ გავიგე ცხოვრების/ უბრალო იწილ-ბიწილო,/ ან როდის უნდა ვიტირო,/ ან როდის უნდა ვიცინო". ხშირად ხართ ხოლმე ასეთი გაორებული?

- ვერც ერთი პოეტი ვერ შექმნის ვერაფერ ღირებულს ორჭოფობისა და დაეჭვების გარეშე. პაპამ იცოდა ხოლმე თქმა, ფეხზე მდგომელა მუხას ვერ გაზომავ, რომ წაიქცევა, აი, მაშინ იზომება ფესვებიდანო. ვინ დიდი პოეტია და ვინ - არა, ესეც ალბათ, გვიან გამოჩნდება, წაქცეულზე, მაგრამ, ასე მგონია, რომ პოეტს თუ გაორება არა აქვს, ის პოეტი ვერ იქნება. როგორ შეიძლება პოეტური სული მყარი იყოს? განწყობის მიხედვით იცვლება შენი სათქმელიც.

- დღესდღეობით ყველაზე მეტად რა გტკენთ გულს, რა გაბრაზებთ?

- რა ვქნა, ძალიან მაბრაზებს და გულს მტკენს გულცივობა, ტრიბუნიდან მოწოდებები და ფუჭი დარიგებები პოლიტიკოსების მხრიდან, ერთის თქმა და მეორის კეთება, თვალთმაქცობა, რაც ყველაზე მეტად მიუღებელია ჩემთვის. მაქვს ერთი ასეთი ლექსი, "ავტობიოგრაფია": "ყველა გადასხვაფერდა, ლენჩი მხვდება სხვა ტონით,/ აღარც პრეზიდენტის მწამს, აღარც გუბერნატორის./ ვეღარავის ვჩემულობ, გავცვდი, როგორც დედანი,/ ვკვდები, როცა საუბრობს, პარლამენტში ცვედანი". აი, ხომ ხედავთ, დღეს ამხელა ტკივილმა როგორ მიგვაჯაჭვა ერთმანეთთან. თუკი ხელისუფალს ასეთი უბრალოება და გულის კი არა, სულისხმიერება შეუძლია, რატომ მაშინ არ ჩნდებიან, როცა დალხინებულად გრძნობენ თავს; რატომ არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დადგეს მომენტი და "ერთგან შეყარნოს ყოველმან სუსტი და ძალგულოვანი"? "შევიყარეთ" თუ არა ერთად, ვინმეს უშველის მილიარდები? ფარა რომ არ ეყოლებათ, მწყემსი ვიღას სჭირდება? რატომ დამშვიდებულ გონებაზე მყოფნი არ ფიქრობენ, რომ პატარა ერი ვართ, სულ ერთმანეთის ახლობლები, ნათესავები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ? ვინმეს არ ეგონოს, რომ მიხარია, რაც ხდება - ჩემი ქალიშვილი საფრანგეთშია ჩარჩენილი და ძალიან დარდიანი ვარ ამის გამო, მაგრამ იქნებ, ამ ამბავმა მაინც გამოგვაფხიზლოს...

- სიყვარულზეც უნდა გკითხოთ - მეუღლისადმი მიძღვნილ ერთ ლექსს გაგახსენებთ: "შენ პოეტის ბედი გშვენის,/ დანახვამდე ვიგრძენ,/ თუმც ვერ გავხდი დედაშენის/ სასურველი სიძე"...

- არ მეგულება ოჯახი, რომ ცოლ-ქმარს კამათი არ მოსვლოდეს, მაგრამ არც ერთი დღე არ გვიცოცხლია უსიყვარულოდ. რაც შეეხება სიდედრის გულის მოგებას, შევძელი (იცინის). ძალიან განათლებული და კარგი ქალი იყო, ფილოლოგი, სკოლის დირექტორად მუშაობდა. უბრალოდ, ჩათვალა, რომ ერთადერთი შვილი წავართვი. ერთხელ ირაკლი აბაშიძეს შესჩივლა კიდეც, ამ ხულიგანმა სიძემ ქალიშვილი მომტაცაო.

chalabashvili-copy-1704703471.jpg

- დაბოლოს, "არაფერია სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილზე მაინც ცოტა მეტია". რითია ცოტა მეტი?

- რაც არ უნდა წყალწაღებული იყოს კაცი, ერთი დღის სიცოცხლეც რომ მოემატება, ესეც მნიშვნელოვანია, სიცოცხლე მაინც სჯობია სიკვდილს. ამქვეყნად ბევრი მიზეზია სიცოცხლისთვის. ამიტომაც, გამძლეობას ვუსურვებ ჩემს ხალხს, ჭკუა ვისწავლოთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ, მოფერებითა და სიყვარულით გადავარჩინოთ ერთმანეთი..."

"ამ თაობას მუდამ შევახსენებ, რომ სამშობლო ერთადერთია..."

"თუ პოეტი და პოეზია გაახსენდათ, ესე იგი, სულიერი მარცვალი ვიღაცაში მართლაც არის და ეს ბევრს ნიშნავს. თუმცა, ყველაფერი სწორია, რაც ვთქვი - ხელისუფლებას მწერალი არაფრად სჭირდება, ის უფრო დაუფასებელია, ვიდრე საზოგადოების ნებისმიერი ფენა; თავად საზოგადოება კი არსებობის შესანარჩუნებლად იბრძვის და დუღს, ამ დუღილში იმდენი ჭუჭყი დააგროვა, სულიერება მიივიწყა. იმიტომაც არის, რომ საითაც გაიხედავ, აგრესიას, დაუნდობლობას და გაუტანლობას წააწყდები.

ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას ოდესღაც ახლობელი ადამიანები ერთმანეთის ბედს აღარ კითხულობენ, ორიოდ სიტყვას ესვრიან ერთურთს და გარბიან. ხშირად მიფიქრია, როგორ მოვახერხეთ ამ კონდიციამდე მისვლა ან ეს ხომ არ არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ყოველთვის ზედაპირული თვისებების მქონე ერი ვიყავით და მითებით ვილამაზებდით ცხოვრებას-მეთქი?! პასუხი კი, საბედნიეროდ, ის არის, რომ ეს უფრო ეპოქის ჭუჭყია და არა ეროვნული ნიშანი. რა გასაკვირია, ერთმანეთი რომ დავგმოთ და ვერ გავიტანოთ, როცა ეპოქამ უფალი დაგმო და სულ უფრო მეტი ადამიანი აიყოლია.

ამას წინათ სწორედ ასეთმა ტიპმა, რომელსაც ჰგონია, რომ უფალი სწორედ ის არის და შეუძლებელს შეძლებს, ლხინში მთვრალმა მედიდურად გადმომძახა: - როგორ ფიქრობთ, ბატონო თემურ, ღმერთი არსებობსო? ბატონო ჩემო, თქვენ არსებობთ, თორემ ღმერთი სუფევს-მეთქი. შეცბა და გაჩუმდა...

ამას ისევ გაიმეორებს, სანამ არ მიხვდება, რომ ის ყველაფრის შემძლები არ ყოფილა და ცხოვრებამ მიწაზე დაანარცხა. ეს კანონია. ქვევრშიც ასე ხდება, როცა ღვინო დუღს, თავზე ჩენჩო ექცევა და იქ მანამდე გაჩერდება, ვიდრე დრო არ მოუვა და თავის ადგილას არ დაილექება. შეიძლება ყბადაღებული თემაა, მაგრამ ჩვენ "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელი ერი ვართ და როგორ შეიძლება, ასეთი უმაღლესი ფილოსოფიის ხალხში სულიერმა ღირებულებებმა თავისი ადგილი არ დაიმკვიდროს! თუმცა შეიძლება ეს დუღილი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და თაობები შეიწიროს - "ჭუჭყის ფენები" ძალიან სქლად გახლავთ ზედაპირზე მოლაგებული, რის სიმბოლოც ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის პერფორმანსი მგონია - მან რამდენიმე წლის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დასვა და ერთმანეთისათვის აფურთხებინა.

მაშინ ამ ამბავმა აღმაშფოთა, მაგრამ ეს მართლაც იყო ჩვენი სულიერი მდგომარეობის გამომხატველი. რაზეა ლაპარაკი, როდესაც თავად მწერლობა, შემოქმედებითი ნაწარმოები იქცა დედის გინებისა და ბილწსიტყვაობის არენად. ღმერთმა დაგვიფაროს, ყველას ეხებოდეს, მაგრამ როცა ადამიანს სულის სიღრმეში კარგი არაფერი ეგულება, სათქმელი აღარაფერი აქვს, ისღა დარჩენია, უწმაწური სიტყვებით მიიპყროს ყურადღება.გალაკტიონი ასეთ ამბებზე იტყოდა: "არ შეუძლია, მტვერი არ იყოს".

"...როდესაც ახალგაზრდობას ყოველ წამს აყურებინებ, როგორ ძირავენ ადამიანები ერთმანეთს, როცა უამრავი გაჭირვების მოწმედ ხდი, როცა უწმაწური სიტყვებით გაჯერებულ ნაწარმოებებს აკითხებ და თავში უტენი, რომ მის სამშობლოში მსგავსი "შედევრები" იქმნება, როცა 40 წელს გადაშორებული კაცები საკუთარ დედას აგინებენ, რა გასაკვირია, რომ სამშობლოც საგინებელ სიტყვად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვა "სამშობლოს" ხსენება ლამის ჩამორჩენილობად ითვლება. ეს სიტყვა სახელმძღვანელოებშიც კი აღარ შეაქვთ. რაღა შორს წავიდეთ - იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" სასკოლო პროგრამებიდან არის ამოღებული, მის ნაცვლად კი ამერიკელი ჯიმისა და ტომის ამბები ისწავლება. ქართველი მოყვრად მოსულ უცხოსა და საუცხოოს არასოდეს შებრძოლებია, მაგრამ არა - ეროვნული ღირებულებების დაშორების ხარჯზე. როცა ბავშვს ეროვნულ ფესვებს აგლეჯ, როგორ ფიქრობ, მისთვის სამშობლო არ გაუცხოვდება? თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სამშობლოს სიყვარულთან ბრძოლის მოგება ასე მარტივად არც გამოვა და არც გამოსულა...

სამშობლოს ლანძღვა და უბედურებანი აუცილებელიც არის, რომ ვიღაც გამოფხიზლდეს - რას ჰქვია, შენ სამშობლოს მილანძღავო?! როცა რწმენას ებრძვი, მაშინ ის ძლიერდება. ქმედება აუცილებლად იწვევს უკუქმედებას. უკვე ვხედავ და ურთიერთობა მაქვს იმ თაობასთან, რომელიც სულიერ ედელვაისად მოგვევლინება და ეპოქის ჭუჭყის გადაწმენდას მოინდომებს. უკვე არიან ახალგაზრდები, რომლებშიც თავი იჩინა პროტესტმა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ახალგაზრდობასთან ყოველთვის ვმეგობრობდი, მაგრამ ამ სიღრმეების დანახვა განსაკუთრებით მას შემდეგ შევძელი, რაც ბათუმელმა ახალგაზრდა პოეტებმა თავმჯდომარედ ამირჩიეს. ამის საშუალებით მკაფიოდ დავინახე ის უამრავი ახალგაზრდა, რომელიც სულ სხვა თაობაა: ისინი არც პოლიტიკოსების გადადგომას მოითხოვენ, არც მარიხუანის ტრანზიტს, ისინი მოითხოვენ, რომ მათ სამშობლოს პატივი სცენ და სამშობლოს საფიცრად სახავენ. სწორედ ამ თაობაში გავიგონე ჯიუტად ნათქვამი: - არსად წამსველელი არ ვარ ან რატომ უნდა წავიდე, სწორედ აქ, სამშობლოში უნდა დავრჩე, აქ უნდა გავაჩინო შვილებიო! აი, ასე ჯიუტები და თან საოცრად განათლებულები არიან, უცხო ენები იციან, ამ უცხო ენებზე კითხულობენ, იღებენ ტექნიკურ განათლებას და რეალურ საქმეს აკეთებენ. მათი შემხედვარე, ხანდახან გაიფიქრებ, ასეთი პრაგმატულები ლექსს როგორ წერენო, მაგრამ წერენ, თანაც ძარღვიან ლექსებს. მათზე ფიქრისას სულ მახსენდება, ვაჟა ლუხუმზე რომ ამბობს, არ მომკვდარაო - "ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომაო". ასე რომ, მოვა დრო და გამოჩნდებიან. ამის იმედი რომ არ მქონოდა, სიცოცხლეც არ მენდომებოდა..."

1-copy-1704703461.jpg

"ამას წინათ მშრალ ხიდზე მოვდიოდი დაღონებული, რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ჯიბეში გროშიც არ მქონდა. უცებ გვერდით ახალგაზრდა ქალმა ჩამიარა და როგორც იქ ჭადრის ფოთლებმა, უცებ ისე ჩამიშრიალა ეს სიტყვები: "მე მშრალი ხიდით სახლში ვბრუნდები". ვერ აღგიწერთ, რა დამემართა. მე მაქვს ასეთი ლექსი: "ეს სანაპირო შენს თავს მაგონებს, შორს თოლიათა კრთიან გუნდები/,მე ჩუღურეთის წვიმა მასველებს,/ და მშრალი ხიდით სახლში ვბრუნდები". ამ ქალმა ეს ლექსი ზეპირად იცოდა და ამით ბედნიერი იყო. ეს რომ ვიგრძენი, ჩემზე ბედნიერი კაცი იმ ხიდზე გაქრა!..

სიტყვას განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს. სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს. ამას წინათ კახეთში გახლდით, სოფელში. მამაჩემმა მითხრა, - შვილო, უკვე რამდენი ხანია, ბეღურები აღარ მოფრინავენ ჩვენს სოფელში და ნეტავი, რატომო? გუნება წამიხდა... მერე ვენახს ავყევი და უცებ ჩემი შვილის ნათქვამი გამახსენდა, - მამა, დიდი პაპის ვენახის თავს სახლი უნდა ჩავდგა, ზვარში ჩემი ბიჭი, ჩემი თარაში უნდა გადავაგოროო. ეს მომაგონდა და სიცოცხლეც დამიბრუნდა, - აი, მოვა თარაში და იქნებ ბეღურებიც დაბრუნდნენ-მეთქი.

შვილს რომ თარაში დაარქვა, ჩემს ვაჟს ერთმა ჰკითხა, - აფხაზური სახელი რატომ დაარქვი, აფხაზეთი გინდა დააბრუნებინოო? - დიახ, რახან ჩემი თაობიდან უკვე აღარაფერი გამოვა, აფხაზეთი თარაშის თაობამ უნდა დაიბრუნოს; იმ თაობამ, რომელსაც სულ არ უნახავს აფხაზეთი, მაგრამ მასზე ტკივილი სისხლით გამოჰყვება.

აი, ეს არის იმ სამშობლოს ძალა, რომელიც ახლა საგინებელ სიტყვად იქცა, მაგრამ მე რაც შემიძლია და სანამ ვიცოცხლებ, ამ თაობას მუდამ შევახსენებ, რომ სამშობლო ერთადერთია და მის საპირწონეს ვერაფერს ვერსად იპოვის..."

"გასატანი ჩემი გავიტანე ლელო,/ გულმაც გაიარა უკვე გასავლელი,/ როგორ მოგეფერო, ჩემო სანატრელო,/ იცი, შენ გეკუთვნის თვით სიცოცხლე ჩემი./ ბევრი კარგი ვნახე, ბევრიც განსაცდელი,/ ვინ რა იცის ხვალის, ცოტა დამრჩა კიდევ,/ რომ ველოდი ადრე, იმას დღესაც ველი,/ ერთი კაცის ცოდვა, ერთმა კაცმა ვზიდე,/ არც არაფერს ვნანობ, არც არაფერს ვითხოვ,/ ისე მიდის მდორედ ამ ცხოვრების დღენი./ როცა სურდეს, მაშინ, მაშინ მომაკითხოს,/ ბოლოს მაინც უნდა ჩამოვართვა ხელი".

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს მწერლის ოჯახს და მთელ საქართველოს.