დათო კვირცხალიას საახალწლო მოგონებები - გზაპრესი

დათო კვირცხალიას საახალწლო მოგონებები

"ჩემი შვილი დღემდე "გრიშას" მეძახის, ვერ გადაეჩვია", - ამბობს მსახიობი დათო კვირცხალია, რომელიც 50 წელია რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. "რომეო და ჯულიეტა", "თეთრი ბაირაღები", "ყვარყვარე თუთაბერი", "იულიუს კეისარი", "მეფე ლირი", "თორმეტი განრისხებული მამაკაცი"... - ეს იმ სპექტაკლების არასრული სიაა, რომელშიც მსახიობს მონაწილეობა მიუღია...

- ბატონო დათო, რას ნიშნავს თქვენთვის შობა-ახალი წელი?

- ახალ წელს მთელი მსოფლიო ახალი გეგმებით და იმედით ეგებება. ამ დღესასწაულს თითქმის ყველგან ერთნაირად აღნიშნავენ: ათასფრად მოციმციმე ნაძვის ხეები, საზეიმო განათებები, თოვლის პაპები - ეს ყველაფერი შობა-ახალი წლის დღეებს ძალიან ალამაზებს. ყველა ცდილობს, დამდეგს გემრიელად შეხვდეს, ოჯახს ხვავი და ბარაქა უსურვოს. ჩვენი ქვეყანაც ზეიმობს და აღნიშნავს, თუმცა ჩვენ განსხვავებული თავისებურებებიც გვაქვს.

- იმას გულისხმობთ, რომ საქართველოში შობას და ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ?

- ცხადია, ამასაც ვგულისხმობ. უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ ერთი დღესასწაულის ორჯერ აღნიშვნა გამართლებული არ არის. ეს მიდგომა არაერთმა ქვეყანამ შეცვალა და უმეტესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს, ჩვენ ისევ ძველებურად... რაც თავი მახსოვს, ეს საკითხი სულ საკამათოა, ამიტომ ჩვენი მეცნიერები და სასულიერო პირები უნდა დასხდნენ და ყველაფერი ობიექტურად გადაწყვიტონ.

- ეს ზეიმი როგორი იყო თქვენს ბავშვობაში?

- ყველაზე ტკბილად 14 იანვარი, ანუ კალანდა მახსენდება, რომელსაც გურულები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ბაბუაჩემის ძმა ლანჩხუთში ცხოვრობდა. ბავშვებს ლამაზად გამოგვაწყობდნენ, ახალ ტანსაცმელს ჩაგვაცმევდნენ და ლანჩხუთში მივყავდით, რომ კალანდა აღგვენიშნა. ჩვენ სამტრედიაში ვცხოვრობდით და შობა-ახალ წელს სოფელ მარანში ვატარებდით, რომელიც იმერეთის და სამეგრელოს საზღვარზე მდებარეობს. მარანი ძალიან ლამაზი, კოხტა სოფელია, სადაც კვირცხალიებიც ცხოვრობენ, კობახიძეებიც, ძიძიგურებიც და სხვა გვარებიც... ახალი წლის მოსვლა ხომ მიხაროდა, მაგრამ კალანდა ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებული დღე იყო: ამ დღეს ნათესავები ვხვდებოდით ერთმანეთს, მოვიკითხავდით და შობა-ახალ წელს ვულოცავდით. სხვათა შორის, ჩვენს გვარს საინტერესო წარმომავლობა აქვს: ის კვირაცხოვლობასთანაა დაკავშირებული. მართალია, მეგრული გვარი ჰქონდა, მაგრამ მამაჩემმა, აბესალომ კვირცხალიამ მეგრული საერთოდ არ იცოდა. დედა მეგრელი მყავდა - ელენე თოფურია, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ძალიან ტკბილი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. თუმცა, პირველად რომ ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი, ლამის შეიცხადეს.

- რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ ადრე ჩვენს ოჯახში მსახიობი არავინ ყოფილა. ერთადერთი, ვინც მხარში ამომიდგა და ჩემი არჩევანი დაიცვა, ბიძაჩემი იყო. მოგვიანებით გრიშა კაკაჩიას პროტოტიპი სწორედ ის გახდა. ოთარი ბიძიას რომ უთხრეს, დათოს თეატრალურზე უნდა ჩაბარებაო, მეგონა, დამტუქსავდა, მაგრამ პირიქით მოხდა - გამამხნევა, შემაქო... მამაჩემი ავიაკონსტრუქტორი იყო, 31-ე ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ იქ მოიწამლა, მუშაობა ვეღარ შეძლო და ამიტომ გადავედით სამტრედიაში საცხოვრებლად. მერე დედასთან ერთად, სკოლაში მუშაობდა. მამა იმდენად უყვარდა ყველას, რომ მარანში, მის დაკრძალვაზე, ათას კაცზე მეტი ჩამოვიდა.

teatrshi-1704718582.jpg

- სკოლაც ამ სოფელში დაამთავრეთ?

- არა, სოფელში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, ჩვენ სამტრედიაში ვიყავით, საიდანაც მარანი 5 კილომეტრში მდებარეობს. ეს გზა - სამტრედიიდან ჩემს სოფლამდე, ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებად მრჩება...

საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, სცენაზე 10 წლიდან გამოვდიოდი და პოპულარული მოსწავლე გახლდით. ძალიან ადრე მივხვდი, რას ნიშნავს, როცა სცენიდან კულისებში გადიხარ და მაყურებელი ტაშს გიკრავს. მსახიობობაც სწორედ ამან გადამაწყვეტინა. იმის გამო, რომ სცენაზე ხშირად ვიდექი, პრივილეგიებით ვსარგებლობდი: ჩემს ბავშვობაში ცელქ და ონავარ ბავშვებს თმას გადაპარსავდნენ ხოლმე, ეს დასჯის ერთ-ერთი ხერხი იყო. ბიჭები, ყველა ერთმანეთზე ცელქები ვიყავით, მაგრამ ჩემთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა: ქოჩორი აუცილებლად უნდა მქონოდა. დაახლოებით 11 წლის ვიყავი, სამტრედიაში "ცეკას" მაშინდელი მდივანი - ვასილ მჟავანაძე რომ ჩამოვიდა. მან ჩემთან ფოტოსურათის გადაღება მოინდომა, გადაგვიღეს და მერე ეს ფოტო თითქმის ყველა გაზეთში დაიბეჭდა. გავიდა წლები, სკოლა დავამთავრე და 1967 წელს, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ მხოლოდ 17 წლისა ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, გამართლება იყო ეს თუ თქვენი ნიჭის გამო მიგიღეს?

- მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი პროფესიის 50 პროცენტი გამართლებაზეა დამოკიდებული, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თეატრალურში უნიჭო კაცი ვერ მოხვდება. რამდენიმე ათეული პარამეტრია, რომლის გარეშეც იქ არ მიგიღებენ: ფიზიკური მონაცემები, სმენა, გარეგნობა... ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან. თანაც, მე რომ ვაბარებდი, თითქმის ყველა აბიტურიენტი ვიღაცის შვილი ან ახლობელი იყო. კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხორავა გახლდათ, ხოლო სულმნათი გიზო ჟორდანია - ერთ-ერთი წევრი. სწორედ მან მომაქცია ყურადღება, რადგან იმ წელს ჯგუფი აჰყავდა. იქვე იყო გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე, რომელმაც ჩუმად მითხრა: "ახალგაზრდა, თქვენ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ, მაგრამ თუ დამიჯერებთ და მომდევნო გამოცდაზე სხვა იგავ-არაკს წაიკითხავთ, უკეთესი შედეგი გექნებათო. მეც, დავუჯერე და პირველ წელსვე ჩავაბარე. ახლა რომ ვფიქრობ, დიდი გამართლება იყო ისიც, რომ მეორე კურსიდან რუსთაველის თეატრში მოვხვდი, რომ პეტრე გრუზინსკის შვილთან - ნუგზართან ვმეგობრობდი. ბატონმა პეტრემ მოინდომა, რომ მათთან მეცხოვრა და თავის სახლში გადამიყვანა. იქ სულ სიმღერისა და მუსიკის ხმა ისმოდა, მოდიოდნენ ცნობილი მწერლები, მუსიკოსები და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ცოტა ხანში გიზო ჟორდანია გერმანელ რეჟისორთან გადავიდა სამუშაოდ, ჩვენი ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა და თავის ჯგუფს შეუერთა. მაშინ ბატონ მიშას ჯგუფში მოხვედრას ნატრობდნენ, აბიტურიენტები მას ელოდებოდნენ და არ აბარებდნენ. ის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და დღემდე რჩება ქართული თეატრის ისტორიაში.

- როგორ აღმოჩნდით რუსთაველის თეატრში?

- ესეც სრულიად მოულოდნელად მოხდა: მე და დიდებული მსახიობი ნანი ჩიქვინიძე ჯგუფელები ვიყავით. მეორე კურსზე გახლდით, როცა ერთ-ერთ სპექტაკლში, გოგი ქავთარაძე და ბელა მირიანაშვილი ჩავანაცვლეთ, რომელიც შეუძლოდ გახდა. ეს იყო რობერტ სტურუას დადგმული "ვახშმობის წინ". იცით, ვის გვერდით ვთამაშობდით? - გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, ეროსი მანჯგალაძე, ზინა კვერენჩხილაძე - აი, ამ ვარსკვლავების გვერდით! ასე დავრჩი ამ საოცარ გარემოში და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ქართული თეატრის ფანტასტიკურ სამყაროში. 50 წელიწადზე მეტია უკვე, ამ სცენაზე ვდგავარ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი გამეკეთებინა, იმის შესაძლებლობაც მქონდა, რომ თეატრი მიმეტოვებინა, მაგრამ ვერ მივატოვე: ეს ჩემი საქმეა, რომელსაც ამდენი წელია ვემსახურები და მართლა მიყვარს. თეატრში სწორედ ამ სიყვარულმა უნდა გაგაჩეროს, თორემ მდიდარი მსახიობი საქართველოში გინახავთ?..

bavshvebi-1704718553.jpg

- შვილებმა თუ მოინდომეს მსახიობობა?

- ორი შვილი მყავს - ელენე და რუსუდანი. მსახიობობა უნდოდათ, მაგრამ არ ვურჩიე. ძალიან შემეშინდა, რადგან ქალისთვის ეს პროფესია ორმაგად რთული და მძიმეა. დამიჯერეს და დღეს რუსუდანი სატელევიზიო სფეროში საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია, ელენემ ოჯახი შექმნა და ძალიან ლამაზი შვილები ჰყავს - დათი და მარიამი. ორივე ბაბუას სიხარული და იმედია!

მე და ჩემი მეუღლე, ქეთევან მესხი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ, ამიტომ, არჩევანი მასზე რომ გავაკეთე, არავის გაჰკვირვებია: მეზობლები ვიყავით და მის ოჯახშიც ყველამ იცოდა, რომ მომწონდა. 52 წელია ერთად ვართ. ის სრულიად განსხვავებული პროფესიისაა: ექიმი-ბიოლოგია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ ჩემს პროფესიაში ბოლომდე დავხარჯულიყავი.

- გამორჩეული როლები თუ გაქვთ?

- იმ მსახიობების რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც ყველა როლი თავისებურად ძვირფასია. მათ ერთმანეთისგან ისე ვერ ვარჩევ, როგორც შვილებს. 50 წელია რუსთაველის თეატრში ვარ, რობერტ სტურუას გვერდით - აბა, სხვა რითი უნდა იამაყოს ადამიანმა? მეამაყება, რომ ისეთ ხალხთან ვმეგობრობდი, როგორებიც იყვნენ თამაზ კვაჭანტირაძე და გურამ დოჩანაშვილი; დიდებული პეტრე გრუზინსკის წყალობით გავიცანი რევაზ ლაღიძე და ვაჟა აზარაშვილი - ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და შემოქმედი. მითამაშია თენგიზ არჩვაძესა და ოთარ კობერიძესთან ერთად. ჩემთვის თეატრალური სამყარო ერთი დიდი, ლამაზი ცისქვეშეთია, სადაც სასწაულები ხდება. დიდი საჩუქარი გამიკეთა ცნობილმა მწერალმა, როსტომ ჩხეიძემ, რომელმაც ერთ-ერთ წიგნში დაწერა, როგორ იყო წლების წინ რუსთაველის თეატრში, მამასთან - ოთარ ჩხეიძესთან ერთად, რომელიც ქართული ლიტერატურის აღიარებული კლასიკოსია და როგორ გადაულაპარაკა ბატონმა ოთარმა: ეს ბიჭი, დათო კვირცხალია, ძალიან კარგი მსახიობი გახდებაო. არ ვარ ტრაბახა, მაგრამ როცა ოთარ ჩხეიძე შენზე ასეთ რამეს იტყვის, ამაზე უკეთესი რა უნდა მოისმინო?

- ამდენი წელია რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობთ და პოპულარობა გრიშა კაკაჩიას როლმა მოგიტანათ, ეს როლიც სხვებივით ძვირფასია თქვენთვის?

- რასაკვირველია: ეს როლი უფალმა, როგორც საჩუქარი, ისე გადმომიგდო. თავდაპირველად შემეძლო უარი მეთქვა, რადგან ეპიზოდური როლი იყო, მაგრამ მერე, მთელი ექვსი სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. საქმე ისაა, რომ ახალ, ძალიან საინტერესო სფეროში მოვხვდი, უნიჭიერესი ხალხის - ქეთი დევდარიანის, გიორგი ლიფონავას და სხვების გვერდით. უნიჭიერესი შემოქმედებითი ჯგუფი დამხვდა, კვირაში სამ სერიას ვიღებდით და ამ ფერხულში თავისთავად ჩავები. რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, როცა ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობ და მომავალშიც სიამოვნებით ვითამაშებ, თუ დამიძახებენ. ზოგჯერ მეკითხებიან, რაღაც კონფლიქტი ხომ არ მოგსვლიათო? არავისთან, არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია. შესაძლოა, გრიშა კაკაჩიამ უკვე ამოწურა თავი, მაგრამ ამ როლმა ბევრი სიხარული მომიტანა: ზოგიერთი დღესაც "გრიშა კაკაჩიას" მეძახის. ჩემს შვილსაც, ტელეფონში, ჩემი სახელის ნაცვლად, "გრიშა" უწერია...

მსახიობის ცხოვრებაში პატარ-პატარა სიურპრიზები და სიხარული არ ილევა: ამას წინათ, რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებით საღამოზე, მისი როლის შესრულება მთხოვეს და რამაზის კოსტიუმი ჩამაცვეს, საოცარი განცდა დამეუფლა. იმ საღამოს მივხვდი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოხვალ, ასეთი მსახიობის კოსტიუმს ჩაგაცმევენ, მის როლს შეასრულებ და ხალხი ტაშს დაგიკრავს! ამიტომაც ვამბობ, რომ ნებისმიერი როლი, ეპიზოდურიც კი, ჩემთვის ძვირფასი და განუმეორებელია!

- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას ახალი, 2024 წლისთვის?

- პირველ ყოვლისა, მშვიდობას ვუსურვებ, რადგან კარგ ომს ყოველთვის ცუდი მშვიდობა ჯობია. ქართველ პოლიტიკოსებს კი ვთხოვდი: მოვუფრთხილდეთ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო, ამდენი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენს ხალხს დღეგრძელობას, ჯანის სიმრთელესა და ხანგრძლივ მშვიდობას ვუსურვებ - ამაზე უკეთესი ადამიანმა რა უნდა ინატროს?!

ხათუნა ჩიგოგიძე