როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი? - გზაპრესი

როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი?

"როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი?" - ეს არის კითხვა, რომელზეც ამომწურავ პასუხს ალბათ წლების შემდეგ, ისტორია გასცემს... მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, ადგილობრივებისგან მაშინ განვითარებული მოვლენები მოვისმინოთ. სოხუმელი, 84 წლის მერი გოჩელეიშვილი ჟურნალთან "გზა" იმ მძიმე პერიოდს იხსენებს...

- სოხუმში, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული რკინიგზის სადგურის გვერდით, მათ მიერვე აშენებულ შენობაში, საკავშირო დეპუტატებისთვის განკუთვნილ დარბაზში ვმუშაობდი - საბჭოთა სივრციდან ჩამოსულ განსაკუთრებულ სტუმრებს იქ ვიღებდით და ვუმასპინძლდებოდით. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

შემდეგ, 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ჩემი მეუღლე ტარას გოჩელეიშვილიც მათ შეუერთდა და ცოტა ხანში თავისი აქტიური, პრინციპული საქმიანობით ,,ჰელსინკის კავშირის" სოხუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. მართალია, საბჭოთა კავშირი მორყეული იყო, მაგრამ ადგილობრივ კომუნისტებს ძალაუფლება ჯერ კიდევ ჰქონდათ და "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებს სოხუმში ეროვნული მოძრაობის ოფისისათვის რაიმე ფართობის საოფისედ აღების უფლებას არ აძლევდნენ, ანუ ყველანაირი გზით ხელს უშლიდნენ, რომ შეხვედრები არ გაემართათ და შეკრების, მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ერთხელაც, ჩემმა მეუღლემ მითხრა, თქვენი დარბაზი უმეტესად ცარიელია და დაგვითმეთო. მართლაც ასე იყო, იმ პერიოდში უკვე სხვადასხვა რესპუბლიკიდან თვეში 1-2 ადამიანი თუ ჩამოდიოდა და იმხელა ფართობი ტყუილად ცდებოდა. ჩვენი ქმედება აფხაზეთის კომუნისტური მთავრობისა და რკინიგზის ხელმძღვანელობამ გააპროტესტა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტები და რკინიგზის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ - დარბაზი ძირითადად ცარიელია და რატომ არ უნდა შევუშვათ, ეს ხალხი საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვისო.

ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, იქ ჩამოდიოდნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი თანამებრძოლები... შევიწროების მიუხედავად, შეხვედრები მაინც იმართებოდა - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, გივი გუმბარიძის მმართველობის ბოლო წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შედარებით დასუსტებული იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც დასდევდნენ ეროვნული მოძრაობის ადგილობრივ წევრებს. მახსოვს, ეროვნული მოძრაობისა და "მრგვალი მაგიდისათვის" არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცათ, აქტივისტები ლიდერებთან შეთანხმებით გაიფიცნენ. ჩემმა მეუღლემ, დიდი რისკის ფასად, სოხუმის სადგურის წინ მატარებელი გააჩერა, რითაც ამიერკავკასიის რკინიგზის პარალიზება მოხდა, მანამდე მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

მახსოვს, არჩევნები რა ვითარებაში ჩატარდა - გუმბარიძის ხალხი გვეუბნებოდა, "ცეკას" მდივანთან თბილისში ჩამოდით და რაც არ მოგწონთ, იქ გვითხარითო. გაფიცულები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ. საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში ან სოხუმის სადგურის ადმინისტრაციულ შენობაში მოითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა, გაფიცულები არც იქ მივიდნენ. ჩემმა მეუღლემ გუმბარიძეს შეუთვალა, - რამის თქმა თუ გინდათ, აქეთ მობრძანდითო. რადგან ტარასის და მისი თანამებრძოლი გაფიცულების დათანხმება თბილისში და სხვა ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრაზე ვერ შეძლეს, გუმბარიძე იძულებული გახდა, თავად მისულიყო გაფიცულებთან. გოჩელეიშვილმა მას ჯერ გაფიცულების მოთხოვნა გააცნო, შემდეგ კი წერილობითაც გადასცა. რამდენიმე დღის მერე, გაფიცულთა მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ბოიკოტიც შეწყდა. შემდეგ ზვიად გამსახურდია ტელეფონით დაუკავშირდა ჩემს მეუღლეს და მასა და მის გაფიცულ თანამებრძოლებს ასეთი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ძალიან მინდოდა, ეს დეტალები, თუ როგორ იწყებოდა სოხუმში ეროვნული მოძრაობა, შთამომავლობისთვის შემომენახა, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა დღიურში თარიღების მიხედვით ჩანიშნული და აღწერილი მქონდა, მაგრამ სოხუმი 27 სექტემბერს დავტოვეთ, სიკვდილს ცალი ფეხით გამოვასწარით და დღიური ვიღას ახსოვდა.

- სახლს რა ბედი ეწია?

- 27 სექტემბრის შემდეგ ჩვენს ბინაში შეცვივნულან აფხაზი მეომრები და დაქირავებული ბოევიკები, ყველაფერი გაუზიდავთ, შემდეგ კი დაუწვავთ. მაგრამ 2016-17 წლებში გაურემონტებიათ და ახლა იქ აფხაზები ცხოვრობენ, მთელი სადარბაზო მისაკუთრებული აქვთ... დღიურის გარდა, ვერ შევძელი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად გადაღებული ფოტოების წამოღება, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, მნიშვნელოვანი მოვლენები გახლდათ მასში ასახული - ქუჩაში გასვლები, ლიდერებთან შეხვედრები, კრებები, მანიფესტაციები... ბეწვის ხიდზე გავდიოდით.

- მეუღლეც რკინიგზაში მუშაობდა?

- დიახ, ტარასი 14 წლიდან, ანუ 1942 წლიდან მუშაობდა შორაპნის დეპოში ორთქლმავლის მემანქანის თანაშემწედ, შემდეგ ორთქლმავლის მემანქანედ, ხოლო როდესაც შორაპნის დეპო გაუქმდა, 1950-იანი წლებიდან სოხუმის რკინიგზის დეპოში გაანაწილეს, სადაც ჯერ მემანქანის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მემანქანე. მეორე მსოფლიო ომის დროს, რკინიგზა გასამხედროებული ორგანიზაცია გახლდათ და ყველა რკინიგზელი ომის მონაწილედ ითვლებოდა.

80-იან წლებში და მანამდეც, აფხაზები პრივილეგირებულებად ითვლებოდნენ. ერთ-ერთ არჩევნებში ხალხმა დეპუტატობის კანდიდატად ჩემი მეუღლე დაასახელა, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ კი ის აფხაზი ივანე გუბაზით ჩაანაცვლა. მსგავს საქმეებში სახელმწიფო ორგანოები მონაწილეობდნენ და პირდაპირ უთხრეს, - გასაგებია, რომ ხალხმა თქვენ აგირჩიათ, მაგრამ ასე არ შეიძლება, ადგილობრივი აფხაზი უნდა იყოს დეპუტატიო. ჩემმა მეუღლემ სიტუაცია არ გაამწვავა და დათანხმდა. არადა, უამრავი ჯილდო ჰქონდა - მედალი გადასცეს, როგორც "ორთქლმავლის საუკეთესო მემანქანეს", მილიონი კმ-ის უსაფრთხოდ გავლისთვის იყო დაჯილდოებული, სოციალისტური შეჯიბრების გამარჯვებულიც გახლდათ, პირველი კლასის მემანქანის და საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელის მედალიც ჰქონდა. 2010 წელს ქართულ რკინიგზაში, როგორც ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირს, სამამულო ომის ვეტერანის მედალიც გადაეცა...

ერთი სიტყვით, 1992 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. სოხუმში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. კომუნისტურ ხელისუფლების წარმომადგენლებს ძველებურად, აფხაზი დეპუტატის წარდგენა უნდოდათ, მაგრამ კომუნისტურმა ადმინისტრაციამ იცოდა, რომ აფხაზი გუბაზი მას კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამიტომ არჩევნების წინ, ჩემს მეუღლეს მოულოდნელად საარჩევნო ოლქი შეუცვალეს და რკინიგზელთა დასახლების ნაცვლად, ქალაქის იმ ნაწილში წარადგინეს, სადაც თავდაპირველად იყო წარდგენილი - სოხუმელები იმ ადგილს "ნოვი პასიოლოკს" ვეძახდით. ინტერნაციონალური, შერეული მოსახლეობა იყო, არაერთი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ძველ სოხუმელს მაინცდამაინც არავინ იცნობდა. მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი ხელის შემშლელი ფაქტორებისა, ტარასი მაინც გადავიდა მეორე ტურში. მაგრამ 14 აგვისტოს ომი დაიწყო და მეორე ტურის არჩევნები აღარ გაიმართა...

meri3-1707071254.jpg

- 1989 წლის ივლისის მოვლენებში მონაწილეობდით?

- თავად მე, ოჯახური ამბების გამო, ვერ წავედი, მაგრამ ჩემი შვილი იყო წასული... ლიხნის ცნობილი მიმართვა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს აფხაზებმა. 15 ივლისს, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის შენობასთან, სადაც თსუ-ს სოხუმის ფილიალი იყო განთავსებული, აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები შეგროვდნენ. ფაქტობრივად, შენობა ალყაში მოაქციეს და შიგნით არავის უშვებდნენ. როგორც ითქვა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯოხებზე დაჭედებული ლურსმნებით "შეიარაღებული" გამოსულან აქციაზე. ჩემს შვილს აფხაზი მეგობარი ჰყავდა და მას უთქვამს, - მანდ არ დარჩე, ჩვენები ქართველებზე თავდასხმას აპირებენო. ყველა აფხაზი არ იყო ჩვენთან დაპირისპირების მომხრე, ბევრი მათგანი მართლა ძმად და მეგობრად მიგვიჩნევდა. ბოლოს და ბოლოს, უამრავი წელი ჭირსა და ლხინს ვიყოფდით, მაგრამ ომმა მაინც გაგვხლიჩა... ჩემს შვილს ბევრი ახლობელი გაურიდებია იქაურობისგან. ვინც ბავშვებთან ერთად იყო და დაუჯერა, ხომ კარგი, მაგრამ ზოგმა არ დაუჯერა, რომ აფხაზები ამაზე წავიდოდნენ.

საბოლოოდ, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, ქართველები რუსთაველის სახელობის პარკში გადავიდნენ, თან გადაწყვიტეს მიემართათ აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის, მათ რომ სათანადო ზომები მიეღოთ. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საოლქო კომიტეტში წარმომადგენლების გაგზავნამ შედეგი არ გამოიღო... საღამოსთვის, რუსთაველის პარკში 400-მდე ქართველი შეიკრიბა ბოტანიკურ ბაღთან, პუშკინის ქუჩის მხრიდან კი აფხაზები შეგროვდნენ. შუადღისას სწორედ რუსთაველის პარკთან მოხდა თავდასხმა ქართველებზე, რამაც ბიძგი მისცა შემდგომ მოვლენებს...

სოხუმში ქართულენოვანი უნივერსიტეტის გახსნას აფხაზები, როგორც 1970-იანი წლების "გააფხაზების" პოლიტიკის გაუქმებას და აფხაზეთის "გაქართველების" მცდელობას აღიქვამდნენ...

- ომამდე თქვენს აფხაზ ახლობლებში რაიმე დაძაბულობა იგრძნობოდა?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა... ძალიან კარგი სამეზობლო გვყავდა. ქართველები და აფხაზები ვმეგობრობდით, ბინის კარს თითქმის არ ვკეტავდით, ეზოში ქორწილებს ერთად ვიხდიდით, ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყავით. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ომი ასეთ მასშტაბებს შეიძენდა...

1991 წელს ასამდე ადამიანი მოსკოვში ჩავფრინდით, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მფრინავმა - ზაურ ბედიამ ჩაგვიყვანა. მოსკოვის ცენტრში პლაკატებითა და ლოზუნგებით მშვიდობიანი მსვლელობა გავმართეთ. ჩვენი მესიჯი ასეთი იყო - საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავისუფალი უნდა ყოფილიყო. უბრალო რუსი ხალხი, გამვლელები ძალიან მშვიდად შეგვხვდნენ.

მახსოვს, არბატის ქუჩაზე, სადაც "ცეკას" მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ, აქცია მოვაწყვეთ. ვიცოდით, რომ შევარდნაძის ოჯახი იქ იმყოფებოდა. ზამთარი იყო, თოვდა, ყინავდა და რამდენიმე რუსმა თერმოსებით ცხელი ჩაი მოგვიტანა... ჩვენთან შესახვედრად შევარდნაძემ წარმომადგენელი გამოგზავნა, რომელმაც საქართველოში დაბრუნება გვირჩია... შემდეგ, იმავე შენობიდან რუსი კაცი გამოვიდა და ღიმილით გვითხრა, - საქართველოს ბედი უკვე გადაწყვეტილია. ბრილიანტის გადაყრას არავინ მოისურვებსო... მაშინ ვერ მივხვდით, რას გულისხმობდა. იმ ღამეს სასტუმროში რომ დავბინავდით, კა-გე-ბეს ხალხი მოგვიჩინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი იქ გაჩერება უსაფრთხო არ იყო. თვითმფრინავისთვის, რომლითაც ჩავფრინდით, ტრაპი მოეხსნათ. ჩვენებმა გადაწყვიტეს, როგორმე ავსულიყავით და საქართველოში დავბრუნებულიყავით, რადგან არავინ იცოდა, მეორე დღეს რა მოხდებოდა.

- ტრაპის გარეშე თვითმფრინავში როგორ უნდა ასულიყავით?

- წვალებით ავედით, შეიძლება ითქვას, ერთმანეთი ავათრიეთ, ნაწილმა იქვე მდგომი რუსი თანამშრომლები, რომლებიც დაბნეული გვიყურებდნენ, შეაკავეს და რისკის ფასად მოვგროვდით... ძალიან დაიძაბა სიტუაცია. თვითმფრინავს, რომელსაც პილოტი ზაურ ბედია ასაფრენად ამზადებდა, არ ვიცი, რა გაუკეთეს, მაგრამ უეცრად ძიგძიგი დაიწყო. თუ ახლავე არ ჩახვალთ, ავაფეთქებთო, - გვითხრეს. ააფეთქეთ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთო, - ვუთხარით. დიდი ალბათობით, ჩვენი ჩამოყვანა და დაკითხვა უნდოდათ, მაგრამ რადგან მთელ საბჭოთა კავშირში ვითარება უკვე დაძაბული იყო, პროტესტის ტალღა ხან სად იფეთქებდა, ხან სად, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, ვითარება არ გაემწვავებინათ... რამდენიმე ხანში, თვალებიდან ყველას ცრემლი წამოგვივიდა. დიდი ალბათობით, მხუთავი აირი გაუშვეს. დიდი გაწამაწიის მერე, ზაურ ბედიამ ისეთი დრო შეარჩია, ასაფრენი ბილიკი თავისუფალი რომ იყო და ავფრინდით... სოხუმში ჩამოფრენამდე შიშისგან გული გვისკდებოდა, რამე არ ესროლათ, მაგრამ გადავრჩით. როგორც აღვნიშნე, ვითარების გამწვავებას მოერიდნენ, თორემ ჩვენს "განეიტრალებას" რა უნდოდა?!. ღამის პირველი საათი იყო, ბაბუშერის აეროპორტში რომ დავფრინდით, უამრავი სოხუმელი ტაშითა და ოვაციებით დაგვხვდა... თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მეუბნებოდა: რა გინდათ, რისთვის იბრძვით, ცუდად ცხოვრობთო?.. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, მეტი ცუდი რა უნდა ყოფილიყო, თორემ მატერიალურად არასდროს გვიჭირდა. ჩემს მეუღლეს მაშინდელი პროფესორის ტოლი ხელფასი ჰქონდა.

meri2-1707071239.jpg

- თქვენს პარალელურად, აფხაზებიც ემზადებოდნენ, არა?

- დიახ, ზოგი აშკარად, ზოგიც - ჩუმად, ფარულად... ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ჩემი მეზობელი, რომელსაც კერძო საბავშვო ბაღი ჰქონდა, მოვიდა და გვითხრა, რომ მას ჩვენმა საერთო მეგობარმა აფხაზმა უთხრა: ჩემს ხალხში რაღაც ხდება. ერთ-ერთ შენობაში თოფებს და სხვადასხვა იარაღს აგროვებენ, არ ვიცი, რაღაცისთვის ემზადებიან, კარგი არაფერი ხდებაო... ამასობაში აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა. სადგურის წინ, ზღვის მხარეს, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და ვხედავდით, როგორ მოჰყავდა გუდაუთიდან მანქანებს ჩვენი დაჭრილი და დახოცილი ბიჭები. მაინც გვეგონა, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, მაგრამ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანდა. აიღებდნენ ჩვენი ბიჭები ამა თუ იმ სოფელს, დასახლებას, ტერიტორიას, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება უკან დახევის ბრძანებას გასცემდა და ასე გრძელდებოდა დიდხანს... 27 სექტემბერს უკვე სოხუმის და მთელი აფხაზეთის ბედი გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ იმ დღეს წამოვედით. ქალაქი ტყვიების ზუზუნსა და ჭურვების ბათქაბუთქში დავტოვეთ. როგორც ასობით ათასმა ადამიანმა, ჩვენც ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში და სასწაულებრივად გადარჩენილები, ჭუბერის უღელტეხილის უმძიმეს გზას დავადექით. არ მახსოვს, რამდენი დღე მივდიოდით. ჩემს ერთ შვილს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და სიარული უჭირდა... გზადაგზა მიცვალებულებს ვნახულობდით, წარწერით - "მომაყარეთ მიწა". ეტყობა, გათანგულმა, დაღლილ-დაქანცულმა, შიმშილითა და სიცივით გაწამებულმა ადამიანებმა, ჭირისუფალმა დაღუპული ოჯახის წევრები იქ დატოვეს და ყველას სთხოვდნენ, თუნდაც თითო მუჭა მიწა მიეყარათ. როგორც შევძელით, ისე მოვაგროვეთ გაყინული მიწა... იქამდე და შემდეგაც ბევრი საშინელი კადრი მინახავს, მაგრამ ის ყველაზე მძიმე იყო, ასე არაფერს უმოქმედია.

შემდეგ ვერტმფრენი მოფრინდა, მე და ჩემი შვილი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, მას გამოვყევით, ჩემმა მეუღლემ და დანარჩენმა ორმა შვილმა ბოლომდე ფეხით იარეს.

- ვინმესთან გაქვთ კავშირი?

- იმ აფხაზებმა, ვინც ომის წინააღმდეგი იყვნენ, იქაურობა ჩვენთან ერთად დატოვეს - ნაწილი სოჭში წავიდა საცხოვრებლად, სხვები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში... ერთი რუსი მეგობარი გვყავდა, რომელიც სოხუმში ჩვენთან ჩამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად - პეტრე მიგაჩოვი და იმან მოგვწერა: ჩემთან ჩამობრძანდითო, მაგრამ არ წავედით, საქართველოში ცხოვრება ვარჩიეთ... ჩემი ნაწვალები მეუღლე 2019 წელს, თავის მშობლიურ დაბა შორაპანში გარდაიცვალა, სოხუმის ქუჩების ნახვის ნატვრაში დალია სული... ეს მინდოდა მომეყოლა...

ლალი პაპასკირი