"საქმე #" - ხელოვანებისა და ყოფილი პატიმრებისგან შეკრული გუნდის წარმატება
28 იანვარს ილიაუნის თეატრში სპექტაკლი "საქმე #"-ის პრემიერა გაიმართა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ცნობილ მსახიობებთან ერთად სცენაზე არაპროფესიონალები იდგნენ და რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა მათი ერთ ენაზე ალაპარაკება შეძლო. უპრეცედენტო იდეის ავტორი ინოვაციური შემოქმედებითი ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნელი ბადალაშვილია. სწორედ მას გაუჩნდა სურვილი ყოფილ მსჯავრდადებულებთან ერთად დაედგა სპექტაკლი და მის იდეას მწერალმა ნინია სადღობელაშვილმა შეასხა ფრთები და შექმნა პიესა "საქმე #".
რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა, მხატვარ მარიკა კვაჭაძესთან ერთად სცენაზე გააცოცხლა პიესა. სპექტაკლისთვის მუსიკა ცნობილმა კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ დაწერა. ილიაუნის თეატრის სცენაზე ყოველ შაბათ-კვირას, სეზონის ბოლომდე, მაყურებელს შეუძლია ნახოს სპექტაკლი, რომელიც ყოფილი მსჯავრდადებულების რესოციალიზაციის ფარგლებში დაიდგა.
ნატალია თვალჭრელიძე, ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი:
- იდეა მოგვეწონა. არც მახსენდება ადრე მსგავსი რამ გაკეთებულიყო, დავინტერესდი და უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით ჩავერთეთ ამ ამბავში. ყოფილი მსჯავრდადებულების რესოციალიზაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მით უმეტეს, ხელოვნებით თერაპიაზე უამრავი რამ იწერება. ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაც იყო ჩვენი უნივერსიტეტისთვის. რეჟისორ რუსუდან კობიაშვილთან ადრეც გვითანამშრომლია. ილიაუნის თეატრი საინტერესო იდეებისთვის ყოველთვის ღიაა. სცენა ძალიან დაკავებულია სეზონის განმავლობაში, ასევე დატვირთულია სასწავლო პროცესით და სტუდენტურ წარმოდგენებსაც ვუთმობთ დღეებს. ახლახან საინტერესო სამაგისტრო პროგრამაში ჩავერთეთ, რეჟისორებისა და მსახიობებისთვის საკმაოდ ინოვაციური რამეა და დაფუძნებულია სახელოსნოს პრინციპით მუშაობაზე. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან.
ნელი ბადალაშვილი, პროექტის იდეის ავტორი:
- ორი წლის წინ დავიწყე ამ პროექტზე ფიქრი. ახმეტელის თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ წლები რომ მომემატა, სურვილი გამიჩნდა, საღამოებიც გამეკეთებინა. ვაკეთებ სხვადასხვა პროექტს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში. რამდენიმე წლის წინ იქ შესვლაც მოვახერხე. მაშინ ძალიან ვღელავდი, რადგან მანამდე მართლა ვოცნებობდი პატიმარ ქალებთან მუშაობაზე. გამიმართლა და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ქალთა დაწესებულებაში საგრანტო პროექტის ფარგლებში 6 თვით შევედი, მაგრამ მეშვიდე თვე ჩემი სურვილით დავამატე. იქ ქალბატონების არაჩვეულებრივი დასი დამხვდა. მოვაწყვეთ საღამოები, დავდგით წარმოდგენები. ერთ-ერთი სპექტაკლის პიესა მსჯავრდადებულის დაწერილი იყო. ის სპექტაკლი შემდეგ გარეთაც გამოვიტანეთ: ერთხელ ახმეტელის თეატრში დაიდგა, მეორედ მარჯანიშვილში. წინა დღით გამოგვყავდა მონაწილეები ციხიდან რეპეტიციისთვის და მეორე დღეს უკვე სცენაზე, მაყურებლის წინაშე გამოდიოდნენ. მაშინ დაიბადა სურვილი, მათთან ურთიერთობა შემდგომშიც გამეგრძელებინა. ამბობდნენ, ჩვენ გარეთ რომ გამოვალთ, ძალიან გვინდა ისევ სცენაზე ვითამაშოთო. პროზაიკოსი, დრამატურგი, მწერალი ნინია სადღობელაშვილი დაინტერესდა ამ თემით და ძალიან კარგი პიესა დაწერა. სპექტაკლს ჰქვია "საქმე #". პარალელურად ვეძებდი ყოფილ მსჯავრდადებულებს, რომლებიც წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას. მამაკაცების პოვნა უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე ქალბატონების. მხოლოდ გიორგი გურგულია დაგვთანხმდა. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, არაპროფესიონალი ქალბატონები დგანან სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. სპექტაკლი მოსამართლე ქალზეა, რომელიც წლების მანძილზე მოსამართლედ მუშაობდა, უმძიმესი ცხოვრება გაიარა, დათმო ოჯახი, ოღონდ კი საქმე ეკეთებინა. თვლის, რომ სამართალი არის უპირველესი და კანონი - უზენაესი. საუბედუროდ, შვილი დაეღუპა და მის ზმანებაში ის ადამიანები მოდიან, რომელიც მან თავის დროზე გაასამართლა. მათი ოჯახის წევრები ედავებიან გამოტანილ განაჩენებს. ჩემი ძმა შენ არასამართლიანად გაასამართლე, ჩემი შვილი არ უნდა დაგესაჯა... და ის პასუხობს: მე მართალი ვარ! დღესაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან კანონია უზენაესი. არაჩვეულებრივი მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი თამაშობს მთავარ როლს. არაპროფესიონალმა მსახიობებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. მიგვიღო ილიაუნის თეატრმა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. რეჟისორი ჩემი მეგობარი რუსუდან კობიაშვილი გახლავთ, რომელმაც ძალიან საინტერესოდ გააკეთა ეს სპექტაკლი და პირველი პრემიერა კვირას ჩატარდა. ცოტას ვიტრაბახებ, ამ პროექტს საქართველოში პრეცედენტი არა აქვს და ამ საოცარი სპექტაკლის ნახვა ყველას შეეძლება სეზონის ბოლომდე, ილიაუნის თეატრში. 3 და 4 თებერვალს ჩატარდება მომდევნო პრემიერები და დარწმუნებულები ვართ, ბევრი მაყურებელი გვეყოლება. მაქვს ასევე ძალიან კარგი გეგმები: არსებობს საერთაშორისო ფესტივალები, რომელიც ონლაინ გადაიცემა და მათშიც მინდა მივიღოთ მონაწილეობა. არ ვჩერდებით.
- ადვილად დაითანხმეთ არაპროფესიონალები?
- ბევრს ჰქონდა სურვილი, მაგრამ ზოგიერთმა მერე თავი შეიკავა. ჩვეულებრივი ამბავია, სტიგმა მაინც არსებობს. ვინც დაგვთანხმდა, ისინი ახლა ძალიან ბედნიერები არიან. ერთმა თქვა, - ამით ბავშვობის ოცნება ამიხდაო! რატომაც არა?! მეც მაქვს აქ პატარა როლი. ჩემი გმირი არის ქალბატონი, რომელიც მოსამართლის ოჯახში ცხოვრობს. მთელი ახალგაზრდობა აქ გაატარა. მოსამართლის შვილს ზრდიდა, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვლება.
- როგორც ვიცით, თბილისის მერიამ დაგაფინანსათ...
- გაზაფხულზე დააფინანსა პროექტი თბილისის მერიამ და ამისთვის მადლიერი ვარ... თანხა არ იყო საკმარისი და სასწაული თანადგომა გაგვიწიეს საპატრიარქოში, მათაც უდიდესი მადლობა. სამომავლოდ ვაპირებ ეს სპექტაკლი ქალთა მეხუთე დაწესებულებაში შევიტანო. პენიტენციარულში როცა ვდგამ რამეს, სულ ვცდილობ, ეს არ იყოს დრამა და მტკივნეული, მაგრამ ვფიქრობ, ურიგო არ იქნება ამ სპექტაკლის ჩვენება...7 თვე ვიმუშავე ციხეში. პროექტის ფარგლებში კვირაში ორჯერ უნდა შევსულიყავი მათთან, მაგრამ მე ყოველდღე, ფაქტობრივად 6-7 საათი იქ ვიყავი და ბევრი საინტერესო რამ გავაკეთეთ ერთად. იქიდან ვინც გამოვიდა, ჩემთან ურთიერთობას აგრძელებენ. იქ ჩემთან ერთად ბესო მეგრელიშვილიც დადიოდა და უნდა დაგვედგა "6 შინაბერა და ერთი მამაკაცი". სამწუხაროდ, ბესო გარდაიცვალა, სპექტაკლზე მუშაობა ვერ მოვასწარით...
მიხარია, ყოფილი პატიმრების გახარებულ სახეებს რომ ვხედავ. ყველას პატრიარქის ხელმოწერით დაურიგდა დიპლომი. მადლიერი ვარ დათო ევგენიძის, რომელმაც გენიალური მუსიკა შექმნა ამ სპექტაკლისთვის.
თამილა ქორტიაშვილი:
- ყოფილი მსჯავრდადებული ვარ. საოცარი ემოციაა სცენაზე ყოფნა. ვთამაშობ თავისუფლებააღკვეთილი გოგონას მშობლის როლს. პირველად მაქვს შეხება სცენასთან და მართლა სპონტანურად აღმოვჩნდი აქ. პირველივე შეხვედრა და საუბარი რეჟისორთან, ქალბატონ რუსუდანთან ისეთი სასიამოვნო იყო, რომ თამაშზე თანხმობა მალევე განვაცხადე. ამ წარმოდგენაში კანონის უზენაესობაზეა აგებული ყველაფერი და ვფიქრობ, მოსამართლეს განაჩენი სამართლიანად გამოჰქონდა. მართალია, მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ მთლად უსამართლოდ არავინ ისჯება. მეგონა, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სცენაზე დგომა გამიჭირდებოდა, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ, მართლა სიხარულით მოვდივარ ახლა უკვე ჩემს მეორე სამსახურში. ჩემი ოჯახი გაოცებული შეხვდა ამ ამბავს და ახლა მათ დავარწმუნებ იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია.
- რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები და თქვენ რამდენად დაგეხმარებათ?
- მე 2018 წელს გამოვედი. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდხანს არ ვყოფილვარ, 2 წელი და ორი თვე გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი დრო არ იყო, იქ ყოფნა გამიჭირდა... ზოგადად, ასეთი პროექტები ძალიან კარგია. იქიდან გამოსული ადამიანებისთვის ეს დიდი სტიმულია და საზოგადოებასთან ურთიერთობაში გეხმარება.
ქეთი ქიტიაშვილი, მსახიობი:
- ვმუშაობ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დიდი ენთუზიაზმით, ინტერესით და სიფრთხილით მივიღე ეს წინადადება. სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. რეჟისორმა არაპროფესიონალებთან ერთად ისეთ სამყაროში გვამოგზაურა, რომ ყველანი გაგვაერთიანა, პროფესიონალიც და არაპროფესიონალიც. ჩვენ ერთ ენაზე დავიწყეთ საუბარი... რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, სამართლიანი, უკომპრომისო, სამაგალითო პროფესიონალი მოსამართლეა. მე მართლა შემხვედრია ასეთი მოსამართლე, ოღონდ მამაკაცი - გადასარევმა და უკომპრომისო ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემი ოჯახის ისტორიაში. მართლა არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც არიან სამართლიანი, კანონმორჩილი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ სამყარო ასეთ ადამიანებზე ტრიალებს. იოლია იყო კეთილი, მაგრამ ძნელია იყო სამართლიანი. ჩემი გმირის სახელი ევაც, სიმბოლურია. შესანიშნავი დრამატურგიაა. უბედური ბედის ჩემი გმირი, მიუხედავად პირად ცხოვრებაში განცდილი ტკივილისა, აგრძელებს ცხოვრებას. შვილიც ეღუპება, ქმარიც, მარტო რჩება და სამსახურიც აღარ აქვს - არ არის გაშიფრული, რატომ რჩება უმუშევარი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ვერ შეძლო შვილის სიკვდილის შემდეგ სამსახურში წასვლა. ეს პიესა ქალბატონი ევას ზმანებაა, ფანტასმაგორიაა, რადგან მას არ აქვს სამსახური, უკვე ვერც გარეთ გადის. ყველაფერი მის ზმანებებში ხდება. მოდიან ისინი, ვისი ოჯახის წევრებიც გაასამართლა და ეს ხდება ყოველდღიურად. წარმოსახვაში ისევ ამ საქმეებით ცხოვრობს. ძალიან საინტერესო პერსონაჟია, დამაფიქრებელი. ასეთი გმირი მე ჯერ მართლა არ მითამაშია. ეჩხუბებიან, ედავებიან, რომ არ მოიქცა სწორად, მაგრამ ყველას ასე პასუხობს: მე კანონი არ მაძლევდა უფლებას, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. ვერ შეცვლიდა ის კანონს ვიღაცის სასარგებლოდ. ამტკიცებს, რომ კანონი უზენაესია. სპექტაკლზე მოსული მაყურებელი დაინახავს, არაპროფესიონალი მსახიობები როგორ შევიდნენ როლში და როგორ კარგად გაართვეს თავი მისიას. ეს არის რეჟისორ რუსიკო კობიაშვილის ძალიან დიდი დამსახურება. ამ ადამიანებს იმდენად სწორი გზა გამოატარა, რომ არ გაუჭირდათ როლის მორგება. ყველა გოგონა ოცნებობს სცენაზე ასვლაზე და ჩვენი გოგონებიც ოცნებობდნენ ამაზე. ჰოდა, აუხდათ ეს ოცნება.
ეკა გიგინეიშვილი:
- არაპროფესიონალი ვარ, საერთოდ არ მქონდა შეხება თეატრთან. ჩემი მეგობარი ბელა თურმე აქ დადიოდა. მისი დის როლში არ ჰყავდათ მსახიობი შერჩეული და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქ. მითხრა, ილიაუნის თეატრში მივდივარ, წამოდი, ნახავ, მოგეწონება, მოულოდნელად სულ სხვა სამყაროში მოხვდებიო. რუსუდან კობიაშვილს ეკრანიდან ვიცნობდი, ყოველთვის მომწონდა მისი რეჟისურა. გადავწყვიტე, საკუთარ თავში ძალა მეპოვა და ამ საქმეში ჩავერთე. ყოველდღიური რეპეტიციები, მსახიობებთან ურთიერთობა ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ეს ემოციები დიდხანს გამყვება. აქ ბევრი ადამიანის ოცნება აასრულეს. დიდი მადლობა ყველას. მე არ მაქვს რეჟისორთან და მსახიობებთან ურთიერთობის კულტურა, რაც იციან პროფესიონალებმა და ყოველწუთიერად ახალს ვსწავლობდი მათგან. ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვართ. ეს გამოწვევაა და ვთვლი, რომ გამიმართლა. ძალიან დასანანია, მოსამართლე ასეთ დღეში რომ არის. თავისი კანონებისა და წესების გამო, მან საკუთარი შვილის სატელეფონო ზარსაც არ უპასუხა და ის ავარიაში მოყვა. ამ ქალს ყოველდღიურად ვახსენებთ თავს. ძალიან დასაფიქრებელი სცენაა. რესოციალიზაციის იდეაც კარგია და ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა ქალბატონმა ნელიმ, რომელიც იმდენად ახლოს იყო სასჯელაღსრულების სისტემასთან, რომ ეს იდეა გაუჩნდა და განახორციელა კიდეც.
რუსუდან კობიაშვილი, რეჟისორი:
- იდეა ერთად დავხვეწეთ, შედეგით კმაყოფილი ვარ. ეს 4-თვიანი შემოქმედებითი პროცესი არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად ისე ტკბილად გავიარეთ, რომ ნელ-ნელა ისინი მოხვდნენ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც თეატრი ჰქვია. ჩვენ შევეცადეთ, მათი ოცნებები აგვესრულებინა და იქ სადღაც შუა პროცესში ზღვარი დაიკარგა პროფესიონალსა და არაპროფესიონალს შორის. ძალიან კარგი პიესა დაიწერა, მადლობა ნინია სადღობელაშვილს. არაჩვეულებრივი მუსიკა დაიწერა სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის და მადლობა დათო ევგენიძეს... მსახიობის გამოძერწვა კარგი გაგებით, ჩემთვის ჰობია და მოყვარული მსახიობები ბოლომდე გამოგვყვნენ ამ მორევში. მაყურებელმა უკვე ნახა პრემიერა, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ჩვენ ყველას გვჭირდება ცხოვრებაში რეაბილიტაცია. ვიღაც თიხის ძერწვისას წყნარდება, ვიღაც სცენაზე დგომაზე ოცნებობდა და ჩვენ ეს ოცნება ავუხდინეთ. თეატრი სხვა პროფესიონალიზმს მოითხოვს და მიხარია, რომ აქ კარგი ხალხი შევიკრიბეთ.
თეა ხურცილავა