"ამბობენ, რომ დასავლეთიდან ვიმართებით და პროტესტიც მათ მიერაა ორგანიზებული..." - გზაპრესი

"ამბობენ, რომ დასავლეთიდან ვიმართებით და პროტესტიც მათ მიერაა ორგანიზებული..."

ბოლო რამდენიმე თვეა, უკრაინის ომში მონაწილე რუსი მობილიზებულების ოჯახები სხვადასხვა გზით ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ, რათა მათი ქმრები შინ დააბრუნონ... აწყობენ მცირერიცხოვან, მაგრამ მაინც საპროტესტო აქციებს, პიკეტებს, ავრცელებენ მიმართვებს, მაგრამ მათი ხმა ძალიან სუსტად ისმის, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ ეშინიათ... ფლეშმობების, მშვიდობიანი დემონსტრაციების, წერილობითი მიმართვების ავტორი ქალების ნაწილი დააკავეს, უამრავი გააფრთხილეს, რომ მას და მის ქმარსაც ფრონტის ხაზზე პრობლემები შეექმნებოდათ და გაჩუმება ურჩიეს...

პროტესტი რუსეთის არაერთ ქალაქსა და რეგიონშია გავრცელებული, თუმცა, ქმრების მაძიებელი ქალების ხმა სუსტად ისმის, ადგილობრივი ადმინისტრაციები მათ "მოგუდვას" ცდილობენ, რათა საპროტესტო მოძრაობამ მასობრივი ხასიათი არ მიიღოს და ანტისაომარ განწყობაში არ გადაიზარდოს. იმავდროულად კი აღიარებენ, რომ "რუსეთში მობილიზაცია მანამდე იმოქმედებს, ვიდრე მისი შეწყვეტის თაობაზე, პუტინის ბრძანება არ გაიცემა" - ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისტემას ფაქტობრივად, შეუძლია გაწვეულები ომში უვადოდ დატოვოს. ჯერჯერობით არც როტაციის გადახედვა იგეგმება.

პარალელურად, მათ შექმნეს ტელეგრამ არხზე დახურული ჯგუფი "გზა შინისაკენ", რომელსაც უკვე 40 ათასამდე წევრი ჰყავს (თუმცა, როგორც მობილიზებულთა ცოლები ამბობენ, მათ შორის უკვე უამრავი ტროლი და "ეფესბეს" წარმომადგენელია), იქ ისინი თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან, სამოქმედო გეგმებს აწყობენ - თუ როგორ დააბრუნონ ფრონტიდან ქმრები. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა - არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ ომი უნდა დასრულდეს; უმეტესობის აზრით, - ძველი მობილიზებულების, ანუ მათი ქმრების შინ დაბრუნების პარალელურად, ახალი ნაკადი უნდა გაიწვიონ, რათა ომი გაგრძელდეს...

ჟურნალთან "გზა" საუბარში, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის ქმარს ხელისუფლება მონასავით ექცევა.

- წელიწადზე მეტია, ნორმალურად არ გვძინავს იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ, რა ამბავს მოგვიტანენ ჩვენს ქმრებზე... გაწვევის დოკუმენტი ყველას მიუვიდა, ვინც ჯანმრთელი იყო და ნაწილი გაიქცა, სხვები წავიდნენ. ჩემი ქმარი არ გაქცეულა... ის შემტევ ბრიგადაშია, რაც ნიშნავს, რომ უმძიმეს პირობებში გახლავთ. იქ უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ყველას აქვს. ამიტომაც, ჩვენი მოთხოვნაა - 2022 წელს მობილიზებულები შეცვალონ. ისინი მონები არ არიან. ამიტომ ვცდილობთ, დემობილიზაციას მივაღწიოთ... შვილები გამუდმებით გვეკითხებიან, - სად არის მამა? სახელმწიფოსგან მხოლოდ ბავშვისთვის საჭირო ჰიგიენურ საშუალებებს ვიღებთ. მეუღლეს თვეში 200 ათას რუბლს უხდიან... ჩემი ქმარი კონტრაქტორი არ არის. ახლა ჩვენ შვებულებას კი არა, დემობილიზაციას, მათ შეცვლას ვითხოვთ.

elena1-1705906766.jpg

იულია:

- ყველა გზით გვებრძვიან. ამბობენ, რომ დასავლეთიდან ვიმართებით და პროტესტიც მათ მიერაა ორგანიზებული... ხელისუფლება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ყოველთვის მტერს, "სამშობლოს მოღალატეს" უწოდებს. ტროლები და ბოტები შემოგვისიეს - "სამშობლოს გამყიდველები" ხართ, არმიის დისკრედიტაციას ეწევით, როდესაც ქმრებს ომში უშვებდით, მაშინ ხომ ფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდაო?.. მათი მომხრეები აგრესიულად გვწერენ, - გეგონათ, ყოველთვე 200 ათას რუბლს აიღებდით, სამხედრო პირის ცოლის პრივილეგიებით ისარგებლებდით და ქვეყანას არსებობას დააყვედრიდით, თქვენი ქმრები კი იმედოვნებდნენ, რომ ხელფასსაც აიღებდნენ, არც არაყი მოაკლდებოდათ, არავითარ რისკზე წასვლა არ მოუწევდათ და მთელი დღეები უსაქმურად იქნებოდნენ, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ახლა აპროტესტებთო... მართლა ბევრი ფიქრობდა ასე. ზოგი ფიქრობდა, რომ უკრაინის ომში მისი ქმარი სამშობლოს იცავდა, ზოგს ახლაც ამის სჯერა... ტელევიზორს არიან მიჩერებული და პროპაგანდას თავს ვერ აღწევენ. მათთვის რუსეთის დამარცხება შეუძლებელი ან ტრაგედიის ტოლფასია... მე ყოველთვის ომის წინააღმდეგი ვიყავი. ვერაფრით ვიჯერებდი, რუსეთი თუ უკრაინაში ომს დაიწყებდა. თავიდან ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო. ახლა მობილიზებულების ცოლები, ყველანი ვამბობთ, რომ ეს ომია და ჩვენი ქმრები შინ უნდა დაბრუნდნენ.

ზოგი პირდაპირ გვეუბნება, - თქვენ მხარს არავინ დაგიჭერთ, არც ქალები და კაცები იქნებიან გვერდით, რადგან თქვენი ქმრების დაბრუნება ნიშნავს, რომ სხვების ქმრები უნდა გაუშვან, ომში დემობილიზებულები ვინმემ ხომ უნდა შეცვალოს? ამიტომ ხელისუფლებას ომის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეთ... დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ შემთხვევაში, სხვებიც თქვენ გვერდით დადგებიანო. თბილი ოთახიდან ასე საუბარი ადვილია. ეს რუსეთია და იმის გასაგებად, ამაში რას ვგულისხმობ, ადამიანი რუსეთში უნდა ცხოვრობდეს.

მე არ ვარ მიამიტი და არ მჯერა, რომ შოიგუს უწყებაში ვიღაცას ჩვენზე გული უჩუყდება, მაგრამ ჩემს ქმარზე ვფიქრობ, რომელიც მათ ხელშია. დახურულ ჩათშიც კი, სადაც ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, პრობლემებზე, გეგმებზე ვსაუბრობთ, უამრავი "ეფესბეს" თანამშრომელია შემოპარული... ერთმა ბიჭმა, სახელად ალექსანდრემ, რომელიც თავადაც მობილიზებულია, ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა და იქ არსებულ სიტუაციაზე მოგვიყვა. რამდენიმე დღეში კი ისე გაქრა, მის კვალს ვერავინ მიაგნო.

არის შემთხვევები, როდესაც აქტიური ქალებიც გააქრეს, "რუსეთის არმიის დისკრედიტაცია", სახელმწიფოს ღალატი, დასავლეთის აგენტობა დააბრალეს და პატიმრობა მიუსაჯეს. საბოლოოდ, დედა ციხეშია, მამა ფრონტზე, ბავშვები კი "ბავშვთა სახლში" - ეს არის რუსეთი. ამ ფონზე, ყველანაირი მოწოდება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, პირდაპირ თვითმკვლელობას ნიშნავს. თუ ყველა გააჩუმეს და გააქრეს, მით უფრო, რომ პროპაგანდის მანქანა ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ჩათშიც გვიტევენ, - რუსეთის წინააღმდეგი ხართ, მის დიდებაზე არ ფიქრობთ, დასავლეთს, ნატოს ვებრძვით და ჩვენს გმირებს, რომლებიც ქვეყანას მკერდით იცავენ, ამცირებთ, მშიშრებად წარმოაჩენთო... უამრავი ქალი გვწერს, ჩემი ქმარიც იქ არის და მე მას ვეუბნები, რომ ბოლომდე, გამარჯვებამდე იბრძოლოს, შინ გმირი და გამარჯვებული დაბრუნდესო... ასეთებს ჰყავთ ტაშის დამკვრელები.

უფლებადამცველი ელენა პოპოვა ამბობს, რომ ქალებს ხმამაღალი პროტესტის ეშინიათ, რითაც ხელისუფლება სარგებლობს.

- დავიწყოთ იმით, რომ მობილიზაცია არ იქნება, რადგან 2022 წელს უკვე გამოცხადდა. მას შემდეგ კი კონსტიტუციაში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, მობილიზებულების ცოლების პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს. თუმცა, ინდივიდუალურად მუშაობით, მათ, ვისაც ჯანმრთელობის გამო, დემობილიზაცია ეკუთვნის, შეუძლიათ შინ დაბრუნდნენ. ჯანმრთელობის პრობლემები ყველას აქვს, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ზოგმა სხვადასხვა სახის კონტუზია მიიღო, აგრეთვე, პოსტრავმული სინდრომი, ფსიქიკური პრობლემები აქვთ. როდესაც შვებულებით შინ ბრუნდებიან, ომში დაბრუნებისგან თავის არიდებას "ჯანმრთელობის ცნობის" გაკეთებით ცდილობენ, ოღონდ დიაგნოზისთვის კერძო ექიმებთან მიდიან, რადგან იციან, რომ სამხედრო სამედიცინო კომისიის გავლისას, ყველას უწერენ "ჯანმრთელია..." სამოქალაქო ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი კი სამხედრო სფეროში არ ჭრის, ამიტომ ისევ ომში აბრუნებენ.

ზოგჯერ სამედიცინო შვებულებით ჩამოსულებს, ჭრილობის მორჩენის შემდეგ, ისევ ომში უშვებენ. ცოლები ჩივიან, რომ მას არ აქვს ბრძოლის თავი, ძალა... ეს ქალები, ცოლები ძალიან ჩაკეტილები არიან, არ უნდათ ღიად საუბარი. მათი მოქმედება, პროტესტის ფორმა შედეგს ვერ მოიტანს.

მხოლოდ რამდენიმემ მისცა ინტერვიუ, სხვებს კომენტარებიც კი შეზღუდული აქვთ, რადგან საბჭოთა კავშირს დანგრევიდან ამდენი წლის შემდეგაც კი, შიში აქვთ სახელმწიფოს მიმართ. ახლახან ერთმა კაცმა მიამბო: სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, პასუხად კი, ჩემი ძმა შუაღამეს გაიტაცეს და ხის ქვეშ, წვიმასა და ქარში დატოვესო... როგორც გაირკვა, კემეროვსკის ოლქიდან ყოფილან მობილიზებულები. რაღაც დროის განმავლობაში მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში, შემდეგ უარი თქვეს, ახსნა-განმარტებითი წერილი დაწერეს, რომ არ შეუძლიათ ადამიანის მოკვლა (რადგან როგორც ამბობენ, რელიგიურები არიან). ბატალიონის მეთაურმა კი, კაპიტანმა, ვინმე, რუბანოვმა ამ ფორმით დასაჯა - რამდენიმე საათი ხის ქვეშ შიშველი დააყენა. დასჯის ასეთი ფორმა მის სამხედრო ნაწილში მიღებული ყოფილა - თუ ვინმე დათვრებოდა ან ბრძანების შესრულებაზე უარს იტყოდა, ამ ფორმით სჯიდა. ეს წამებაა. ვუთხარი, თქვენი კონტაქტები მომეცით-მეთქი, მაგრამ თავი შეიკავეს. შესაძლოა, "ეფესბეს" წარმომადგენლებმაც მიაკითხეს. მერე კი, ისევ შემატყობინეს, ახლა სხვა სამხედრო დგას ხეების ქვეშ, წვიმასა და ქარშიო, რასაც ხმაური და სკანდალი მოჰყვა. შედეგად კი, ის ძმები დავალებაზე გავუშვი და მათთან კონტაქტი გაწყდა. ცოლებს ვუთხარი, არ გაჩუმდეთ, ქმრების დასაბრუნებლად იბრძოლეთ-მეთქი, მაგრამ ხმის ამოღებასაც კი არ აპირებენ, - ოჯახში ვინც დავრჩით, იმათაც მოგვაკითხავენო... მე კი მგონია, რომ სწორედ ამ სიტუაციაში არ შეიძლება გაჩუმება.

- თუ "ეფესბე" მიაკითხავს, რა უნდა ქნან?..

- თუ ყველა გაჩუმდება, "ეფესბე" ყველას მიაკითხავს. უნდა იბრძოლონ, ადვოკატები, მედია, უფლებადამცველები ჩარიონ... ასე ჩუმად, "თეთრი ლენტებით", ფლეშმობებით ვერაფერს გახდებიან. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას უნდა მიმართონ. ერთ-ერთი მობილიზებულის ცოლს, ვინმე ალესიას რომ ვურჩიე, გაეროს მიმართე-მეთქი, მიპასუხა: ეს როგორ? რუსეთის მიმართ არამეგობრული ორგანიზაციაა, ჩვენი წინააღმდეგია და არ მინდაო. როგორ თუ არამეგობრული, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა-მეთქი... კიდევ ერთ გოგოს ვურჩიე, საერთაშორისო მედიას მიმართეთ-მეთქი, მათ გამო ისედაც ლამის უცხო ქვეყნის აგენტები გავხდითო, - მიპასუხა.

რამდენიმე ქალი, რომელთა ქმრებიც მობილიზებული იყვნენ და შვებულებით ჩამოვიდნენ, ჩუმად დამიკავშირდნენ, - ისინი ომში აღარ დაბრუნდნენ, მაგრამ სამხედრო ნაწილში არგამოცხადების გამო, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ნახევარი წლით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაუშვესო. ვუთხარი, მომეცით მათი მისამართები, ვიმუშავებთ, ვუამბოთ მოსახლეობას, საზოგადოებას, რათა პროტესტი გამწვავდეს-მეთქი, და უარი მითხრეს. რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანიდან, მხოლოდ ერთმა ისაუბრა. სხვები მხოლოდ დახურულ ჩათებში ჰყვებიან. ჩემი მონაცემებით, მონიტორინგის სიის თანახმად, 4 ათასზე მეტი ადამიანი ამ ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მათი ოჯახის წევრები, დედები, ცოლები დუმან, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიაში არსებული ვითარება ფრონტის ხაზს არ ჩამოუვარდება. სულ ოთხი ან ექვსი ქალი ბედავს ისაუბროს. არადა, ამ ადამიანების ხმის გაგონება, მათი ისტორიების მოსმენა ხალხისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვასაც გაუჩნდეს ბრძოლის, რაიმეს შეცვლის იმედი. ვეუბნები, რომ რაიონსა და ოლქსაც არ დავასახელებ, არათუ გვარ-სახელს-მეთქი, - მაინც მიპოვიან, არმიის დისკრედიტაციას დამაბრალებენ და დამაპატიმრებენო, - მეუბნებიან.

მასებს გაუჭირდათ იმის გაგება, რომ თუ გაერთიანდებოდნენ, ერთ ძალად შეიკვრებოდნენ, რაღაცის შეცვლას შეძლებდნენ, ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. ყველა ერთნაირი არ არის, ცხადია, მაგრამ უმეტესობა ასეთია.

ლალი პაპასკირი