„თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ მამას საფლავზე ავდივართ“... - გზაპრესი

„თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ მამას საფლავზე ავდივართ“...

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ევროპული ტურნესთვის ემზადება. რამდენიმეკვირიანი გასტროლი თებერვლის ბოლოს შედგება, ხოლო „ერისიონის“ კონცერტი თბილისში, 6-7 აპრილს, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზშია (ფილარმონია) დაგეგმილი.

„ერისიონს“ მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ანსამბლს საზოგადოებისათვის არაერთი კარგად ცნობილი, ღვაწლმოსილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ხელმძღვანელობდა. დღესდღეობით 138-წლიანი ანსამბლის სათავეში და-ძმა ეკა და შერმანდი ჭკუასელები არიან. 2015 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შერმანდია, ხოლო 2016 წლიდან ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ქალბატონი ეკაა. სწორედ მათთან დიალოგში მიმოვიხილეთ „ერისიონის“ დღევანდელობა.

აქვე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში შოთა რუსთაველის ნომერ 16-ში ატარებდნენ და დღემდე ატარებს რეპეტიციებს, სადაც შეუსაბამო და მძიმე პირობებია. 6 წლის წინ, სახელმწიფომ „ერისიონს“ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობა გადასცა, თუმცა ის სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ქალბატონი თეა წულუკიანის ინიციატივითა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ეს საკითხი მოგვარდა და მალე „ერისიონს“ ანსამბლის ფუნქციონირებისთვის საჭირო და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, საკუთარი სახლი ექნება.

შერმანდი:

- მოგეხსენებათ, ჩვენი ანსამბლი ორიოდ წელიწადში 140 წლის შესრულდება და დღემდე საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. „ერისიონს“ შესანიშნავი ხელმძღვანელები ჰყავდა. მას საქართველოს ნომერ პირველ ანსამბლს, „ანსამბლ მუზეუმსაც“ კი უწოდებენ და ყოველთვის იყო მცდელობა საკუთარი შენობა გვქონოდა, მაგრამ რატომღაც, ეს სურვილი და მიზანი მიუღწეველი რჩებოდა. საამისოდ მამაჩემმა, ჯემალ ჭკუასელმაც ბევრი იწვალა და იშრომა. ბოლოს გვეღირსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე ლამაზი შენობა, ე.წ. მედიკოსთა სახლი გადმოგვეცა, მაგრამ იქ კოლოსალური სამუშაოები იყო ჩასატარებელი. სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის თანხა გამოეყოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს სურათი ორიოდე წლის წინ შეიცვალა: მე და ეკა ანსამბლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს და ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოყვეს. ქალბატონი თეა ძალიან ბევრს აკეთებს ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციების უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

ამ ეტაპზე „ერისიონის“ შენობაში სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. მოგეხსენებათ, მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს, ანსამბლის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად თვალყურის დევნება და ყურადღება ესაჭიროება. ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ჩვენი პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი, ბატონი ვანო ჩხეიძე. ის დღე და ღამე იქ არის, მშენებლებთან ერთად, დიდ შრომას ეწევა, რათა ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ანსამბლს სჭირდება. შენობაშია: გამართული ინფრასტრუქტურა, ხმის ჩამწერი სტუდია, საკონფერენციო ოთახები, 100-120 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი. ცალ-ცალკე სარეპეტიციო დარბაზები გოგონებისა და ვაჟებისთვის, ასევე დარბაზები „ერისიონთან“ არსებული სკოლა-სტუდიის ბავშვებისათვის, სველი წერტილები, საშხაპეები და ა.შ. ფაქტობრივად, ეს იქნება კულტურული ცენტრი, სადაც ამავდროულად შეიძლება სხვადასხვა ღონისძიება გაიმართოს. „ერისიონში“ ხშირად გვყავს სტუმრები, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მაყურებელი. ასევე „ერისიონის“ რეპეტიციებს სხვადასხვა რეგიონიდან ხშირად სტუმრობენ მოსწავლე-ახალგაზრდები და ასეთი ვიზიტები რეგულარული ხასიათისაა. ვიმედოვნებთ, რომ უკვე ამა წლის სექტემბრიდან სტუმრებს ახალ შენობაში ვუმასპინძლებთ.

ეკა:

- სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს სპეციფიკური შენობა სჭირდება. თითოეული დეტალი ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ანსამბლის შემოქმედებითი პროცესი მოითხოვს. ვანო 35 წლის განმავლობაში ანსამბლში მღეროდა. მან ყველა წვრილმანი იცის და სწორედ ამ გამოცდილების გამოა ასე აქტიურად ჩართული შენობის შიდა სივრცის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში.

- ქალბატონო ეკა, ქორეოგრაფიული მიმართულებით და ზოგადად, რა შედის თქვენი ანსამბლის უახლოეს გეგმებში?

- ვცდილობთ, ის პროგრამა, რაც ჩვენმა წინამორბედებმა დაგვიტოვეს, ბატონი ჯემალისა და ბატონი რეზო ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურ რეჟიმში ახალ ეტაპზე გადავიდეს, ვაახლებთ და მაყურებელს აბსოლუტურად სხვა პროგრამას ვთავაზობთ. ახლა ევროპული ტურისთვის ვემზადებით. თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ და 20 მარტს დავასრულებთ. ეს ქვეყნებია: შვეიცარია, გერმანია, იტალია და ფინეთი.

ჩვენს ახალ პროგრამას „ქართული საგანძური“ ჰქვია და სწორედ ამით წარვდგებით ევროპელი და არა მარტო ევროპელი მაყურებლის წინაშე. ამავე სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი უკვე გვქონდა. გასტროლებიდან რომ დავბრუნდებით, „ერისიონის“ კონცერტები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 და 7 აპრილს გაიმართება. მოგეხსენებათ, ჩვენს ანსამბლში სიმღერა და ცეკვა განუყოფელია, სწორედ ამიტომ არის „ერისიონი“ უნიკალური, სანახაობრივი, განსხვავებული და მასშტაბური. ორივე ერთად საკმაოდ რთულია, მაგრამ ვფიქრობ, თავს ვართმევთ და „ერისიონი“ თავის თამასას ყოველთვის ინარჩუნებს.

- ახალგაზრდებზე მინდა ვისაუბროთ. ბევრი ანსამბლია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. გახსნილია ფოლკლორის ცენტრები, რომელიც აქტიურად მუშაობს. ფაქტია, ფოლკლორისადმი დიდი ინტერესია. თქვენთან რა მდგომარეობაა მომართვიანობის თვალსაზრისით და რა ასაკიდანაა სასურველი სიმღერის დაწყება?

შერმანდი:

- მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერესი გუშინ და დღეს არ დაწყებულა. გავიხსენოთ, რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში ანზორ ერქომაიშვილსა და სხვა ლოტბარებს. ბოლო წლებში ბატონი ჯემალიც აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის ფოლკლორის ცენტრს, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით და მათ უფროს თაობას, რომელსაც სულ გვერდში ედგნენ: ანზორი ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, თემურ ქევხიშვილი და უამრავი სხვა ღვაწლმოსილი ადამიანი.

ხალხური შემოქმედების განვითარება-ხელშეწყობაში დიდი წვლილი შეაქვს საქველმოქმედო ფონდს „ქართული გალობა“. რეგიონებში ფოლკლორის ცენტრების გახსნამ, ბევრი ბავშვი მოიზიდა და იქ აღზრდილებს, უკვე თავიანთი ანსამბლები აქვთ ჩამოყალიბებული. ძალიან კარგი თაობა წამოვიდა, შესანიშნავი ახალგაზრდები ზრდიან მომავალ თაობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული კი ის არის, როცა რეგიონში ადგილობრივები ასწავლიან მოზარდებს. ეს ფაქტები გვახარებს.

- რაც შეეხება ცეკვას, რა ასაკიდან ხდება „ერისიონის“ სტუდიებში ბავშვების მიღება?

ეკა:

- „ერისიონთან“ არსებულ სტუდიებში ბავშვების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით, რადგან მომართვიანობა ყოველთვის დიდია. სასურველია და გამართლებულია ბავშვი 6-7 წლის იყოს, რადგან უფრო პატარებს უჭირთ კონცენტრირება. ჩვენ სტუდიებში ძირითადად „ერისიონის“ მომავალ თაობას ვზრდით. ახლაც, პირადად ჩემი გაზრდილი რამდენიმე გოგონა და ვაჟი უკვე ანსამბლში ცეკვავს.

- წლების განმავლობაში ბატონების - ჯემალ ჭკუასელისა და რეზო ჭოხონელიძის გვერდით მუშაობდით, მანამდე კი ქალბატონი ეკა ცეკვავდა, თქვენ მღეროდით. ახლა, როცა და-ძმა ახალ პროგრამებზე მუშაობთ და შემდეგ, როცა შედეგს ნახულობთ, რას ფიქრობთ ხოლმე, რას გეტყოდნენ წინამორბედნი, თქვენი წინა თაობა?

- სულ რომ მამას გვერდით ვიყავი, ეს ბუნებრივია, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული, ბატონ რეზოსთანაც დიდი დრო მაქვს გატარებული. სხვა ქორეოგრაფებთანაც მიმუშავია, მაგრამ 25 წლის განმავლობაში „ერისიონის“ წევრი გახლდით და ცეკვის პარალელურად, ბატონი რეზოს თხოვნით, ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორიც ვიყავი. ცეკვა 2009 წელს დავასრულე. ამჟამად, როცა ახალ პროგრამებზე ვმუშაობთ, ვცდილობთ მათ ხელწერასა და სტილს არ გადავუხვიოთ. შესანიშნავია, რაც გაუკეთებიათ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი წმინდად ქართულია. ანსამბლი დღითი დღე ვითარდება, ვცდილობთ ფესვებს არ მოვწყდეთ და ზღვარს არ გადავიდეთ, ვინარჩუნებთ ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. ვფიქრობ, ამას წარმატებით ვახერხებთ და დანარჩენი უკვე მაყურებლის შესაფასებელია.

3-eka-jemali-shermandi-vanosize-da-shvilishvilebi-copy-1707068210.jpg

შერმანდი:

- რასაკვირველია, ორივეს კარგად ვიცნობდი, ბუნებრივია, მამას განსაკუთრებით და ვიცი, ჩვენს საქმიანობას და ახალ პროგრამებს ნამდვილად მოიწონებდა. თითქმის ყველა კონცერტის შემდეგ სასაფლაოზე ავდივარ და ვეუბნები: „მამა, მგონი, არ შეგარცხვინეთ!“ (იღიმის).

- მარტო მიდიხართ თუ თქვენ დასთან ერთად?

- ხან მარტო და ხანაც ერთად... ხშირად მთელი ანსამბლიც...

ანა კალანდაძე