რას ურჩევს მოძღვარი მათ, ვისი სურათებიც საფლავში დამარხული იპოვეს - გზაპრესი

რას ურჩევს მოძღვარი მათ, ვისი სურათებიც საფლავში დამარხული იპოვეს

სოფელ ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაკაიძეების სასაფლაოზე მოხდა. იმ დღეს ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე ოჯახის წევრები ავიდნენ და ჭირისუფალს საფლავთან მიწა უჩვეულოდ დატკეპნილი დახვდათ. იქვე იპოვეს მიწით დასვრილი დანა და ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ის ადგილი ამოეთხარათ. ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ბიჭის დედას შვილი რამდენიმე ღამე ესიზმრებოდა და საფლავთან მისვლას ითხოვდაო. გაოგნებულები დარჩნენ, როცა საფლავში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ფოტოები ცოცხალი ადამიანებისაა და ბევრმა ამ ფოტოებში ოჯახის წევრები და საკუთარი თავი აღმოაჩინა. არის ვარაუდი, რომ ფოტოები იმ ადგილას ახალი ჩაფლული იყო. ადგილობრივების თქმით, მომხდარი სამართალდამცავებს აცნობეს. ისინი ითხოვენ გაირკვეს, ვინ და რა მიზნით ჩამარხა ცოცხალი ადამიანების ფოტოები მიწაში.

ერთ-ერთი ქობულეთელი ქალბატონი გვიამბობს:

- ამ ამბის შემდეგ ძალიან შეშინებულები ვართ. აჭარაში ასეთი რამეები რომ ხდებოდა, გამიგია, მაგრამ ამდენი ჩამარხული ფოტო გამაოგნებელია. მისტიკას ჰგავს ეს ყველაფერი. იმ ადგილას, სადაც ფოტოები იპოვეს, ახალგაზრდა ბიჭია დაკრძალული. 23 წლისა ავარიით გარდაიცვალა ამ ზაფხულს და ბუნებრივია, საფლავზე ხშირად ადიოდა ჭირისუფალი. მე არ ვიცნობ ამ ოჯახს, არანაირი შეხება არ მქონია. სულ სამჯერ ვარ იმ სოფელში ნამყოფი, მაგრამ იმ სურათებს შორის ჩემი ერთადერთი შვილის ფოტოც აღმოჩნდა. ძალიან შემაშფოთა ამ ფაქტმა, შეწუხებული ვარ. ამბობენ, დედას დაესიზმრა გარდაცვლილი შვილი და მიანიშნა, რომ საფლავზე ასულიყოო. როცა ავიდნენ, ნახეს, რომ ერთ ადგილას მიწა იყო ამოთხრილი და მერე ისევ დატკეპნილი. იქვე ეგდო თურმე დანა. ამოთხარეს ის ადგილი და ეს სურათები იპოვეს. სავარაუდოდ, ახალი ჩადებულია, რადგან სურათები არ იყო გაფუჭებული.

- რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

- არ ვიცი, რა ვიფიქრო. სავარაუდოდ, რაღაც რიტუალია ჩატარებული. მე ვერ ვერკვევი მსგავს რამეში, მაგრამ ფაქტი შემზარავი და არასასიამოვნოა. ძალიან მაინტერესებს, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა ეს. შიში მაქვს, რამე კიდევ უარესი არ გააკეთოს ამის ჩამდენმა. ერთადერთი შვილი მყავს და ძალიან მეშინია. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, 10 შვილიც რომ მყავდეს, ასეთ რამეს რომ გაიგებ ადამიანი, შეგეშინდება. ვის ესიამოვნება მისი შვილის სურათი დამარხული რომ ნახოს? ახსნას ვერ ვუძებნი. ძალზე მტკივნეულია.

- ამბობთ, რომ იმ სოფელთან კავშირი არ გაქვთ. როგორ გაიგეთ თქვენი შვილის ფოტო რომ იპოვეს?

- ყველაზე ბოლოს გავიგე მე ეს ამბავი. ჩემი შვილის მეგობრის ცოლი დამიკავშირდა და მან მითხრა. იმდენად შოკირებული დავრჩი, თავში ხელები ვირტყი და ძალიან ცუდად გავხდი. ეს საშინელებაა! ჩემი შვილის ფოტო სავარაუდოდ გადაღებულია 2014 წელს. ძველი ფოტოა, ორ მეგობარ ბიჭთან ერთადაა ამ ფოტოზე. კიდევ ერთი ჩვენი ნაცნობი გოგოს ფოტო იპოვეს - ის ახლა იტალიაშია. ბევრმა ამოიცნო თავისი ოჯახის წევრი. ქობულეთი პატარა ქალაქია. ჩემს შვილს რომ ვუთხარი ეს ამბავი, ისიც ამბობს, რომ არც გარდაცვლილს იცნობს და არც ამ სოფელთან ჰქონია კავშირი. ის ჩემგან განსხვავებით სიცილით შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ მე და მამამისი ძალიან ვღელავთ.

- რა ვერსია გაქვთ, ვის რა მიზნით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი?

- ნამდვილად არ ვიცი, ვინ გააკეთა. ეს რომ ვიცოდე, პირადად მოვთხოვდი პასუხს. ბევრი ძველი სურათია, ბევრი თურმე საერთოდ უცნობი ადამიანია, რომელსაც ადგილობრივები არც იცნობენ. მომხდარზე ორი სხვადასხვა ვერსიაა. ერთ-ერთი ვერსიით, გვერდით სოფელში ვიღაც მკითხავი ცხოვრობს, რომელთანაც უამრავი ადამიანი დადის. ამბობენ, ეს ქალი ყველაფერზე ხელს მოაწერსო. შეიძლება მასთან სხვადასხვა დროს ამ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, ბევრი სურათი დაუგროვდა და გადაწყვიტა მოეშორებინა. ვეჭვობთ, რომ რაღაც რიტუალი არის ჩატარებული. მე იმ ადგილას არ მივსულვარ, სადაც ეს ფოტოები იპოვეს, მაგრამ ჩემი შვილის მეგობრის დედამ და მეუღლემ საკუთარი თვალით ნახეს ეს სურათები და მერე მეც მანახვეს. ადგილობრივებსაც ესაუბრნენ. სხვა ფოტოებიც დაათვალიერეს. ეტყობა, ვიღაცამ ურჩია მათ, ეს სურათი დაეხიათ. ასეც მოიქცნენ, დახიეს და გამდინარე წყალს გაატანეს. იმასაც ამბობენ, ის დანაც, რომელიც იქ აღმოჩნდა, წყალს გაატანესო... მეორე ვერსიით, ერთ ბიჭზე აქვთ ეჭვი. ის ახლა ქობულეთში ცხოვრობს. ფიქრობენ, რომ ის დანა, რომელიც იქ აღმოჩნდა, მისი დამზადებულია. აღმოჩენილია ერთი გოგოს ფოტოც, რომელიც ჰყვარებია ამ ბიჭს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის არის გარეული ამაში. თუმცა, ხომ იცით, ადამიანს ცილს ვერ დასწამებ. ხომ შეიძლებოდა დანა გაეყიდა ან ვინმესთვის ეჩუქებინა. ამიტომ ვითხოვთ, პოლიციამ გამოიძიოს საქმე. სიმართლე თუ არ გაირკვა, შეიძლება ეჭვის საფუძველზე ვიღაცამ რამე დაუშავოს იმ ადამიანებს, ვისზეც ეჭვებია სოფელში. ძალიან შეშინებული ვარ, სხვა მშობლებიც განიცდიან, რადგან ჯადოსი ყველას ეშინია. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს რაღაც ცუდად აეწყო ჩვენთან საქმეები, სერიოზული პრობლემები გაჩნდა მოწმენდილ ცაზე და სულ ვამბობდი, ასეთი აწყობილი ცხოვრება მქონდა და ეს რა ხდება-მეთქი? ახლა ეს ამბავი რომ გავიგე, შემეშინდა. ჩვენმა საახლობლომ და მათ, ვისი ფოტოებიც იპოვეს, ლოცვების და კანონების კითხვა დავიწყეთ. ყველას შვილზე ვღელავ, რატომ უნდა იყოს ვიღაცის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ? ყველა შეშინებულია და ცდილობენ ხმა არ ამოიღონ, რომ ვინმე არ გააღიზიანონ. ბევრი ძველი სურათია, 80-იან წლებში გადაღებულიც. ნაწილი ფოტოების სავარაუდოდ, სოციალური ქსელიდანაა აღებული და მერე დაბეჭდილი.

ჩვენ კიდევ ერთ ადგილობრივს გავესაუბრეთ. არც ამ მამაკაცმა ისურვა ვინაობის გამხელა:

- ჩემი სურათი არ არის, მაგრამ ჩემი ნაცნობები არიან ამ ფოტოებში. შოკირებულები ვართ. მეც ეს ვერსია ვიცი, ვიღაც მკითხავია, რომელსაც ჯადოებს აკეთებინებენ. ეტყობა დაუგროვდა ფოტოები და დამარხა. მეორე ვერსიით, კიდევ ერთ ბიჭზე მიიტანეს ეჭვი, რადგან ფიქრობენ, რომ იქ მისი დამზადებული დანა იპოვეს, მაგრამ ესეც არ არის სწორი მიდგომა. ხომ შეიძლება, ეს დანა ვინმეს ეყიდა მისგან. ფაქტობრივად, მთელი ქობულეთის მცხოვრებთა ფოტოებია და ყველა ღელავს. ხელის დადება არავისზე შეიძლება, მაგრამ თუ პოლიცია დროულად არ გამოიძიებს ამ საქმეს, ხომ შეიძლება რომელიმე მათგანი გადაეყაროს ქუჩაში თუნდაც იმ ბიჭს, ვისზეც აქვთ ეჭვი ან იმ მკითხავ ქალს და ხალხი მათ ფიზიკურად გაუსწორდეს? ამიტომ ვფიქრობ, დროულად უნდა გამოიძიონ ეს საქმე. ნაკაიძეებში, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც სასაფლაოა, მოსახლეობა არ არის. მხოლოდ ჩაი და ევკალიპტებია მიმდებარედ, ამიტომ იქ ვერავინ დაინახავდა, ეს ვინ გააკეთა. შიში რისი აქვთ? ჯადოსი დღეს ყველას ეშინია.

საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მამა შალვა კეკელიას ვთხოვეთ:

- ასეთი ამბები მსმენია, ნივთებს ჯადოებს უკეთებენ. ხშირად ადამიანები რომ იგებენ, მათ ვიღაცამ ჯადო გაუკეთა, ეს ადამიანებიც მიდიან მკითხავთან, მჩხიბავთან იმ იმედით, რომ ჯადო მოუხსნას. ეს წარმოუდგენელია. ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია, არ აქვს მნიშვნელობა, გინდ ხატები ედოს სახლში, გინდ მასთან მისულ ადამიანს დაავალოს, - 7 ეკლესია მოილოცე და იქიდან აღებული ნაკურთხი წყალი ერთმანეთში შეურიე და დალიეო. მკითხავი მკითხავია, მჩხიბავი - მჩხიბავი. სამწუხაროდ, ბევრი ეკლესიური ადამიანიც, რომელიც აღსარებასაც აბარებს, მერე მკითხავსაც აკითხავს, ვითომ რაღაც ამბის გასაგებად. ქრისტიანი ადამიანები მჩხიბავებთან და მკითხავებთან არ უნდა დადიოდნენ. ეს საშინელი მდგომარეობაა ქრისტიანისთვის. ვთქვათ ადამიანმა გაგიკეთა ჯადო, მიხვედი მკითხავთან და გითხრა, რომ მოგიხსნა ეს ჯადო და ისიც დასძინა, თუ ვინ გაგიკეთა, იმან არ შეიძლება ხვალ ან ზეგ იგივე გაგიკეთოს? რითი ხარ დაზღვეული? ახლა ჩვენ ვამბობთ, საფლავში სურათები ჩამარხესო. თუ მოუნდებათ სხვაგან ვერ დამარხავენ ისევ ამ სურათებს? მით უმეტეს, დღეს ყველას გვიდევს სოციალურ ქსელში ჩვენი ფოტო და ნებისმიერი ადამიანს შეუძლია ამობეჭდვა. მივა მერე მკითხავთან, რომელიც ჩაატარებს რაღაც რიტუალს და დამარხავს ამ სურათს. როგორ უნდა დავიცვათ ამისგან თავი? ერთადერთი დაცვა არის ღმერთი, აღსარება, მარხვა, ზიარება. ადამიანებმა ერთი რამ უნდა იცოდნენ, ჯადოს გარეშე, ეშმაკიც ებრძვის ადამიანს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვან თავი მისგან. ეშმაკისგან თავდასაცავად მისი ბოროტება კი არ უნდა შეისწავლო და კი არ უნდა იარო ეშმაკის მანქანებთან, უნდა შეისწავლო ქრისტე, წაიკითხო სახარება, გაიგო ღვთის სიტყვა, დაიწყო მარხვა, ლოცვა, ეკლესიური ცხოვრება, რათა დაცული იყო. თორემ ასეთი ჯადოქრობისაგან არც ერთი ადამიანი არ არის დაცული. დილა-საღამოს ლოცვების კითხვა ტყუილად კი არ არის დაწესებული. დილის ლოცვებში პირდაპირ წერია: ღმერთო, დამიფარე დღევანდელი განსაცდელისგან, რომ ეშმაკის მანქანები არ მოვიდეს ჩემზე. დამიცავი რომ ეშმაკმა არ წამიყვანოს. თუ რამე ცუდის მოწყობას აპირებს ეშმაკი, ამისგან დამიფარეო. როცა დილის ლოცვებს გულისხმიერად კითხულობ, ყველაფრისგან დაცული ხარ. ღმერთზე ძლიერი, შენს მფარველ ანგელოზზე ძლიერი არავინ არის. როცა შენი მფარველი ანგელოზის ლოცვას კითხულობ, მისგან დახმარებას ითხოვ, შენი მფარველი ანგელოზი, რომელიც ღმერთმა დაგიდგინა მცველად, ყველაფრისგან დაგიფარავს. შენი ნებელობა უნდა იყოს მტკიცე, შენ უნდა გინდოდეს მასთან ყოფნა, რომ ეშმაკის მანქანებისგან დაგიცვას. ერთ რჩევას მივცემდი ადამიანებს: ღვთის სიტყვას უსმინონ, დილიდანვე ლოცვა წაიკითხონ, სახარება წაიკითხონ და არ მოუსმინონ ასტროლოგებს, მკითხავებს. ღვთის ნებას უნდა მიაბას ადამიანმა თავისი ცხოვრება და მერე ყველაფერი კარგად ექნება...

- მშობლები, რომელთა შვილების ფოტოები დამარხული იპოვეს, ამბობენ: გავერთიანდით, ფსალმუნები გადავინაწილეთ და ერთად ვკითხულობთო.

- ძალიან კარგია, რომ ფსალმუნების კითხვა დაიწყეს. ჯობია ადგილობრივ მოძღვართან მივიდნენ, აღსარება ჩააბარონ, ეზიარონ და ეს დაეხმარება მათ. შენ უნდა გინდოდეს, რომ ღმერთმა დაიფაროს შენი ცხოვრება.

- კვეთებულის ლოცვები ასეთ დროს იკითხება?

- კვეთებულის ლოცვები ძალიან მძიმე შემთხვევებში იკითხება. მაშინ, როცა ადამიანი ვერ ერევა საკუთარ თავს, როცა ადამიანი ეშმაკისგან შეპყობილია და თავისი ნებით ვეღარ გამოდის.

თეა ხურცილავა