ქართული სუფრა და ფეიერვერკებად ჩამოყრილი რუსული რაკეტები
უკრაინელებმა ახალი 2024 წლის შემობრძანება ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნეს. როგორც ზოგიერთი მათგანი ხუმრობს, ახალი წლის ღამეს უკრაინის ცას რუსული ფეიერვერკები ანათებდა. აფხაზეთის ომის ვეტერანი, მამუკა ბარქაია ერთ-ერთი ქართველია მრავალთა შორის, რომელიც ახალ წელს ომის შუაგულში შეხვდა. ის იმ ექვსი ძმის მამაა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს დროშით იბრძოდნენ. ირაკლი, დიმიტრი, თენგო, გიორგი, რუსლანი და დავითი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩაერთვნენ. ერთი ძმა "აზოვშია", მეორე - სპეცდანიშნულების რაზმში, დანარჩენები სხვადასხვა დანაყოფში იყვნენ და წინა ხაზზე, საპასუხისმგებლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. დღეს მხოლოდ დიმიტრი და დავითი აგრძელებენ ბრძოლას, დანარჩენებმა მძიმე ჭრილობები მიიღეს და ტრავმების გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ომში მიღებული დაზიანების გამო, ვეღარც ბატონი მამუკა ახერხებს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ის აფხაზეთის ომის დროს ნაღმზე აფეთქდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეაქვს ამ ბრძოლაში თავისი წვლილი. ქართველი მეომრების გადმოცემით, ის მათ მამობას უწევს უცხო ქვეყანაში. მეომრები, რომლებიც უკრაინაში მიდიან, ჯერ ბატონ მამუკას სტუმრობენ, მის რჩევა-დარიგებებს იღებენ და შემდეგ ფრონტზე მიემგზავრებიან. დაჭრილებზეც ის ზრუნავს, რეაბილიტაციის გავლაშიც ეხმარება და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაშიც. ბიჭები ამაგს უფასებენ და მეტსახელად "მამას" ეძახიან.
მამუკა ბარქაია:
- არც შობა შეგვარგეს რუსებმა და არც - ახალი წელი. ვითომ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ქრისტიანი კაცი შობის ღამეს მშვიდობიან ხალხს დაბომბავს?! ახალი წლის ღამეს შევკრიბე ცოლ-შვილი, ქართველი მებრძოლები დავპატიჟე, ქართული სუფრა გავშალე - ყველაფერი მქონდა, საცივიდან დაწყებული, ღომით დამთავრებული... შუა ქეიფის დროს, ბომბები დაგვაყარეს თავზე. ჩემი სახლიდან 800 მეტრში ჩამოვარდა რაკეტა და ვინ სად გავრბოდით, არ ვიცოდით. ღვთის წყალობით, ყველანი გადავრჩით!
- როგორც ვიცი, დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, მეუღლეც უკრაინელი გყავთ და რძლებიც. ახალ წელს ისევ ქართული ტრადიციებით ხვდებით?
- აუცილებლად! მე აქ სრულიად ქართული გარემო მაქვს შექმნილი. ჩემმა მეუღლემ ქართული ენაც იცის და ქართული კერძების მომზადებაც, შესანიშნავ ხინკალს ახვევს, საცივს მთლად მეგრელივით აკეთებს. ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. არ ბეზრდება ჩემი ქართველების მასპინძლობა.
- უკრაინაში დასახლება რატომ გადაწყვიტეთ?
- შემთხვევთ გამოვიდა ასე. სენაკელი კაცი ვარ. სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გასაგრძელებლად უკრაინაში წავედი. ინსტიტუტი როსტოვში მაქვს დამთავრებული, მეუღლეც უკრაინელი მყავს. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ვიფიქრე, ცოტა ხნით წავიდოდი, მაგრამ ამასობაში წლები გავიდა და შემოვრჩით.
- ქალბატონი სვეტლანა როგორ გაიცანით?
- სტუდენტობისას გავიცანი, მაგრამ მაშინ აზრად არ მომსვლია, რომ შევირთავდი. ჩემი კურსელის და გახლდათ. მეშვიდეკლასელი გოგონა იყო და ყურადღებასაც არ ვაქცევდი... გავიდა დრო, სვეტლანა გაიზარდა და ერთ მშვენიერ დღეს შევნიშნე, რომ ძალიან ლამაზი იყო, ქართველს ჰგავდა. მოვკიდე ხელი და მას შემდეგ 36 წელია, ერთად ვართ, 7 შვილი - 6 ბიჭი და ერთი გოგო გვყავს. შვილიშვილებიც დაგვეხვივნენ.
- რომ დაქორწინდით, მაშინ დარჩით უკრაინაში?
- არა, სენაკში წამოვიყვანე. ათი წელი ვიცხოვრეთ საქართველოში. მე რომ აფხაზეთში ვიბრძოდი, ის მგულშემატკივრობდა, მარცხიც მან გადამატანინა.
- რას გაიხსენებთ აფხაზეთის ომის შესახებ?
- ე.ი. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი და ფოთში დავიწყე მუშაობა. ომიც მალევე დაიწყო. რა უნდა მექნა, სამშობლოზე შეყვარებული სხვა ბიჭების მსგავსად, მეც იარაღი ავიღე ხელში. რეზერვისტთა ბატალიონში ჩავეწერე. ჩემი ბატალიონი პირველი იყო, რომელიც ომში ჩაერთო. თემურ წურწუმია და რომან მელია იყვნენ ჩვენი მეთაურები. მალთაყვაში გავდიოდით წვრთნას... ომი რომ დამთავრდა, ფოთში სამხედროპოლიციის უფროსი ვიყავი, იქიდან უკრაინაში წამოვედი. ორჯერ ვარ დაჭრილი. ჩემი გულისტკივილია აფხაზეთი, პირზე რძეშეუშრობი გოგო-ბიჭები, რომლებიც რუსების წაქეზებულმა სეპარატისტებმა აწამეს. გიორგი ანწუხელიძის ჯავრი მაქვს ისეთი, როგორიც მამას ექნება შვილის გამო. ჩემი ერთადერთი მიზანი და ოცნება საქართველოს გამთლიანებაა. ღმერთს ვთხოვ, ჩემი ერთი ფეხი მაინც აფხაზეთის მიწაზე დამადგმევინოს და თუ უნდა, იმ დღესვე მომკლას. სხვათა შორის, ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრების ბავშვივით მჯერა და ყოველ წელს აფხაზეთში დაბრუნებას ვნატრობ. იმედია ამისრულდება ეს ოცნება.
- ორი წლის წინ რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, როგორი იყო თქვენი განცდა?
- აფხაზეთი გამახსენდა, იარა განმიახლდა, დილა იყო, რუსებმა რომ უკრაინის დაბომბვა დაიწყეს. ჩემი ექვსივე ბიჭი საღამოს უკვე შეიარაღებული იყო და ომში ჩასართავად ემზადებოდა. ვერც ერთი ვერ გავაჩერე ან როგორ გავაჩერებდი?! ვუყურებდი ჩემს ვაჟკაცებს და ვფიქრობდი, ტყუილად არ მიცხოვრია-მეთქი. სამი შვილი ამ ომში დაიჭრა, თენგო შარშან იანვარში, ზურგსა და თავში, რუსლანი და გიორგი კი თებერვალში. გიორგი ხერხემალში იყო გადატეხილი, ორი ფირფიტა ჩამოვიტანეთ გერმანიიდან ხერხემალში ჩასადგმელად. სამწუხაროდ, დაინვალიდდა, ომში აღარ უშვებენ და ძალიან ბრაზობს. ერთხელ კი გაგვექცა. ალექსანდრ მატიევსკი, უკრაინელი გმირი, რუსებმა რომ დახვრიტეს "სლავა უკრაინას" იძახდა, ჩემი გიორგის ძმაკაცი იყო. მისი დასაფლავების მერე გაგვექცა ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ ახლა გაურთულდა მდგომარეობა და იძულებული გახდა, შინ დარჩენილიყო. მე არ მიყვარს ომი და სიკვდილი, არც ჩემს შვილებს, მაგრამ როდესაც მტერს შენი სამშობლოს განადგურება უნდა, სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. ხუთიდან სამი შვილი დაინვალიდდა, მაგრამ რას ვიზამთ, მეც ხომ რუსებთან ბრძოლაში დავკარგე ფეხი. ასეთი ყოფილა ჩვენი ბედისწერა; ფეხს და ხელს კი არა, საქართველოს თუ დასჭირდება, სიცოცხლეს დავთმობთ მე და ჩემი ბიჭები, ეს ჩვენი ვალია.
- შვილებიც ქართული ტრადიციებით გაგიზრდიათ.
- აბა, სხვაგვარად, როგორ იქნებოდა?! მეამაყება - ექვსი მეომრის მამა ვარ. სხვათა შორის, ჩემს ქალიშვილსაც სურს ომში წასვლა. ჯერ 19 წლისაა. ისეთი გოგოა, ბიჭების ხელში გაზრდილ ერთადერთ დას რომ შეეფერება. ვიკა ჩემი სიბერის იმედია. მას ვერ გავუშვებ ომში. ვეხუმრები, - შენ ქართველს გაჰყევი ცოლად და ქართველი მეომრები გააჩინე-მეთქი. ეს ხუმრობით, ისე კი მისი გადასაწყვეტია, ვის დაუკავშირებს ბედს. ერთი კია, შვილებს საქართველოს სიყვარული უნდა ასწავლოს.
გული მწყდება, ქართველ ბიჭებზე ცუდ რაღაცებს რომ ამბობენ, ფულის გამო იბრძვიანო. ტყუილია! ფულის კი არა, სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვიან, ამაყი, თავისუფლებისმოყვარე წინაპრების შთამომავლები, მეომრები არიან, ძარღვებში სისხლი უდუღთ და "მტერთან შეყრა სწადიათ". ზოგიერთები რომ გაიძახიან, ეს რუსეთ-უკრაინის ომია, ჩვენ რა შუაში ვართო, კი მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, მტერი სად არის, რომელ ტერიტორიაზე?! სადაც არის, იქ უნდა მისწვდე და ებრძოლო. ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს თავზე ხელს გადაუსვამს. არავინ იცის, როდის მოსწყურდება სისხლი ამ მტარვალი გენის მატარებელ ხალხს და როდის აგიწიოკებს ოჯახს. აქ ჩამოსული ქართველი ბიჭები ძალიან სწორად ფიქრობენ: ისინი უკრაინაში ებრძვიან მტერს და სწამთ, იგი აქ ისე დასუსტება, საქართველოს შეჭმის ხალისი აღარ ექნება.
- მაგრამ ომი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს ქართველ მებრძოლებს და უკრაინელებს შორის დაღლას, იმედგაცრუებას ხომ არ იწვევს?
- ომის ჯერ სამ დღეში, მერე ერთ კვირაში, მერე ერთ თვეში და ერთ წელში დასრულებას ექსპერტები, პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ, მებრძოლებმა კი არ იციან, ომი როდის დამთავრდება; ისინი დღეებს და საათებს არ ითვლიან. მზად არიან იბრძოლონ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს იბძოლებს უკრაინელი ხალხი და მათ გვერდით - ქართველებიც.
- რამდენიმე დღის წინ რუსეთმა თბოელექტროსადგურების დაბომბვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სავარაუდოდ, ისევ შეეცდება. უკრაინა მზად არის, რომ კიდევ ერთი ცივი ზამთარი გადაიტანოს?
- რა თქმა უნდა, მზად არის! სხვა რა გზა აქვთ? მტერს ჩააბარონ სამშობლო?
- დასავლეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან მოუწევს დაჯდომა...
- გამორიცხულია, არ დაჯდება! როდის იყო, რუსი პირობას ასრულებდა?! რაზე უნდა მოელაპარაკო ადამიანს, რომელიც უსუსურ ქალებს და ბავშვებს ხოცავს, აწამებს, აუპატიურებს და რომელიც თავისი სიტყვას არ სცემს პატივს?! არ გახსოვთ, აფხაზეთში რა გაგვიკეთეს? გაგვიფორმეს ხელშეკრულება, იარაღისგან დაგვაცლევინეს აფხაზეთი და მერე შემოგვიტრიალდნენ... ასეთი მაგალითებით სავსეა ისტორია, მაგათნაირი ცრუ, გაიძვერა ერი არ არსებობს და როგორ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა?!
- თუ დასავლეთმა შეწყვიტა დახმარება, მაშინ რას იზამს უკრაინა?
- იმედია, გონს მოეგებიან, ყველაფერს სწორად გაანალიზებენ და უკრაინას საჭირო შეიარაღებას მიაწვდიან. თუ ასე არ მოხდება, უკრაინელი ხალხი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს. დასავლეთის დახმარების გარეშე თუ დასავლეთთან ერთად, რუსული ბოროტების იმპერია უნდა დამარცხდეს.
- გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე რას ფიქრობენ ქართველი მეომრები?
- ბრძოლის ჟინი, ენთუზიაზმი კი არის, მაგრამ მეტი შეიარაღება გვჭირდება. გული გვწყდება ევროპელებზე, არ გვექცევიან სამართლიანად. რას უყურებენ ეგ დალოცვილები, მთლიანად უნდა დაინგრეს უკრაინა? 600 ბავშვი მოკლეს უკვე რუსებმა! დროულად მოგვცენ იარაღი, დანარჩენი ჩვენზეა...
ხათუნა ბახტურიძე