"ოთხი თვეა ასე ვართ, ქუჩაში, განაჩენის მოლოდინში, საქართველოშიც ვერ ვბრუნდებით..." - გზაპრესი

"ოთხი თვეა ასე ვართ, ქუჩაში, განაჩენის მოლოდინში, საქართველოშიც ვერ ვბრუნდებით..."

2023 წლის კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ადამიანი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე და თუ შენ ამ ადამიანების სიაში ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, რა პრობლემებთან მოგიწევს პირისპირ შეჯახება იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ესპანეთზე შეაჩერებ. უამრავი მითი და რეალობა არსებობს იმის შესახებ, რა დაგხვდება იქ ჩასულს. ეს ქვეყანა თავისი სილამაზითა და ღირსშესანიშნაობებით აუცილებლად მოგჭრით თვალს, თუმცა ამ სილამაზის მიღმა ბევრ პრობლემას შეეჯახებით.

პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ენის ბარიერი, შემდეგ არალეგალის სტატუსით ბინის დაქირავება, მუშაობის უფლების გარეშე სამსახურის მოძიება. კიდევ უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დგანან მამაკაცები, არაერთ მათგანს უწევს ღამის გათენება ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ან საუკეთესო შემთხვევაში ბანკის შენობებში, იატაკზე, მუყაოს ყუთებსა თუ მეორად მატრასებზე.

მითია ის ფაქტი, რომ თქვენ ესპანეთში თავშესაფარს მოითხოვთ და საცხოვრებელი სახლით, ყოველთვიურად სოლიდური თანხით იქნებით უზრუნველყოფილი.

თუ აპირებთ ამ ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვოთ, მიზეზის დასახელება მოგიწევთ, რატომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნა მიჩნეული. შემდეგ თქვენი დასახელებული მიზეზის დამტკიცება მოგიწევთ. საუკეთესო შემთხვევაში თქვენი საქმის განხილვამდე მოგცემენ თავშესაფარს. საერთო საცხოვრებელში, სადაც ერთ პატარა ოთახში მოგიწევთ ოჯახთან ერთად ცხოვრება თვეების განმავლობაში, შესაძლებელია დაგინიშნონ კვება ან კვებისთვის გარკვეული თანხა (მინიმალური) გადაგიხადონ, ეს კი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

არის რეგიონები, სადაც შედარებით მარტივად ხდება თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცაღა გარანტირებული არც იქ არ გექნებათ თავშესაფარი.

თუ ვინმე გეტყვით, რაკი ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, ქუჩაში არ დაგტოვებენ, ესეც მითია. არაერთი ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში დევნილის სტატუსის მოლოდინში და ასევე დიდია რისკი იმისა, რომ ბავშვები სოციალურმა სამსახურმა ჩამოგართვათ.

ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი მაია, რომლის გვარსაც გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებთ, სწორედ ინფორმაციის სიმცირის გამო აღმოჩნდა ქუჩაში ორი მცირეწლოვანი შვილით.

- ქალბატონო მაია, რა პრობლემებს გადააწყდით და რატომ ხართ დღემდე ქუჩაში?

- მივესალმები თქვენს მკითხველს და ყველა ემიგრანტს ვუსურვებ დასახული მიზნების ასრულებას. ჩემი ამბავი კი ასეთია: საქართველოში ბინა დავტვირთე იპოთეკით და ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში წამოვედი მთელი ოჯახით, რადგან ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც გვითხრეს, აქ მკურნალობა უფასო იყო, საქართველოში კი მკურნალობის ხარჯებს ვეღარ ვიხდიდით. ამიტომ შვილებსაც, რომლებიც 7 და 9 წლისები არიან, ხელი მოვკიდეთ და წამოვედით. ვფიქრობდით, რომ მე ვიმუშავებდი და ჩემი მეუღლე ბავშვებთან იქნებოდა. გარკვეული თანხაც წამოვიღეთ, რომ პირველი რამდენიმე თვე, სანამ მუშაობას დავიწყებდი, სახლის ქირა გადაგვეხადა.

როდესაც ჩამოვედით და წითელ ჯვარს მივაკითხეთ, უარი გვითხრეს დახმარებაზე და პოლიციაში გაგვიშვეს თავშესაფრის მოსათხოვად. პოლიციის ვიზიტს გარკვეული პერიოდი აგვიანდებოდა და დავიწყეთ ბინის ძებნა. აღმოჩნდა, რომ ბინას, საბუთების არქონის გამო, ვერ დავიქირავებდით. შემდეგ უკვე ოთახის ძებნა დავიწყეთ. როგორც კი იგებდნენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა, უარს მეუბნებოდნენ ან ისეთ თანხას ითხოვდნენ, რასაც ვერ გადავიხდიდით. იძულებული ვიყავით, სასტუმროში გვეცხოვრა. როდესაც პოლიციაში ვიზიტის დრო მოვიდა, მოგვისმინეს და გვითხრეს, რომ ჩვენი საქმე განიხილებოდა და დაგვიკავშირდებოდნენ. როგორც შემდეგ გვითხრეს, შესაძლებელი იყო მუშაობის უფლების მოთხოვნა, რაც ჩვენ არ ვიცოდით და მხოლოდ საცხოვრებელი, ექიმი მოვითხოვეთ. სოციალური სამსახური დაგვეხმარა უმისამართო ჩაწერის გაკეთებაში და ამ ჩაწერის საფუძველზე მოვითხოვეთ სამედიცინო დაზღვევა. დაზღვევას სამი თვე მაინც აგვიანდება. გაგვიშვეს თავშესაფარში, სადაც საღამოს რვა საათზე შევდივართ და დილით რვაზე გამოვდივართ. მთელი დღე ორი ბავშვით და ავადმყოფი ქმრით გარეთ ქუჩაში ვარ. თანხა, რაც წამოღებული გვქონდა, დაგვეხარჯა. უკვე ოთახის ქირის საფასურსაც ვერ გადავიხდი სამსახურის გარეშე, სამუშაო კი ვერ ვიშოვე, მიზეზად ყველა ენის არცოდნას ასახელებს. უკვე ოთხი თვეა ასე ვართ, განაჩენის მოლოდინში, საქართველოშიც ვერ ვბრუნდებით სირცხვილის გამო. ჩვენმა ოჯახმა იცის, რომ კარგად მოვეწყვეთ, ჩემი მეუღლე მკურნალობს და დროებით სასტუმროში ვცხოვრობთ. მოხუცი მშობლები გვყავს და ვერ ვეტყვით, რა რეალობაშიც გვიწევს ყოფნა. ამიტომ ჩვენი ცხოვრების ფერადი ვერსია მათთვის მოვიგონეთ.

ყველას ვურჩევთ, სანამ გადაწყვეტთ ემიგრაციაში წასვლას, კარგად დაფიქრდით. იქ არავინ გელოდებათ გაშლილი ხელით. უცხოელი კი არა, შენი ქართველიც გაუცხოებული დაგხვდება და დახმარების ხელს არ ან ვერ გამოგიწვდის.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური წარმომადგენელი ბარსელონიდან