გრავიმეტრიის ლაბორატორიის შექმნის ისტორია და როგორ "სუნთქავს" თბილისი დედამიწის ქერქთან ერთად
სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მეცნიერები საქართველოდან, 1931 წელს პირველად გაგზავნეს ასპირანტურაში საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში - ლენინგრადსა და მოსკოვში. იმ პირველ შვიდ ასპირანტს შორის იყო გეოფიზიკოსი ბენედიქტე ბალავაძე, რომლის სახელთან დაკავშირებულია ქართული გრავიმეტრიული სკოლის შექმნა. მან ლენინგრადის სეისმოლოგიურ ინსტიტუტში სწავლისას გაითავისა გრავიმეტრიის საიდუმლოებანი, ხოლო სამშობლოში დაბრუნებისთანავე მხარში ამოუდგა ნიკო მუსხელიშვილს და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საქმეში. აკადემიკოს ბენედიქტე ბალავაძის ცხოვრების ეპიზოდებზე გვიამბობს მისი შვილი - ბატონი მიხეილი, რომელიც გახლავთ მათემატიკოსი-ტოპოლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
- ჩვენ სახლში, ასე ვთქვათ, აკადემიური გარემო სუფევდა. მამაჩემის ახლო მეგობარი იყო ცნობილი მათემატიკოსი ილია ვეკუა. ალბათ, ბატონი ილიას გავლენა გახლდათ, რომ გულმა მათემატიკისკენ გამიწია. კოლეგა მეგობრების გარდა, მამას ახლო ურთიერთობა ჰქონდა რეზო ლაღიძესთან. მამას ბიძაშვილი იყო კომპოზიტორი არჩილ ჩიმაკაძე (მამის დედა ჩიმაკაძე გახლდათ). ხშირად დავდიოდით არჩილის მამის ოჯახში, კარგი ნათესაური დამოკიდებულება გვქონდა. მამაჩემი ასი წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეგრძელობა გენეტიკურად მოსდევდა, მისი მამა - ბაბუაჩემი 95 წლისა გარდაიცვალა. მამას ყოველთვის თავდაჭერილობა და სიმშვიდე ახასიათებდა, მაგრამ ჯიუტიც იყო, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევდა. ხელი არ მოაწერა დისიდენტ ანდრეი სახაროვის გასაკიცხ წერილს და სასტიკად აღუდგა წინ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გალის რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს საქართველოში უამრავი მომხრე ჰყავდა. პრინციპულობა და მომთხოვნელობა სჩვეოდა ყველას და მათ შორის, შვილების მიმართ. მისი ცხოვრების დევიზი იყო - სწავლა და შრომა. ასი წლის ასაკშიც ბოლო წუთამდე მუშაობდა. მასთან მოდიოდნენ ყოფილი მოწაფეები, შრომები მოჰქონდათ და ისიც ასწორებდა. ძალიან დაუზარელი იყო.
გეოფიზიკოსების როლი ენგურჰესის მშენებლობის საქმეში
- უმსხვილესი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა ძალიან დიდი მოვლენა იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სხვათა შორის, მშენებლობის დაწყებამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში. მახსოვს, თურქეთმა გამოთქვა აზრი: კაშხალს რამე რომ მოუვიდეს, იქიდან წამოსული სამასმეტრიანი ტალღა მარტო მთელ სანაპიროს კი არ წალეკავს, შავ ზღვას გადაუვლის და თურქეთის სანაპიროებზეც ყველაფერს დაანგრევსო. კაშხლის დამპროექტებლები ამბობდნენ, რომ ყველაფერი გათვლილია და საფრთხეს ვერ ხედავენ. მამაჩემმა იცოდა, რომ ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ახალი ამბავი არ იყო. ამ პროექტზე ჯერ კიდევ გიორგი ნიკოლაძე საუბრობდა და მან ადგილიც კი შეარჩია, გაცილებით უფრო მაღლა, მძლავრი კლდოვანი ქანების ხეობაში. თუმცა იმ ადგილზე ხეობის სივიწროვე არ იძლეოდა საშუალებას, რომ ამხელა ზედაპირის წყალსაცავი მიეღოთ და ააშენეს იქ, სადაც ახლა არის. კლდოვანი ქანები იქ გაშლილია, ისეთი მძლავრი აღარ არის და გეოფიზიკოსებმა (პირადად ბატონმა ბენედიქტემ. - ავტ.) დასვეს საკითხი ტერიტორიის გეოფიზიკური მეთოდებით შესწავლის აუცილებლობის შესახებ.
გეოფიზიკოსებმა მომავალი კაშხლის ფსკერის კვლევა ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ მართალია, კაშხლის კედლები გამძლეა, მაგრამ კოლოსალური წყლის დაწოლას ფსკერი ვერ გაუძლებს სუსტი კლდოვანი ქანების გამო და მოსალოდნელი იქნებოდა ფსკერის ჩაწევა, რაც აუცილებლად ნგრევას გამოიწვევდა. გარდა ამისა, თავიდან კაშხლის სეისმომედეგობა გათვალეს ექვს ბალზე და შემდგომ გეოფიზიკოსების დაჟინებული მოთხოვნით, რვა ბალზე აიყვანეს. მათ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც ექსპერტიზებს გადიოდა მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში. მათგანაც გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა მამას, ისევე როგორც აქაური მეცნიერებისგან. სეისმომედეგი მშენებლობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი. ამასთან დაკავშირებით იყო დაპირისპირებები და დადგენილებების გადასინჯვები. ბოლოს ფსკერი რომ გაემაგრებინათ, იცით, რა გააკეთეს? წარმოიდგინეთ, რომ წყალსაცავის ფსკერი არის ერთი მეტრი სიდიდის უჯრედების ბადით დაფარული, თითო უჯრედის კუთხეებში გაიბურღა 2 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი და იმაში დიდი წნევით ჩაწნეხილია ბეტონი. მთელი ფსკერი ასეთი ხიმინჯებით გაამაგრეს და ყველაფერი შეკრულია ერთმანეთთან. ამან, რა თქმა უნდა, გააძვირა ხარჯი, სამაგიეროდ, მყარი კონსტრუქცია გამოვიდა. ისინი ამაზე არ გაჩერდნენ, მშენებლობის მერე შეიქმნა კაშხლის ექსპლუატაციის ცენტრი, სადაც მეცნიერები გეოფიზიკის ინსტიტუტიდან მუშაობდნენ აფხაზეთის ომამდე და გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, ომის დროსაც. კაშხალზე დაკვირვებები დღესაც გრძელდება.
გეოფიზიკის ინსტიტუტის გრავიმეტრიის ლაბორატორია
- რას სწავლობს გრავიმეტრია? დედამიწის მიზიდულობის ძალა, რიგი მიზეზების გამო, მუდმივად იცვლება და სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისთვის საჭიროა ამ ცვლილების შესწავლა, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალა - გრავიტაცია უნდა გაზომო და ამის მიხედვით შეადგინო რუკა. მე ვარ მომსწრე, რომ მამას ჰყავდა მოწაფე, ახლობელი კაცი, რაჭველი პაპუნა მინდელი, რომელიც გრავიმეტრიულ გაზომვებზე მუშაობდა. ეს ორმეტრიანი და ჯანმრთელი კაცი იალბუზის მწვერვალზე ავიდა, ცხადია, ალპინისტის დახმარებით და იქ თავად აწარმოა დაკვირვება. შემდეგ შავი ზღვის ფსკერზე გააკეთა ათვლა, რისთვისაც წყალქვეშა ნავით მოუწია ჩაყვინთვამ. ამიტომ პაპუნაზე ხუმრობდნენ: ეს კაცი საქართველოში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ადგილზე არის ნამყოფიო.
მამა ძალიან იყო დაინტერესებული, რომ თბილისში გრავიმეტრიის ლაბორატორია გახსნილიყო. ძვირად ღირებულმა პროექტმა ბევრი შრომა და ენერგია წაიღო, მაგრამ ამას მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში ტყვეებს გაათხრევინეს გვირაბები მთაწმინდის ქვეშ. ერთ-ერთი გვირაბის ნაწილი, აპენდიქსს რომ ჰგავდა, მეცნიერებათა აკადემიას გადასცეს. გვირაბის გამოსასვლელი ჭონქაძის ქუჩის დასაწყისში იყო, წყალსადენის სადგურის თავზე, სადაც ორსართულიანი სახლი აშენდა და მოეწყო სამუშაო ოთახები. გვირაბში დამონტაჟდა კვარცის მინის მილები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ერთი მილის თავისუფალ ბოლოზე სარკე იყო დამაგრებული და უმცირესი მოძრაობის დროსაც კი ირეკლავდა პატარა სხივს, რომელიც ფოტოფირზე ხატავდა მრუდს. დაიწყო უზუსტესი დაკვირვებები და რადგან მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდათ, მალე ლაბორატორიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. მგრძნობიარე ხელსაწყო იაპონიაში მომხდარ მცირე მიწისძვრასაც კი აფიქსირებდა. სხვათა შორის, მაგ დროს დადგინდა, რომ თურმე თბილისი დედამიწის ქერქთან ერთად ყოველდღე "სუნთქავს", ამოიწევა-ჩაიწევა და პატარაზე კი არა, 11 სანტიმეტრით. სამწუხაროდ, 90-იან წლებში თბილისის ომის დროს ვიღაც ჯიბგირები გვირაბში შეიპარნენ, გაძარცვეს და დალეწეს ყველაფერი. წლების მერე ლაბორატორია აღადგინეს, რა თქმა უნდა, დაკვირვების მეთოდები შეიცვალა.
მათემატიკოსების შესახებ
- მათემატიკოსმა მერაბ ალექსიძემ ხელი მოჰკიდა გეოფიზიკის ამოცანების გადაწყვეტას მათემატიკური მეთოდებით და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ მამაჩემი, ვიქტორ კუპრაძე და აკადემიკოსი ანდრეი ტიხონოვი, დაცვა მოსკოვში შედგა. თანამედროვე გამოთვლითი მათემატიკური მეთოდების დანერგვამ გეოფიზიკაში ბევრი საქმე წინ წასწია. ბატონი მერაბი აქტიურად გადაერთო გეოფიზიკურ ამოცანებზე და თვალსაჩინო მეცნიერად ჩამოყალიბდა. როცა მამა ასაკის გამო გადადგა გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორობიდან, მისი რეკომენდაციით, ბატონი მერაბ ალექსიძე გახდა დირექტორი და ინსტიტუტს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
ცნობილი მათემატიკოსი და მსოფლიო დონის მეცნიერი გიორგი ჭოღოშვილი მამას მეგობარი იყო. ის ლექციებს მიკითხავდა და პირველივე წუთიდან მომხიბლა თავისი ქარიზმით. იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი, უნიჭიერესი პედაგოგი, საქართველოს უზომოდ მოყვარული და პატრიოტი ადამიანი. გიორგი ჭოღოშვილის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ პირველმა შემოიტანა საქართველოში აბსტრაქტული თანამედროვე მათემატიკა და მთელი სკოლა ჩამოაყალიბა. არაერთმა ახალგაზრდამ გაიარა ეს სკოლა. მეც მის მოწაფეთა რიცხვს მივეკუთვნები. ბატონ გიორგის ჰქონდა თვისება, თავის მოწაფეებს, ასე ვთქვათ, თავისუფალ ცურვაში უშვებდა. თუმცა სულ საქმის კურსში იყო, ვინ რას აკეთებდა. ასეთმა მიდგომამ უზრუნველყო ის, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე აბსტრაქტული მათემატიკის თითქმის ყველა დარგია წარმოდგენილი.
ევროპაში ავტორიტეტული ჰუმბოლდტის სამეცნიერო სტიპენდია მოვიპოვე. ამ ფონდის ტრადიციაა, ყოფილ სტიპენდიატებთან კავშირს არ წყვეტს და ყოველნაირად ახალისებს სამეცნიერო კონტაქტების გაგრძელებას. ჰუმბოლდტის პირველი ქართველი სტიპენდიატი იყო პროფესორი გურამ რამიშვილი. ფონდს ასევე დაწესებული აქვს ჰუმბოლდტის პრემია. ამ პრემიის პირველი ქართველი ლაურეატი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო. საინტერესოა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მამა-შვილი ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები ჰყავს - პროფესორი ოთარ ლორთქიფანიძე და აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე. წლების წინ ჩვენ დავაარსეთ ჰუმბოლდტის ქართული კლუბი და ამაში ძალიან შეგვიწყო ხელი მაშინდელმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დალჰოფმა. კლუბის პირველი პრეზიდენტი გახლდათ თამაზ გამყრელიძე, მე ვიყავი ვიცე-პრეზიდენტი. მერე ბატონი თამაზი საპატიო პრეზიდენტი გახდა. ამჟამად ცნობილი გერმანისტი ალეკო კარტოზიაა ჩვენი პრეზიდენტი.
მეცნიერის ბიოგრაფიიდან: 1955 წელს ბენედიქტე ბალავაძემ მოსკოვში დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სხდომის ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტის უხუცესმა პროფესორმა ვიაჩესლავ ბონჩკოვსკიმ წაიკითხა და საზეიმო ვითარებაში გადასცა დისერტანტს 54 მეცნიერის მიერ ხელმოწერილი ადრესი, რომელშიც ნათქვამი იყო: "ძვირფასო ბენედიქტე კონსტანტინეს ძევ! ჩვენ ყველანი დიდად ვაფასებთ თქვენს ღირსშესანიშნავ ადამიანურ თვისებებს, თქვენს თავაზიანობას, მეგობრულ გულისხმიერებას და პრინციპულობას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. გისურვებთ თქვენ, გარდა წარმატებებისა მეცნიერებაში, ხანგრძლივსა და შინაარსიან სიცოცხლეს, აღსავსეს სიხარულითა და ბედნიერებით..." მოგვიანებით, ბატონი ბენოს მიერ გეოფიზიკური მეთოდებით კავკასიაში მიღებული დედამიწის ქერქის აგებულების ახალი შედეგები ახსენეს საერთაშორისო ფორუმებზე: ტორონტოში (კანადა, 1957 წ.), ჰელსინკიში (ფინეთი, 1960 წ.), კოპენჰაგენსა (დანია, 1960 წ.) და მოსკოვში, რამაც მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების პირველივე შედეგები ცნობილმა მეცნიერებმა ჰ. ჯეფრისმა და ბ. გუტენბერგმა თავიანთ კლასიკურ მონოგრაფიებში შეიტანეს.
ნანული ზოტიკიშვილი