ხელით შექმნილი ხის სატრანსპორტო საშუალებები, კოტეჯები და სასტუმრო
მის ნამუშევრებში ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული. ამგვარად დიდი შრომისა და ენერგიის ფასად იქმნება ეკოლოგიურად სუფთა, ხის მანქანები წალკაში, რომელიც შემდეგ სხვადასხვა რეგიონში „მიემგზავრება“, თუმცა არაერთი უკვე საზღვარგარეთაც მოხვდა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მიმართულებისა, რასაც ვასილ ასპანიძე აკეთებს. მეტ დეტალს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ხის მასალის მიმართ ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. ბიძაჩემი დურგალია და ხესთან პირველი ურთიერთობა მის გვერდით მომიწია. 5-6 წლის ვიქნებოდი, როცა პირველი სათამაშო გავაკეთე - პატარა ანტიკვარული ურემი. ბიძაჩემის აღფრთოვანება დაიმსახურა და მახსოვს მითხრა, ნიჭი გაქვსო. თუმცა, შემდეგ ხესთან ურთიერთობა აღარ მქონია. 5 წლის წინ დისშვილი შემეძინა, მინდოდა მისთვის განსაკუთრებული, ორიგინალური საჩუქარი გამეკეთებინა და პირველი ხის ავტომობილი შევქმენი. საჩუქრად რომ გავგზავნე, დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია. ასე დავიწყე და მას შემდეგ რაც 5 წლის წინ პირველი მანქანა გავაკეთე, დღემდე 60-მდე მოდელი შევქმენი. ჩემs საქმეს მასობრივი სახე 3 წელია, რაც მიეცა. ნამუშევრებში ყველა დეტალი ნატურალურია, ვმუშაობ კაკალსა და წიფელზე. ვყიდულობ მეორად მასალას, ანუ ასე ვთქვათ შეშად გამოსაყენებელ ხეს ვიძენ და ნამუშევრებს მისგან ვქმნი. წალკაში მაქვს პატარა სახელოსნო, სადაც ვმუშაობ და ყველაფერს ხელით ვაკეთებ. ნახაზებს, ესკიზებს, ჩანახატებს ვქმნი და მათ მივყვები. თვითნასწავლი ვარ და თითოეულ ნამუშევარში მთელ სულსა და გულს ვდებ.
- თქვენს პროდუქციას ეს ნამდვილად ეტყობა...
- გმადლობთ... თითქოს ყველა ნივთს თავისi სული აქვს. როდესაც ხელით მუშაობ, ორი ზუსტად ერთნაირი მოდელი არ გამოდის. მუშაობის პროცესში სხვადასხვა დეტალი იცვლება და მეტად იხვეწება. ზოგადად ხეზე მუშაობა რთულია, თუ მასალას არასწორად შეარჩევ, გაჭრი ან ვერ მიუდგები, გასკდება და გაფუჭდება. თითოეული მოდელი 70-80-მდე წვრილი დეტალისგან შედგება და წარმოიდგინეთ, რა სირთულესთან გვაქვს საქმე. მოდელებზე არც ერთი რკინის დეტალი არ არის გამოყენებული და არც მავნე ნივთიერებების შემცველია. ვიყენებ მხოლოდ გერმანული, მაღალი ხარისხის წებოს, რადგან თუ ბავშვი ნივთს თამაშის დროს პირში ჩაიდებს, არაფერი ავნოს. ამავე მიზეზით არ ვიყენებ საღებავს. ფერისთვის ნატურალურ ზეთზე თავად ვამზადებ სითხეს, რომლითაც ნამუშევარი იფარება და ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
- სათამაშოები ვიზუალურად უფრო მარტივად რომ აღვიქვათ, ყველაზე დიდი და პატარა მოდელი რა შეგიქმნიათ?
- ყველაზე პატარა 15 სანტიმეტრი, თუმცა მასზე პატარა მოდელის გაკეთებაც შემიძლია. ყველაზე დიდი სათამაშო კი 48 სანტიმეტრი ყოფილა, თუმცა, ამგვარი სათამაშოების გარდა, ფოტოსტუდიებისთვის გაკეთებული მაქვს ისეთი ავტომობილიც, რომელშიც 6 წლამდე ბავშვს შეუძლია ჩაჯდეს. ის მანქანები ჩვეულებრივად მოძრაობს. ასევე თვითმფრინავები გავაკეთე, რომელშიც 4 წლამდე ბავშვი თავსდება. ზოგადად მასშტაბებში შეზღუდული არ ვარ, თუ ვინმეს დიდი ზომის ნივთის დამზადების სურვილი ექნება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. შემიძლია მოდელი 10 სანტიმეტრი იყოს, ისევე როგორც 1 მეტრი.
- რეგიონში მცხოვრებლებთან საუბრისას, ყოველთვის ვინტერესდები, თუ არიან მათ კუთხეში მსურველები, რომ ხელსაქმე აითვისონ და თქვენც იმავეს გკითხავთ...
- რამდენიმე შეიძლება იყოს, ვისაც ინტერესი აქვს, მაგრამ... უხეშად გამომდის, თუმცა, ადამიანებს ნებისყოფა არ ყოფნით. ძალიან ბევრი მეუბნება: რა ნერვები გაქვს, როგორი ნებისყოფა, შენს ადგილას მე ამას დავამტვრევდი და ა.შ. ვფიქრობ, ადამიანს თუ მიზანი, ნებისყოფა და საქმის მიმართ სიყვარული არ გაქვს, არაფერი გამოგივა. ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე მოდელის აწყობისას, ერთი და იgiვე დეტალი ოცჯერ გამომიჭრია, რადგან ყოველ ჯერზე ტყდებოდა და არ გამოდიოდა. ვინც ამას ნახულობდა, ამბობდა, - შევეშვებოდი და გადავყრიდიო. მე კი ეს ყველაფერი პირიქით, სტიმულს მაძლევს და აზარტში მაგდებს. ვფიქრობ, სასურველი ფორმა როგორ ვერ უნდა გამოვიყვანო და ვმუშაობ მანამ, სანამ შესაბამის შედეგს არ მივიღებ. მაშინ თვითკმაყოფილება ძალიან მაღალია და მიხარია, რომ უბრალო ხის ნაგლეჯისგან ისეთი მოდელი შევქმენი, რომელმაც ხალხი აღაფრთოვანა. არ მყოლია კლიენტი, ვისაც შეკვეთა მიეღოს და არ ეთქვას, რომ ნივთმა მოლოდინს გადააჭარბა და რასაც ელოდნენ, მასზე გაცილებით უკეთესი ნამუშევარი მიიღეს.
- როცა ნივთი სრულად ხელნაკეთია, შესაბამისად, მაღალი ფასი აქვს, თუმცა, საზღვარგარეთ გაცილებით დაფასებულია ასეთი პროდუქცია, ვიდრე ჩვენში. რამდენად ადეკვატურია საქართველოში ის თანხა, რასაც ხარჯავთ მასალასა და მათ შექმნაზე?
- ვინც ხის ფასი იცის ან მასზე უმუშავია, ყველა მეუბნება, რომ ნივთებს მიზერულ ფასებში ვყიდი. 1 ნივთის შექმნას შეიძლება 3-4 დღე და ღამე დასჭირდეს და 100-150 ლარად შევაფასო. ბუნებრივია, ეს ცოტაა, მასალისა და შრომის გათვალისწინებით. ზოგიერთს, ვინც ამგვარი შრომის ფასი იცის, მეტი თავისივე სურვილით გადაუხდია. აქ 100-150 ლარად შეფასებული მოდელი, საზღვარგარეთ 200-300 ევროდ გამიყიდია. გერმანიაში ვსწავლობდი და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუ რა მიდგომა აქვთ იქ ჯანსაღ პროდუქტისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართ. საქართველოში ჯერ შესაბამისი ცოდნა არ არის და ადამიანები ვერც იმას აცნობიერებენ, თუ რა ზიანის გამომწვევი შეიძლება გახდეს პლასტმასის სათამაშოები. მომავალი თაობისთვის მისი შეძენა ან ჩუქება დაუშვებელია.
- რომელი მოდელია ყველაზე პოპულარული?
- ბევრნაირი მოდელი მაქვს შექმნილი და ასე გამორჩევა რთულია. თავიდან რეტრო ავტომობილებს ვაკეთებდი, მათ შორის იყო ის მანქანა, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერი გადაადგილდებოდა. ასევე: „როლს-როისი“, „მერსედესი“, „პორშე 911“ და ა.შ. ბოლო დროს თანამედროვე მოდელებიც შევმატე, ასევე: „ტრაილერები“, ტრაქტორები, ავტობუსები, მოტოციკლეტები და ა.შ. ვქმნი სოფლის მეურნეობისა და სამხედრო ტექნიკასაც. ხისგან შემიძლია ნებისმიერი მოდელი გავაკეთო. ადამიანს თუ სურვილი და ნიჭი აქვს, შეუძლებელი არაფერია.
- ავეჯის, დეკორატიული ან გამოყენებითი ნივთების კეთება არ გიცდიათ?
- კი, როგორ არა. ხისგან ყველაფერს ვაკეთებ: ავეჯს, საწოლებს, ინტერიერისა და ექსტერიერის კეთილმოწყობას, იარაღის კონდახებს. კოტეჯებსაც ვაწყობ. ბოლო პერიოდში დაშბაშის კანიონზე, ხის მასალით სამსართულიანი სასტუმრო გავაკეთე და უახლოეს ხანში ე.წ. პირამიდა კოტეჯებზე მაქვს სამუშაო.
- კარგი იქნება, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი და შეასწავლით ამ ხელსაქმეს...
- ნეტავ ვინმე გამოჩნდეს. როგორც გითხარით, თვითნასწავლი ვარ და საქმე მხოლოდ დიდი ინტერესისა და შრომის შედეგად ავითვისე. საწყენი იქნება, ეს ხელობა რომ დაიკარგოს. თუ ვინმეს მსგავსი ნიჭი და ინტერესი ექნება, გვერდით დავუდგები და საქმეს დიდი სიამოვნებით ვასწავლი.
ანა კალანდაძე