"რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს უკრაინაში მცხოვრები გერმანელების დასახოცად უშვებენ..." - გზაპრესი

"რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს უკრაინაში მცხოვრები გერმანელების დასახოცად უშვებენ..."

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ასობით გერმანელი, რომლებიც სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში ჩაასახლეს - ახლა სამხედრო მობილიზაციის საფრთხის წინაშე არიან, ეს კი, მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ფრონტის სხვადასხვა მხარეს მდგომ გერმანელებს ერთმანეთისთვის მოუწევთ სროლა და ამის მაგალითები არის კიდეც. რუსეთში უკვე არსებობს იმ ეთნიკური გერმანელების სია, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ.

ზაპოროჟიეში მცხოვრები ეთნიკური გერმანელის, ალექსანდრ ლინდტის თქმით, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი უკრაინაში ჩაასახლეს, გერმანიის სახელმწიფოს "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მათ გეგმაში ჰქონდათ მოეთხოვათ კონკრეტული დასახლება, სადაც კომპაქტურად ჩაასახლებდნენ, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს - გერმანიის ხელისუფლების თქმით, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და როგორც დანარჩენებს, მათაც ლტოლვილთა ბანაკებში მოუწევთ ცხოვრება და ყველა იმ ეტაპის გავლა, რასაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები გადიან.

- ბებიაჩემს პასპორტში ეროვნება არ უწერია, მაგრამ გერმანელია, მისი და-ძმა გერმანიაში ცხოვრობს და ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სამართლებრივად ისე გამოვიდა, რომ მათი და, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, ქმართან ერთად გადასახლებაში მოყვა, გერმანელი არ არის.

ბებია მაშინ 25 წლის იყო. ბაბუამ ადგილობრივ კლიმატს ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა. მამაჩემი და მისი და-ძმა მან ობლობაში გაზარდა... იმ წლებში ჩემი ოჯახის ბედი ასობით გერმანელმა გამოიარა.

რუსეთში მცხოვრებ უამრავ გერმანელს ვიცნობ, რომლებიც ჩვენსავით, წლების განმავლობაში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ. ნაწილმა, საბედნიეროდ, 90-იან წლებში უშველა თავს და ისტორიულ სამშობლოში ცხოვრებას მშვიდად განაგრძობენ.

მეორე ნაწილი, პირველი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, ყაზახეთისა და საქართველოს გავლით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წავიდა. ახლაც უამრავი გაექცა მობილიზაციას და სხვადასხვა გზით ევროპასა და აშშ-ში ჩააღწია. მაგრამ ყველას არ გაუმართლა და ისინი დაფარული სახეებით ჩანაწერებს ავრცელებენ, შველას ითხოვენ, რადგან იციან, პუტინის რეჟიმი მათ საზარბაზნე ხორცად აქცევს. პირველ ეტაპზე სწორედ ეთნიკური უმცირესობები გაუშვეს არმიაში. იქ დარჩენილ გერმანელებს ძალიან მალე იგივე ბედი ელით, ეს ნიშნავს, რომ მათ უკრაინაში მყოფ გერმანელებს გერმანული ტყვია უნდა ესროლონ. რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პუტინი მასშტაბურ მობილიზაციას იწყებს და ეს გარდაუვალია. მსოფლიო, კონკრეტულად კი ჩვენი სახელმწიფოს - გერმანიის ხელისუფლება დუმს.

- ზაპოროჟიე ფრონტის ხაზთან ახლოს არის, არა?

- დიახ, ჩემგან 30 კმ-ში უკვე ინტენსიური სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმის... იმ სამსახურის დამსახურებით, სადაც ახლა ვმუშაობ, ე.წ. ჯავშანი მაქვს და ჯერჯერობით ომში წასვლა არ მიწევს, მაგრამ ეს სამუდამო ვერ იქნება. როგორც კი ვითარება შეიცვლება, მობილიზაციას გვერდს ვერ ავუვლი... ჩემი დიდი ბებია გერმანიიდან ციმბირში ჩაასახლეს. თუმცა, 50-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება მიეცათ, ოღონდ საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ყაზახეთში გადასახლდნენ, სადაც დედაჩემი და მისი და-ძმა დაიბადნენ. 80-იანი წლების მიწურულს, მათ კიდევ ერთხელ შეიცვალეს ადგილი და უკრაინაში, ზაპოროჟიეში გადმოვიდნენ, სადაც მე დავიბადე.

- თქვენი სახლი დაზიანებულია?

- არა, კონკრეტულად ჩემი კორპუსი ჯერჯერობით დაუზიანებელია, მაგრამ ომი ჯერ ხომ არ დასრულებულა?.. აქ კორპუსებს შორის არსებულ სკვერში სათამაშოდ გამოსულ ბავშვებს, უეცრად დაწყებული საჰაერო განგაშის ან მოულოდნელად შემოფრენილი რუსული დრონების გამო, სარდაფებისთვის თავის შეფარება უწევთ. ამას ინტენსიური ხასიათი აქვს და არა მგონია, ეს საშინელება რამდენიმე თვეში დასრულდეს.

- გერმანულად საუბრობთ?

- ძალიან ცუდად, რადგან აქ საუბრის პრაქტიკა არ მაქვს. კურსებზე დავდიოდი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... მით უფრო, რომ სამსახურში დილით ადრე მივდივარ და ღამე გვიან ვბრუნდები. იმ ქვეყანაში, სადაც ეს ენა იშვიათად ისმის, სრულფასოვნად მისი ათვისება იოლი არ არის.

საელჩოში შევიტანე საბუთები, ვცდილობდი, ჩემს ფესვებს დავბრუნებოდი, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა იოლი - ჩვენი პასპორტებიდან ნაციონალობის გრაფა წაშალეს და გერმანელად იდენტიფიცირება ვერსად შევძელი... ისე, როგორც რუსეთში, აქაც კულტურული ღონისძიებები იმართებოდა გერმანული იდენტობის შესანარჩუნებლად, რა თქმა უნდა, გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებით, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ფრონტის ხაზიდან 30 კმ-ში ვცხოვრობ და ვიდრე თქვენ დამირეკავდით, ჩემს სახლთან რამდენიმე "შაჰიდმა" ჩაიფრინა, უმეტესობა გაანეიტრალეს, მაგრამ ყველა ვერა. აქ აფეთქებები და საჰაერო განგაში არ წყდება... ორი წელია, ამას მუდმივი ხასიათი აქვს. ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც გერმანიის ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა, ისე წავიდა უკრაინიდან, შემცვლელიც არ დატოვა. არადა, ვიცით, ზაპოროჟიეში მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარება ეკუთვნით, მაგრამ ეს არავის ახსოვს... სამაგიეროდ, კულტურული ღონისძიებებისთვის ფინანსები ყოველთვის აქვთ, რაც მაშინ, როდესაც ჰაერში რუსული დრონები დაქრიან, ძალიან დიდი ფარსი მგონია. ხომ არ ჯობდა, ეს თანხები თუნდაც იმ გერმანელებს მოხმარებოდა, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სიკვდილს გაასწრო და სხვადასხვა ქვეყანაში კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს?! თუმცა, მათი დახმარება გერმანიაში აზრადაც არავის მოსვლია.

ვის არ მივწერეთ ჩვენს პრობლემებზე (გერმანელ დეპუტატებს, მინისტრებს), შევეცადეთ, თავად უკრაინაში ჩამოსული ოლაფ შოლცისთვის გადაგვეცა წერილი, კონკრეტული პასუხი არავისგან ისმის. უკრაინაში ეთნიკური გერმანელების საბჭოს წარმომადგენელი, ლესლერი თავადაც გერმანიაში წავიდა, როგორც ჩანს, იქ კარგად მოეწყო და იქიდან ორგანიზაციის მართვასაც ცდილობს, რაც არა მგონია, შესაძლებელი იყოს... ყველა აიგნორებს იმ გერმანელების პრობლემებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ყოველდღიურად ცდილობენ ხმა მიაწვდინონ გერმანიის სახელმწიფოს წარმომადგენლობას. ამიტომაც, ბოლო ხანებში, ხალხი თავად ცდილობს აქედან გაქცევას. სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ადამიანისთვის, გერმანელს ვგულისხმობ, უკვე ძალიან რთულია უკრაინის დატოვება. ის კი არა, მათ, ვინც ქვეყანა დატოვა, საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში მოუწევთ უკან დაბრუნება და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა.

ჩვენ, რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებ გერმანელებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ისინი, რუსეთის მოქალაქე გერმანელები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მათი ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადაადგილება კონტროლდება, მოსახლეობა აგრესიულად ექცევა, მოღალატეებს, გამყიდველებს, უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებენ... ზოგი პროპაგანდის მსხვერპლია. თავის დროზე, საბჭოთა სისტემის მესვეურებმა გერმანელების საბჭოთა რესპუბლიკებში გადასახლებით უდიდესი ცოდვა ჩაიდინეს.

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე დაიღუპა რუსეთის მოქალაქე 27 წლის ალექსანდრე კნაუბი... ეს არის ტრაგედია. რუსეთში 350 ათასამდე ეთნიკური გერმანელი ცხოვრობს, ანუ რუსების შემდეგ, რიცხობრივად ყველაზე მეტნი არიან. ჩავთვალოთ, რომ მათი მესამედი მაინც მამაკაცია, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია. უმეტესობა, ნახევარზე მეტი მაინც რომ დაბრუნდეს გერმანიაში, ეს ხომ უკრაინაზე თავდასხმის სიძლიერეს შეამცირებს? ჩვენ ვიცით, რომ ფრონტის წინა ხაზზე პუტინი სწორედ ეთნიკურ უმცირესობას უშვებს, ყოველთვის ასე იქცეოდა. მოსკოვსა და პეტერბურგს უკიდურეს შემთხვევაში მიადგება ხოლმე.

aleqsandr1-copy-1707668737.jpg

- რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის, პიოტრ ტოლსტოის ინიციატივით, ეთნიკურ უმცირესობებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

- დიახ, ის მარტო არ მოქმედებს, მორიგი ამაზრზენი კანონის ლობისტები გამოჩნდნენ. ეთნიკური უმცირესობა, რომელიც თავს რუსეთის ნაწილად არ მიიჩნევს, მაფიასთან, კრიმინალურ ორგანიზაციებთან გათანაბრებულ პირებად შეიძლება მიიჩნიონ, ამ მხრივ აქტიურ ადამიანებს კი უძრავი ქონების კონფისკაცია ემუქრებათ, მათთვის გულაგების აშენებას ითხოვენ... მე ვიცი ეთნიკური გერმანელები, რომლებმაც უარი თქვეს არმიაში მსახურებაზე, რის გამოც, ისინი ეფ-ეს-ბემ დააკავა, დიდხანს ჰყავდათ იზოლატორში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და საბოლოოდ, იქაურობა ფსიქიკური პრობლემებით დატოვეს. ასე რომ, არჩევანის უფლება არა აქვთ - ან უნდა გაიქცნენ, ან ომში წავიდნენ. "რkინის ფარდა" რუსეთში ჯერ კიდევ აქტუალურია, ამიტომაც არიან ისეთები, ვინც პროპაგანდის მსხვერპლი არ არის და გაქცევას ამჯობინებს, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. არადა, გერმანიის სახელმწიფოს შეუძლია, ეს საკითხი ორგანიზებულად მოაგვაროს, მოითხოვოს თავისი ხალხის უსაფრთხო გამოყვანა და თუნდაც სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილება, თუნდაც დროებით, ვიდრე ომი დასრულდება, ამის რესურსი გერმანიას ნამდვილად აქვს.

რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიქცევა და შესაბამისად, მათ დიდ ნაწილს ომში უკრავენ თავს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაში, ადგილობრივ ეთნიკურ გერმანელებს უნდა დაესხან თავს და დახოცონ. ამ დროს კი ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, - კანონმდებლობა არ გვაძლევს უფლებას ადამიანები ეთნიკური ნიშნით გამოვარჩიოთ და ვერაფრით დაგეხმარებითო, მაგრამ იმავდროულად, ვითომ ჩვენი, როგორც ეთნოსის გადარჩენაზე "ზრუნავენ", საკმაოდ დიდ თანხებს პოულობენ და ახლახან, ამ ომის ფონზე, კულტურული დანიშნულებისთვის საკმაოდ დიდი სახლი შეიძინეს - ეს მაშინ, როდესაც გარშემო რუსული "შაჰიდები" დაფრინავენ... ვითომ გერმანული ენის, სიმღერებისა და კულტურის გადასარჩენად, უამრავ ფულს ხარჯავენ, არადა, ჩვენ სიკვდილს თვალებში ვუყურებთ. ეს ადამიანების სიცოცხლით თამაში და საშინელი ფარსია... ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოქცეულ ეთნიკურ გერმანელებს, ვიდრე სამშვიდობოს გააღწევენ, უმძიმესი გზის გავლა უწევთ, ვინაიდან მათ გერმანია არ იღებს, სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულები, მცირეწლოვანი შვილებით, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობენ, ამ დროს კი, როდესაც ყოველი დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზაპოროჟიეში, ჭიედერგებურტ-ის შენობა (გერმანიიდან გადასახლებული გერმანელთა კავშირი) დროებით დაკეტილია და ამ ფონზე გასაოცარია, რომ კულტურული დანიშნულებისთვის შენობებს ყიდულობენ ცეკვა-სიმღერისთვის... არაერთხელ მივმართეთ გერმანელ დეპუტატებს, ავუხსენით საქმის ვითარება, მაგრამ ზოგმა არც კი მოგვისმინა, ზოგმა შინაურულად გვითხრა - გერმანიის მოსახლეობასთან არაინტეგრირებული ხალხის ტალღას გერმანიის ხელისუფლება, სავარაუდოდ, თავს აარიდებსო. მაგრამ ჩვენ ხომ ვარსებობთ, ჩვენ წარსული ხომ არ მოგვიგონია?.. უამრავმა ადამიანმა დნმ-ის ანალიზიც კი გააკეთა, რათა საბუთებში ჩაედო, თანაც გერმანიაში გაგზავნეს და როგორც მოსალოდნელი იყო, 99%-ით გერმანელები აღმოჩნდნენ, თუმცა, საემიგრაციო სამსახურში ოპერატორები მათ ეუბნებიან, რომ მაინც არ სჯერათ ამ ყველაფრის და ეს ხომ დაცინვაა?!

ჩვენი ისტორიული სამშობლოს ხელისუფლებას ვეუბნებით, არ მიგვატოვოთ, არ გვინდა ჩვენმა ხალხმა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის სახელით იბრძოლოს დემოკრატიულ, თავისუფლების მოყვარე უკრაინაში, დაგვეხმარეთ, მაგრამ გვპასუხობენ, რომ ამ საქმეში "არ ერევიან".

- თავად არ გიცდიათ გერმანიაში წასვლა?

- მხოლოდ ტურისტულად ვიყავი რამდენჯერმე. ნათესავები მყავს, ბიძაშვილები, ბებიაჩემის და-ძმა იქ დარჩა, ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ძალიან განიცდიან - ჩვენი ხალხი რატომ უნდა იხოცებოდეს ან ერთ, ან მეორე მხარესო? ვცდილობთ რეალობის შეცვლას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის.

ლალი პაპასკირი