„ვირტუალური“ დედების, ბებიებისა და მეუღლეების მძიმე ყოფა სამშობლოსგან შორს
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურ თეატრში რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლის - „დავბრუნდები" პრემიერა გაიმართა. ეს ამ თეატრში 2024 წლის პირველი პრემიერა იყო. წარმოდგენის შემდეგი ჩვენება 4 და 18 თებერვალსაა დაგეგმილი.
მაია მარუაშვილის პიესა ჩვენს რეალობაში არსებულ ერთ-ერთ რთულ პრობლემას - ემიგრაციაში მყოფთა მძიმე ყოფას, მათ ყოველდღიურობას, ფიზიკურ შრომას და ფსიქოლოგიურ-ემოციურ პრობლემებს ეხება. განსაკუთრებით მძიმეა იმ ქალბატონების ხვედრი, ვინც სითბოს მოკლებულნი, ოჯახის წევრებსა და ახლობელ-მეგობრებს დანატრებულნი, არაერთ წელს უცხო ქვეყანაში ატარებენ იმისათვის, რომ სამშობლოში დარჩენილი ახლობლები ფინანსურად უზრუნველყონ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შესაძლებელია ერთი ქვეყნიდან მეორეში კომუნიკაცია მარტივად დაამყარო, ეს მაინც არ არის საკმარისი. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ ოჯახებში ხშირია გაუცხოება დედასა და შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დედმამიშვილს შორის და წლების სვლასთან ერთად, ყველაზე ახლობელი ადამიანი სრულიად უცხო ხდება. და თან, მას ბევრი ისე აღიქვამს, როგორც „საჭრელ დაზგას“, „მუქთა ფულს“, ანდა „დაუცლელ ქისას“, ვისგანაც ყოველთვიურად ერიცხება წვალებითა და ტანჯვით ნაშოვნი ფული. თითქოს მხოლოდ ესაა მისი ფუნქცია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, შეითავსა და აღარავის აინტერესებს თავად ის რას გრძნობს, განიცდის.
უცხო ქვეყანა კი ჭაობივითაა და როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „20 წელია ქვეყნიდან ქვეყანაში, სახლიდან სახლში დავეხეტები. როდემდე?! რაც უფრო დიდხანს რჩები, მით გითრევს და უსამშობლოდ გაქცევს“...
ასეა, ემიგრანტები დაბრუნებაზე სულ ფიქრობენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებაც ჭირს. დრო კი უსაშველოდ იწელება და ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე: „დავბრუნდები, მაგრამ როდის?!“
სპექტაკლს სამი მოქმედი პირი ჰყავს, (მსახიობები: ჯული პაკელიანი, ციცინო ედიბერიძე და ლევან ლეჟავა). მათ შორის ორი ემიგრანტია, მესამე კი ხანში შესული უცხოელი ქალბატონი. სპექტაკლის მოქმედებაც სწორედ ამ სამი პერსონაჟის გარშემო ვითარდება.
ლაშა გოგნიაშვილი (სპექტაკლის რეჟისორი):
- მაია მარუაშვილის პიესის თემა აქტუალურია. ეს ჩემი მესამე სპექტაკლია, რომელიც მისი პიესების მიხედვით მაქვს დადგმული. პირველად ეს იყო სპექტაკლი ახმეტელის თეატრში - „გაგა“, ხოლო მეორე - „მეგობრები“. ის არტოს ბაღში, მოზარდთა ჯგუფ „თეატრალებთან“ ერთად განვახორციელე. სპექტაკლში „დავბრუნდები“ მონაწილე მსახიობთა ჯგუფი, ბატონმა მიშა მრევლიშვილმა შეკრიბა. მე პირველად შევხვდი ამ ქალბატონებს. პიესის მიხედვით ნესტანის როლს სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ქალბატონი ჯული პაკელიანი ასრულებს. ნესლიანი, ანუ ქალბატონი ციცინო ედიბერიძე წლების განმავლობაში, „მეტეხის“ თეატრის მსახიობი იყო; შემდეგ ცოტა ხანს პროფესიაში წყვეტა ჰქონდა და ახლა სანდრო მრევლიშვილის თეატრში მოწვეული მსახიობია, ხოლო ნიკას როლის შემსრულებელი ლევან ლეჟავა ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც პროფესიულ კარიერას ახლა იწყებს და პირველ ნაბიჯებს დგამს დიდ სცენაზე. სპექტაკლის მხატვარი ირაკლი ბილისეიშვილია, ხოლო ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე. ვფიქრობ, ემოციური სპექტაკლი გამოგვივიდა, რომელიც საზოგადოების ნაწილს არსებულ რეალობაზე დააფიქრებს.
- ყველას გვყავს გარშემო სამშობლოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასული ადამიანები. მხოლოდ პიესიდან „ამოხვედით“ თუ სპექტაკლს კონკრეტული ემოგრანტების გამოცდილებიდან გამომდინარე შეემატა ცალკეული დეტალი?
- ჩვენ კავშირზე გავედით იტალიაში მყოფ ემიგრანტებთან, რომლებთანაც რამდენიმე დეტალი დაvaზუსტეT. მაg., თუ რითი კავდებიან თავისუფალ დროს. ისინი ან შინ რეკავენ, ან რამდენიმე ქართველი ერთმანეთს ხვდება, იტირებენ, გულს მოიოხებენ, ერთმანეთის გაჭირვებას მოისმენენ, სამშობლოში ამანათებს გზავნიან და მერე ისევ იმ სახლებში ბრუნდებიან, სადაც მუშაობენ. საპრემიერო ჩვენების მესამე დღეს, 32 ადამიანი ინტერნეტის საშუალებით ადევნებდა თვალყურს წარმოდგენას. კონკრეტულად იტალიიდან 10 ქართველი ონლაინ უყურებდა სპექტაკლს და ალბათ, მათთვის ძალიან ემოციური იყო ეს ყოველივე.
ანა კალანდაძე