როდის კარგავს ჩაი სასარგებლო თვისებებს? - გზაპრესი

როდის კარგავს ჩაი სასარგებლო თვისებებს?

ზამთრის ცივ დღეებს ისე არაფერი უხდება, როგორც გემრიელი, არომატული ჩაი. უამრავი ადამიანისთვის დილა სწორედ ფინჯანი ჩაით იწყება, თუმცა, ხარისხიანი, კარგი ჩაის შეძენა იოლი არ არის. ჩვენი მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, სად დაიკარგა ის არაჩვეულებრივი გემო, რომელიც ამ სასმელს წლების წინ ჰქონდა და როგორ შევარჩიოთ ისეთი ჩაი, რომელსაც ბავშვობაში ვსვამდით?

ამ საკითხზე სასაუბროდ, "საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელს - თენგიზ სვანიძეს მივმართეთ:

- ბატონო თენგიზ, რატომ ხდება, რომ ჩვენს მაღაზიებში ნაყიდ ჩაის ის გემო და არომატი აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა?

- გეთანხმებით, იმპორტირებული ჩაის დიდ ნაწილს ის გემო აღარ აქვს, როგორიც ჩვენებურ, ქართულ ჩაის ჰქონდა 30-40 წლის წინ. რატომ? - სანამ უცხოური ჩაი აუქციონზე გაიყიდება, მერე დააფასოებენ და ლამაზად შეფუთავენ, თვეები გადის. მერე ამ პროდუქტის ტრანსპორტირებასაც ხომ დრო სჭირდება, ამიტომ, ვიდრე ჩვენამდე მოაღწევს, ძველდება და არომატს კარგავს. საერთოდ, ჩაი წარმოებიდან პირდაპირ მაღაზიაში უნდა მიდიოდეს, რადგან გზადაგზა განსხვავებულ სუნს და გემოს იღებს, ობის სოკო უჩნდება და საქართველოში უკვე დაძველებული ჩამოდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გზაში ეს პროდუქტი საუკეთესო თვისებებს კარგავს. იმპორტირებულ ჩაის ერთი წელი მაინც სჭირდება, რომ ჩვენს მაღაზიებში მოხვდეს და ამასობაში, მოხდენილ, ლამაზ ყუთებში მოთავსებულ პროდუქციას ვინ იცის, რა შეიძლება დაემართოს.

- კი მაგრამ, ეტიკეტს ხომ აწერია, რომ პროდუქტი ვადაგასული არ არის?

- როგორც წესი, ეტიკეტზე შეფუთვის ვადაა მითითებული, მაგრამ შეფუთვამდე პროდუქტმა რა გზა გაიარა, ჩვენთვის უცნობი რჩება... მე ვიცი რამდენიმე დასახელების საკმაოდ პოპულარული ჩაი, რომელიც ჯერ რუსეთში ჩააქვთ, იქ აფასოებენ და ამის შემდეგ ყიდიან მეზობელ ქვეყნებში. ავიღოთ თუნდაც, ინგლისური ჩაი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მიირთმევს: ის ჯერ ინდოეთში, აუქციონზე გადის, მერე ინგლისში მიაქვთ, გადაამუშავებენ, შეფუთავენ და სხვა ქვეყნებში გააქვთ. ჯერ მარტო მარშრუტი ნახეთ: ინდოეთი-ინგლისი-საქართველო, როდესაც პროდუქცია ამხელა გზას გაივლის და ჩვენამდე მოაღწევს, ახალი და კარგი როგორ იქნება?

- აბა, როგორი ჩაი უნდა შევიძინოთ?

- ყველას მაინც ქართული ჩაი სჯობს, თანაც, ბოლო წლებში ქართულმა კომპანიებმა ხარისხის გაუმჯობესებაზე კარგად იმუშავეს. ის უფრო ახალი და საიმედოა - მე ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც ამას ვურჩევ. განსაკუთრებით კარგია ჩვენებური მწვანე ჩაი. როცა ქართულ ჩაის ვყიდულობთ, სიძველისგანაც დაცულნი ვართ და ადგილობრივ წარმოებასაც ხელს ვუწყობთ, რომ განვითარდეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველ მეწარმეებს, ფინანსური პრობლემების გამო, უჭირთ დიდ სუპერმარკეტებში თავიანთი პროდუქციის შეტანა. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სწრაფი გადაჭრა სჭირდება. ბევრს იქვე, რეგიონში ჰყავს თავისი მომხმარებელი და დაუფასოებელ ჩაისაც ყიდის. ქართულ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე მოკრძალებული ადგილი უკავია. ამას ისიც ემატება, რომ უცხოური ნაწარმი უფრო მიმზიდველია, ლამაზადაა შეფუთული და დემპინგურ ფასებში იყიდება... ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავის პროდუქციას დაეხმაროს და ხელი შეუწყოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურები არიან აზერბაიჯანი და თურქეთი. ჩვენც, ქართულ წარმოებას ხელი უნდა შევუწყოთ და სიმართლე ყველას ვუთხრათ: შეიძლება ქართული ჩაი იმპორტირებულზე ძვირი ღირდეს, მაგრამ ის უფრო ახალია, კარგი ხარისხისაა და ბევრად სჯობს უცხოურს. ცუდია, რომ საქართველო დიდი რაოდენობის ჩაის ვეღარ აწარმოებს, მაგრამ რასაც აწარმოებს, ხარისხიანია.

- უამრავი ადამიანი ყავას და ჩაის დილის საათებში "გამოსაფხიზლებლად" სვამს. ამ ორ სასმელს შორის, რომელს უფრო კარგი ეფექტი აქვს?

- ჩაის, რადგან მისი მთავარი შემადგენელი ნივთიერებებია ტანინი და კოფეინი. ყავა ჯერ აფხიზლებს, მაგრამ მერე თანდათან ადუნებს ადამიანს, ხოლო ჩაის გაცილებით დიდი ხნის ეფექტი აქვს. ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე: დაღლილობის შეგრძნებას ამცირებს და გონებრივ აქტივობას აძლიერებს, ამიტომ, მას ენერგიის მოსამატებლად მილიონობით ადამიანი სვამს. ჩაიში შემავალი კოფეინი გვეხმარება უფრო აქტიურები და პროდუქტიულები ვიყოთ. ფინჯან ყავაში კოფეინის შემცველობა მეტია, ვიდრე ფინჯან ჩაიში, მაგრამ ამ უკანასკნელში კოფეინის ზემოქმედება უფრო ნელი და ხანგრძლივია.

- შავი ჩაი უფრო სწრაფად აფხიზლებს ადამიანს თუ მწვანე?

- ალბათ, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ მწვანე ჩაის ბევრი უნიკალური თვისება აქვს: იაპონელი მეცნიერები დიდხანს სწავლობდნენ ამ სასმელს და დაადგინეს, რომ მწვანე ჩაი კიბოს პრევენციისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ვინც ამ ჩაის ხშირად მიირთმევს, მის ორგანიზმში კიბოს უჯრედები ფეხს იოლად ვეღარ მოიკიდებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ქართული მწვანე ჩაი - ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც ერთჯერად პაკეტებში მოთავსებული ჩაი მოსწონს?

- ამ ჩაის შეძენისას განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს, რადგან ვერ ვხედავთ, ერთჯერად პაკეტში რა ყრია. ამიტომ უმჯობესია, დასაყენებელი ჩაი გამოვიყენოთ... ერთჯერად პაკეტს ჯერ ფილტრის ქაღალდში ყრიან, მერე ძაფს აბამენ, რაც წებოს გარეშე ვერ ხერხდება, რის გამოც, ამ სასმელში ათასგვარი მინარევი გროვდება. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ერთჯერადი ჩაი რამდენიმე მილიარდ სხვადასხვა ნაწილაკს შეიცავს და ჭიქაში რომ ჩაუშვებთ, მერე იმ ჭიქაში რა ხდება, არავინ იცის. ამიტომ, მე ყველას ვურჩევ, დასაყენებელი ჩაი დალიოს. ჩაის ხშირად ურევენ არომატიზატორებს და ფერი რომ გამოუშვას, სხვადასხვა მინარევს უმატებენ, მათ შორისაა ქოლერი, დამწვარი შაქარი და ა.შ. როგორც წესი, ჩაი ფოლგაში უნდა მოთავსდეს, გემო და ხარისხი რომ დიდხანს შეინარჩუნოს, მაგრამ თუ ძველია, ფოლგაც ვერ შველის და ობის სოკო უჩნდება, ეს კი ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

- როგორ დავადგინოთ, რომ ერთჯერადი ჩაი საეჭვო მინარევებს შეიცავს ან ფალსიფიცირებულია?

- თუ ჭიქაში ერთჯერად პაკეტს ჩაუშვებთ და წყალს სწრაფად შეღებავს, ესე იგი, მას რაღაც კვებითი საღებავი აქვს შერეული. სულ ცოტა, 3-4 წუთია საჭირო, რომ წყალმა ფერი მიიღოს. კანონის მიხედვით, კოლოფს უნდა ეწეროს, რომ ეს პროდუქტი მინარევებსა და საღებავებს შეიცავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამას არ აწერენ. არსებობს კიდევ ერთი ხერხი, რომლითაც ჩაის ხარისხის შემოწმება შეიძლება: თუ ერთჯერად პაკეტს ცივ წყალში ჩაუშვებთ, წყალმა ფერი მაშინვე არ უნდა შეიცვალოს, 4-5 წუთი მაინც სჭირდება, რომ გამუქდეს.

- ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დასაყენებელი ჩაი მოსწონს, ე.წ. ჩაის ფერს დილით რომ მოამზადებს, მერე მთელი დღის განმავლობაში იყენებს, ეს რამდენად სასურველია?

- არ შეიძლება, ჩაი ახალი უნდა იყოს: დილით მომზადებული ჩაის ფერის გამოყენება შუადღეს და საღამოს, სასურველი ნამდვილად არ არის. ამ დროს ჩაი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს და არომატსაც. რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებულ ჩაიში სხვადასხვა ქიმიური პროცესი მიმდინარეობს და ის აღარ არის სასარგებლო. ჩვეულებრივი ჩაიც ახალი დაყენებული უნდა იყოს და ერთჯერადი პაკეტიც არ უნდა გამოვიყენოთ რამდენჯერმე, რადგან ასე შეფერილ, ცხელ წყალს მივიღებთ და არა - ჩაის. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი რამ: ჩაის ფერის მისაღებად, რკინის ჩაიდნის გამოყენებაც არ ვარგა, სასურველია ჭურჭელი ემალის ან ფაიფურისგან იყოს დამზადებული.

- დაბოლოს, რამდენად სასარგებლოა უშაქრო ჩაი?

- კარგ ჩაის შაქარი საერთოდ არ უხდება, რადგან შაქართან ერთად, ნამდვილი ჩაის გემოს ვეღარ ვიგებთ. იყო დრო, როცა მე ჩაიში სამ კოვზ შაქარს ვყრიდი, მაგრამ ნელ-ნელა შევამცირე და ახლა ყოველთვის უშაქროს ვსვამ. ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება: უშაქრო ჩაის დალევას რომ შეეჩვევით, მერე ჭიქაში ნახევარი კოვზი შაქარიც რომ ჩაგიყარონ, აღარ მოგეწონებათ... თანაც, უშაქრო ჩაის სმით ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით: ის ნაკლებად კალორიულია და საუკეთესო სასმელია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება სურს.

chakvi-chais-pabrika-saukunis-cin-1706264302.jpg

ცოტა რამ ქართული ჩაის შესახებ

საუკუნეების განმავლობაში ჩაი ჩინელების საყვარელი სასმელი იყო, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და მოხმარების რაოდენობით, ყავას და ალკოჰოლსაც უსწრებს. წყლის შემდგომ, ადამიანები ჩაის ყველაზე დიდი რაოდენობით სვამენ. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ ქართული ჩაი, ინდური და ჩინური ჩაის სელექციის გზითაა მიღებული. ქართული ჩაი მეცნიერებმა 1941 წელს გამოიყვანეს, ხოლო ყველაზე პოპულარული ჯიშები ცნობილმა მეცნიერმა - ქსენია ბახტაძემ შექმნა. სულ ქართული ჩაის 16 ჯიში არსებობს, რომელთაგან ყველაზე კარგ მოსავალს კლონური სელექციით მიღებული "კოლხეთი" იძლევა.

გადმოცემის თანახმად, პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ, ერეკლე მეფეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა, ხოლო პირველი ჩაის ფაბრიკა ჩაქვში 1909-1915 წლებში აშენდა.

ჩაის პირველი ბუჩქები უფრო ადრე, 1809 წელს, მამია გურიელის ბაღში გამოჩნდა. მას სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში, გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმონის შესანიშნავი ბაღი გააშენა... 1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა, ვორონცოვმა ჩაი ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, სადაც ბუჩქმა ვერ გაიხარა და ის 1840 წელს სოხუმში გადარგეს. სოხუმში ბუჩქმა გაიხარა და ეს შესანიშნავი მცენარე თანდათან მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა.

1895 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ჩაი 18 ჰექტარზე იყო გაშენებული, ხოლო 1900 წელს, უკვე 23 საცდელი ნაკვეთი გაშენდა. საბჭოთა პერიოდში ჩაის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, რის გამოც იგი დასავლეთ საქართველოს ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა.

1983 წლისთვის ჩაის 65,5 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქვეყანაში პლანტაციების განადგურება დაიწყო. ამჟამად, ქართულ ჩაის რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მისი პლანტაციები ძირითადად გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში გვხვდება.

ხათუნა ჩიგოგიძე