„ანე ფრანკის დღიური“ - სასტიკი რეჟიმი და რეალური ამბის სცენური ვერსია
დღევანდელი ახალი თაობა სულ სხვა ლიტერატურას კითხულობს, ვიდრე ჩვენი მშობლები ან თუნდაც ჩვენ. თუმცა, არსებობს წიგნები, რომლებისადმი ინტერესი ყველა თაობასა თუ დროში უცვლელია. სწორედ ასეთი წიგნია „ანე ფრანკის დღიური“, რომელიც დაახლოებით 70 ენაზეა ნათარგმნი და დღემდე აქტიურად კითხულობენ, როგორც ისტორიულ, დოკუმენტურ მასალას და ამავდროულად დიდი თანაგრძნობის განცდით პატარა, 13 წლის ებრაელი გოგონასა და მისი ოჯახის მიმართ. II მსოფლიო ომიდან დღემდე, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ბოროტება სხვადასხვა სახით ტრანსფორმირდება. ერთ დღეს ის აუცილებლად დამარცხდება და უჰაერო ოთახის დახშულ ფანჯარაში სიკეთე შემოანათებს...
მამამ შვილს დაბადების დღეზე დღიური აჩუქა. გარემოსა და ჩვეულ ყოველდღიურობას მოწყვეტილი მოზარდისთვის, ეს უსულო ნივთი 2 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობარი გახდა. გოგონა დღიურს წერდა მანამ, სანამ ამსტერდამში მამამისის მიერ მოწყობილ თავშესაფარს და მასში შეხიზნულთ (კიდევ ერთ ოჯახსა და მოგვიანებით იქ შესახლებულ ექიმს) არ მიაგნებდნენ. სამალავიდან საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნილ ებრაელთა შორის იყო ანეც, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ის და მისი და მარგო შიმშილით, ჭუჭყსა და გაუსაძლის პირობებში ტიფით გარდაიცვალნენ. ოჯახიდან სიკვდილს მხოლოდ ოტო ფრანკი გადაურჩა. მამაკაცის გადაწყვეტილებით, მისი შვილის ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა. წიგნის მიმართ ინტერესი თავიდანვე გაჩნდა და ანე გახდა ერთ-ერთი სიმბოლოც და სახეც იმ 6 მილიონამდე ებრაელისა, რომელიც ჰიტლერის რეჟიმს ემსხვერპლა.
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ამავე დღეს ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართა. ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესის მიხედვით, „ანე ფრანკის დღიური“ რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ განახორციელა. სპექტაკლში ნაჩვენებია არა მხოლოდ ანეს, არამედ 2 წლის განმავლობაში, სხვენში, 4 კედელში გამოკეტილი ადამიანების ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო აზოგადებს იმ სურათს, თუ როგორი იყო ყვითელი ვარსკვლავით მონიშნული ებრაელთა მუდმივად შიშში ცხოვრება და ყოველ წამს სიკვდილის მოლოდინი.
ორმოქმედებიან სპექტაკლში მსახიობები ცოცხლად ასრულებენ ებრაულ სიმღერებს - მუსიკალური კონსულტანტი და ვოკალის პედაგოგი ვილი გრიგორიანია, კონცერტმაისტერი - ტატიანა სტარიკოვსკაია, მხატვარი - ირაკლი ბილისეიშვილი, კოსტიუმების მხატვარი - მარიკა კვაჭაძე, ხოლო არანჟირება ბოგდან სლუტს ეკუთვნის.
მონაწილეობენ მსახიობები: ანა ჯავახიშვილი, ნინუცა ნაჩხატაშვილი, ოთო ჩიქობავა, ანანო გულედანი, გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე, მამუკა მაზავრიშვილი, ჯორჯი დვალიშვილი, ლუკა ფესვიანიძე, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე და თამარ ბეჟუაშვილი.
- ახალი თაობა ჩვენგან განსხვავებულ ლიტერატურას კითხულობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ანე ფრანკის დღიურს“ იცნობენ. იცოდით ეს? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წიგნზე და აქვე გკითხავთ, რატომ შეარჩიეთ დასადგმელად „ანე ფრანკის დღიური?“
ოთარ ქათამაძე (რეჟისორი):
- ჩვენს ბავშვობაში „ანე ფრანკის დღიური“ ძალიან აქტუალური იყო, ბევრი კითხულობდა. გამიკვირდა, როცა ამ წიგნით ჩემი შვილები დაინტერესდნენ და საკმაოდ პატარა ასაკში წაიკითხეს. ამ ამბავს როცა მივყევი, აღმოვაჩინე, რომ „ანე ფრანკის დღიურის“ ბევრი გამოცემაა და წიგნების მაღაზიებშიც რომ გავიკითხე, თურმე ჯერ კიდევ წლების წინ ბესტსელერი იყო ბავშვებში. მივხვდი, თაობები კი იცვლება, მაგრამ დროებით სადღაც მიჩქმალული წიგნი, მერე ისევ ხელახლა ამოხეთქავს, პოპულარული ხდება და ასეთია „დღიურიც“. მას ბავშვები კიდევ არაერთი წელი წაიკითხავენ. ამბავი არ არის საუკუნეების წინანდელი, უახლესი ისტორიაა და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს თემა კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას მანამ, სანამ მსოფლიო არ შერიგდება. ალბათ ეს ინტერესი სწორი და საჭიროცაა. მეც სწორედ ამიტომ სიამოვნებით ვიმუშავე ამ თემაზე.
- ახლახან ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი ტირაჟი „პალიტრა L“-მა გამოსცა. როგორც აღმოჩნდა, ომის დასრულებისა და გათავისუფლების შემდეგ, ანეს მამამ, ოტო ფრანკმა შვილის დღიური შემოკლებული სახით გამოსცა და ქართულად მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა ავთენტიკური ვერსია. სრული წიგნის ჩანაწერებით „ამოხვედით“ და კიდევ რა დამატებითი დეტალებით იხელმძღვანელეთ დადგმისას?
- დიახ, სრული ვერსიის გარდა, წიგნის მიღმაც ბევრი ვიკვლიეთ: მოვისმინეთ ოტოს ინტერვიუები, გავეცანით გამოძიების შედეგებს, თუ ვინ „ჩაუშვა“ ფრანკების ოჯახი და ა.შ. ანუ მხოლოდ პიესის მიხედვით არ გვიმუშავია. ჩემი სურვილი იყო, კვლევის პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ მსახიობები. ყველამ დაიწყო ინფორმაციის მოძიება და აღმოჩნდა ზღვა მასალა, რომელსაც რეპეტიციებზე ერთმანეთს ვაცნობდით, ვაზუსტებდით ფაქტების ნამდვილობას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს არის კომპლექსური ნამუშევარი.
- სპექტაკლში დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკალურ ნაწილს და ამ შემთხვევაშიც, თქვენ სპექტაკლში მუსიკას დიდი ემოციური „როლი“ აქვს. თან, მსახიობები ებრაულ ენაზე მღერიან...
- არ მინდოდა სპექტაკლში ის ებრაული სიმღერები ყოფილიყო, რომელიც მსმენელისთვის ნაცნობია. ვოკალური ნაწილის მხრივ და შედარებით ნაკლებად ცნობილი სიმღერების ძიების პროცესში ძალიან დამეხმარა ირაკლი გოგია, ხოლო პედაგოგმა ვილი გრიგორიანმა მსახიობებს სიმღერები შეასწავლა და ბევრი ავარჯიშა სიტყვების სწორად წარმოთქმაში. სპექტაკლში გამოყენებულია სოსო ბარდანაშვილის მუსიკა. ის ქართველი ებრაელი გახლდათ, რომელიც ახლა ისრაელში საკმაოდ წარმატებულია. ბოგდან სლუტი კი არანჟირებაში დაგვეხმარა. მოკლედ, მუსიკალურ ნაწილზე დიდხანს და სერიოზულად ვიმუშავეთ. ვფიქრობ, ამ კუთხითაც გამორჩეული სპექტაკლი გამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე, ამ პიესის დადგმაზე არ მიფიქრია. ეს იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირაკლი გოგიას შემოთავაზება. იმავე დღიდან დავიწყე მასალების ძიება და თავით გადავეშვი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე „ანე ფრანკის დღიურის“ დადგმაზე არ მიფიქრია, აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ის თემაა, რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. რეპეტიციების პროცესში კი ძალიან შემიყვარდა ეს პიესა, ამბავი და გამიხარდა, რომ მსახიობებმა ზუსტად გაიგეს, რისი თქმა და როგორი სპექტაკლის დადგმა მსურდა. ჩემი ამოცანა იყო, არა მარტო ანეს ფსიქოპორტრეტის გახსნა, არამედ მინდოდა თავი ყველა პერსონაჟს გამოევლინა და მეჩვენებინა, თუ რა ხდებოდა იმ გარემოში, ანესა და დღიურს მიღმა. მოგეხსენებათ, ორმოქმედებიანი სპექტაკლისა და ამხელა მასალის დაძლევა თვე-ნახევარში მარტივი არ არის. ბევრი ვიმუშავეთ და ღამეებიც ვათიეთ. რთული გზა გავიარეთ, მაგრამ ღირდა. მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ყველაფერს. ერთი სიამოვნება იყო მათთან მუშაობა. ამისათვის მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო.
- თქვით, რომ მსახიობებმა ზუსტად გაიგეს, რისი თქმა გსურდათ სპექტაკლით. რას ეტყვით მაყურებელს, რა არის მთავარი?
- ომის თემაზე არაერთი სპექტაკლი დამიდგამს. ზოგან პიესა მსახიობთან ერთად შემიქმნია, იყო კოპროდუქციები ქართველებსა და უკრაინელებს შორის, მაგრამ მთავარი, როცა პიესას ვდგამ ხოლმე, მაყურებელთან ერთი და იგივე მესიჯი მაქვს: „ფრთხილად ვიყოთ“. ფრთხილად, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შეცდომების დაშვება დღესაც გრძელდება, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა გამოხატვის გზით. ტერორიზმი არაფრით განსხვავდება ფაშიზმისგან. ახლაც სწორედ ამის თქმა მინდა. ანე არის სიცოცხლის, მშვიდობის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაიცვალა, მას სჯეროდა, რომ ადამიანები შერიგდებიან და მსოფლიოში სიმშვიდე დამკვიდრდება. სწორედ ამისკენ უნდა ვიყოთ ყველა მიმართული. ჩემს სპექტაკლებშიც სწორედ ეს მესიჯია, მეტი ვიფიქროთ ადამიანებზე და მსოფლიო სიმშვიდეზე. ჩვენ უნდა მივცეთ პროვოცირება და იმედია, ამ სპექტაკლით საამისოდ ჩვენ წვლილს შევიტანთ. ანე ფრანკი გახდება წარსულის მოგონება და მომავალში, როცა მაყურებელი სპექტაკლზე მოვა, იმაზე კი არ უნდა ინერვიულოს, რომ სადღაც გვერდით ახლაც ეს რეალობაა და შეიძლება ნებისმიერ დროს მასთანაც იმავე განმეორდეს, არამედ იფიქროს იმაზე, რომ ეს იყო წარსულში და ეს აღარასდროს განმეორდება!..
ანა კალანდაძე