ვის უკავშირდება თბილისში გოგირდის წყლების აღმოჩენა - გზაპრესი

ვის უკავშირდება თბილისში გოგირდის წყლების აღმოჩენა

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კორძახია იხსენებს ძველ თბილისს, აფხაზეთთან დაკავშირებულ ამბებს, სტუდენტობის წლებს, საინტერესო ადამიანებს და მათთან ურთიერთობის ეპიზოდებს. ის გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი.

ვინ აღმოაჩინა გოგირდის წყლები

- გასული საუკუნის 60-იან წლებში ლისის ტბაზე გაიბურღა სამი ჭაბურღილი, სადაც აღმოჩნდა მიწისქვეშა ცხელი წყლები, ე.წ. გოგირდის წყლები, რამაც თბილისში საბურთალოზე მთელ რიგ დასახლებებს საშუალება მისცა, ჰქონოდათ იაფი ცხელი წყალი. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა მამაჩემი, გეოლოგი ირაკლი კორძახია, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საქნავთობში წამყვან თანამდებობებზე. მამა ერთი წელი ალჟირში იყო მივლინებით, მასთან ერთად წავიდნენ დედაჩემი და უმცროსი და. მე და ჩემი უფროსი და აქ დავრჩით, რადგან მაშინ ორივე სკოლაში ვსწავლობდით...

2000-იანი წლების დასაწყისში მე და კლიმატის ცენტრის უფროსმა გრიგოლ ლაზრიევმა (მისი მოადგილე ვიყავი) გავაკეთეთ პროექტი, სადაც იყო საუბარი გოგირდის წყლების ფართოდ გამოყენებაზე, კერძოდ - გათბობისთვის. ეს არის განახლებადი წყალი და დიდ ეკონომიას აძლევს ქვეყანას ელექტროენერგიის მოხმარებაში. თუმცა, მაშინ საქართველო არ იყო მზად ამ პროექტის განსახორციელებლად.

აფხაზეთში გატარებული წლები

- მამა იყო საქართველოს დამსახურებული გეოლოგი, მას სხვადასხვა ადგილას უწევდა მუშაობა. ერთი პერიოდი გაგზავნეს ბიჭვინთაში, სადაც საკუთარი სახლი მოგვცეს. რადგან პირველ კლასში უნდა წავსულიყავი, გაგრაში გადაიყვანეს და ერთი წელი იქ ვსწავლობდი. გაგრაში ორი ულამაზესი სახლი იდგა გვერდიგვერდ - პრინც ოლდენბურგის სასახლე და მისი მოურავის. ჩვენ მოურავის სახლში ვცხოვრობდით, ხოლო პრინცის სასახლეში გაგრის რაიკომის მდივანი შოთა დოლიძე მოეწყო, რომელიც დედაჩემის ბიძაშვილი იყო. მამა ოჩამჩირეშიც მუშაობდა, სოხუმშიც... მეორე და მესამე კლასი სოხუმში დავამთავრე. მამაჩემი კომუნისტი არ ყოფილა, მაგრამ კომუნისტებზე უფრო კომუნისტი იყო, სოხუმის სახლი სახელმწიფოს ჩააბარა. მერე იმ სახლში ცხოვრობდა მჟავანაძის ქვისლი, რომელმაც ბინა გადმოცვალა თბილისში. აფხაზეთში ხშირად ვყოფილვარ ბავშვობის მერეც. სოხუმში ცხოვრობდა დედაჩემის მამიდა, დამსახურებული პიროვნება ოლღა ჭანუყვაძე, სუბტროპიკული ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. მასთან ჩავდიოდი ხოლმე, საკუთარი სახლი ჰქონდა. ბოლო წელს აფხაზები ქართულად აღარ დამელაპარაკნენ, ვითომ ქართული არ იცოდნენ. წინა წელს თუ იცოდით, ასე როგორ დაგავიწყდათ-მეთქი? - ვეუბნებოდი. აფხაზეთის ომის დროს მამიდა უკვე გარდაცვლილი იყო.

თბილისური ურთიერთობები

- ჩემს ბავშვობაში თბილისი პატარა და შინაურული ქალაქი გახლდათ. ცოტა ხალხი ცხოვრობდა და დიდი მოძრაობაც არ იყო. 51-ე სკოლაში ვსწავლობდი, მის გვერდით ჩამოივლიდა ხოლმე ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე, რომელიც სამსახურისკენ მიმავალ გზას ფეხით მიუყვებოდა. არაერთხელ დამინახავს, უბრალო კაცი იყო. ის ცხოვრობდა ზემოთ, ე.წ. ბერიას სახლში. ეს არის შენობა მე-9 მუსიკალური სკოლის გვერდით (ეს სასწავლებელი დავამთავრე). აფხაზეთიდან რომ ჩამოვედით, თბილისში ბინა არ გვქონდა და ვცხოვრობდით ხან ერთ ბებიასთან, ხან მეორესთან. მამის დედასთან - ბროსეს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ლენინის ქუჩაზე ჯანო ბაგრატიონი ცხოვრობდა. 51-ე სკოლაში ჩემი კლასელები იყვნენ ჯანოს ვაჟი გიორგი, მანანა დოიჯაშვილი და თემურ მათურელი. მერე ბაგრატიონებმა და ჩვენ ერთსა და იმავე ეზოში მივიღეთ ბინა, პავლოვის ქუჩის ბოლოში. იმ სახლს მემორიალური დაფაც აქვს. მეორე სადარბაზოს მე-4 სართულზე ერთ მხარეს ჯანო ცხოვრობდა, მეორე მხარეს - გოგი ცაბაძე. იმათ მოსმენას არაფერი სჯობდა - ეზოში ქეიფობდნენ და მღეროდნენ. გოგისa და ჯანოსთან ხშირი ურთიერთობა მქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ფეხბურთზე! გოგის მოსწონდა ყველაფერი, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა, მე კი ახალკაცს ვაკრიტიკებდი (იცინის). მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და პირველი თანრიგი მქონდა, მეტს ვერ გავცდი.

ucxoel-stumrebtan-ertad-copy-1705908605.jpg

ოქროს მედალი და პედაგოგები

- სკოლაში ვცდილობდი, ყველა საგანი მაღალ დონეზე მესწავლა, ფიზიკა და მათემატიკა მიყვარდა.... ჯერ 51-ეში ვსწავლობდი, მერე გადავედი მე-60-ში. ერთ დღეს სკოლაში მოვიდნენ ემისრები (ასე ვთქვათ) და გვითხრეს, რომ მათემატიკური სკოლა იხსნებოდა. გვკითხეს, ვის გაქვთ სურვილი, რომ ჩვენთან ისწავლოთო? ორი კაცი გადავედით 68-ე სკოლაში. ეს იყო პირველი მათემატიკური სკოლა თბილისში. შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა უნივერსიტეტიდან და გამოთვლითი ცენტრიდან. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ბევრი კარგი ლექტორი გვყავდა: გურამ ჭილაშვილი, ალეკო იშხნელი (მომღერლების შთამომავალი), ვლადიმერ წითლანაძე... ხუთებზე ვსწავლობდი. ერთხელ ბატონმა გურამმა ძალიან რთული მაგალითი მომცა. ამოხსნა დავიწყე და ფიზიკის დიდი აუდიტორიის ასაწევ-დასაწევი დაფა რომ გავავსე, მერე მარცხენა დაფაზე გადავედი. შედეგად მივიღე, ვთქვათ, რ4-ის უკუპროპორციული, პასუხი კი რ5-ის უკუპროპორციული იყო. არ არის სწორიო, - მითხრა. როგორ? მოდით, ნახეთ, სად მაქვს შეცდომა-მეთქი. რომ არ დავეთანხმე, 5-იანი დამიწერა. იმას მერე მივხვდი, რომ მან უბრალოდ პასუხი იცოდა.

ჩემპიონი...

- სტუდენტობის დროს წყალქვეშა ცურვას მივდევდი. ეს სპორტის ახალი სახეობა იყო. რუსმა ცოლ-ქმარმა წამოიწყო მისი განვითარება ჩვენთან. ხშირად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველობაზე. ამიერკავკასიის ჩემპიონი ვარ რვაას მეტრზე ცურვაში. სოხუმში გაიმართა ამიერკავკასიის ჩემპიონატი, სადაც ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. შეჯიბრeba იყო ორიენტირებაში, მე ამაში არ ვმონაწილეობდი. წინასწარ აძლევდნენ კოორდინატს და კონკრეტულ ტრაექტორიაზე უნდა მოეძებნათ სპეციალური ბუი (ტივტივა). მერე უნდა გამოსულიყვნენ რაღაც ჩარჩოში, ვთქვათ, ოცმეტრიანში და დისტანცია დაძლეული იქნებოდა. შეჯიბრების წინადღეს ზღვაზე ღელვის გამო ისეთი ჭუჭყიანი წყალი იყო, ბუი ერთადერთმა კაცმა იპოვა და ის გახდა ჩემპიონი (იცინის).

ფიზიკოსები ხუმრობენ

- სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს წიგნი „ფიზიკოსები ხუმრობენ“, საიდანაც ერთ ამბავს გეტყვით: ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი მიდის თეორეტიკოსთან (თეორიული ფიზიკის სპეციალისტი ვიყავი) და ეუბნება: მივიღე ასეთი დასკვნა, რომ სიდიდე "ა" არის "ბ"-ზე მეტი, ასე გამოვიდაო. თეორეტიკოსი დაუჯდა და აუხსნა, რატომ არის სწორი ეს მოსაზრება. წავიდა ექსპერიმენტატორი ძალიან კმაყოფილი. ცოტა ხნის შემდეგ მორბის და ამბობს: ჩანაწერი ამერია, პირიქით ყოფილა, "ბ" არის "ა"-ზე მეტიო. და თეორეტიკოსი პასუხობს: უჰ, ეგ უფრო ადვილი ასახსნელიაო (იცინის).

ასპირანტურაში მოსკოვში ვსწავლობდი, სადაც საოცრად მაღალი დონის სემინარები იმართებოდა. იყო ერთი ახალგაზრდა აკადემიკოსი, შაყირისტი კაცი და მეორე - ასაკოვანი აკადემიკოსი ლენინგრადიდან, ძლიერი სპეციალისტი, სახელმძღვანელოების ავტორი. ჰოდა, იმ ახალგაზრდამ ასაკოვანის გამოსვლის დროს შიშველი ქალების სლაიდები გაუშვა ეკრანზე. კაცი გაგიჟდა, ეს არაა ჩემი შედეგებიო, შეეშინდა კიდეც. ასეთი დრო იყო.

irakli-korzaxia-ojaxtan-ertad-copy-1705908597.jpg

ცოტა რამ ამინდის პროგნოზის შესახებ

- გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადმომიყვანეს უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ჩვენ გავხდით მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) წევრი 1994 წელს და იქიდან მოყოლებული ვმონაწილეობთ მის საქმიანობაში. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, სჭირდება თუ არა ჰიდრომეტს მოდიფიცირება ევროპასთან. არ გვჭირდება, რადგან ვართ მმო-ს წევრი, აქაც ყველა სტანდარტი მოქმედებს. ჩვენ გვჭირდებოდა ტექნიკური გადაიარაღება და დაფინანსება. აი, ამაში დაგვეხმარა ეს ორგანიზაცია და 38 პროექტი განვახორციელეთ დონორი ქვეყნების საშუალებით. ამჟამად გვეხმარება კლიმატის მწვანე ფონდი და ჯერ მარტო ავტომატურ სადამკვირვებლო სადგურებზე 2,5 მილიონი დოლარი იხარჯება.

90-იან წლებში გამოვდიოდი საქართველოს ტელევიზიით, უფრო ხშირად, რადიოთი და მოსახლეობას ვუყვებოდი, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არ არის მარტო ამინდის პროგნოზი, აქ არის რეჟიმული ინფორმაცია, მონიტორინგის, მონაცემების დამუშავების საკითხები... ჰიდრომეტი მოვალეა თავისი შედეგების გავრცელებაზე იზრუნოს. კი ბატონო, ადრე ყოფილა შეცდომა პროგნოზში და ამაზე ასეთ ამბავს იხსენებენ: ჰიდროლოგების უფროსად მუშაობდა ვახტანგ ცხადაძე, შესანიშნავი თამადა და იუმორის მქონე კაცი. ერთხელ ზის სამორიგეოში, სადაც მთავრობის აპარატი იდგა, ამინდს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რეკავს ჯუმბერ პატიაშვილი და ეკითხება, როგორი ამინდია გორშიო? კარგი ამინდიაო, - პასუხობს, არადა, ისე წვიმდა, რომ კაცი მანქანიდან ვერ გადმოდიოდა. საბჭოთა კავშირის დროს, პროგნოზი შედარებით დაბალი იყო, ელექტრულ-გამომთვლელი მანქანების გამოყენების შემთხვევაშიც კი. როგორც კი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი გამოიგონეს, პროგნოზი 72-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა და დღეს უკვე 91% მართლდება. ჩვენ წინ მივდივართ, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური დიდი ნაბიჯებით ვითარდება.

ნანული ზოტიკიშვილი