"სისუსტეს არ დაგანახვებდა, ძალიან ძლიერი სულის გოგო გახლდათ" - გზაპრესი

"სისუსტეს არ დაგანახვებდა, ძალიან ძლიერი სულის გოგო გახლდათ"

3 იანვარს გამთენიისას, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მოცეკვავე მარი ბაბეტას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაბეტა შარდენთან გადადიოდა გზაზე, როცა მანქანა დაეჯახა. იმდენად ძლიერი შეჯახება იყო, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა. მანქანის მძღოლს მიმალვა არ უცდია. ის ტრაგედიის ადგილას მისულმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ჩატარდა ექსპერტიზა და ტრაგედიის რეალურ მიზეზებს ახლა არკვევენ.

მარი ბაბეტას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა ვერსია, ჟურნალისტებთან მისი ერთ-ერთი მეგობარი იმასაც ამბობდა, რომ ახალგაზრდა ქალი დეპრესიაში იყო, მას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა, ამიტომ არ გამორიცხავდა, რომ ამ მამაკაცმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე; იმასაც ამბობდა, ქალი ავტომობილს განგებ შეუვარდა, მანამდე კი მტკვარში გადახტომა სცადაო. სუიციდის ვერსიას კატეგორიულად უარყოფს მოცეკვავის უახლოესი მეგობარი გემა ხაგუში. ის დარწმუნებულია, რომ უბედური შემთხვევა იყო და მედიაში გაკეთებული განცხადება თავად იმ ბიჭის მოგონილია.

გემა ხაგუში, ბაბეტას მეგობარი:

- მარი ჩემი მეგობარი იყო, საოცარი ადამიანი, ძალიან თბილი, მაგრამ მისი გარეგნობის გამო ცოტა სხვანაირად უყურებდნენ. მოცეკვავე თუ ხარ და ასე გამოიყურები, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხარ. თვითონ ძალიან განიცდიდა ამ დამოკიდებულებას და არაერთხელ უთქვამს ეს თავის ინტერვიუშიც. ძალიან უნდოდა, ბედნიერება ეპოვა. სურდა თავისი ადგილი დაემკვიდრებინა ცხოვრებაში. ამისთვის ბევრს იბრძოდა, ბევრს შრომობდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ოჯახი რომ შექმნა, არ გაუმართლა, უთანხმოებები ჰქონდა და მეუღლეს გაშორდა. მერე შეყვარებულთან ჰქონდა უთანხმოებები და მასაც დაშორდა. გადაღლილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბევრს შრომობდა, ყველაფერს აკეთებდა შვილის გამო: მარის 14 წლის გოგონა დარჩა, მისთვის ცხოვრობდა. მოუსვენარი, ენერგიული, "გიჟი", ცეცხლივით გოგო იყო. თვითმკვლელობაზე რომ ლაპარაკობენ, ეს დიდი სისულელეა, არავითარ შემთხვევაში არ მოიკლავდა თავს და მანქანას არ შეუვარდებოდა. გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ასეთი უბედურება შეემთხვას. თან, როგორც ვიცი, მანქანის მძღოლიც ნასვამი იყო და მოხდა ეს ტრაგედია. მარი ადგილზე გარდაიცვალა... თვითმკვლელობას გამოვრიცხავ. დეპრესია ბევრს აქვს, მაგრამ ამის გამო თავს არ იკლავენ. როცა 14 წლის შვილი გყავს და იცი, მას შენ გარდა არავინ ჰყავს მზრუნველი, თვითმკვლელობაზე არ ფიქრობ.

- ტელევიზიით მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობდა, რომ მარი ბაბეტას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა, ეს ბიჭი მან ძალადობის გამო დააჭერინა და ციხიდან რომ გამოვიდა, ემუქრებოდაო.

- გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე. ის შეყვარებული ციხეში იჯდა. როგორც ვიცი, გამოუშვეს ოქტომბერში, მაგრამ მას მერე მარისთან კონტაქტი არ ჰქონია. ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მარი ბაბეტამ ამიტომ დააჭერინა. თითქოს ის ემუქრებოდა და ამის გამო თავი მოიკლაო, - ეს სისულელეა.

- როგორც ვიცით, ტრაგედიის ადგილას თქვენ მალევე აღმოჩნდით და ნახეთ გარდაცვლილი მეგობარი. ხომ არ იცით, ბაბეტა სად მიდიოდა?

- იმ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე ჰქონდა, იყო შარდენზე. ერთ-ერთ კლუბში ცეკვავდა, მაგრამ დღესასწაულები რომ იყო, ადრე გამოუშვეს. ეტყობა, ამის შემდეგ შარდენიდან მტკვრის მხარეს არსებულ ბარში გადავიდა, იქიდან ისევ უკან, ისევ შარდენის მხარეს გადმოდიოდა, როცა ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა. გზაზე ვეღარ გადავიდა, დაახლოებით 4-ის ნახევარი იყო, იმ ტერიტორიაზე ფეხით რომ ჩავიარე. ტაქსით მოვდიოდი, მაგრამ რადგან ამ ავარიის გამო გზა გადაკეტილი იყო, გარკვეული მანძილის ფეხით გავლა მომიხდა. სამწუხაროდ, ჩემი თვალით დავინახე, შავი პოლიეთილენის პარკში რომ იყო ცხედარი გახვეული, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ის ჩემი მეგობარი იქნებოდა?!. სავარაუდოდ, ღამით, სამის წუთებზეა ეს ავარია მომხდარი. ამ ფაქტის შემხედვარემ გზა რომ განვაგრძე, ვნერვიულობდი, ამ ახალ წელს რამ მანახა ეს ცხედარი-მეთქი?! ამ ფიქრებში გართული შარდენზე ავედი. ყველამ იცოდა იქ უკვე ეს ამბავი და ისიც, რომ მარი ჩემი მეგობარი იყო. მითხრეს. არ მინდოდა ამის დაჯერება. ნეტავ არ მენახა!.. მე რომ იქ ჩავიარე, პოლიციაც იყო და თვითონ ის მძღოლიც ადგილზე გახლდათ. მანქანა დალეწილია, ისეთი ძალით დაეჯახა. როგორც ვიცი, დაკავებული მამაკაცი ეროვნებით აზერბაიჯანელია. შეჯახების დროს გოგო სავარაუდოდ 2 მეტრზე ისროლა... ძალიან განვიცდი. თურმე ჩემი მეგობარი პარკში გახვეული წევს - ამის გააზრება იყო ჩემთვის დიდი შოკი. არადა, ჩვეულებრივი დღე ჰქონდა, არაფერი ისეთი, რომ ცუდად ყოფილიყო... ერთმა ადამიანმა, ლევანმა გაავრცელა ეს ინფორმაცია. იმ ბიჭმა ჩემს "ფეისბუკის" გვერდზე ნახა ჩემი სტატუსი და ასე გაიგო მომხდარი, მერე მე მწერდა, დეტალები აინტერესებდა, რაღაცები მომწერა, მაგრამ პასუხიც კი არ მქონდა გაცემული. მერე თვითონ დაურეკა ტელევიზიას და არასწორი ამბები მოუყვა, რაც გაშუქდა კიდეც. მე მას პირადად ველაპარაკე, - საიდან მოიტანე ეს ამბები? შეყვარებულს რომ დააბრალე ყველაფერი, არ გეშინია, გიპოვოს და ამის გამო პასუხი მოგთხოვოს-მეთქი? მისმა ნათქვამმა გამაკვირვა: უფ, ის მე რას მიპოვისო?!. ადამიანმა მოიტყუა უბრალოდ იმის გამო, რომ ტელევიზიისთვის ინტერვიუ მიეცა. ის არც მარის მეგობარი იყო, უბრალოდ ნაცნობი გახლდათ. მე ვუკრავდი კლუბში და ჩემგან გაიცნო მარი ბაბეტა. მერე კომენტარი სხვა ბიჭმაც გააკეთა, გურამმა. ის არის მარის მეგობარი, მაგრამ ტყუილია, რაც ითქვა, თითქოს თავის მოკვლა უნდოდა. თვითონ თხზავენ ამ ამბებს. რატომ უნდა იცოდეს მისმა 14 წლის შვილმა ეს ტყუილი?! რამე მსგავსი რომ ყოფილიყო, მარის არც ეკლესიაში დაასვენებდნენ. წესიც აუგეს, ჩვეულებრივად ტაძრიდან გამოვასვენეთ და დავკრძალეთ მუხათგვერდის სასაფლაოზე. დედამისმა რომ დამინახა, მეკითხებოდა, შენ მაინც მითხარი სიმართლე, მართლა თავი მოიკლა ჩემმა შვილმაო? ეს არ იყო ასე. სიცოცხლეში გადაუარეს და ახლაც ტყუილი გაავრცელეს. ბევრი ადამიანი ეფიცებოდა მარის მეგობრობას, მაგრამ სამძიმარზე და გასვენებაში არც კი მოსულან. ყოფილი მეუღლის ძმაკაცები და მათი ცოლები იყვნენ, ჭორიკანა მეზობლებიც, თორემ მისი მეგობრები იქ არ მინახავს; ერთი ბავშვობის მეგობარი გახლდათ, მე და კიდევ ერთი მეგობარი - ეს იყო სულ. მისი ყოფილი მეუღლე 2019 წელს გარდაიცვალა, მარი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. ორი თვის წინ მარის მამაც გარდაეცვალა, ახლა კი ეს ტრაგედია მოხდა!.. დარჩა დედა და 14 წლის გოგონა, რომელსაც, როგორც ვიცი, მამის ნათესავები წაიყვანენ ქუთაისში: ბაბეტას დედა შეზღუდული შესაძლებლობისაა და ფიზიკურად ვერ შეძლებს მის მოვლას ისე, როგორც ბავშვს სჭირდება. გოგონას ჰქონდა მამის ნათესავებთან ურთიერთობა და ისინი ამბობენ, ჯობია, ჩვენ წავიყვანოთ, უფრო მეტად მივხედავთო. ბებოს თავის მოვლა კი შეუძლია და მის გვერდით იქნება მარის ბიძაშვილი სანდრო. მან ყველაფერი გააკეთა მარისთვის, როგორც საჭირო იყო და ყველა წესის დაცვით მივაბარეთ მიწას.

- თავად მარი ტრაგედიის დროს ნასვამი ხომ არ იყო?

- შარდენიდან ჩასასვლელი კიბეა და ისე გადიხარ ცენტრალურ გზაზე. იქ მტკვრის სანაპიროზე კიდევ არის ბარი "სახელოსნო" და სავარაუდოდ, იქ იყო; ეტყობა, იქიდან მტკვრის მხრიდან გადმოდიოდა შარდენზე. თვითონაც ცოტა ნასვამი იყო და სამწუხაროდ, ამიტომ ვამბობ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. ძალიან განვიცდი. მზე და მთვარე ამოსდიოდა შვილზე. დეპრესიული იყო, მაგრამ ის, რომ თავისთვის რამე დაეშავებინა, გამორიცხულია... ის ჩემს მეხსიერებაში დარჩება ისეთივე ცეცხლი, ენერგიული, თბილი, ძალიან მებრძოლი სულის ადამიანი, როგორიც იყო რეალობაში. ახლა მისი სამეგობრო ვცდილობთ, ბავშვს და მარის დედას დავუდგეთ გვერდში. ცხოვრებიდან დაჩაგრული წავიდა. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი იყო. არადა, გოგო არ ჩერდებოდა, სულ ცდილობდა, კარგი ცხოვრება ჰქონოდა და ამისთვის მართლა ყველაფერს აკეთებდა. გული სტკიოდა, რომ ბედნიერება ვერ იპოვა, მაგრამ ისეთი გოგო იყო, მეგობრებსაც ბოლომდე არ ანახვებდა, რა უჭირდა. სისუსტეს არ დაგანახვებდა, ძალიან ძლიერი სულის გახლდათ, მარტო ებრძოდა ამ ცხოვრებას და ყველაფერს აკეთებდა შვილის საკეთილდღეოდ.

P.S. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა