"პუტინის დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ გვსურს, ამიტომაც რუსეთიდან გავრბივართ..." - გზაპრესი

"პუტინის დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ გვსურს, ამიტომაც რუსეთიდან გავრბივართ..."

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ასობით გერმანელი, რომლებიც სხვადასხვა დროს რუსეთის ტერიტორიაზე ჩაასახლეს, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა - მათ, როგორც სხვა დანარჩენებს, მობილიზაცია შეეხოთ. ეთნიკური გერმანელების თქმით, პუტინის დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ სურთ, თუმცა, გერმანია მათ მიღებაზე უარს აცხადებს... რუსეთის მოქალაქე გერმანელები იძულებული არიან, რუსეთიდან გაიქცნენ და საქართველოს გავლით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან აშშ-ში ჩავიდნენ.

სამშვიდობოს მყოფი ადამიანები სოციალურ ქსელებში დახურულ ჯგუფებს ქმნიან, გეგმავენ სხვადასხვა სახის აქციას, აწყობენ პიკეტებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში და ცდილობენ, სახელმწიფოს ყურადღება მიიპყრონ, რათა მათი და ჯერ კიდევ რუსეთში დარჩენილთა ბედი როგორმე შეცვალონ...

ეთნიკურად გერმანელი დენის გუსარევი ჟურნალთან "გზა" საუბრისას ჰყვება, თუ როგორ დატოვა რუსეთი - ჯერ ყაზახეთში, იქიდან კი საქართველოში ჩამოვიდა, გარკვეული დროის შემდეგ კი, მექსიკის გავლით აშშ-ს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ითხოვა.

- ჩვენი წინაპრების ნაწილი 1940-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს, დიდი ნაწილი კი უფრო ადრე, 260 წლის წინ, 1763 წელს, იმპერიის დროს, ეკატერინე მეორის მიერ ხელმოწერილი "ისტორიული დოკუმენტის - მანიფესტის" საფუძველზე გადაასახლეს. გერმანელები რუსეთის იმპერიის გუბერნიებში სხვადასხვა სამსახურში გაამწესეს, მთავარი მიზეზი რუსეთის ტერიტორიების გაფართოება იყო - რუსეთის იმპერია სამხრეთით დამატებითი მიწების მითვისებას აპირებდა, იმავდროულად, მოსაზღვრე რაიონებში საზღვრის გამაგრება სჭირდებოდა და არჩევანი ჩასასახლებლად გერმანელებზე შეაჩერა. ეკატერინე მეორეც, ისე, როგორც მისი წინამორბედები, პეტრე პირველი და ივანე მრისხანე, დამპყრობლურ ომებს ეწეოდა.

ასე აღმოჩნდნენ ჩვენი წინაპრები რუსეთში... როგორც კი იქ საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა, გერმანელებმა თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება არ მისცეს. 70-იან წლებში მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ კა-გე-ბეს პირობებში ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა. როდესაც სისტემა დაინგრა, ბევრი დაბრუნდა, თუმცა, ყველა - ვერ, რადგან გერმანიას ისინი ხელგაშლილად არ მიუღია.

ვიღაცები შესაძლოა ადაპტირდნენ, მაგრამ მე, ჩემი ოჯახი და ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი თავს რეპრესირებულს ვუწოდებთ.

ომის დაწყებამდე საბუთების მოგროვება ვცადეთ გერმანიაში დასაბრუნებლად და შესაბამის უწყებაშიც ჩავაბარეთ. მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დადებით ან უარყოფით პასუხს ველოდებოდით, რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებდი, ვიცოდი, რომ მობილიზაცია გამოცხადდებოდა და ძალიან ვნერვიულობდი. სამწუხაროდ, გერმანიამ ჩვენს მიღებაზე უარი განაცხადა. სხვაგვარად არც მიფიქრია, რადგან ვიცოდი, გერმანიის ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დამატებით თავსატეხს არ გაიჩენდა და რუსეთის მოქალაქის მიღებაზე უარს იტყოდა. გასაჩივრებას დრო სჭირდება, რაც არ გვქონდა, რამდენიმე დღეში ან კვირაში ომში მიკრავდნენ თავს. იმ ბიჭებმა, ვისთან ერთადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავიარე, დამირეკეს და მითხრეს, რომ სამხედრო კომისარიატიდან გაწვევა მოუვიდათ. ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და პირველივე დღეებში წაიყვანეს. დაიჭრა, მაგრამ როგორც კი მკურნალობა დაასრულა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის გამოც პრობლემები შეუქმნეს... რაც მელოდა, უკვე გასაგები იყო, ამიტომ, მოვლენებს დავასწარი და რუსეთიდან ყაზახეთში, იქიდან კი საქართველოში გავიქეცი.

- თქვენი მეგობრებიც რუსეთის მოქალაქე გერმანელები არიან?

- არა, რუსები არიან და მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პუტინის სისხლისმღვრელი, ტერორისტული ომი, რომელიც მისი დანაშაულებრივი რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება, უნდა დასრულდეს... ჩემი წამოსვლიდან რამდენიმე დღეში, დილით ადრე, მეუღლემ ჩემს სახელზე მოსული სამხედრო გაწვევა მიიღო... სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ ცოლისა და შვილების წამოყვანა ვერ შევძელი, ამიტომ ისინი მერე ჩამოვიდნენ.

გზად, რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას, ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე გერმანელი ვნახე, ჩვენმა ნამდვილმა სამშობლომ მათ მიღებაზეც უარი თქვა...

საქართველოშიც ძალიან თბილად მიგვიღეს - იქ სულ რამდენიმე თვე დავყავით და დავგეგმეთ, თუ სად შეგვეძლო ცხოვრების გაგრძელება.

რუსეთის დატოვებამდე მეც დავრეკე ნოვოსიბირსკში არსებულ გერმანიის საკონსულოში, სადაც მიპასუხეს, რომ "ჩემს პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლიდნენ". ყაზახეთში რამდენიმე დღე ვიცდიდი, მაგრამ გერმანული არქივიდან ოფიციალური უარი მოგვივიდა. იგივე მოხდა სხვების შემთხვევაში. არადა, ამ საქმეში, კანონში ცვლილების შეტანაში, როგორც გვეუბნებოდნენ, გერმანელი მაღალჩინოსნები, დეპუტატებიც იყვნენ ჩართული, თუმცა არაფერი გამოვიდა. ბოლოს აღარ გვეკონტაქტებოდნენ, რამაც ძალიან გაგვაკვირვა - პასუხიც არ გაგვცეს.

არადა, ომამდეც და შემდეგაც არაერთხელ მივმართეთ ოფიციალურად გერმანიის ხელისუფლებას, კანცლერს, გერმანელ მაღალჩინოსნებს, სხვადასხვა ორგანიზაციას... ჩვენი ყველა მიმართვა უპასუხოდ დარჩა. რუსეთში მცხოვრებ გერმანელებს მომავალი არ აქვთ. კატასტროფულ პერიოდში ვცხოვრობთ, გამალებული ასიმილაცია მიმდინარეობს. ახლა კი ჩვენ უკრაინაში, სასაკლაოზე გვგზავნიან...

რუსეთში, ომის დაწყების დღიდან, ეთნიკური გერმანელები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

იქ პუტინისა და სამხედრო მანქანის პროპაგანდა ძალიან ძლიერია. ამ ფონზე კი, ჩვენი პროტესტი, ომის წინააღმდეგ გამოსვლები მათ ძალიან აღიზიანებთ, "ფაშისტებსა" და "ნაცისტებს" გვეძახიან. ამას ამწვავებს ისიც, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში ერთ-ერთი ლიდერია. ეთნიკური უმცირესობა პირველი იყო, ვინც პუტინის რეჟიმმა ომში გაუშვა და არც გერმანელებისთვის გადაუსვამთ თავზე ხელი. როგორც გითხარით, პროპაგანდა ძლიერია და ვიღაცები მაინც წავიდნენ.

კიდევ კარგი, ყაზახეთში ყოფნისას იქაური გერმანული ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ. ეს ქვეყანა ისედაც ომის წინააღმდეგია, უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთებს გზავნიდნენ და ცდილობდნენ, ჩვენც დაგვხმარებოდნენ. იქ ჩვენსავით უამრავმა რუსეთიდან გამოქცეულმა გერმანელმა მოიყარა თავი, დიდი სტრესის ქვეშ ვიყავით და არ ვიცოდით, რა გველოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები...

germania1-copy-1706262889.jpg

- მეუღლეც გერმანელია?

- არა, რუსია... ერთი სიტყვით, ტრანზიტულ ქვეყანაში რამდენიმე თვე დავრჩით და როდესაც გერმანიიდან ყველა იმედი გადაგვეწურა, ამერიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. აშშ-ში მექსიკის გავლით წავედით, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, მაგრამ რუსეთში დაბრუნება სიკვდილს ან უკეთეს შემთხვევაში, პატიმრობას ნიშნავდა, ამიტომ დიდი არჩევანი არ გვქონდა.

90-იან წლებში, გერმანია გვპირდებოდა, რომ რუსეთში, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩასახლებულ გერმანელებზე პასუხისმგებლობას აიღებდა, მაგრამ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. ახლა კი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გვბლოკავენ. რუსეთში მცხოვრები გერმანელები თვითნებურად, ყველანაირი გზით ცდილობენ იქაურობის დატოვებას, რადგან პირველ რიგში, ჩვენი სრულყოფილად ინტეგრაცია ვერ მოხერხდა, ახლა კი ჩვენები იქ ომის მიმართ პროტესტის გამო აითვალწუნეს. ადგილობრივი გერმანელები მაინც რისკავენ და ომის წინააღმდეგ გამოდიან, ეს კი რუსეთში დასჯადია... წნეხის ფონზე, ადგილობრივმა აქტივისტებმა, უდიდესი რისკის ფასად, არაერთი მიმართვა გაავრცელეს, ასევე, მოვიპოვეთ და გამოვაქვეყნეთ იმ ბიჭების სია, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან მობილიზაციის ფარგლებში გაიწვიეს და შინ ვეღარ დაბრუნდნენ...

წლების განმავლობაში, გერმანიასა და რუსეთს შორის "მეგობრობის ხიდად" გვიყენებდნენ, უამრავ არაფრისმომცემ ორგანიზაციას ხსნიდნენ, უამრავ კულტურულ და ბიზნესღონისძიებას მართავდნენ... ახლა, როდესაც ეს სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, რუსეთში მცხოვრები გერმანელები მის წინააღმდეგ გამოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაღალჩინოსნები კი ისე იქცევიან, თითქოს არც ვარსებობთ. იმით სარგებლობენ, რომ სიტუაციიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე ხმამაღლა საუბარი, ყვირილი, ხმაური არ შეგვიძლია, რადგან ვინც ასე მოიქცევა, მაშინვე გაუსწორდებიან, დაიწყება დაკავებები, რეპრესიები...

რუსეთში გერმანული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ФСБ-ს მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ამიტომაც იმას ამბობენ, რასაც უბრძანებენ.

- იმ გერმანელებს, ვინც რუსეთიდან გააღწიეს, ვინ ეხმარება?

- არავინ, ბედის ანაბარად მიტოვებული აღმოჩნდნენ, რაც აქამდე წარმოუდგენელი მეგონა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში შესვლას გადავწყვეტთ, ჩვენც სხვებივით, ლტოლვილთა ბანაკებში მოგვიწევს ყოფნა, სოციალურ სამსახურებთან სირბილი... ომს გამოქცეულ გერმანელებს არავინ ეხმარება და ეს მაშინ, როდესაც, რუსეთის ფედერაცია მეორე მსოფლიოს ომისდროინდელ პროპაგანდის გეზს მიჰყვება. ყოველი შეუმდგარი ადამიანი ნაცისტი გახდა და იქ გერმანელი, გერმანული გვარის მქონე, მტრად აღიქმება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები თავიანთ გერმანულ წარმოშობას მალავენ, ადგილობრივების მხრიდან აგრესია რომ არ წამოვიდეს ან ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არ დაემუქროთ. ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც გერმანელების უკმაყოფილების შესახებ შეიტყობს, შეუძლია პოლიცია გამოიძახოს ან ФСБ-ში დარეკოს, შედეგად ეთნიკურ გერმანელებს მათთვის სასურველ "სტატუსს" აძლევენ და "არმიის დისკრიმინაციის" ან "ქვეყნის ღალატის მუხლით" ასამართლებენ... ფაშისტებს გვიწოდებენ. თურმე ამდენი წელი რუსეთში "ბედნიერად ვცხოვრობდით და ახლა, განსაცდელის დროს, ქვეყნიდან გავრბივართ..."

მას შემდეგ, რაც გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხრივ ლიდერი გახდა, რუსეთში ჩვენი ყოფა აუტანელი გახდა - ვძულვართ. რაც უფრო მეტი დრო გადის, სიტუაცია უარესდება. სტალინის დროის დაბრუნებას არ გამოვრიცხავთ - გერმანიის ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ ციხეში აღმოვჩნდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გვინდა ამ სისხლისმღვრელ ომში მონაწილეობა. იმ გერმანელების სიცოცხლე კი, ვინც გამოუვალი სიტუაციის გამო ომში გაგზავნეს და იქ დაიღუპა, ხელისუფლების სინდისზე იყოს!..

მე კი ვუშველე თავს, ოჯახთან ერთად სამშვიდობოს ვარ, მაგრამ ათასობით ადამიანი უდიდესი საფრთხის წინაშეა. არ მესმის ჩვენი სახელმწიფოსი, რომელიც ერთი ხელით უკრაინას ეხმარება და მეორით თავისი ქვეყნიდან გადასახლებულთა შვილებით რუსეთის არმიას ამარაგებს ამ დანაშაულებრივ ომში... ეს ორმაგი სტანდარტი არ არის?!.

germania3-copy-1706262875.jpg

- გერმანიაში არალეგალური გზით შესვლა და ლტოლვილად ჩაბარება არ გიცდიათ?

- დიახ, მიფიქრია ამაზე, გავარკვიე ყველაფერი და ასეთი პასუხი მივიღე - იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკანონო გზით მოხვდებით ჩვენს ტერიტორიაზე, იძულებული ვიქნებით, როგორც რუსეთის მოქალაქეები, დეპორტით დაგაბრუნოთო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ თქვენგანს აქ ნათესავები ჰყავს, წინაპრების საფლავები აქ არის, გერმანიას მაინც არ აქვს კანონი, რომლითაც გერმანიიდან გადასახლებულებს რაიმე სახის შეღავათები ექნებათ. ვიცით, რომ შემდეგ ვიზებსა და ლტოლვილთა თავშესაფარს მოითხოვთ, ამიტომ, შესაბამის უწყებებს მიმართეთო... იქ რაც გვიპასუხეს, უკვე გიამბეთ. ასე რომ, ან თავად უნდა გვეშველა ჩვენი თავისთვის, ან რუსეთში დავბრუნებულიყავით, სადაც ომში წასვლა არ აგვცდებოდა. ჩვენ პირველი ვარიანტი ვარჩიეთ.

შვილები უკვე აქაურ სკოლაში მივიყვანე. დასამალი არაფერი მაქვს, პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემი წინაპრები საბჭოთა კავშირის დროს გერმანიიდან ძალით გაასახლეს და წლებია შინ დაბრუნებისთვის ვიბრძვი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ მინდა, ამიტომ გამოვიქეცი. რუსეთში უფლებადამცველ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. აქტივისტი ვიყავი და რუსეთში ჩასახლებულ ეთნიკურ გერმანელებს ვეხმარებოდით - ამის შესახებაც ვისაუბრე, რასაც ადგილობრივი უწყებები იძიებენ. ეს ყველაფერი მაწყობს, რადგან თავშესაფრის მიღება გამიადვილდება.

ჩვენ გვაქვს დახურული ჯგუფი, სადაც სხვადასხვა ინიციატივაზე, ჩვენს პრობლემებზე ვმსჯელობთ. იქ ერთ-ერთმა ხერსონელმა გერმანელმა, რომელიც შვილთან ერთად რუსეთის ავიაიერიშებს ძლივს გადაურჩა, გვიამბო, რომ ხერსონიდან ყირიმის გავლით უნდა გამოსულიყვნენ. გზაში გააფრთხილეს, რომ ტელეფონში ყველაფერი წაეშალათ: ფოტოები, ნომრები, მიმოწერა. გამშვებ პუნქტზე უკითხავთ, სად მიდიოდნენ? შვილს უპასუხია, - გერმანიაში, ეთნიკურად გერმანელები ვართო... თურმე ძალიან გამხიარულდნენ, ალყაში მოუქცევიათ, - აი, ისინი, ნამდვილი ფაშისტები და ნაცისტებიო... მის შვილს გახადეს, გაჩხრიკეს, ტატუებს ეძებდნენ. ეკითხებოდნენ, - უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან თუ იცნობდნენ ვინმეს?.. კრასნოდარში შესვლისთანავე, საგზაო-საპატრულო სამსახურს გაუჩერებია, იქაც იგივე სცენა განვითარებულა - შუაში მოაქციეს თურმე და ნაცისტი, ფაშისტი ეძახეს.

გარშემო მყოფებს ეუბნებოდნენ, - ყველამ შეხედეთ ამ ფაშისტსო... შემდეგ ზემო ლარსის საზღვარზე, რუსეთის მხარეს, ФСБ-ს ორ ოფიცერს კიდევ ერთხელ დაუკითხავს ისინი. დაამცირეს, დასცინეს, ნივთები, დოკუმენტები და ტელეფონები შეუმოწმეს და გამოუშვეს... ასეთია ჩვენი ხალხის ყოველდღიურობა, მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ გვსურს. ახლა რუსეთში კიდევ ერთ მობილიზაციაზე საუბრობენ. იმედია, ბევრი გამოასწრებს, მაგრამ ყველა ალბათ - ვერა და მათ სიცოცხლეზე ვინ აგებს პასუხს?..

ლალი პაპასკირი