რას ამბობს "კაგებეს" ყოფილი მზვერავი სერგეი ჟირნოვი რუსეთ-უკრაინის ომზე, პუტინსა და მის სამომავლო გეგმებზე - გზაპრესი

რას ამბობს "კაგებეს" ყოფილი მზვერავი სერგეი ჟირნოვი რუსეთ-უკრაინის ომზე, პუტინსა და მის სამომავლო გეგმებზე

ამ დროის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე ვითარება პერიოდულად იცვლება... რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები დასავლეთში იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საჭირო შეიარაღებას ვერ მიიღებს? - ამის შესახებ "კაგებეს" ყოფილი მზვერავი, ამჟამად საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფი სერგეი ჟირნოვი გვესაუბრა.

2019 წლის მარტში ფრანგულმა გამომცემლობამ Corpus Delicti Editions გამოსცა მისი რომანი „როგორ ნადირობდა KGB ჩემზე", 2021 წლის აპრილში კი, გამოვიდა მისი კიდევ ერთი წიგნი „KGB-JSE - ორი ჯაშუში პირისპირ“.

- ხშირად სვამენ კითხვას - როგორია პუტინის გეგმა, თუმცა, არა მგონია, პუტინმა თავად იცოდეს მისი გეგმა როგორია. თუმცა, მთავარი არ შეცვლილა - გასული წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა არ იქნებოდა, იქამდე, ვიდრე ყველა გეგმას სისრულეში არ მოიყვანდა, რაშიც გულისხმობდა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებას. შესაძლოა, ის უკრაინის სრულად დაპყრობაზე აღარ ფიქრობს, მაგრამ მისი დასუსტება, დანგრევა, ისე, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა, ნამდვილად სურს, რათა უკრაინა აიძულოს, შეეგუოს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას. მისი გეგმის მიხედვით, დაპყრობილი ნაწილი უნდა გადავიდეს რუსეთის პროტექტორატში - დანარჩენი კი უარს იტყვის დასავლეთთან თანამშრომლობაზე, ისე, როგორც ბელორუსის შემთხვევაში მოხდა.

ასევე, პუტინს ახსოვს 2013-14 წლებში უკრაინაში განვითარებული მოვლენები, როდესაც უკრაინელმა ხალხმა არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა. პუტინი ოცნებობდა შური ეძია უკრაინაზე, ხალხზე, დაესაჯა მისი მოწინააღმდეგეები და იქ რუსეთის ფედერაციის მმართველობა დაემყარებინა.

- ახლა ვინ მართავს სიტუაციას?

- ახლა ომი ისეთ სტადიაშია, რომ არც ერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა. პოზიციური ომი მიმდინარეობს დაახლოებით ისე, როგორც ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც საფრანგეთი-გერმანიის შეიარაღებულო ძალები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ სანგრებში, რომლის გარშემო, თითქმის ყველა მიმართულებით, ფრონტის ხაზი ისე იყო გამაგრებული, რომ მის გარღვევას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა. ადამიანური რესურსის შემცირების მხრივ, უპირატესობა მაინც უკრაინას აქვს. ის კლასიკური თვალსაზრისით, თავდაცვით ბრძოლაზე გადავიდა, რუსეთი კი, რომელიც თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას და დამატებითი ქალაქების, დასახლებებისა და ტერიტორიების აღებას ცდილობს, დიდ დანაკარგს განიცდის. მგონია, პუტინი ბევრად მეტს ითხოვს თავისი შეიარაღებული ძალებისგან, ვიდრე ზელენსკი.

ამ ფონზე კი დასავლეთი არ აძლევს უკრაინას იმ შეიარაღებას, რომელიც სჭირდება, კონკრეტულად, სამხედრო ტექნიკას. სამხედრო საქმეში არსებობს შეუცვლელი პრინციპები - არმია კონტრშეტევაზე რომ გადავიდეს, არტილერიას სჭირდება საჰაერო მხარდაჭერა.

- თვეებია გვესმის გაჭიანურებულ დახმარებასა და მის მძიმე შედეგებზე. რა არის ამის მიზეზი?

- დასავლეთს ეშინია რუსეთის დამარცხების. ჰგონია, რომ პუტინი "წითელ ღილაკს" დააჭერს და ატომურ იარაღს ააფეთქებს; ანუ ეშინია მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარების, თუმცა, პუტინი არ არის ამაზე წამსვლელი, მხოლოდ აშანტაჟებს დასავლეთს. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ როცა დასავლეთზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში არავითარი დასავლეთი არ არსებობს - უკრაინას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ეხმარება, სხვა დანარჩენს კი თავისი პოლიტიკა და გეგმა აქვს, რასაც შიდა პოლიტიკური თამაშებიც ემატება. დასავლეთს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არ არის ერთიანი სულისკვეთება, რათა უკრაინას დაეხმაროს, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთმა ბოლომდე ვერ გაიაზრა, თუ რა ხდება უკრაინაში - იქ ერთი კონკრეტული ქვეყნის კი არა, დასავლეთის ბედი წყდება და აჯობებდა, უკრაინისთვის გაჭიანურების გარეშე მიეცათ იარაღი, სამხედრო დახმარება... არადა, პუტინმა უკვე აჩვენა, იმ შემთხვევაში, თუ ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინაში გაიმარჯვებს, არც დასავლეთ ევროპას ელოდება კარგი დღე. არადა, ფინეთის გარდა, რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად მზად არც ერთი ქვეყანა არ არის.

- ეს რეალურია?

- დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს რეალური განცდა, რომ გაიმარჯვებს. რუსეთის დასასუსტებლად კი სანქციები (ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალური) არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური ეკონომიკური ბლოკადა. არც ერთი დასახელებისა და დანიშნულების რუსული საქონელი არ უნდა იყიდებოდეს მსოფლიოს ბაზარზე, არც ჩინეთს უნდა ჰქონდეს მისი შესყიდვის შესაძლებლობა და პირიქით, არც ერთი უცხოური წარმოების საქონელი არ უნდა ხვდებოდეს რუსულ ბაზარზე თურქეთის, ცენტრალური აზიის, ინდოეთის, ჩინეთის თუ სხვა ქვეყნის გავლით - ეს იქნებოდა სრული ეკონომიკური ბლოკადა.

ამასთან, ნაწილ-ნაწილ მიწოდებული დახმარება კი არა, უკრაინას იმ რაოდენობის ფინანსური დახმარება უნდა მისცენ, რამდენიც მეორე მსოფლიოს ომის დროს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სტალინს აღმოუჩინეს. აშშ-ს ყველაფერი აქვს, რისი გადაცემაც ახლა უკრაინისთვის საჭიროა, მაგრამ არ აძლევს, რადგან ეშინია, პუტინი „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს და ატომურ იარაღს გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დარწმუნებული არიან, რომ უკრაინაში ერთი კომპლექსის აფეთქებაც კი საკმარისია რუსეთის პოლიტიკურად განადგურებისთვის.

- იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი უკრაინისთვის დახმარებას აჭიანურებს, რუსეთის გაძლიერების რისკები და საფრთხეები რეალურია?

- ასეთი რისკი არსებობს, თუ 2023 წელს რაც ხდებოდა, გაგრძელდება, პუტინი კიდევ უფრო გააფართოებს სამხედრო მანქანას, ექნებათ მეტი დრონი, ჭურვი და სხვა, რათა უკრაინას გასულ წელს მიღწეული შედეგები წაართვან.

ამასთან, დასავლელი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ შემდეგ კრემლის სამიზნეები შეიძლება, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ. ეს განცხადებები სრულიად ადეკვატურია, რადგან გერმანია მართლაც დაუცველია. მას არ ჰყავს საჭირო რაოდენობის არმია, ტანკები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას აუკრძალეს არმიის ყოლა, სამხედრო წარმოება. უთხრეს, მთლიანად ეკონომიკაზე, მის განვითარებაზე უნდა ყოფილიყო მომართული, მის სამხედრო უსაფრთხოებას კი ნატო, აშშ და მისი პარტნიორები უზრუნველყოფდნენ.

გერმანიაში ახლა ტექტონიკური ცვლილებები მიმდინარეობს, რადგან უკვე გაიაზრეს, სამხედრო თვალსაზრისით ხელახლა უნდა გახდნენ თავდაცვის კუთხით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომაც ისმის განცხადებები - უახლოეს მომავალში 100 მილიარდ ევროს სრულფასოვანი არმიის, ბუნდესვერის შესაქმნელად, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა დაცული უნდა იყოს; ამერიკელებთან თანამშრომლობა კარგია, მაგრამ აშშ შორს არის და პრინციპში, ამერიკელებისთვის სულერთია, რა მოხდება მათთან.

პოლონეთი, ფინეთი და ბალტიის ქვეყნები ამ საფრთხეს შესანიშნავად აცნობიერებენ. არa მგონია, მსგავსი რამ მოხდეს მოლდოვის შემთხვევაში, რადგან მას რუსეთთან პირდაპირი გასასვლელი არ აქვს და იქ შესასვლელად უკრაინა უნდა გაიაროს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა დანებდება. ამ დროს, მოლდოვის აღებას მაქსიმუმ ორი დღე დასჭირდება, რადგან მას არც არმია ჰყავს, არც დახმარებას ელის ვინმესგან...

სხვაგვარი სიტუაციაა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად, სომხეთსა და საქართველოში - პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე თუ ვსაუბრობთ, რუსეთის სამიზნე ქვეყნები ასე გამოიყურება - ყაზახეთი, სომხეთი და საქართველო, სწორედ ასეთი რიგითობით. ყაზახეთში 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 3 მილიონი რუსია, უზარმაზარი ტერიტორია უჭირავთ და დიდი სასაზღვრო ხაზი აქვთ, არმია კი ფაქტობრივად, არ ჰყავთ.

zhirnov4-copy-1705415875.jpg

- თუმცა, ყაზახეთის უკან ჩინეთი დგას.

- დიახ, გასულ წელს განაცხადეს, რომ ყაზახეთის სუვერინეტეტის გარანტი არიან, რამაც შესაძლოა, პუტინს ყაზახეთზე ხელი ააღებინოს... რაც შეეხება სომხეთს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას არავინ ჰყავს. ახლახან აზერბაიჯანთან ომის დროს არავინ დაიცვა. ამიტომ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან, ყველაზე დაუცველი, ადვილად ხელწამოსაკრავი სომხეთია.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ასევე რუსეთის სამიზნეა - რუსეთის პირისპირ, არც ამ ქვეყანას გააჩნია რაიმე თავდაცვის მექანიზმი. ამ ორ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი, როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო საზღვარი - შავ ზღვაზე. თუ პუტინი რომელიმე მიმართულებით გადაწყვეტს სამხედრო აგრესიას, ნაკლებად სავარაუდოა, ეს იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით დაუცველად გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ აქვთ ბალტიის ზღვა, სადაც ამერიკული ავიამზიდები დაცურავენ. ამიტომ, ბალტიის ცის დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინის. ეს დაახლოებით ისეთია, როგორც ისრაელის, იქაც შეიძლება „რკინის გუმბათის“ გამოყენება, რაც უკრაინაში რთულია... მაინც მგონია, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ამაზე საუბარი რიტორიკას ჰგავს, მაგრამ რუსეთს ლოგიკას ვერ მოსთხოვ.

ამიტომაც ის განცხადებები, რომ შემდეგი ბალტიისპირეთი, გერმანია ან სხვა ქვეყნები იქნებიან, გერმანელი და სხვა პოლიტიკოსების მიმართ გამაფრთხილებელ კაკუნს ჰგავს, რათა ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძონ; მაგალითად შეიქმნას თავდაცვის სისტემები, რასაც დრო სჭირდება. გერმანია უზარმაზარი, განვითარებული სახელმწიფოა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბევრი მიმართულებით შეუძლია წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, ამასაც სწრაფად შეძლებს, თუმცა, სხვა სურათია ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, მსგავს სიტუაციაში მათი ოპერატიულად მზადყოფნა ძნელი დასაჯერებელია. მათგან განსხვავებით, ფინეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ძლიერი სახელმწიფოა და ისე, როგორც უკრაინას, გადაწყვეტილებების მიღება მასაც შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას დაესხმება, არსებობს მე-5 მუხლი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. თუმცა ვნახეთ რა მოხდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერი უკრაინის შემთხვევაში, უფრო ადრე კი, 2008 წელს, საქართველოსთან დაკავშირებით - როგორ „წესიერად“ მოიქცნენ ნატოს წევრი ქვეყნები, რაში გვჭირდება მსოფლიო დაპირისპირება, საქართველო არც ისე მნიშვნელოვანი ქვეყანააო. მაშინ მავანი ამბობდა, რუსეთმა მას ტერიტორიები წაართვა, მაგრამ სახელმწიფო მაინც გადარჩა. იmaვეს თქმა შეუძლიათ ახლა უკრაინასთან ან თუნდაც, ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან დაკავშირებითაც.

- ლოგიკური იქნებოდა თუ გკითხავთ - რატომ ეშინიათ დასავლელ პოლიტიკოსებს პუტინის, რა არის ამის მიზეზი?

- ჩვეულებრივი შიში და ადამიანური უზნეობა პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია... ცნება ევროპული ბურჟუაზია არსად გამქრალა, არსებობს ასეთი უხეში გამოთქმა - ევროპაში უყვართ კომფორტი და არც ადვილად ელევიან. წლების წინ ამბობდნენ, რატომ უნდა დაკარგონ კომფორტი და გარისკონ სიცოცხლეო? ახლაც იმავე აზრზე არიან...

- თქვით, რომ დასავლეთში ისტერიkულად ეშინიათ, რომ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ლიდერი ამაზე წამსვლელია?

- პუტინი წავიდოდა ამაზე, რომ არ იცოდეს, შემდეგ ქვეყანა მიწასთან გასწორდება და ვერც თავად გადარჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გადავა ისეთ მასშტაბურ კონტრშეტევაზე, როგორც ეს იყო შარშან, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვი და ხერსონი გაათავისუფლეს, საბოლოოდ კი, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაკავებული ტერიტორიების დათმობა მოუხდეთ, შესაძლოა, ტაქტიკური ატომური იარაღი გამოიყენოს, ოღონდ მხოლოდ უკრაინაში. ჩემი საქმიანობის პერიოდში, ის პირისპირ სულ რამდენჯერმე ვნახე. 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შევხვდი ფრანგს, რომელსაც საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე, რის შემდეგაც, მალევე დამიბარეს "კაგებეს" დაკითხვაზე. კაბინეტში დამხვდა დაახლოებით 160 სმ მამაკაცი, ნაცრისფერ პიჯაკში... შემდეგ გავიგე, რომ ერთსა და იმავე წელს ჩავაბარეთ "კაგeბეს" სასწავლებელში... როდესაც ის ელცინმა წარადგინა, ვიცანი...

zhirnov3-copy-1705415863.jpg

ის არის "კაგებეს" ხელმოცარული აგენტი, არაპროფესიონალი, არავითარი ჯაშუში არ ყოფილა. ისეთივე ფსიქოტიპია, როგორიც არშემდგარი ხელოვანი ჰიტლერი. უზარმაზარი ეგო აქვს, მაგრამ წინა კარიერაში ხელი მოეცარა. თუმცა, მათ შორის უდიდესი განსხვავებაა, ჰიტლერი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, მან თავად, დამოუკიდებლად აიწყო კარიერა, იმუშავა თავის იდეოლოგიაზე, ბრწყინვალე ორატორი იყო, იცოდა მასებთან მუშაობა, გამოდიოდა მოედანზე, საკმაოდ ცუდ პირობებში, მიკროფონის გარეშე, მაგრამ ხალხს შესანიშნავად მართავდა. იქამდე ის იყო ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, არჩევნებში მონაწილეობდა, გაიმარჯვა და თავის სახელმწიფოში მმართველი გახდა. პუტინს მსგავსი არაფერი ჰქონია. არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი, ის რუსეთის სათავეში მოვიდა, როგორც "კაგებეს" ჩინოვნიკი, პროვინციალური სტრუქტურებიდან. მოსკოვში არ აიყვანეს, ამიტომაც პეტერბურგში მუშაობდა. როდესაც სობჩაკი პეტერბურგის მერი გახდა, მაშინ გამოჩნდა პუტინი და იცით, როგორ?.. მისი დამხმარე იყო, მის ჩემოდნებს, მინერალურ წყლებსა და სხვა საჭირო ნივთებს ეზიდებოდა, ტაქსიში ულაგებდა... თუმცა, ასე თუ ისე, გერმანულად საუბრობდა და შემდეგ სობჩაკმა მას რეგიონის მასშტაბით, საგარეო საკითხები ჩააბარა. სწორედ ამ პოზიციაზე გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი. სინამდვილეში, დიქტატორი კი არა, ძალიან სუსტი ადამიანია. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო, რომელსაც მეტსახელად „ბატონი არა“ ჰქონდა, რადგან დასავლეთს ყოველთვის და ყველაფერზე უარს ეუბნებოდა, არაფერში ეთანხმებოდა. პუტინს კი შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი „დიახ!“, რადგან რა პრობლემაც უნდა იყოს გადასაწყვეტი, ბევრ ადამიანს ერთად არასდროს ხვდება. ყველას პირისპირ, ერთი-ერთზე ესაუბრება, ასეთი ტიპის საუბრებში კი ის თავის მოსაუბრეს ყოველთვის ეთანხმება, - რასაც შენ მთავაზობ, შესანიშნავიაო... ეს მისი მუშაობის სტილია. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც პუტინის კაბინეტში შედის, იქიდან „მოჯადოებული“ გამოდის. მიაჩნია, რომ პუტინი გამორჩეული ადამიანია, რომელმაც მას გაუგო. არ ესმის, რომ პუტინი არასდროს გააკეთებს იმას, რასაც მას კაბინეტში შეჰპირდა და მისი გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, მასთან საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი რომ შედის, იმასაც იმავეს ეუბნება. ამიტომაც, პოლიტიკოსები, რომლებიც მტრები არიან და ერთმანეთს ვერ იტანენ, პუტინზე გიჟდებიან, რადგან ორივეს, უფრო სწორად, ყველას უთხრა, რომ ის შესანიშნავია...

ელცინის დროს ე.წ. თავისუფლების წლებში, მან ქვეყანა ჩაიბარა, სადაც ჩვეულებრივ „ბარდაკი“ იყო, რადგან თავისუფლებას ყოველი ადამიანი ისე იგებს, როგორც მას სურს თავის ოჯახში, სოფელში, ქალაქში, ფერმაში... პუტინის მმართველობის დროს კი ყველაფერზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ცალკეული ადამიანები კი უბრალოდ აკრიტიკებენ მას და სულ ესაა.

ამიტომაც არ არის წინააღმდეგობა თუნდაც უკრაინის ომთან დაკავშირებით. ოჯახები, მშობლები დასახოცად უშვებენ შვილებს, ოჯახის წევრებს. პროვინციებში, სადაც ძალიან დაბალი ხელფასებია ან სულაც უმუშევრობა, ხალხი უმძიმეს პირობებში, დღემდე „სტალინის ბარაკებში“ ცხოვრობს და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ეტყვის, რომ მისი შვილი ან ძმა ომში უნდა წაიყვანონ და ოჯახს 200.000 რუბლს გადაუხდიან, სიხარულით თანხმდებიან, რადგან იმხელა თანხა არასდროს უნახავთ. იქაური კაცები სვამენ ან ნარკოტიკს მოიხმარენ, მათი დედები ან ცოლები კი ძალიან გაიხარებენ, თუ მათი ქმრები ან ძმები, არაფრის მქონე და შეუმდგარი ადამიანები ომში წაიყვანეს, საიდანაც შესაძლოა, „გმირებად" დაბრუნდნენ, რაც მთავარია, თანხის შოვნის პერსპექტივა უჩნდებათ. რუსეთი უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის აგდებულად ექცეოდა ადამიანებს, მათ სიცოცხლეს, რადგან თავად ადამიანები ექცევიან აგდებულად თავიანთ სიცოცხლეს. სახელმწიფო აძლევს მათ შესაძლებლობას, მაცივარში ძეხვი ჰქონდეთ და ვიდრე მათ მაცივრებში ძეხვია, არასდროს გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ლალი პაპასკირი