საჩუქრები მეტობით და ახალი წლის შეხვედრა ლონდონში - გზაპრესი

საჩუქრები მეტობით და ახალი წლის შეხვედრა ლონდონში

რომელია გამორჩეული ახალი წელი ამა თუ იმ ადამიანისთვის - ამ თემაზე გვესაუბრებიან მხატვარი მურაზ მურვანიძე და ბიზნესმენი შალვა გვარამაძე.

„საჩუქრებისთვის თადარიგს ადრე ვიჭერ“

მურაზ მურვანიძე:

- ახალი წელი ჩემთვის არის დღე, როცა ერთად ვართ ბავშვებიც, უფროსებიც და შეკრების ადგილია ოჯახი. ამით ვარ ბედნიერი, თორემ ზოგადად ახალი წელი არ მიყვარს, პირობითი დღეა. სახლში ნაძვის ხე არ მიდგას, მხოლოდ ერთი ტოტი ჩამოვკიდეთ. ჩემთვის ახალი წელია ნებისმიერი დღე, როცა ვიგებ კარგ ამბავს, ვთქვათ, ვიღაცამ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა ან მხატვრის ნამუშევარი აღიარეს... ყველა მოვლენა, რაც წაადგება საქართველოს, მახარებს და ეს არის ჩემთვის დღესასწაული. ჰოდა, მაშინ ვსხდებით ერთად ბიჭები ან მე და ვიღაც (შეიძლება მარტოც ვიყო) და პატარა სუფრით აღვნიშნავთ ხოლმე. ღმერთმა ქნას, რომ წელიწადის 365 დღე იყოს გასახარი. როცა უცხოეთში ვმუშაობდი, ყოველ ახალ წელს საქართველოში მოვისწრაფოდი, რათა ბავშვები მენახა. საჩუქრებისთვის თადარიგს ადრე ვიჭერ და როცა მოვაგროვებ, ტომარაში ვათავსებ. თან, საჩუქრები მეტობით მიმაქვს, შემოსწრებულ ხალხსაც რომ დავურიგო. ხომ არსებობს „ძედ მაროზ“, მე ვარ „ძედ მურაზ“. საერთოდ, თოვლის პაპა და მის როლში ყოფნა (ტანისამოსს არ ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს. როცა შესაძლებლობა მაქვს ხოლმე, განსაკუთრებული საჩუქრების კეთება მიყვარს. მაგალითად, მანქანას რომ ვჩუქნი ვინმეს, ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება. ავტომობილი მიჩუქებია შვილებისთვის, ძმისთვის, შვილიშვილისთვის... სიმდიდრე არ მიყვარს, მაგრამ იმისთვის მინდა, რომ ასეთი რამეები ჩავიდინო. ჩემი გმირია და მომწონს ფიცჯერალდის რომანის პერსონაჟი ჯეი გეტსბი, რომელიც ინკოგნიტოდ გზავნის საჩუქრებს და ამით ხარობს. თავად მივიღებ თუ არა საჩუქარს, ამას ყურადღებას არ ვაქცევ და საერთოდაც, არ მიყვარს საჩუქრები. მირჩევნია, ჩემთან მოვიდეს ხალხი საჩუქრის გარეშე!

- ახალი წლის ღამეს გადაცემებს უყურებთ თუ ქალაქში გადიხართ და კონცერტს ესწრებით?

- არ გავდივარ გარეთ... მოგეხსენებათ, ბევრჯერ გამიფორმებია თბილისში საახალწლო ზეიმი და რაც მთავარია, ნაძვის ხე გავაკეთე თავისუფლების მოედანზე. იმდენი მლანძღეს, როცა ამას ვაკეთებდი, - შე არაკაცო, ჩვენს სიწმინდეს შეეხეო... ჩემი მოსაზრებით, ეს იყო წმინდა შუქი ზეციდან ჩამოსული, რომელშიც ნაძვის ხე ნარნარად აისახა. პირველივე წელს ამ ნაძვის ხეს „სიენენმა“ მსოფლიოს ათეულში მე-7 ადგილი მიაკუთვნა. მერე ყოველ წელს ვიმეორებდი და ვაფორმებდი ნათურებით, სტრინგებით... ზედმეტი არაფერი იყო. ამ ულამაზესმა ნაძვის ხემ 5-6 წელი იარსება. ამავე დროს, მეშვიდედან მესამე ადგილზე გადავიდა ისევ „სიენენის“ რეიტინგით. შემდეგ მოვიდა ახალი მერი კალაძე და მოინდომა მისი გაუმჯობესება, თუმცა შედეგად დაეკარგა პროპორციები და სილამაზე. რამდენ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, - როგორ ველოდებით ახალ წელს, რომ თქვენი ნაძვის ხის ყურებით დავტკბეთო. ძალიან დიდი ჩანაფიქრი მქონდა მთაწმინდის პარკში სწორედ ახალ წელთან დაკავშირებით, ბომბორასა და მისი მეგობრების მონაწილეობით საოცარი წარმოდგენის მოწყობას ვფიქრობდი, მაგრამ არ დაგვაცადეს...

- რა საახალწლო სურვილი გაქვთ?

- მინდა, რომ ამ წელს ჩვენი ერის წარმომადგენლებს ერთმანეთი შეგვიყვარდეს; მარტო ცუდს ნუ ვეძებთ, კარგიც დავინახოთ.

ლონდონში გატარებული ახალი წელი

shalva-gvaramaze-copy-1704703627.jpg

შალვა გვარამაძე:

- ერთ ახალ წელს შემთხვევით ინგლისში შევხვდი იმიტომ, რომ ჩემი ბილეთების პროვაიდერს რიცხვი შეეშალა, გაგრძელდა ჩემი იქ ყოფნის დრო და 21 დეკემბრიდან ორ იანვრამდე ლონდონში ვიყავი. ინგლისელებისთვის ახალი წელი არაფერია, მთავარია შობის დღესასწაული. 24 დეკემბერს შუადღეზე ყოველგვარი საქმიანობა ჩერდება, საღამოს მიდიან ეკლესიაში. ყოველ წელს საახლობლოდან ერთ-ერთი ოჯახი მასპინძლობს მთელ სანათესავოს, ეს წინასწარ იციან და მასთან იკრიბება დაახლოებით 30-35 ადამიანი. იმ ოჯახში აუცილებლად დგას დიდი ნაძვის ხე, თითოეულ ნათესავს მოაქვს სხვისთვის გამზადებული საჩუქარი შეფუთული ყუთით, რომელსაც დებს ნაძვის ხესთან. 25 დეკემბერს მასპინძელი ხსნის ყუთებს, ამას „ბოქსინგ დეი“ ჰქვია (ანუ შობის გაგრძელება). ყუთს აწერია ვისი საჩუქარია და ვინ გამოუგზავნა. მე იმ ოჯახში მოვხვდი ჩემი უკრაინელი მეგობრის საშუალებით, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, ის ინგლისელების რძალია. სტუმარი ვიყავი, თუმცა მეც მაჩუქეს საათი. მთავრდება „ბოქსინგ დეი“ და ოჯახი ყველას რესტორანში ეპატიჟება. აპერიტივის დაგემოვნების დროს მიდის გაცნობა. ყველას აინტერესებდა, იქ საიდან მოვხვდი და ვინ ვარ? მერე იწყება სადილი და რამაც გამაკვირვა, მაგიდაზე არაფერი იდო. ყველა პერსონალურად უკვეთს იმას, რაც სურს. სადილი დამთავრდა და თეფშები გაიტანეს. უცნაური იყო ისიც, რომ 26, 27 და 28 დეკემბერს ტაქსის ვერ გამოიძახებ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. მანქანა უნდა გყავდეს, სადმე რომ წახვიდე. მხოლოდ 30 რიცხვში გამოჩნდა პირველი ტაქსი, მანამდე სასტუმროში ვიყავი. მოდის 31 დეკემბერი და არაფერი - ჩვეულებრივი დღეა, პირველ იანვარს დასვენების დღე აქვთ და ორში უკვე სამსახურში გადიან. მე ორ იანვარს გამოვფრინდი საქართველოში. ასეთი მოგონებები დამრჩა ლონდონში გატარებული შობა-ახალი წლიდან.

საქართველოში ბოლო დროს მოდაში შემოვიდა 31 დეკემბრის შეხვედრა სასტუმროში, არ ვიცი, რამდენად სწორია. ჩემთვის ეს რიცხვი არის ერთი კალენდარული დღე, როცა წელიწადი უნდა დამთავრდეს. ჩვენ, ქართველები 25 დეკემბერს არ ვზეიმობდით და ამის სანაცვლოდ დაინერგა 31 დეკემბრის აღნიშვნა, რასაც დიდი და საზეიმო ელფერი მიენიჭა. პირადად მე, ახალ წელს არ ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ნამდვილი დღესასწაული შობაა.

ნანული ზოტიკიშვილი