ბალეტის ჯადოსნური სამყარო და შვილთან ერთად სამყაროს თავიდან გაცნობის გზა... - გზაპრესი

ბალეტის ჯადოსნური სამყარო და შვილთან ერთად სამყაროს თავიდან გაცნობის გზა...

„...სამსახიობო სცენები თვით ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან გავიარეთ, რაც დიდი პატივია. მახსოვს, თავიდან რეპეტიციაზე საჩვენებლად თავად ქალბატონი ნინო განასახიერებდა ნიკიას და იქ ისეთი სცენაა, ჰამზათი ნიკიას უხეშად ჰკიდებს ხელს და მე შეხებაც კი მერიდებოდა...“ - ამბობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმაბალერინა თათა ჯაში, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთან სასაუბროდ დრო გამოყო...

- როგორც ვიცი, 2023 წელი თქვენთვის შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერი იყო...

- დიახ, ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო, ბევრი დებიუტი და ასევე, ძალიან წარმატებული გასტროლი მქონდა ამერიკასა და იტალიაში. ასევე, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბევრი პრემიერა შედგა, ჩვენს რეპერტუარს ულამაზესი საბალეტო დადგმები შეემატა, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის დამსახურებაა.

- გასტროლებზე გვიამბეთ...

- ამერიკის 5 შტატში ვიმოგზაურეთ და არც მეტი, არც ნაკლები, ბალანჩინის სამი ბალეტი გვქონდა წაღებული. მოგეხსენებათ, ამერიკა ბალანჩინის ბალეტის სამშობლოა და უზომოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო იქ ცეკვა, მით უმეტეს, ჩვენთვის, რადგან ბალანჩინი, იგივე ბალანჩივაძე წარმოშობით ქართველი გახლდათ. ასევე გვქონდა იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი, რომელიც ქართულ მუსიკასა და მოტივებზეა დადმული. გარდა უცხოელებისა, ბევრი ქართველი ემიგრანტი იჯდა დარბაზში, რომლებმაც მოგვიანებით საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს... იტალიაში ყველასთვის საყვარელი ბალეტი "დონ-კიხოტი" წავიღეთ, ამ სპექტაკლმაც დიდი ოვაციებითა და წარმატებით ჩაიარა. სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო გასტროლი იგეგმება...

2023 წლის მთავარი პრემიერა ჩვენი თეატრისთვის გახლდათ ცნობილი ბალეტი "ბაიადერა". მასზე დიდი გუნდი მუშაობდა სრული დატვირთვით - კოსტიუმები, განათება, დეკორაციები, დადგმა და ა.შ. ყველა ძალიან ვღელავდით, რადგან ტექნიკურადაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი ბალეტია. ხელმძღვანელობიდან დაწყებული, მოცეკვავეებით დასრულებული, ყველანი თავდაუზოგავად ვშრომობდით, რათა მაყურებლისთვის ინდოეთის ეს ჯადოსნური სამყარო მაქსიმალურად ეფექტურად გვეჩვენებინა, რაც მგონი, გამოგვივიდა. სხვათა შორის, სწორედ "ბაიადერაში" შევასრულე ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო პარტია ჰამზათი...

- მაყურებელმა ოვაციებით დაგაჯილდოვათ, მაგრამ თავად რამდენად კმაყოფილი ხართ?

- საკმაოდ დატვირთული პარტიაა როგორც ტექნიკურად, ასევე სამსახიობო ოსტატობის კუთხით. ქალბატონ ტატიანა რასტორგუევასთან გავდიოდი რეპეტიციას, რომელიც ყველა მოცეკვავეს, სოლისტსა თუ კორდებალეტს, სულ გვამხნევებდა. ქორეოგრაფის-პედაგოგის ასეთი მხარში დგომა მოცეკვავისთვის დიდი მოტივაციაა. სამსახიობო სცენები თვით ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან გავიარეთ, რაც დიდი პატივია. მახსოვს, თავიდან რეპეტიციაზე საჩვენებლად თავად განასახიერებდა ნიკიას და იქ ისეთი სცენაა, ჰამზათი ნიკიას უხეშად ჰკიდებს ხელს და მე შეხებაც კი მერიდებოდა...

სცენაზე გასვლის წინ, ცხადია, ზომაზე მეტად ვღელავდი, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერის ცეკვა, მით უმეტეს, იმ როლის, რომლის შესრულებაც ამდენი ხნის ნატვრა იყო ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ჩემი ცეკვით კმაყოფილი არასდროს გახლავართ, მაგრამ მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, რაც მახარებს...

- ბავშვობიდან მოყოლებული, დიდი აღმასვლა და ბევრი სირთულეც გქონდათ... დღევანდელი გადასახედიდან, წარსულზე რას ფიქრობთ?

- საკმაოდ რთული პროფესიული გზა გავიარე... ზოგადად ბალეტი ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ უზადო ფიზიკურ მომზადებას, არამედ ფსიქოლოგიურ მზაობას და გამბედაობას. ბალეტს თუ მიუძღვნი თავს, ის ხდება არა შენი ცხოვრების ნაწილი, არამედ თავად შენი ცხოვრება...

ჩემი კარიერული გზა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ არცთუ იღბლიანად განვითარდა. გერმანიაში მუშაობის და თავბრუდამხვევი წარმატების პერიოდში მიღებულმა ტრავმამ ფაქტობრივად, ცეკვაზე უარი მათქმევინა და სამწელიწად-ნახევარი არ ვცეკვავდი... ალბათ წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმაც იყო. ის, რასაც ბავშვობიდან მივუძღვენი თავი და რამაც წარმატების გემო შემაგრძნობინა, სცენის მტვერი შემასუნთქა, აღარ მქონდა. შესაძლოა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ თითქოს ცხოვრების აზრი დავკარგე მაშინ. სხვა პროფესიები შევისწავლე, მაგრამ თავს კომფორტულად ვერსად ვგრძნობდი. საბოლოოდ, მიუხედავად რთული პოსტტრავმული რეაბილიტაციისა, ამხელა პაუზის შემდეგ მაინც არ დავნებდი, ბედი ვცადე და შევძელი ფორმაში ჩადგომა. ჩვენი თეატრიც გვერდში დამიდგა და დღეს რომ კვლავ ვცეკვავ, სწორედ მათი მხარდაჭერის დამსახურებაა.

- როგორ ახერხებთ იყოთ პროფესიულად წარმატებული და საუკეთესო დედა?

- ისეთი არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს, მისი დედობა სულაც არაა რთული. ძალიან შეგნებული ბავშვია, ესმის, რომ დიდი დატვირთვა მაქვს და ვიღლები, სპექტაკლების დღეს გვიან ვბრუნდები და ხანდახან გასტროლზე მიწევს სიარული. მეც, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოაკლდეს და ყველა აქტივობაში ვერთვები. ბევრჯერ შინ ძალიან დაღლილი მივსულვარ, მაგრამ მასთან ერთად მითამაშია ან სასეირნოდ წავსულვარ. თუ მართლა წაქცევის პირას არ ვარ, არასდროს ვეუბნები უარს მსგავს გართობაზე. ამით თავს არ ვიქებ, ვფიქრობ, ეს ელემენტარულია, რაც შემიძლია ჩემს შვილს გავუკეთო, რადგან მისთვის და ცხადია, ჩემთვისაც, ერთად გატარებული დრო არის ყველაზე ძვირფასი...

- თქვენთვის კლასიკა უფრო მნიშვნელოვანია თუ თანამედროვე დადგმები?

- კლასიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში, თუმცა თანამედროვე ცეკვაც საინტერესოა, რადგან სხეულის სულ სხვა კუნთები მუშაობს, განსხვავებული გამოცდილებაა. არის რამდენიმე თანამედროვე ბალეტი, რომლის ცეკვაც ჩემი ოცნებების სიაშია...

- ფოტოსესიები, პოდიუმი...

- ძალიან მიყვარს ფოტოსესიები და პოდიუმზე გამოსვლაც. ჩემი ერთ-ერთი ჰობი სწორედ ფოტომოდელობაა, მიყვარს სხვადასხვა ტიპაჟის მორგება. რამდენიმე ფოტოხელოვანი უკვე ჩემი მეგობარია და პერიოდულად სხვადასხვა გიჟურ იდეას ვახორციელებთ. წლების განმავლობაში, ეს ჰობი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდაც იქცა, მაგრამ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ახლა ბევრ შემოთავაზებაზე უარის თქმა მიწევს - თეატრის გაცდენა სხვა საქმის გამო, ჩემთვის დაუშვებელია!

img-6938-copy-1704703963.jpg

- რაში მდგომარეობს თქვენი სილამაზის საიდუმლო?

- მიხარია, თუ თვლით, რომ კარგად გამოვიყურები. უპირველეს ყოვლისა, აქტიური ფიზიკური დატვირთვა, კვების რეჟიმი და ალბათ, გენეტიკაც კარგი მაქვს. ზოგადად, თავის მოვლა მიყვარს და ამდენი გრიმის მერე აუცილებელიცაა კანის განსაკუთრებულად მოვლა.

- ინფლუენსერობაზე რას იტყვით?

- ინფლუენსერად ვერ ვხედავ ჩემს თავს. თუმცა, მყავს საკმაო რაოდენობის აუდიტორია, ვინც ყოველდღიურად მადევნებს თვალს და ეს რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობაა. ვცდილობ, მათ საინტერესო კონტენტი შევთავაზო. ვისურვებდი უფრო აქტიური ვიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ... სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით ვიღებ შეტყობინებებს და დიდ სითბოს იმ ადამიანებისგან, ვინც ჩემს სპექტაკლს დაესწრო, რაც ძალიან მაბედნიერებს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი სამომავლო გეგმები ძირითადად ბალეტს უკავშირდება. თავისუფალი დრო კი მინდა, შვილთან ერთად გავატარო, მასთან ერთად ხელახლა აღმოვაჩინო სამყარო და ვისწავლო. მეც ხომ პირველად ვიძენ გამოცდილებას, როგორც დედა და შვილთან ერთად გავდივარ ამ საინტერესო გზას.

მანანა გაბრიჭიძე