განსაკუთრებული არდადეგები, "ზაფხული" ზამთარში და შობას ჩაფიქრებული ახდენილი სურვილები - გზაპრესი

განსაკუთრებული არდადეგები, "ზაფხული" ზამთარში და შობას ჩაფიქრებული ახდენილი სურვილები

"ინდოელ ტურისტებთან ერთად, შუა ქუჩაში ბევრი ვიცეკვეთ"

თიკო ბულია:

- ტრადიციულად, ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. თუ საახალწლო არდადეგებზე სამეგრელოში ვარ, მთელი სანათესავოს მონახულებას ვასწრებ. ძალიან ტრადიციული ახალი წელი მაქვს. ეს მომწონს კიდეც, მაგრამ ბევრჯერ სურვილი გამჩენია, ტრადიცია გამეთანამედროვებინა და ახალი წლის დღესასწაულს მეგობრებთან ერთად შევხვედროდი ან გარეთ გავსულიყავით. დღესასწაულზე ოჯახთან ერთად ყოფნა კარგია - არ უარვყოფ. უბრალოდ, მეგობრებთან ერთად სხვა ხიბლი აქვს, ოჯახთან და ნათესავებთან - სხვა...

- შენი ტრადიციული ახალი წელი როგორია?

- სამეგრელოში ახალი წლის შეხვედრა დიდი დღესასწაულია. საახალწლოდ იქ ჩასულებს მეგრული პურმარილი გვხვდება, მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა. უმეტესად, ჩვენთან ერთად ნათესავები არიან - ძველი თაობის ხალხი (სანათესავოში იმდენი ბავშვი არაა, რამდენიც - ძველი თაობის წარმომადგენელი)... მოკლედ, ზედმეტად ტრადიციული ახალი წელი გვაქვს სამეგრელოში.

- შეგიძლია, ზამთრის განსკუთრებული არდადეგები გაიხსენო?

- ეს ჩემს პროფესიას უკავშირდება - სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, რომ ყველაფერი კარგი ჩემს პროფესიასთან არ ასოცირდებოდეს (იღიმის): 2 წლის წინ, ბაკურიანში საახალწლო კლიპის გადაღებაზე ვიყავით. ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა, რადგან ჩემს კომფორტის ზონაში ვიყავი. თან, ახალი წლის დღესასწაული ახლოვდებოდა. გარეთ დეკემბრის სურნელი ტრიალებდა, გადასაღებ მოედანზე ვიყავი, კოლეგების გარემოცვაში... მიუხედავად იმისა, რომ იქ გადაღებისთვის ვიყავით წასულები, ძალიან ვერთობოდით. მაგალითად, დიდი ავტობუსით ინდოელი ტურისტების ჯგუფი იყო ჩამოსული. მათთან ერთად, შუა ქუჩაში ბევრი ვიცეკვეთ. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. რა თქმა უნდა, ამას გადაღების სიამოვნება ემატებოდა...

"არდადეგებს იმის მიხედვით ვგეგმავ, თუ რა ბიუჯეტი მაქვს "მოყუჩებული" და სად შემიძლია გავშპე"

salome-4-copy-1705250206.jpg

სალომე კოკუაშვილი:

- საერთოდ, ახალი წელი ძალიან მიყვარს. ვგიჟდები, ისე მომწონს დღესასწაულისთვის სამზადისი, განათებული ქალაქი, მორთული სახლები... ახალ წელს ან კონცერტის წამყვანის ამპლუაში ვხვდებოდი, ან აუცილებლად ბებოსა და პაპასთან ერთად, ბოლო წლებში - მხოლოდ ბებოსთან, რამდენიმე თვის წინ კი - ბებოც გარდაიცვალა, სამწუხაროდ... წელსაც ვმუშაობდი - ახალ წელს კონცერტის წამყვანის ამპლუაში შევხვდი, არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად. სხვათა შორის, განსაკუთრებულად კარგი მუხტი იგრძნობა, როცა ბევრი ადამიანი ერთად რაღაცას ზეიმობს... ჩემთვის 2023 რთულიც იყო და საინტერესოც, სასიამოვნოც... ემოციური თვალსაზრისით, ძალიან გავიზარდე. თავად ჩემს პიროვნებაში ბევრი რამ შეიცვალა. ამისთვის მადლიერი ვარ. მინდა 2024 წლის დაწყებისთანავე ჩემი ცხოვრებიდან ყველანაირი სიზარმაცე გავუშვა. დიდი იმედი მაქვს, ძლიერი დრაკონი დამეხმარება და ძალას მომცემს, რომ აღარაფერი დამეზაროს.

- რა გეზარება?

- ვარჯიში. დღესაც სპორტდარბაზში შევიარე (სამსახურთან არის), - აუ, შეგიძლიათ, აბონემენტი კიდევ "დამიპაუზოთ"-მეთქი? - საერთოდ გაგიუქმებთო (იცინის)...

- ზამთარში შენი არდადეგები როდის იწყება?

- თებერვლის დასაწყისში. მაქსიმალურად ვცდილობ, არდადეგები ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიო.

- ზამთრის არდადეგებს როგორ ატარებ ხოლმე?

- "ზაფხულის ადამიანი" ვარ - ზამთარი საერთოდ არ მიყვარს. ამიტომ ზამთრის არდადეგების გატარებას ისეთ ქვეყანაში ვარჩევ, სადაც ზაფხულის ამინდია. თან, დაბადების დღეც ზამთარში (თებერვალში) მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, რომელიმე თბილ ქვეყანაში აღვნიშნო. ტრადიციულად, ასეც ხდება, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ...

- შეგიძლია, შენთვის განსაკუთრებული დაბადების დღე გაიხსენო?

- მაგალითად, 32 წლის რომ გავხდი, ტაილანდში აღვნიშნე. განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა, ფანტასტიკური დრო გავატარე. თან, ზაფხულის ამინდი იყო, თან - იმ ტურში არაჩვეულებრივი ახალი მეგობრები შევიძინე... სხვათა შორის, ზამთრის სპორტითაც ვარ გატაცებული, ასე თუ ისე, რადგან ჩვენთან, საქართველოში, თითქმის 6 თვე ზამთრის ამინდია. ამიტომ გინდა თუ არა, ზამთარშიც რამე ხომ უნდა გააკეთო ადამიანმა, არა (იცინის)? არ დავნებდი და სნოუბორდს შევეჭიდე. გადასარევად არ გამომდის, თუმცა ვეცდები, მეგობრებს არ ჩამოვრჩე და სნოუბორდზეც ვისრიალო.

წლევანდელი ზამთრის არდადეგები შარშან დავგეგმე: ბრაზილიაში გავემგზავრები და ჩემს დაბადების დღესაც იქ აღვნიშნავ.

- კიდევ სად გაგიტარებია ზამთრის არდადეგები?

- ეგვიპტეში, დუბაიში... მალდივებზე ცოტათი გვიან ვიყავი - გაზაფხული იწყებოდა... არდადეგებს იმის მიხედვით ვგეგმავ, თუ რა ბიუჯეტი მაქვს იმ პერიოდისთვის "მოყუჩებული" და სად შემიძლია გავშპე... წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როდესაც არდადეგებზე თბილ ქვეყანაში წასულს "700 ჯემპრი" არ მაცვია და შარფი არ მაქვს შემოხვეული - სარაფნით დავტანტალებ.

- ბავშვობაში ზამთრის არდადეგებს როგორ ატარებდი?

- მართლა არ მახსოვს. ერთადერთი, ის მახსოვს, რომ თბილისში თოვლი მოვიდა და ეზოში, მე და ჩემმა მამიდაშვილმა თოვლის ბაბუა გავაკეთეთ...

"შევშინდი - მართლა ფეხი არ მოვიტეხო-მეთქი და თხილამურებს თავი დავანებე"

mamaiashvili-1705250189.jpg

თაკო მამაიაშვილი:

- ოფიციალური გადაღებები ახალი წლის დღესასწაულამდე დავასრულე. ასევე, როგორც "ინფლუენსერს", სხვა გადაღებებიც მქონდა. კიდევ, რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც მოვითავე და მხოლოდ საახალწლო სამზადისი დამრჩა: გოზინაყი ხომ უნდა მომემზადებინა, არა? რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ნაძვის ხე დავდგით მე, ჩემმა დამ და დისშვილებმა. საერთოდ, ახალი წლის დადგომას ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრი ერთად, ოჯახში ვხვდებით, სანთლებს ვანთებთ... შობის დღესასწაულზეც ასე ვიქცევით. ყველაზე მეტად შობას სურვილების დაწერის ტრადიცია მიყვარს: 12 პატარა ფურცელი უნდა აიღო, თითოეულზე თითო სურვილი დაწერო, ცალ-ცალკე გადაახვიო და ბალიშის ქვეშ დადო. მეორე დილით, ბალიშის ქვეშ ხელს რომ შეყოფ, 3 ცალი ფურცელი უნდა გამოიღო და შეინახო, დანარჩენი - გადაყარო. შანსი არ არის, რომ ის 3 ფურცელზე დაწერილი სურვილი არ აგიხდეს. შობა დიდი დღესასწაულია. სურვილებს ისეთი გულით ვწერ, რომ გამორიცხულია, არ ამისრულდეს. თან, მინდა ხოლმე, რომ ეს ტრადიცია ყველას გავუზიარო...

- თქვენს ოჯახში საიდან მოდის ეს ტრადიცია?

- მგონი, დედამ გვასწავლა, ზუსტად არ მახსოვს...

- 2023 წელს ახდენილი რომელიმე სურვილი გაგვიმხილე...

- მსგავს რაღაცებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერი სურვილი, რასაც მთელი არსებით ჩაიფიქრებ, აგიხდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, "ხელი გაანძრიე და გეშველებას" ამბავია - რაღაც თავადაც აუცილებლად უნდა გააკეთო. თან, ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ გჯერა, ჩაფიქრებული აგიხდება. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, ვშრომობდი, ბევრ რამეს ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რაღაც ისე მომხდარა, რომ სასწაულებრივად უცბად რაღაც იცვლებოდა ხოლმე...

- შენი არდადეგები რამდენ ხანს გრძელდება?

- შობამდე. ახალი წლის დღესასწაულების პერიოდს ძირითადად, სახლში ვატარებ. მაქსიმუმ, გუდაურში ან ბაკურიანში წავიდე. თხილამურებზე არ ვდგავარ. ამიტომ უბრალოდ, თოვლს "გემრიელად" დავხედავ. მეგობრები თხილამურებით სრიალებენ ხოლმე... სავარაუდოდ, წელს თხილამურებზე მეც დავდგები. მინდა იანვარში თავისუფალი დრო კარგად გამოვიყენო.

- როგორც ვიცი, მოგზაურობა ძალიან გიყვარს და ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. ზამთრის არდადეგებს ყოველთვის საქართველოში რატომ ატარებ?

- ჩემთვის დღესასწაულები ოჯახთან, ოჯახურ სითბოსთან, ახალი წლის ტრადიციებთან, გოზინაყთან, ჩურჩხელასთან ასოცირდება (იღიმის). რაღაცნაირად, სხვა სითბო ტრიალებს, როცა დღესასწაულებზე სახლში ხარ...

- ზამთრის არდადეგებს ბავშვობაში როგორ ატარებდი?

- დაახლოებით, ანალოგიური ხდებოდა, რაც - ახლა: გუდაურში ან ბაკურიანში მივდიოდი. 1-2-ჯერ იყო შემთხვევა, როცა თხილამურებზე დავდექი. მერე, ერთხელ დავეცი, ორჯერ... გარეშე პირები მეუბნებოდნენ, - ფეხს მოიტეხ, ფეხს მოიტეხო... რაღაცნაირად, მეც შევშინდი - მართლა ფეხი არ მოვიტეხო-მეთქი და თხილამურებს თავი დავანებე. ძირითადად, ციგით და გუნდაობით ვერთობოდი. ვფიქრობ, წელს თხილამურებზე დგომას აუცილებლად ვისწავლი.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?

- მე და ჩემს დას გვჯეროდა. მერე, ერთ დღესაც საიდუმლო ამოვხსენით და უკვე ვიცოდით, საჩუქრები სად იდო - მივდიოდით და ვნახულობდით, ახალ წელს კი ვითომ გაოცებული სახეებით ვამბობდით, - ვაიმე, თოვლის ბაბუამ რა მოგვიტანაო?! ბოლოს ორივე მხარემ "გავშალეთ კარტები" (იცინის)... თოვლის ბაბუის არსებობის დღეს უფრო მჯერა, ვიდრე ოდესმე მჯეროდა: ყოველდღიურად ცხოვრება ისეთ საჩუქრებს გვიგზავნის, რომ ეს მართლა სასწაულია! უბრალოდ, ზოგჯერ ადამიანებს რა გვემართება, არ ვიცი: ზოგი სხვა საკითხებზე, ნეგატიურ ამბებზეა "გადართული", თორემ ყოველი დღე სასწაული არ არის? მშობლები ჯანმრთელები რომ არიან, საკუთარი ჭერი, თუნდაც - საახალწლო სუფრა რომ გვაქვს, ესეც ხომ მნიშვნელოვანია, არა? ჩემთვის ყოველი დღე სასწაულია. ასე რომ - კი, თოვლის ბაბუის არსებობის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის "თოვლის ბაბუა" თავად ვარ. ჩემთვის 2023 წელი უფერადესი, პროდუქტიული, საინტერესო, ღირებული და ბევრი სასწაულით სავსე იყო. 2024 წლისგან მეტი მოლოდინი მაქვს, რა თქმა უნდა...

ეთო ყორღანაშვილი