გზა ნობელამდე და გზა იუნესკომდე... - ქართველი ფილოსოფოსის აღიარება - გზაპრესი

გზა ნობელამდე და გზა იუნესკომდე... - ქართველი ფილოსოფოსის აღიარება

ფილოსოფოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე ნიაზ ბოლქვაძე 15 წიგნის, 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 500-ზე მეტი სტატიის ავტორი გახლავთ. მან გულახდილად გვიამბო საკუთარ ცხოვრების გზაზე და თავს გადამხდარ საინტერესო ამბებზე.

4-copy-1706264550.jpg

- ბატონო ნიაზ, თქვენი ნაშრომი წარდგენილია ნობელის პრემიაზე, იუნესკოში... და ამავდროულად, ამჟამად უმუშევარი ბრძანდებით...

- 2019 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ნორვეგიიდან, ქალაქ ოსლოდან, ნობელის ინსტიტუტიდან მშვიდობის დარგში, ფოსტით მივიღე ოფიციალური შეტყობინება, რომ ჩემი ნაშრომი, წიგნი - "აზროვნების ეკოლოგია - კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“, მიღებულია განსახილველად... ამჟამად ვარ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი პროექტის - "საქართველო - რკინის სამშობლო“ იუნესკოში წარსადგენად... როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიახ, ოფიციალურად არ ვარ დასაქმებული, მაგრამ ფაქტობრივად, მე ყოველთვის ხალხის სამსახურში ვრჩები, თავისუფალი დრო არასდროს მაქვს. სამეცნიერო-სამწერლო საქმიანობის პარალელურად, საქველმოქმედო ფონდს "წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ ვხელმძღვანელობ, რომელიც მამულიშვილური ვალმოხდის მიზნით, უნიკალური ქართული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მატერიალური კულტურის ძეგლების, ძველი კოლხური რკინის სადნობი ქურა-სახელოსნოების გადასარჩენად და დასაცავად დავაფუძნეთ.

1990-იანი წლების დასაწყისიდან რელიგიების თემით დავინტერესდი. დავინახე, რომ რელიგიათა შორის ურთიერთობები არათუ არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი, არამედ სულ სხვა მიმართულებით გახლდათ განვითარებული და საუკუნეების მანძილზე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს... ნაშრომი, რომელზეც ხანგრძლივი დროის მანძილზე ვმუშაობდი, 2017 წელს გამოიცა წიგნად, სათაურით: "აზროვნების ეკოლოგია - კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“... წიგნი 2019 წელს წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. წარდგინებას წინ უძღოდა აღნიშნულ თემაზე უცხოეთსა და საქართველოში კონფერენციებში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში საჯარო შეხვედრები. ბოლოს შემაჯამებელი განხილვა შედგა მწერალთა კავშირში და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში... ქართველი და უცხოელი მეცნიერების შეფასებით, "ნაშრომი, სადაც ძირითადად წარმოდგენილი არის რელიგიათა შორის დაპირისპირებების, კონფლიქტების თავიდან აცილების კონკრეტული გზები, დიდად შეუწყობს ხელს მსოფლიოში სხვადასხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენელთა შორის მშვიდობიან თანაარსებობას, მინიმუმამდე დაიყვანს ტერორიზმის რისკებს და მაქსიმალურად გაზრდის ტოლერანტობის საზღვრებს“. წიგნი ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე, დაგეგმილია მისი თარგმნა მსოფლიოს ხალხთა სხვა ენებზეც. ქართველ და უცხოელ მკითხველთან ურთიერთობამ, მსოფლიოში არსებულმა არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკურმა ფონმა და მათი გადაჭრის გზების ძიებამ აღნიშნული წიგნის მეორედ გამოცემა განაპირობა (ახალი რედაქციით), სადაც წარმოდგენილია მეტი საინტერესო არგუმენტი... წიგნზე მუშაობისას თანადგომა გამიწიეს გაეროს ევროპის განყოფილების თანამშრომლებმა. მათ მომაწოდეს ზუსტი ინფორმაცია, გამოკვლევების შედეგები კაცობრიობის წინაშე არსებული მთავარი საფრთხეების შესახებ... ასევე რეკომენდაცია გამიწიეს მსოფლიოს ფილოსოფოსთა საზოგადოებაში გაერთიანებისთვის, რომლის ცენტრიც აშშ-Sი მდებარეობს, მაგრამ როგორიც თქვენ ახსენეთ, ეს "უმუშევარი“ კაცი, რომელსაც ჩემი შრომისთვის არანაირი ანაზღაურება არ მაქვს, როგორ შევძლებდი იქ გამგზავრებას და მონაწილეობას?.. ამას მოჰყვა პანდემია, ომი და ა.შ. დავრჩით ჩრდილში, ნაშრომი კი თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს, იმედია - დროებით... აღნიშნული თემა, რელიგიათა შორის ურთიერთობები იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ მასზე უძველესი დროიდან დღემდე, სხვადასხვა ერის არაერთი მოაზროვნე ფიქრობდა, მაგრამ როგორც ჩანს, უშედეგოდ. მოვიყვან ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს. 1930 წელს, რომის პაპის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი (შვედი) ნათან სედერბლუმი, ეკუმენისტური მოძრაობის ლიდერი დაჯილდოებული იქნა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც შეიძლება ითქვას მთელი ცხოვრება მივუძღვენი, მეცნიერული, ფილოსოფიური მტკიცე ლოგიკით ადასტურებს საპირისპიროს, რომ ეკუმენისტური მოძრაობა, სხვადასხვა რელიგიის ერთ რომელიმე მსოფლიო რელიგიად გაერთიანების იდეა უტოპიურია, განუხორციელებელია... დღეს ეს ურთულესი გლობალური პრობლემა - საუკუნეების მანძილზე რელიგიათა შორის უთანხმოება, კონფლიქტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკოსთა მხრიდან სპეკულირების საგანი ხდებოდა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თეორიულად უკვე გადაწყვეტილია... სჭირდება მხოლოდ ცხოვრებაში პრაქტიკული განხორციელება...

ნაშრომზე მუშაობისას ვხვდებოდი სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, მსოფლიოს დონის რელიგიურ მოღვაწეებს, მათგან ვიღებდი დიდ გამოცდილებას, ვგრძნობდი ღვთიურ ძალასა და ენერგიას მიზნის ბოლომდე განსახორციელებლად...

1-1706264536.jpg

- ძალიან საინტერესოა თქვენი შეხვედრა ბუდიზმის წმინდანთან...

- ტიბეტელი ბერი გეშე ლამა ტინლეი, ბუდიზმის წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწეა. იგი არის ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი და აღიარებულია წმინდანად... დიდი ინტერესი მქონდა მასთან შეხვედრის, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მოხდა ისე, რომ 2003 წელს თვითონ გვეწვია ბაშკირეთში. ქალაქ უფის ერთ-ერთ დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მისი ლექციები. ოთხი დღე, დღეში ორი საათი კითხულობდა ლექციას შესვენების გარეშე. მისი ლექციები იყო ცხოვრებისეული სიბრძნე, სადაც ერთ უსარგებლო წინადადებას ვერ აღმოაჩენდი. მას მოჯადოებულივით, ინტერესით უსმენდა ყველა დამსწრე, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. ის ცხოვრობდა მოკრძალებულად, მშვიდ გარემოში, კერძო სასტუმროში დაცვასთან და თარჯიმანთან ერთად. პირადად არავის იღებდა. მის მოსასმენად დარბაზში იყვნენ არა მარტო ბაშკირელები, არამედ ჩამოვიდნენ კორეიდან, ჩინეთიდან, ლაოსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მე გამიმართლა, მოვახერხე მასთან შეხვედრა, ეს კი შემთხვევით არ მომხდარა. მაშინ ასპირანტურაში ვსწავლობდი, რელიგიურ თემაზე უკვე დასკვნა გაკეთებული მქონდა, მაგრამ ფილოსოფოსი ვარ და ამის თქმა პირველად სწორედ გეშე ლამასთან შეხვედრამ გამაბედვინა... პირველ ლექციამდე დაცვას ვთხოვე მისთვის გადაეცათ, რომ საქართველოდან სპეციალურად მასთან შესახვედრად ჩამოვიდა ფილოსოფოსი და პირადად შეხვედრას ითხოვდა. უცხოელი ფილოსოფოსი ღიმილით მიმიღო. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ლექციების დროს მისი წიგნები რომ გეყიდა, რიგში უნდა ჩამდგარიყავი, ჩემთვის კი საჩუქრად მოატანინა, წარწერით "მეგობრობის ნიშნად“... წიგნის სათაურია: "გონიერება და სიცარიელე“. მისი ინტერესი შეხვედრისადმი და დამეგობრებაც კი გადაწყვიტა ერთმა კითხვამ, რომელიც მას დავუსვი და რომელსაც ალბათ არ ელოდა...…

მეორე დღეს, როდესაც ლექციაზე მობრძანდა, დარბაზში ვიჯექი. შემნიშნა, მთხოვა მასთან ავსულიყავი სცენაზე და გვერდით მომისვა. მე, ამ ათასობით კაცში ერთ-ერთ მსმენელს, ძალიან მომერიდა, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ფილოსოფიაში გამოცდა წარმატებით ჩავაბარე... სამი დღე შემდეგ, ვიდრე ქალაქ უფაში იმყოფებოდა, თავისუფალ დროს ვსტუმრობდი და ვსაუბრობდით. დარბაზში კი მან ჩაატარა სპეციალური რიტუალი ჩვენი დალოცვის მიზნით.

გეშე ლამამ პირად საუბარში ერთი უმნიშვნელოვანესი აზრი მითხრა: "იესო ქრისტე ჩვენი ბუდაც არის“... როდესაც გავაცილეთ, საოცარი იყო ის ფაქტი, რომ მისი მრევლი, ასობით ადამიანი, სამი დღის განმავლობაში ქალაქ უფიდან აეროპორტამდე, დაახლოებით 10-20 კმ-ს ფეხით გადი-გამოდიოდნენ - აქ წმინდანმა გაიარაო.

2-copy-1706264525.jpg

- იუნესკოში წარადგინეს თქვენი ნაშრომი...

- ძველი კოლხური რკინის სადნობი სახელოსნოები, რომლებიც 3000 წლისაა (ძვ.წ. XII-VII სს.), რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ერი დედამიწაზე, განადგურების საფრთხის წინაშე იყო. ეს უნიკალური ძეგლები, რომლებიც ნივთიერი მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ „საქართველო რკინის ისტორიული სამშობლოა“, აღმოჩენილია 1959-2000 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. მეცნიერულად შესწავლის შემდეგ კი უყურადღებოდ, ყოველგვარი კონსერვაციის და დამცავი ღონისძიების გარეშე მიტოვებულები, ზოგი მთლიანად განადგურდა, ზოგიც დაიკარგა. ამიტომ, მას ისეთი საერთაშორისო აღიარება არ ჰქონია, როგორიც წესით უნდა ჰქონოდა... არც ერთ ქურა-სახელოსნოს არ ჰქონდა მინიჭებული ძეგლის სტატუსი, არ იყო ამ უნიკალური ძეგლების გადარჩენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მეთოდები და ა.შ.; ანუ ეს იშვიათი ნივთიერი მტკიცებულება სრული განადგურების piras იყო. ნივთიერი მტკიცებულებების გარეშე კი ძველ თუ ახალ წერილობით წყაროებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ მითების, ლეგენდების დონეზე რჩება... წინა თაობების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძეგლის აღმოჩენა არ არის მთავარი, მთავარია, როგორ გამოიყენებ მას შენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავიაზრე, თუ რამდენად დიდი, ქართული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლები ნადგურდებოდა, რომელშიც აისახება ქართველი ერის ღვაწლი საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში, შევკრიბე თანამოაზრეები და საკუთარი ენთუზიაზმით, შვიდი წლის მანძილზე შევძელით მდინარეების: ჭოროხის, ჩაქვის წყლის და ჩოლოქის აუზებში სამი ძველი კოლხური რკინის სადნობი ქურა-სახელოსნოს გადარჩენა, დაცვა და თან ვზრუნავთ მათ პოპულარიზაციაზე. გამოიცა სამეცნიერო ნაშრომები (ორი წიგნი და სტატიები) აღნიშნულ თემაზე, ქართულ და უცხოურ გამომცემლობებში, რომლის ავტორიც გახლავართ; ჩატარდა ისტორიული სახელოსნოს რეკონსტრუქცია და რაც მთავარია, პირველად ჩვენი ინიციატივით ერთ-ერთ ქურა-სახელოსნოს (ჩაქვის, ჩაისუბნის) საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიენიჭა უძრავი მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი. აჭარის ხელისუფლებამ მოიწონა ჩვენი წინადადება და ძეგლის ტერიტორიაზე გამოიყო 3000 კვმ მიწის ნაკვეთი ღია ცის ქვეშ, მუზეუმ-ნაკრძალის მშენებლობისთვის. ასეთი მიდგომა საუკეთესო საშუალებაა შევძლოთ ამ უნიკალური ძეგლების სამუდამოდ გადარჩენა, წინაპართა ღვაწლის წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე... როგორც მეცნიერები თავის რეცენზიებში აღნიშნავენ, ჩვენ შევძელით უნიკალური ძეგლების, კერძოდ, უძველესი კოლხური რკინის სადნობი სახელოსნო კერების გადარჩენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მეთოდების დანერგვა. ასევე გაკეთდა აღმოჩენები, მაგალითად: დადასტურდა კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე უძველეს დროში დახურული, გასაიდუმლოებული ხეობების არსებობა, სადაც განთავსებული იყო სტრატეგიული დანიშნულების რკინის სადნობი ქურა-სახელოსნოები.

ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები სრულიად პასუხობს იუნესკოს მოთხოვნებს. მზად გვაქვს ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო რკინის წარმოების ისტორიული სამშობლოა: ეს არის თვით ისტორიული ძეგლი, ქურა-სახელოსნო, მადნეული, საწვავი მასალა, დახურული ხეობები და სხვა არგუმენტაცია.

ზემოაღნიშნული ნაშრომების საფუძველზე, ჩვენი პროექტი - "საქართველო რკინის სამშობლო“ წარდგენილ იქნა იუნესკოში ამ სტატუსის მოსაპოვებლად, ასევე ჩაქვის ჩაისუბნის ძეგლი, მსოფლიოს მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად მხარდაჭერილია და ხელმოწერილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერების: გურამ ქაშაკაშვილის, გივი ინანიშვილის, ჯუმბერ კოპალიანის, ვაჟა შუბითიძის, იულონ გაგოშიძის, ზვიად კვიციანის, გია კვაშილავას, შუქრი თავართქილაძის, დავით მაისურაძის და სხვების მიერ. თანხმობა არის საქართველოს კულტურის სამინისტროსგან და ველოდებით წარდგინებას იუნესკოში.

ამჟამად, ჩვენი ფონდის წევრები, საერთო თანადგომის საფუძველზე, ენთუზიაზმით ვზრუნავთ, რომ ძეგლის ტერიტორია მოვამზადოთ მუზეუმის მშენებლობისთვის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და აფერხებს პროექტის საბოლოო განხორციელებას. ჩვენი მთავარი მიზანია, მსოფლიოს ხალხთა ატლასში, სადაც საქართველო ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ „ღვინის სამშობლოდ" ან „რუსთველის ქვეყნად“, სადაც დაიწერა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, მომავალში აღიარებული იქნას "რკინის სამშობლოდაც“ - ეს აუცილებელია.

დაბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემი შრომებით და ჩემი მძიმე სოციალური მდგომარეობით. ასევე დიდი მადლობა ჩემს თანამოაზრე მეგობრებს, ოჯახის წევრებს. რომ არა მათი მორალური და მატერიალური თანადგომა, მე ვერ შევძლებდი იმის მიღწევას, რამაც თქვენი და ფართო საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება გამოიჩენს ყურადღებას, თანადგომას, რაც მომცემს საშუალებას, ჩემი შესაძლებლობები სრულიად მოვახმარო კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას...

მანანა გაბრიჭიძე