პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან დაწყებული მუსიკალური კარიერა - გზაპრესი

პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან დაწყებული მუსიკალური კარიერა

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და როგორც ამბობს, დაიწყო არნახული დღესასწაული შემოქმედებითი მიმართულებით, რადგან სტუდენტური ოლიმპიადები აკადემიურ დონეზე ტარდებოდა, სადაც გამარჯვებული ფაკულტეტი ქულების მიხედვით ვლინდებოდა. სწორედ მაშინ ჩაერთო დავით ალთუნაშვილი მუსიკალურ ღონისძიებებში, რადგან კარგად უკრავდა კლავიშებიან ინსტრუმენტზე, რაც შემდგომ მისი ცხოვრების გზად გადაიქცა.

- ცნობილი მუსიკოსების უმრავლესობამ "გეპეიდან" დაიწყო თავისი კარიერა, მათ შორის არიან: კაკო ვაშალომიძე, გია მაჭარაშვილი, "ცისფერი ტრიო"... ინსტიტუტის კადრების განყოფილების უფროსი ჯულია ამბობდა ხოლმე: შეიძლება გაგიჟდე, ეს სახელმწიფო ფილარმონიაა თუ პოლიტექნიკური ინსტიტუტიო?! სხვათა შორის, თავად დეკანები აქტიურობდნენ, მათგან მოდიოდა ინიციატივა, ეძებდნენ იმ სტუდენტებს, ვისაც შეეძლო სიმღერა, ცეკვა, დაკვრა ან სამსახიობო მონაცემი ჰქონდა. ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ და პრივილეგირებული ვიყავით. მახსოვს, ჩემი ჯგუფი ფრიადოსნის სტიპენდიას ვიღებდით ერთი სემესტრი, რადგან იმ წლის ოლიმპიადაზე ჩვენმა რამდენიმე ნომერმა გაიმარჯვა.

- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?

- ბადრი ჯანაშვილი უკრავდა წითელი პარტიზანების ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ყველამ იცოდა, რომ იქ აპარატურა იყო. ბადრი ახლა ისრაელში ცხოვრობს. მე და ბადრიმ ერთად გადავწყვიტეთ ანსამბლის ჩამოყალიბება. ამისთვის მოვძებნეთ ბელორუსიიდან ჩამოსული ჩვენი მეგობარი, შესანიშნავი მუსიკოსი რომა გოშაძე და ბევრი შრომის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი „მზე და დედამიწა“. რომა იყო მუსიკალური ხელმძღვანელი. პოპულარულები გავხდით, ტელევიზიამ ჩვენი 40-წუთიანი კონცერტი გაუშვა ეთერში, რაც მაშინ დიდი საქმე იყო. საზღვარგარეთ დავდიოდით გასტროლებზე. 1989 წელს ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოვედით და ხუთ დღეში 9 აპრილის ამბებიც დატრიალდა. ტყუილად ნურავინ დაიბრალებს, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში დადიოდნენ, ერთადერთი გამონაკლისი „ორერა“ იყო. კიდევ არსებობდა ცდსა-ს („ცენტრალნი დომ სავეტსკაი არმიი“) გასტროლები. იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოთა კავშირის ჯარები იდგა, საბჭოთა არტისტები კონცერტებს მართავდნენ. ხელფასს არ გვიხდიდნენ, სამაგიეროდ ე.წ. დღიურ თანხას 10-ჯერ მეტს გვაძლევდნენ. ეს იყო 45 მანეთი და პლუს, 500 მანეთის ვალუტას გიხურდავებდნენ. არტისტი, რომელიც სამშვიდობო მისიას ემსახურებოდა სამხედრო ნაწილებში, „ქველმოქმედად“ ითვლებოდა. იმ დროს, როცა ფილარმონიაში ჩვენი პირველი განაკვეთი (სტავკა) 7 მანეთი და 50 კაპიკი იყო, დღიური (კვების თანხა) – 2 და 60, რომელიც მოგვიანებით გაიზარდა და ჯამში ათ მანეთს ვიღებდით. ასეთი საინტერესო ფინანსური განსხვავება არსებობდა.

- საბჭოთა მომღერლებიდან ვის იცნობდით?

- ერთობლივ კონცერტებზე ალა პუგაჩოვაც მონაწილეობდა, მაგრამ მას პირისპირ არ შევხვედრივარ. მოსკოვში ირა პანაროვსკაიასთან მოლაპარაკებები გვქონდა, იქ უნდა გვემუშავა, თუმცა 9 აპრილის მერე გეგმები აირია. მოგვიანებით, როცა ბუბა კიკაბიძის ბენდში ვუკრავდი, გასტროლების დროს ყაზახეთში ედიტა პიეხა გავიცანით, ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. ალ ბანოს სამჯერ შევხვდით, პირველად მონაკოში გვქონდა საერთო კონცერტი. მეორედ იერუსალიმში, სადაც კონცერტი გაიმართა დარბაზში, რომელიც მიწის ქვემოთ იყო განთავსებული, მსგავსი რამ არ მინახავს. ალ ბანოს უკვე ხელის ჩამორთმევით ვიცნობდით, ძალიან გულისხმიერი ადამიანია. ჩვენი ზურიკო დოიჯაშვილი იყო კონცერტზე (ფილმში „მთვარის გლობუსი“ მე და ზურამ სიმღერა ერთად ჩავწერეთ, მაშინ გავიცანი). იმდენი ქართველი და ქართველი ებრაელი მოვიდა, რომ 15-20 კაცი კულისებში იდგა, დარბაზში ადგილი აღარ იყო. ხაიფაში ჩვენს კონცერტზე ბადრი ჯანაშვილი გვესტუმრა, გავიხსენეთ ძველი ამბები. ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ სტამბოლში გავიცანით - უშუალო და ჩვეულებრივი ხალხია.

403636703-1368666257377840-2428078643223804204-n-copy-1705250772.jpg

- ბუბასთან რეკომენდაცია გაგიწიათ ვინმემ?

- ცნობილი მუსიკოსი ლეონ შახბაზიანი (ჩვენს ჯგუფში უკრავდა - „მზე და დედამიწა“) ბუბასთან დაახლოებით 25 წელი მუშაობდა. წარმოიდგინეთ, 8 ალბომი ჩაუწერა თავისი არანჟირებებით. მერე მოხდა ისე, რომ ლიოვა წამოვიდა ანსამბლიდან. ერთ დღესაც სახლში სუფრასთან თამადად დამსვა ლიოვამ და ანსამბლში - თავის ადგილზე! ათი წელი ვიყავი ბუბას ბენდში, არანორმალური გასტროლების გრაფიკი გვქონდა, სად არ ვიყავით, ვის არ შევხვდით. უკრაინაში ზელენსკის კომპანია გვემსახურებოდა, ყველაფერს ხუთიანზე აკეთებდნენ, უნიჭიერესი კაცია.

- მანამდე ბუბას არ იცნობდით?

- საქართველოს კულტურის ფონდში ვმუშაობდი, სადაც 25 ორგანიზაცია შემოდიოდა. იქ იყვნენ ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, ბუბა... მაშინ გავიცანი კიკაბიძე, გასაოცარი უშუალობა და განსაკუთრებული შარმი ჰქონდა. კონტაქტში ისე შემოდიოდა, რომ შენიანად ჩათვლიდი. თხემიდან ფეხის ტერფამდე პროფესიონალი იყო, არ არსებობდა კონცერტი გადაედო, რაც უნდა სუსტად ყოფილიყო. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, 2 საათი და 45 წუთი იდგა სცენაზე, თან შესვენების გარეშე. ზოგჯერ ჩვენი მეგობარი ლიზა ბაგრატიონი გამოდიოდა 3-4 სიმღერით, ეს იყო შეღავათი. ვეუბნებოდი: კანსტანტინოვიჩ, ცოტა შევამციროთ დრო-მეთქი. ნუ გამიჭირე საქმეო, - მპასუხობდა. ისე ჰყვებოდა ამბებსა თუ ანეკდოტებს, რომ დარბაზი ხელში ეჭირა. სასწაული ხდებოდა, შუა კონცერტის დროს რიგები იდგა ყვავილების გადასაცემად, ვეღარ ვაგრძელებდით კონცერტს. სცენაზე ყვავილების ძირითადი მიმღები მე ვიყავი, რადგან გიტარისტები და დრამერი დაკავებული იყვნენ, მე უფრო მქონდა მოძრაობის საშუალება. კონცერტის მერე საჩუქრები, ავტოგრაფები, ფოტოგადაღება აღარ მთავრდებოდა! უნდა გენახათ, ახალგაზრდა გოგონები ამ 80 წლის კაცს როგორ ეხუტებოდნენ და რა ვნებით კოცნიდნენ, ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ (იცინის).

al-banostan-ertad-copy-1705250757.jpg

- თქვენი უახლოესი მეგობარი იყო ვალერი ლომსაძე...

- ვალერის ჰყავდა თავისი ჯგუფი „ჯადოსნური გზები“ და იქიდან ჩვენთან („მზე და დედამიწა“) წამოვიდა. ჩვენ ვთხოვეთ იმიტომ, რომ ის იყო უნიკალური მომღერალი. მეორე მამაკაცს ვერ ნახავთ, რომელიც რომანსს მღერის. ამას სხვა კულტურა და სხვა ვოკალური მონაცემები სჭირდება. ჩვენ ერთად 4 წელი ვიმუშავეთ, მერე ის ამერიკაში წავიდა. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, მე ყველაფერი ვიცი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა: 2000 და 2016 წელს. შარშან 8 სექტემბერს გარდაიცვალა, 19 სექტემბერს 75 წლისა გახდებოდა. იჯდა ოკეანის პირას და თბილისი ენატრებოდა... მისი ერთადერთი იმედი იყო ქალიშვილი, რომელიც წარმატებული მომღერალია და ამერიკაში წინ მიდის დიდი ნაბიჯებით, თამუნაა მისი სასცენო ფსევდონიმი. ვალერის ბოლოს ხმოვანი შეტყობინება ჩაუწერია ჩემთვის (იმ დღეს გარდაიცვალა), რომელიც მისმა შვილმა მეორე დღეს გამომიგზავნა. ის გრძნობდა, რომ მიდიოდა იმ ქვეყნად, მადლობას მიხდიდა და მემშვიდობებოდა... ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმაა. ზურაბ ანჯაფარიძე ეუბნებოდა, გადმოდი კლასიკაშიო, მაგრამ არ უნდოდა. ვალდებულად ვთვლი თავს, მოვიგონო ხოლმე ჩემი მეგობარი, მით უმეტეს, რომ ვალერი ლომსაძეს დიდი დამსახურება აქვს ქართული კულტურის წინაშე.

- ანსამბლ „ივერიასთან“ რა შეხება გქონდათ?

- იქ იყო ლია ურუშაძე, რომელიც შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა, იურმალაში ფესტივალზე უნდა წარედგინა საქართველო. ჩვენმა ჯგუფმა ჩაწერა მასთან სიმღერა და ვფიქრობდით, ხომ არ გადმოვიბიროთო. თუმცა, მერე ლია რატომ აღარ წავიდა ლატვიაში, ზუსტად არ ვიცი... სხვათა შორის, ფილარმონიის დირექტორი გუგული ყიფიანი "ივერიელებს" ეუბნებოდა: აგერ „ორერა“ გვყავს და თქვენ რაღა გინდათო? ჩვენ თავს თვითონ მოვუვლითო, - უთხრა ბუთხუზ ბასილაიამ. რა თქმა უნდა, „ივერიამ“ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ჯგუფია. ბუთხუზი იყო უნიკალური პიროვნება, პირადად ვიცნობდი, ფილარმონიაში პარტიის კრებებს ვესწრებოდით. ჩვენი პარტკომი იყო ლიტერატურული განყოფილების გამგე ვახტანგ გოგოლაშვილი, რომელიც კურირებდა და აკონტროლებდა ტექსტებს. ვახტანგის დაწერილია „დაღამებულხარ, ჩემო აპრილო“, „სად იყავი ოციოდე წლის წინ“... ბევრს წერდა. ერთ კრებაზე ბუთხუზის გვერდით ვიჯექი, როცა გამოთქვა აზრი: ამ ხალხს რა საწევროს ახდევინებთ (ვინც გამომუშავებაზე ვიყავით), ხან ყაზახეთში, ხან უკრაინაში, ხან სად დადიან და ბევრს შრომობენო. საოცრად თბილი ადამიანი იყო და ბატონი ჯემალ ბაღაშვილი ხომ ოქროს კაცია, მან დასძინა: ამათ საერთოდ არ გადაახდევინოთ საწევრო თანხაო.

ავთო შარაშენიძეს - წიწაკას კარგად ვიცნობდი, შესანიშნავი მუსიკოსი იყო. მასზე ისეთ რამეს გავიხსენებ, რომელიც ალბათ არავის ახსოვს. „თოვლის ბებოს ზღაპარს“ რამდენჯერმე დავესწარი, მაინტერესებდა, ყოველ წარმოდგენაზე სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდებოდა. წიწაკა აკორდეონზე უკრავს, გერვასი მღერის - „ქეიფს ვიწყებ დილიდან“. სიმღერა სრულდება და წიწაკა მიდის სცენის უკანა მხარეს, ასეა საჭირო მიზანსცენის მიხედვით და უცებ წაიქცა, უფრო სწორად - დაგორდა, ფილარმონიის სცენაზე ეს ადგილი ცოტა ჩაწეულია და ვინც არ იცის, შეიძლება წაიქცეს, მაგრამ ამან ხომ იცის! შევიცხადე, როგორია სცენაზე წაქცევა, თან ხელში ინსტრუმენტით! გავიდა 1-2 დღე და ისევ მივედი კონცერტზე, იგივე გააკეთა... ავედი კულისებში და ვეკითხები: წიწაკ, რაებს აკეთებ? - მაგარი იყო, არა? ხომ მოგეწონაო?.. ამას ვეღარ ვიფიქრებდი, დაუფენია სპორტული ლეიბი, ვითომ ფეხი ერევა და თურმე ლეიბზე გორდება - სასწაული კაცი იყო. კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. ისეთი დრო იდგა, უბანში "ბირჟა" არ უნდა ყოფილიყო, არ შეიძლებოდა. ინსპექტორი ჩამოივლიდა და თუ დაინახავდა ბიჭებს "ბირჟაზე", დაიძახებდა: "აბა, დავიშალოთ ახლა, დავიშალოთ!" წიწაკა ხომ დგას და უცებ წაიქცა... მივარდა ინსპექტორი, რა მოგივიდაო? - ხომ გვითხარი უფროსო, დაიშალეთო?! უბედურ რამეებს იგონებდა.

koncertze-copy-1705250744.jpg

- არა მუსიკოსებიდან, ვისთან ურთიერთობას გაიხსენებთ?

- ილია დათუნაშვილი მამაჩემის მეგობარი იყო. ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა, მაისურზე 8 ნომერი მეწერა... 5 გოლი რომ გაიტანა „არარატის“ კარში, ერთ ამბავში ვიყავი. ფეხბურთზე დავდიოდი 35-ე სკოლაში, მაშინ ფეხბურთი რომ არ გეთამაშა, ცუდი ტონი იყო (იცინის). საქართველოს კულტურის ფონდში როცა ვიყავი, პროფკავშირების თავმჯდომარე, იმ დროს მუშაობდა ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი იყო. ყოველდღე ერთად ვიყავით, ის ურთიერთობები სულ მახსოვს, მენშევიკების დროინდელ ტაბუდადებულ თემებზე საინტერესო ამბებს ჰყვებოდა.

- დღეს რა მუსიკას უსმენთ? თავად მღერით?

- ნამდვილ მუსიკას ვუსმენ! ფოლკლორი მიყვარს... მე ისეთ მომღერლებთან ვუკრავდი, იმათ გვერდით რთული იყო სიმღერა, მაგრამ სუფრასთან როგორ არ მიმღერია?! სხვათა შორის, არ შეიმჩნევდნენ. მე და ვალერიმ ვიცოდით არნახული ქეიფი, რამდენჯერ ორს გვიქეიფია და მერე გვიცეკვია.

- ახალ წელს რა სიმღერით უნდა შევხვდეთ ქართველები?

- კახური მრავალჟამიერით! მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ასე იყო, ახლა კი რატომღაც აღარ ისმის...

ნანული ზოტიკიშვილი