როგორი საჩუქარი სჭირდება ბავშვს - გზაპრესი

როგორი საჩუქარი სჭირდება ბავშვს

ახალ წელთან დაკავშირებულ ამბებს გაიხსენებენ საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი, ამჟამად საქართველოში მცხოვრები ნინო ტარასაშვილი და მომღერალი თემურ ცაგურია, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა ამერიკაში და ახლა საქართველოში დაბრუნდა.

nino2-1705251143.jpg

ნინო ტარასაშვილი:

- ბავშვობაში სახლში ვხვდებოდით ახალ წელს, მერე უფროსები ზოგჯერ სტუმრად მიდიოდნენ ან თავად ვხვდებოდით სტუმრებს. ერთად ვიყავით მშობლები, შვილები, ბებია-ბაბუა. ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე იწყებოდა სამზარეულოში ფუსფუსი. ძირითადად ბებია ამზადებდა ყველაფერს და მისი გოზინაყიც ამშვენებდა სუფრას. ჩურჩხელებს მამაჩემის დედა გვიგზავნიდა საქართველოდან, ასევე მამიდაც - ჩურჩხელებსა და ხურმას (მიყვარს ხურმა). ბებიას ჩემი უმცროსი და ელისო ეხმარებოდა, რომელსაც დღესაც უყვარს კერძების მომზადება. ნაძვის ხის მორთვაში ვმონაწილეობდი, თუმცა ამ საქმეს კარგად ართმევდა თავს დედაჩემი. როცა 17 წლისა გავხდი, ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, უმრავლესობა გავკოტრდით. ახალგაზრდები ახალი წლის შესახვედრად რომ ვიკრიბებოდით, ყველას რაღაც მოჰქონდა სუფრისთვის. ერთად ვიყავით ახლო მეგობარი ქართველები და ჩვენი ფრანგი მეგობრებიც. არ წყდებოდა ქართული ცეკვები, ქართული მუსიკა, ძალიან კარგად ვერთობოდით. ჩვენთან მოდიოდნენ პატარიძეები - ოთარი, დედამისი და საერთოდ, მთელი ოჯახი ძალიან კარგად მღეროდა. ყოველ კვირას ოთარი ეკლესიაშიც მღეროდა და დირიჟორობდა. სხვათა შორის, მისი დირიჟორობის დროს იყო ყველაზე კარგი გუნდი ეკლესიაში. ფრანგებს ყველაფერი ქართული ძალიან მოსწონდათ. ქართულის გარდა იყო ჯაზი, როკ-ენ-როლი... რაც იმ წლებში პოპულარული იყო, ჩვენც იმას ვუსმენდით. შეგვეძლო მთელი ღამე ცეკვაში გაგვეტარებინა.

- საჩუქრების შესახებ მიამბეთ.

- ბავშვობაში საჩუქრები არ გვაკლდა, გავიზარდეთ და ეს ჩვენთვის უინტერესო გახდა, საჩუქარი არაა მთავარი. მამაჩემი შეძლებული კაცი იყო და ძალიან ბევრი საჩუქარი მოჰქონდა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სისულელეა. იცით, ჩვენ რითი ვთამაშობდით? დეკუპაჟებს ვაკეთებდით - ქაღალდისგან ფიგურებს ან პერსონაჟებს ვჭრიდით. იმ სათამაშოებს ყურადღებას არ ვაქცევდით. ერთხელ მამაჩემმა საშობაოდ, მე და ჩემს ტყუპისცალ დას ჩვენი სიმაღლის თოჯინა გვიყიდა, მაშინ პატარები ვიყავით. ვუყურებ, - ისიც დადის, თავს აქნევს... ვიფიქრე, რა ჯანდაბად მინდა, აქეთ-იქით დავათრევდით და მერე თავი დავანებეთ. არ არის კრეატიული ბავშვისთვის, როცა აძლევ რაღაცას და ეუბნები, - ამით ითამაშე. ბავშვმა უნდა აამუშაოს ტვინი, თვითონ გადაწყვიტოს, რა მოსწონს, რა - არა. 7 წლის შვილიშვილი მყავს და ზუსტად ასეთ სიტუაციაშია, ისიც დეკუპაჟებით ერთობა. შვილს ვეუბნები: ამდენი სისულელე რომ უყიდე ბავშვს, ხომ ხედავ, ეს ურჩევნია-მეთქი. შვილიშვილი ლეგოებს აწყობს, თვითმფრინავებს და ასეთ რამეებს, არ ვიცი, ინჟინერი გახდება? პატარა გოგოსგან საკვირველია და ძალიან მიხარია.

- ფრანგები თავის ოჯახში ახალი წლის შესახვედრად გეპატიჟებოდნენ?

- კი, თუმცა ფრანგები და უცხოელები ამას იშვიათად აკეთებდნენ. ისინი 25 დეკემბერს ზეიმობდნენ... ახალ წელს ჩვენთან ფრანგებიც მოდიოდნენ და ისე მოსწონდათ, რომ მშობლებიც მოჰყავდათ. ქართველებიც დედ-მამასთან ერთად გვესტუმრებოდნენ ხოლმე. ბევრი ხალხი იყრიდა თავს, მაგრამ მაშინ დიდი სახლი გვქონდა. ყველანი ერთად მღეროდნენ. დღეს აქ ვხედავ, რომ ახალგაზრდები იკრიბებიან და უფროსები არც აინტერესებთ, ამას ვერ ვიგებ... საფრანგეთში 7 იანვრის ტრადიცია არ გვქონია, იყო 25 დეკემბერი და პირველი იანვარი.

- ახალი წელი უცხოეთში გაგიტარებიათ?

- როცა ინგლისში ვსწავლობდი, შობისთვის და ახალი წლისთვის პარიზში ვბრუნდებოდი, მერე გერმანიაში გავთხოვდი და შობას იქ აღვნიშნავდი, ხოლო ახალ წელს - პარიზში. გერმანიასა და საფრანგეთში შობის დღე დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ოჯახში იმართება ვახშამი, თუმცა გერმანელები უფრო პატარა წრეში აღნიშნავენ. გერმანელ მეუღლესთან ერთად მარტო ვცხოვრობდი, ჩვენთან ბევრი სტუმარი მოდიოდა, მათ შორის ქართველებიც: რობიკო სტურუა, გია ყანჩელი, გოგი მესხიშვილი... ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილი გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენში ცხოვრობენ. საფრანგეთიდან გერმანიაში შობისთვის ჩაფრენა, თან მაშინ პირდაპირი რეისები არ იყო, ჩემთვის დამღლელი აღმოჩნდა. შვილი მეუბნებოდა, სხვა დროს ჩამოდიო. მაისში მერჩივნა, შვილიშვილის დაბადების დღისთვის და მიშასთან ერთად ჩავედი (ქალბატონი ნინოს მეუღლე - მიშა ბალავაძე. - ავტ.). უკეთესიცაა, არ ცივა მაისში. ისე, თოვლი კი გვიყვარს მე და ჩემს მეუღლეს, მიშა კარგად სრიალებს თხილამურებზე, მე არ ვიცი დგომა.

- მეუღლის საჩუქარზე არ ზრუნავთ ხოლმე?

- თუკი რამე მომეწონება, ვყიდულობ და ვეუბნები: ეს არის შენი საჩუქარი-მეთქი. არ ველოდები ახალი წლის დადგომას, ძალიან არ მიყვარს სიურპრიზები. თან, ის ნივთი აუცილებლად გამოსადეგი უნდა იყოს. ადამიანს ის უნდა აჩუქო, რაც სჭირდება.

- რა სურვილი ჩაიფიქრეთ ახალი წლის ღამეს?

- ქართველები ისე ცუდად იქცევიან, რომ მიშას ვეუბნები ხოლმე: არ მჯერა, რომ ეს ხალხი ქართველები არიან-მეთქი. ომი ერთმანეთში, ამდენი ცემა-ტყეპა და საშინელი აგრესია უნდა დამთავრდეს. დიდი იმედი მაქვს, 2024 წელს ყველაფერი უკეთესად იქნება.

meugle-verastan-ertad-1705251131.jpg

თემურ ცაგურია:

- ჩემს ცხოვრებაში მთავარი, რაც გასულ წელს მოხდა, შემოქმედებას და ახალ სიმღერებს უკავშირდება. ყველა ახალი სიმღერა შევაგროვე და გამოვეცი დისკი, რომელსაც "თემურ ცაგურიას ახალი სიმღერები" ჰქვია. გარდა ამისა, ძველ სიმღერებსაც მივხედე და 4 დისკი გამომივიდა, ყველაფერი "იუთუბზე" დავდე. ბავშვობაში ყოველი ახალი წელი ჩემთვის სასიხარულო იყო, ოჯახში მეკვლე ვიყავი. გარეთ გამიშვებდნენ ხელში ტკბილეულით, კარზე დავაკაკუნებდი და მამა იკითხავდა: ვინ მოდისო? უნდა მეთქვა: ახალი წელი მოდის. - რა მოგაქვს? - მომაქვს ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული, ხვავი, ბარაქა! ამის მერე მიღებდნენ კარს. ერთხელ, როგორც ჩვენი ტრადიცია ითხოვდა, გარეთ გამიშვეს, 10 წლისა ვიყავი. თოფების ისეთი გრიალი ატყდა, რომ არაფერი მესმოდა და ვერ გავიგე, როდის მკითხეს, ვინ მოდისო? ბოლოს ვთქვი: რა მომაქვს და, ჯანდაბა, გავიყინე-მეთქი (იცინის), გამიღეს კარი და ჩამეხუტნენ. მოზრდილ ასაკში, ასე თუ ისე, მაინც ცნობილი ახალგაზრდა კაცი, ეტყობა სასურველი მეკვლე ვიყავი და მეძახდნენ მეგობრები, მეზობლები, ახლობლები. მეც მიყვარდა მეკვლეობა. რამდენიმე წელი ახალი წლის დადგომას ტელევიზიით ვულოცავდი ხალხს, ირაკლი გიგაურის სიმღერით "შენ ხარ თამადა ამ სუფრაზე, მე ვარ რჩეული". ამას ხან კოსტიუმში გამოწყობილს მამღერებდნენ, ხან თოვლის პაპის ტანსაცმელს მაცმევდნენ. საქართველოს რადიოში რედაქტორი ვიყავი, მერე მუშაობა გავაგრძელე საქართველოს ტელევიზიის საესტრადო გადაცემათა რედაქტორად და მიმყავდა შოუ, რომელსაც ჯერ ერქვა "იხარე ჭერო", შემდეგ კი "თქვენი თხოვნით". უფლება გვქონდა, კონცერტში ჩაგვერთო მსოფლიოს ვარსკვლავების სიმღერები, ამიტომ საოცრად პოპულარული გადაცემა იყო. არ მინდოდა კადრში გამოჩენა, რადგან მომღერალი ვიყავი და შოუ მიმყავდა კადრს მიღმა. ახალი წლის გადაცემისთვის განსაკუთრებულად ვარჩევდი საუკეთესო საახალწლო ნომრებს.

- როგორ გაიხსენებთ ამერიკულ ახალ წელს?

- ამერიკაში სიხარულითა და ბედნიერებით შობას ეგებებიან, ეს იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის ახალი წელი. 25 დეკემბერს ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს, ეფერებიან, ულოცავენ, ურეკავენ. ეს არის მათი მთავარი საახალწლო დღესასწაული. მეც, რა თქმა უნდა, უამრავი ამერიკელი მეგობარი მყავს და ამ დღეს ვულოცავდი, ისინიც მილოცავდნენ... ამერიკელებისთვის ამიხსნია, რომ ჩვენ გვაქვს სიმღერა "25-სა დეკემბერსა" და მიმღერია კიდეც. მიყვარდა ახალი წლის ღამეს გარეთ გასვლა. მთელი ოჯახი მივდიოდით "ყინულის ქალაქის" სანახავად, რომელიც ყოველ წელს სპეციალურად "შენდებოდა" ჩვენს მახლობლად. სილვერ სპრინგში იმართებოდა კონცერტები, სანახაობები, ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა. ვათვალიერებდით ყინულის სახლებს, ყინულის პერსონაჟებს... ძალიან მოგვწონდა. როგორც ნიუ-იორკში ერთად ხვდებიან ახალ წელს, ასე აღნიშნავდნენ აქაც. 12 საათს შევხვდებოდით გარეთ და მერე ვბრუნდებოდით შინ.

- ახალ წელს ოჯახის წევრები ერთად შეხვდით?

- ჩემი მეუღლე ამერიკაშია და სკაიპით მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი, სუფრასთან ვისხედით და ვამბობდი სადღეგრძელოს. ამას წინათ შვილიშვილი დამელაპარაკა სკაიპით და მისმა შვილმა, შვილთაშვილმა ლაზარემაც მომილოცა თავისებურად - რას მელაპარაკებოდა, არ მესმოდა, ჯერ ძალიან პატარაა.

- რომელია თქვენი საახალწლო სიმღერა?

- დიდი ხანია ოჯახთან ერთად (მეუღლე ვერა და შვილი ვიქტორი) ვმღერი ჩემს დაწერილ საახალწლო სიმღერას და მინდა, ამ სიმღერის სიტყვებით მოგილოცოთ ახალი წელი: "ახალი წლის თეთრი ღამე/ ფანტელები, ფანტელები,/ ღამე - ტკბილი საფიქრალის,/ თეთრი ღამე - გათენების./ ღამე, ღამე ნატვრისთვალა/ ღამე - ნათელი და წმინდა,/ ღამე, ღამე, როცა ყველას/ აგვისრულდეს რამე გვინდა./ აბა, რა გვინდა მეტი,/ ცოტა გვწყალობდეს ბედი,/ თოვლივით რომ არ გადნეს,/ ოცნება და იმედი./ სიმღერა იყოს ტკბილი,/ ახალწლის დანაბედი,/ აბა, რა გვინდა მეტი,/ გვიყვარდეს ერთმანეთი".

ნანული ზოტიკიშვილი