"რამდენიმე ქალს სახე დასერილი ჰქონდა, სისხლი სდიოდათ და შეშინებულები სამშვიდობოს გაღწევას ცდილობდნენ" - გზაპრესი

"რამდენიმე ქალს სახე დასერილი ჰქონდა, სისხლი სდიოდათ და შეშინებულები სამშვიდობოს გაღწევას ცდილობდნენ"

დეკემბრის ბოლოდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე უტევენ.

10 იანვარს, აგრესორმა მხარემ ხარკოვში სასტუმროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. შედეგად დაშავდა 13 ადამიანი, უმეტესობა ჟურნალისტი და მათ შორის საქართველოს მოქალაქე, თურქეთის სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუს" ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილია, რომელიც მსუბუქად დაშავდა.

ხარკოვზე იერიში შ300-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, სასტუმროში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. სასტუმროს გარდა, დაზიანებულია ორი სახლი, ავტოსალონი და საწარმოს შენობა. ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი ჟურნალ "გზას" უყვება, რომ სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა, როდესაც შენობაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა:

- გარშემო არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა. ჩვეულებრივი სასტუმრო იყო, რომელშიც ჟურნალისტები ვიყავით. 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა და შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს, ხარკოვში დასარჩენად სწორედ ეს სასტუმრო შევარჩიეთ. იქ არათუ სამხედრო პირი, ჯარისკაცის ფორმითაც არავინ მინახავს, არც პოლიციელი... სასტუმროს შერჩევისას დეტალურად ვსწავლობთ ასეთ რამეებს. ერთი სამხედრო პირიც თუ შევნიშნეთ, იქ აღარ ვჩერდებით, თავს ვარიდებთ.

10 იანვარს, ერთ-ერთ რეგიონში გვიანობამდე ვიმუშავეთ, საკმაოდ დაღლილები მოვედით და კიდევ კარგი, ერთსა და იმავე სართულზე მოგვათავსეს. ფოტოკორესპონდენტი გოგონა გვერდით ნომერში იმყოფებოდა. ამავე სასტუმროში იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც. არ გვეძინა, მასალას ვამუშავებდით, თორემ რომ გვძინებოდა, გაცილებით მეტ დაზიანებას მივიღებდით. აფეთქების ძალამ ფანჯარა მთლიანად ჩამოხსნა ჩარჩოდან და ნამსხვრევები შიგნით შემოიყარა. რეაგირება ვერ მოვასწარით, მაგრამ ოთახში ისეთ ადგილას ვიყავით, რომ რაღაცნაირად გადავრჩით. დაშავებულთა უმეტესობას სახე დაუზიანდა ნამსხვრევებისგან, ნაკუწებად დაშლილი ნივთებისგან... მეორე წელია უკრაინაში მიმდინარე ომს ვაშუქებ და ვიცი, რა შეუძლია შ300-ის ტიპის რაკეტას. მართლაც სასწაული იყო, რომ იმ ვითარებაში გადავრჩით.

davt1-copy-1705909283.jpg

- აფეთქებამდე საჰაერო განგაში არ ყოფილა?

- არ გამიგია. ზოგადად, სასაზღვრო რეგიონებში ზოგჯერ სისტემის ჩართვას ვერ ასწრებენ. ამიტომაც, ასეთ რეგიონში ყოფნისას სულ ვცდილობთ, განაპირა ოთახში მაინც არ ვიყოთ, აბაზანას შევაფაროთ თავი ან სასტუმროს თავშესაფარში ჩავიდეთ, რადგან პირველი დარტყმის წნევა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, რამდენიმე კმ-ის იქით დაარტყან ობიექტს ამ იარაღით და მაინც მიიღო დაზიანება.

- ვიცი, რომ ავდეევკის ზონაა ცხელი წერტილი, მაგრამ როგორც ჩანს, ხარკოვი ბოლო ხანებში რუსების სამიზნე გახდა, არა?.. თუ საჰაერო იერიშებს მთელ ქვეყანაში ახორციელებენ და ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაარტყან?

- დიახ, მართალი ხართ, ავდეევკის მხარეა ცხელი წერტილი, მაგრამ იმავე ინტენსიურობით არის კუპიანსკის, ლიმანის, მარიინკას, ბახმუტის მხარეს ძლიერი შეტაკებები. ხარკოვი ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს არის, მაგრამ დაახლოებით ორი კვირის წინ, ქალაქის ცენტრში, კიდევ ერთ სასტუმროს, "ხარკოვ-პალასს" დაარტყეს, რომლის გარშემო ასევე არ იყო არავითარი სამხედრო ობიექტი. ადგილობრივებმა თქვეს, რომ უფრო ადრე, კიდევ ერთ სასტუმროზე მიიტანეს იერიში და უცხოელი ჟურნალისტი დაშავდა.

- აფეთქების შემდეგ პანიკა დაიწყო?

- 22:30-წუთზე უეცრად ყველაფერი განათდა და აფეთქების წნევამ შეგვაზანზარა, რამდენიმე წამის შემდეგ, ვიდრე გავერკვიე და წამოდგომა გადავწყვიტე, კიდევ ერთმა აფეთქებამ ადგილს მომწყვიტა. აბაზანის მხარეს გასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ყველაფერი ჩამონგრეული იყო, ნივთები ძირს ეყარა... ამიტომ, დერეფანში გავედი, სადაც უკვე პანიკა გახლდათ. რამდენიმე ქალს სახე დასერილი ჰქონდა, სისხლი სდიოდათ და შეშინებულები სამშვიდობოს გაღწევას, პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობდნენ. ზოგს ეძინა და აფეთქების ხმამ წამოაგდო... ჩემს ფოტოკორესპონდენტს ვეძებდი, რომელიც ჩვენს სართულზე კი იყო, მაგრამ დერეფანში ვერ ვნახე. ტელეფონზე დავურეკე და მიპასუხა... შემდეგ ორიენტაციით მივაგენი - ცეცხლსა და კვამლს შორის იყო ჩამჯდარი, შეშინებული, სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ამის მერე, ხელმძღვანელობას დავურეკე - არ იყო გამორიცხული, რომ კიდევ ერთი აფეთქება მომხდარიყო და იქაურობა ჩამონგრეულიყო, მათ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ...

ორი წელი გახდება, რაც უკრაინაში ომს ვაშუქებ და თუ ადამიანი თავად არ შეესწრო მოვლენებს, შეიძლება არც დაიჯროს, რამდენად პროფესიულად მუშაობენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. ყოველ ჯერზე მაკვირვებენ თავიანთი ოპერატიულობით, თავგანწირვით... ამჯერადაც ასე მოიქცნენ - ვიდრე ეზოში ჩამოვიდოდით და სამშვიდობოს შევიკრიბებოდით, სახანძრო-სამაშველოს მანქანები ადგილზე იყვნენ, ცეცხლის კერები უკვე ჩამქრალი იყო, იქაურობა ქაფით დაამუშავეს. აფეთქების შემდეგ, ავტომანქანებიც მიყოლებით აფეთქდა, დაიწვა ჩვენი ავტომობილიც, მაგრამ მთავარია, გადავრჩით...

- დიდი ხანია "ანადოლუში" მუშაობთ?

- დიახ, 2014 წლიდან... თურქული განათლება მაქვს, თურქოლოგი ვარ, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. "ანადოლუში" მოსახვედრად კურსები გავიარე და შემდეგ ამ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, ასე რომ, მათთვის ინგლისურენოვანი კი არა, თურქულენოვანი ჟურნალისტი ვარ. საქართველოში ამ სპეციალობით ამ მიმუშავია, მაგრამ ყოველთვის ისეთ ადგილებში მიწევდა საქმიანობა, სადაც კომუნიკაცია აუცილებელი იყო, თურქული ენა კი - გადამწყვეტი. უკრაინაში 2015 წელსაც ვიყავი. ჩემი "საბრძოლო ნათლობა" ლუგანსკის მხარეს შედგა. მაშინაც ასეთი თავდასხმები, საჰაერო იერიშები იყო, რომლის გაშუქებაც გვიწევდა.

ცნობილი მასშტაბური მიწისძვრის დროსაც კიევში ვიყავი. ამ მედიას ათასობით თანამშრომელი ჰყავს, მსოფლიოს ყველა წერტილში, მათ შორის, ე.წ. ცხელ ადგილებში. ძალიან იშვიათად, მხოლოდ შვებულებების დროს ჩამოვდივარ საქართველოში.

როდესაც "ანადოლუში" მუშაობ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო სააგენტოში მუშაობ. უდიდესი კონკურენციის მქონე სააგენტოა და მუდმივად განვითარებაზე უნდა ვიყო ორიენტირებული. მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. უკრაინაში, ევროპულ და ამერიკულ სააგენტოებთან ერთად, ე.წ. ცხელ წერტილებში შევდიოდით და მომხდარს პირველები ვიღებთ.

davt7-copy-1705909296.jpg

- მშვიდობიანი მოსახლეობა ხშირად ამბობს, რომ ომის პირისპირ ცხოვრებას შეეჩვივნენ. გიწევთ მათთან შეხვედრა?

- იშვიათად, მაგრამ მაინც გვიწევს მათთან კონტაქტი. ჩვენ ისეთ ადგილებში შევდივართ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის აღარ არის, ძალიან ცოტა, მხოლოდ უფროსი თაობაა დარჩენილი და მათაც თითქმის მუდმივი დაბომბვების ქვეშ, უმძიმეს ვითარებაში უწევთ ყოფნა. თუმცა, სახლ-კარი მაინც არ დატოვეს. ფაქტია, უძლებენ. ჩვენ დღის უმეტეს ნაწილს ფრონტის ხაზზე ან უკანა ნაწილში, ზურგში ვატარებთ, მაგრამ მაინც შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც უკვე მერამდენე თვეა თავშესაფარში არიან, რადგან ზოგის სახლ-კარი განადგურდა ან მუდმივი სამხედრო მოქმედების ზონაშია და იქ დარჩენა შეუძლებელია. ეს ფრონტის ხაზზე მაქვს საუბარი, თორემ კიევსა და უამრავ დიდ ქალაქში მოსახლეობა უკვე დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად, რუსეთი დრონებითა და სარაკეტო დარტყმებით მათაც უტევს.

- კიევის ოლქი ომის პირველ დღეებში ძალიან დაზარალდა, მოგიწიათ იქ ყოფნამ?..

- დიახ, კიევი, ბუჩა, ირპენი ძალიან მძიმე იყო... ყველაზე რთული, ადამიანური ემოციების მოთოკვა იყო, როდესაც ქუჩებში უამრავ დახოცილ ადამიანს, ხელებშეკრულ ცხედარს ვნახულობდით. როდესაც საერთაშორისო მედია იმ მძიმე კადრებს აშუქებდა, ჩვენც იქ ვიყავით და უმძიმესი პროცესების გადაღება არ აგვცდა...

ცნობილია, რომ უკრაინის ომში უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის, ქართველებიც... ჯგუფურად, უცხოელების ან თუნდაც სხვა ეროვნების მეომრების სამხედრო დაჯგუფებაში არ გვიმუშავია, მაგრამ ცალკეულად შევხვედრივარ... როდესაც ამა თუ იმ მიმართულებით მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ვაშუქებთ, ეს ეხება გასროლებს თუ კონტრეშეტევებს, ყველაფერი მათი ნებართვით ხდება, თორემ სხვა მხრივ, ჩვენ სამხედრო საქმეებში არავინ ჩაგვახედებს.

ლალი პაპასკირი