ენგურის კაშხლის, როკის გვირაბის გახსნა, ომები, თვითმფრინავის აფეთქება... - გზაპრესი

ენგურის კაშხლის, როკის გვირაბის გახსნა, ომები, თვითმფრინავის აფეთქება...

"...როდესაც ჩემი ფირი გამჟღავნდა და დამონტაჟდა, ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა... აყრილი სოფლები საერთოდ არ გადამიღია, ისინი საზეიმო ვითარებას არ იყო მორგებული და ვიცოდი, მაინც არ აჩვენებდნენ. სულგანაბული ველოდი სიუჟეტის ეთერში გასვლას. მით უმეტეს, ამხელა აუდიტორია ნახავდა - პროგრამა "ვრემიას" 185 მილიონი ადამიანი უყურებდა..." - ცნობილი ჟურნალისტი ნანა ღონღაძე ენგურჰესის გახსნის პერიოდს იხსენებს...

- ქალბატონო ნანა, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა საბჭოთა კავშირში ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო პროგრამასთან "ვრემია"? გახსოვთ თქვენი პირველი ნამუშევარი?

- ამას რა დამავიწყებს?! ეს იყო რეპორტაჟი ენგურის კაშხლიდან, 1978 წლის გაზაფხულზე. მახსოვს, მაშინ პირველად გამოვჩნდი კადრში და ტექსტიც თავად გავახმოვანე... ფირზე მომავალი წყალსაცავის აღბეჭდვა გვინდოდა. ჯერ ცარიელი იყო, მომზადებული ქვაბული უნდა გადაგვეღო, რომელიც მდინარე ენგურის წყლით აივსებოდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ის ქალაქ ჯვართან, ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, კავკასიაში ყველაზე დიდია, სიგრძით 30 კილომეტრი, ხოლო, სიღრმით 226 მეტრი... მაშინ ეს ყველაფერი არ იყო აშენებული. ჩვენ რომ ჩავედით, წყალსაცავის ფსკერზე დაცარიელებული სახლები, ქუჩები და ბაღები დაგვხვდა. ძალიან სევდიანი სურათი იყო. თან ქარი ქროდა და ერთ-ერთ სოფლის ქუჩაზე ქაღალდის ფურცელს ჰაერში აფრიალებდა. დანარჩენი ყველაფერი უსულოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. გული შემეკუმშა. შემეცოდა ადამიანები, რომლებიც იქიდან აყარეს და წანაპრების სახლ-კარს მოაშორეს. როგორც შევიტყვე, მაშინ იქ ქართული სოფლები ყოფილა, რომლებიც წყალქვეშ მოექცეოდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახს ამოუძირკვეს ფესვები მხოლოდ იმიტომ, რომ ჰესი აშენებულიყო... ვიფიქრე, აქ რომ მეცხოვრა და ვინმეს იძულებით გადავესახლებინე, ალბათ ამას ვერ გადავიტანდი-მეთქი. ამიტომაც, ახლა კარგად მესმის მათი, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ეს მათი მიწაა, მათი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ იქ, სადაც დიდი სიყვარული სუფევდა...

ენგურის ჰესის მშენებლობა 60-იან წლებში გადაწყვიტეს. ამ საკითხის სახალხო განხილვა დიდხანს მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის დროს მთავრობას ადამიანის აზრი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ეჩვენებინა, თითქოს მას ითვალისწინებდა, სინამდვილეში მაინც თავისას გაიტანდა. რას ვიზამთ, ცივილიზაციას თავისი მოაქვს...

მახსოვს, ძალიან ციოდა. თბილად კი მეცვა, თავზე "უშანკაც" მეხურა, მაგრამ სიცივისგან ტუჩები მაინც მეწებებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი ქვაბულის ძირში დადგომა და თქმა, რომ ამჟამად მე ისეთ ადგილას ვიმყოფები, რომელიც რამდენიმე წუთში წყლით დაიფარება და ადამიანი აქ ფეხს ვეღარასოდეს დაადგამს-მეთქი. ათი დუბლი ჩავწერეთ...

ტელეოპერატორი ვოვა ეrმაკოვი მახლდა. მერე ცოტა ლოდინმაც მოგვიწია, ენგურის პირველი ნაკადის კადრები უნდა გადაგვეღო, ანუ ის, თუ როგორ ივსება წყალსაცავი. ადგილობრივი გამცილებელი, რომელიც მშენებლობის შტაბიდან მოგვამაგრეს, გვაჩქარებდა, - გეყოფათ, ალბათ მიტინგი უკვე დაიწყოო! ამიტომ მანქანით მოპირდაპირე მხარეს გავეშურეთ და კიდევ 50 წუთი ვიარეთ. მიტინგს სულზე მივუსწარით! ზუსტად იმ დროს მივედით, ხალხი სიტყვით რომ გამოდიოდა... დიდი ზეიმი იყო, აფხაზეთის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. მაშინ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, მაგრამ ზოგიერთი მაინც რუსულად ამბობდა სიტყვას.

ვფიქრობ, ამას თავისი ახსნა აქვს: საქართველო ხომ რუსეთის იმპერიაში 200 წელი, თბილისის, ქუთაისის გუბერნიებად და სოხუმის სამხედრო ოლქად მოიხსენიებოდა. სოხუმის რეგიონში უმთავრესად რუსული ჯარი იდგა, საზღვარიც იქ გადიოდა. აფხაზებს უნებურად, რუსულის ცოდნა სჭირდებოდათ. ისინი საზღვარს ხშირად კვეთდნენ, რუსეთში გაჰქონდათ გასაყიდად ციტრუსი და სხვა ნაწარმი. ვფიქრობ, საბჭოთა პერიოდში რუსეთთან შეერთების სურვილიs safuZvelic არა აფხაზური ენის სტატუსი იყო ან დამოუკიდებლობა, არამედ კომერცია. სანამ საქართველოს რესპუბლიკა ხილის ჩაბარების გეგმას არ შეასრულებდა, რუსეთში ციტრუსების გატანა იკრძალებოდა და აფხაზებში ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ისე, აფხაზებს რომ არ ეჩქარათ, რუსების ანკესზე რომ არ წამოგებულიყვნენ და ომი არ დაეწყოთ, ისევ ძველი ავტონომიის სტატუსით საქართველოში დარჩენილიყვნენ, მათ ძირძველი მოსახლეობა, ინფრასტრუქტურაც შერჩებოდათ, ხოლო სოხუმი ბათუმზე უკეთესად გაშენებული და აღორძინებული ქალაქი იქნებოდა... ენგურის ჰიდროელექტროსადგურსაც მხარეები ერთობლივად მართავდნენ.

- აყრილი სოფლები გადაიღეთ?

- როდესაც ჩემი ფირი გამჟღავნდა და დამონტაჟდა, ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. აყრილი სოფლები საერთოდ არ გადამიღია, ისინი საზეიმო ვითარებას არ იყო მორგებული და ვიცოდი, მაინც არ აჩვენებდნენ. სულგანაბული ველოდი სიუჟეტის ეთერში გასვლას, მით უმეტეს, ამხელა აუდიტორიაზე გავდიოდი, პროგრამა "ვრემიას" 185 მილიონი ადამიანი უყურებდა. მაშინ რესპუბლიკებში მხოლოდ სამი არხი არსებობდა: ორი ადგილობრივი და ერთი - ცენტრალური ტელევიზიის. საღამოს 9 საათზე სამივე არხი ვალდებული იყო, ეთერში საინფორმაციო "ვრემია" გაეშვა... მახსოვს, როგორ გამოაცხადა წამყვანმა იგორ კირილოვმა ჩემი გვარი და სახელი, ჩემი კადრის მონაკვეთიც არ ამოჭრეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი კარიერის აღმავლობა, უფრო ცნობადი გავხდი. მანამდე 5 წელი საქართველოს ტელევიზიის დიქტორად, უშტატო კორესპონდენტად და ასევე, გაცვლითი პროგრამების რედაქციაში ვმუშაობდი. ახალ ამბებს საქართველოდან თვითმფრინავით, ფირების სახით ვგზავნიდით, ხოლო ტექსტს მოსკოველი დიქტორები კითხულობდნენ...

nana-svanetis-koshktan-da-sasha-krgini-3-1705908850.jpg

- ჩვენმა საუბარმა თემა გამოკვეთა, ჟურნალისტი და მისი ემოციური ფონი... საინტერესოა, როგორ შეძელით ემოციების მართვა, როცა აყრილმა სოფლებმა ამდენად შეგძრათ?

- მე მუშაობის პროცესში ხუთ კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი: რა, როგორ, რატომ, როდის და ვინ?.. მაგრამ მაინც, ყველაზე მთავარი იყო, მაყურებლისათვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა და უზუსტობა არ გამპაროდა.

არსებობდა ასევე გასართობი ხასიათის ახალი ამბავი. როდესაც პროგრამა "ვრემიას" გამომშვები მიკავშირდებოდა, ყოველთვის მთხოვდა, რაიმე "დესერტი" მომიმზადეო, რაც ამინდის პროგნოზამდე გადიოდა ან დილის პროგრამაში, რომ ხალხი გაერთო, აუდიტორია გაეხალისებინა. ახალ ამბებში არ იყო მიღებული კორესპონდენტის ემოციების გამოხატვა... ნუ გავიწყდებათ, რომ ძველ დროში მომიწია მუშაობამ. ვის ჰქონდა მაშინ უფლება, საკუთარი აზრი გამოეხატა ან ემოცია ეჩვენებინა?! ახლა იმ რეპორტაჟს სულ სხვანაირად გავაკეთებდი, უფრო გულახდილად. ენგურჰესის მშენებლობამ ხომ ბევრ ოჯახს მიაყენა ზიანი და მოუშუშებელი ტკივილი...

- ეს თქვენი პირველი მოგზაურობა იყო ზედა სვანეთში?

- დიახ, პირველი გახლდათ... მეორედ დაბა უშგულს ვეწვიე, ადგილობრივი ექიმის ოჯახში გამაჩერეს. სვანეთის თემა საკავშირო ტელევიზიის მოგზაურთა კლუბის თხოვნით მოვამზადე. 30-წუთიანი პროგრამით მოსკოვში ჩავედი. იქ უმაღლესი დონის ჟურნალისტები მუშაობდნენ, ზოგს ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. ერთი უცხო ენის და მეორე - ჟურნალისტიკის ან სხვა დარგის. თვით ტელევიზიის შენობა, ტექნიკური აღჭურვილობა, სასადილო და კაფეც ჩვენსას სულ არ შეედრებოდა. ცნობილი წამყვანის, იური სენკევიჩის სტუმარი გახლდით, რაც მაშინ დიდ პატივად ითვლებოდა.

- შემდეგ სვანეთში კიდევ მოგიხდათ ჩასვლა?

- დიახ, უშგულში... იქაური ოჯახიდან კარგად მახსოვს ექიმის ქალიშვილი ნონა, რომელიც ჩემმა საქმიანობამ იმდენად გაიტაცა, რომ მგონი, შემდეგ ჟურნალისტის პროფესია აირჩია. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი აღმოჩნდა. მე იქ ძროხის მოწველა მასწავლეს, ყველის ამოყვანაც ვცადე. უშგულიდან დაუვიწყარი და ულამაზესი მოგონებები გამომყვა... კაშხლის გახსნის დღე კი მართლაც მტკივნეულად მახსენდება. თუმცა, ენგურჰესზე ახალი დადებითი ინფორმაციაც გავიგე - რომ მას ნაციონალური კულტურის ღირსშესანიშნავი მონუმენტის statusi მიენიჭა, რომ იქ პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა და წელს მას 20 000 ადამიანი ეწვია, მომავალში კი ბევრი სპორტული ატრაქციონის ამუშავება იგეგმება...

- ცნობილია, რომ თქვენ მრავალი მსხვილი სამშენებლო პროექტის დასრულება და მწყობრში ჩადგომა გაგიშუქებიათ, სამაჩაბლოში როკის გვირაბის გახსნას თუ დაესწარით?

- დიახ, დავესწარი, რასაკვირველია იმიტომ, რომ მემუშავა, თორემ ნამდვილად არ წავიდოდი. კავკასიონის ქედში გაჭრილი, 3700 მეტრის სიგრძის როკის საავტომობილო გვირაბი დღეს რუსეთში მდებარე ტრანსკავკასიური მაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს. 7,5 მ სიგანის და 4,75 მ სიმაღლის გვირაბს მაშინ მეგობრობისა და მშვიდობის გზას უწოდებდნენ. მართალია, 1987 წელს დაიწყო ფუნქციონირება, მაგრამ გახსნა სამაჩაბლოში, გვირაბის სამხრეთ შესასვლელთან, ჯავის რაიონში უფრო ადრე მოხდა. გახსნის საზეიმო მიტინგს დიდი თოვლი დაემთხვა. მახსოვს, ჩვენმა მანქანამ თბილისიდან გზა ძლივს გაiკვლია. 1986 წლის დეკემბერი იყო. ოპერატორი გია ბაზაძე და მძღოლი ტარიელ მახარაძე მახლდნენ. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ხელმძღვანელობა და ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვეული მეგობრული შეკრება იყო, არაფერი განსაკუთრებული... ჩვენი პარტიული ელიტა გახარებული აცხადებდა, რომ როკის გვირაბის მეშვეობით mgzavroba საქართველოდან რუსეთისკენ 8 საათით შემცირდებოდა... აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ 2008 წელს ამ გვირაბიდან რუსების ტანკები შემოვიდოდნენ?

nana-with-vasili-khundadze-kazbeki-zimoi-5-1705908837.jpg

- ალბათ ჟურნალისტის პროფესიის წყალობით კიდევ ბევრი გაქვთ მოსაგონარი...

- უფ, მოგონებებს რა ჩამოთვლის. ომები ყველაზე სასტიკად და დაუნდობლად მახსენდება, ეს ცალკე თემაა. სამაჩაბლოში თვალდათხრილ ბიჭებს რომ ვიღებდით, აბა, მაშინ როგორ უნდა ვყოფილიყავი?! ან აფხაზეთში, უკვე გარდაცვლილi 18 წლის მეომრების სახეებს მარლებით რომ უკრავდნენ, ან 92-ში მიწისძვრის დროს დაღუპულ ოჯახს რომ აღმოვაჩენდით, ან soxumis აეროპორტში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს და გადაბუგულ მგზავრებს რომ ვიღებდით, რა უნდა განმეცადა? ბევრი რამ იყო არა მარტო სევდიანი და ტრაგიკული, არამედ შემზარავიც... რას იზამ, უნდა გამეძლო ამ ყველაფრისთვის, ეს ხომ ჩემი პროფესიული ვალდებულება გახლდათ...

- თქვენი რეპორტაჟები რუსულ ენაზე იმიტომ მზადდებოდა, რომ მაყურებელს საქართველოზე მეტი გაეგო?

- დიახ, ასე იყო. აბა, რა ენაზე უნდა გვესაუბრა მაშინ მათთან? სწორედ ამიტომ, 70-იანი წლების ბოლოს ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, თავმჯდომარე გურამ ენუქიძემ რუსულ გადაცემათა პროგრამების რედაქცია დააარსა. შემდგომში თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძემ ის უფრო გააძლიერა, სათავეში უნიჭიერესი ჟურნალისტი თენგიზ სულხანიშვილი ჩაუყენა და ტექნიკურად მოამარაგა. ჩვენს რეპორტაჟებს ხშირად "საუკეთესოს" ეძახდნენ. ამიტომ მიკვირს ზოგი ცრუპენტელა ქართველის გამამტყუნებლად ნათქვამი: "შენ ხომ რუსეთზე მუშაობდი?!" არა, მე ყოველთვის საქართველოსთვის ვმუშაობდი. ყოველთვის ვცდილობდი, მეტი საამაყო თემა გამეტანა. შემიძლია ვაღიარო, რომ შეგნებულად ვიცილებდი, არ ვაშუქებდი კრიტიკულ, საჭირბოროტო თემებს, ჩვენს ნაკლოვანებებს. არ მინდოდა მტერი გამეხარებინა! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოცი წელი საქართველოს პიარს ვემსახურე. ის, ვინც მიცნობს და იცის, რეალურად რას და როგორ ვაკეთებდი, ალბათ არასოდეს მიწოდებს რუსეთის რუპორს და საქართველოს ერთგულ შვილად განმიხილავს.

მანანა გაბრიჭიძე