"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩემს სოფელში"
93 წლის ქალბატონი ნაზი მიქაძე რაჭაში მარტო ცხოვრობს. ბოლო წლებია ზამთარში თბილისში ჩამოჰყავთ. ხშირად მისი შვილები სოციალურ ქსელში დედაზე საინტერესო ამბებს წერენ, ამიტომ პირადად გადავწყვიტე მისი გაცნობა. ჟურნალისტ ნანული ცხვედიანისა და ადვოკატ ციცინო ცხვედიანის დედა საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. სახლში მისულს ღიმილით შემომეგება. 5 შვილიშვილის ბებია ამაყობს თავისი მონაგარის არჩეული გზით და ამბობს, მათ აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. ორი შვილთაშვილიც ჰყავს: კესანე და ალექსანდრე. ოჯახის წევრები მზრუნველობას არ აკლებენ, მაგრამ თბილისში ყოფნა დიდად არ უყვარს, ერთი სული აქვს როდის ჩავა თავის საყვარელ რაჭაში.
ნაზი მიქაძე-ცხვედიანი:
- რაჭაში, ამბროლაურის სოფელ ქვიშარში მარტო ვცხოვრობ. ძალიან ლამაზი სოფელია და საერთოდაც, რაჭველები არაჩვეულებრივი, ძალიან წყნარი ხალხია. შენთან მოსული სტუმარი იქ მეზობელმა აუცილებლად უნდა გადაიპატიჟოს. ერთის სტუმარი, ყველას სტუმარია. მე მეგრელი ვარ, მეუღლე მყავდა რაჭველი, ბიძინა ცხვედიანი. 25 წლის ვიყავი, სიყვარულით რომ გავთხოვდი.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ფოთში ვმუშაობდი, ბიძინა რაჭიდან ფოთში სამუშაოდ იყო ჩამოსული, ხის ხელოსანი - დურგალი გახლდათ. ჩვენს მეზობლად სახლს არემონტებდა, ეტყობა მოვეწონე და გავიცანით ერთმანეთი. მერე განაწილებით გაგრაში მომიწია წასვლამ, კოოპერატივში სამი წელი ეკონომისტად ვიმუშავე, ისიც ჯარში წავიდა, იქიდან რომ დაბრუნდა, დავქორწინდით. ისე, ძველი სენაკიდან ვარ, მაშინ ცხაკაიას ეძახდნენ. მოკლედ, გაცნობიდან მეორე წელს ბიძინას ცოლად გავყევი. ადრე გოგო რომ გათხოვდებოდა, აუცილებლად ქმრის გვარზე უნდა გადასულიყო და ასე გავხდი ნაზი ცხვედიანი. გათხოვების შემდეგ ფოთში, ჯერ ნაქირავებში ვცხოვრობდით, მერე ბინა ვიყიდეთ. მოულოდნელად ავარიით ჯერ ჩემი მაზლი გარდაიცვალა და მერე ჩემი მამამთილი. ეს დიდი შოკი იყო ბიძინასთვის. დარჩა ძმის ცოლი პატარა ბავშვით და დედამისი. მართალია, მას რაჭაში სხვა ძმაც ჰყავდა, მაგრამ სულ ნერვიულობდა, დედაჩემს რა ეშველებაო, ამიტომ ფოთიდან წამოსვლა გადავწყვიტეთ. ორ ქალიშვილს ვზრდიდით. არ მინდოდა მთლად მოშორებოდნენ ბავშვები ქალაქს, ამიტომ ფოთში ბინა გავყიდეთ, ქუთაისში ვიგირავეთ ერთოთახიანი, რომ სოფელთან ახლოს ვყოფილიყავით და იქიდან უფრო ადვილად მივდიოდით რაჭაში. ჩემს მამამთილს სამი ვაჟი ჰყავდა და რაჭაში სამივესთვის სამოსახლო ჰქონდა განაწილებული. ჩემი მეუღლე დურგალი იყო და თავისი ხელით ააშენა სოფელ ქვიშარში სახლი. ძმის ცოლს შვილის გაზრდაში ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი სახლის მოწყობა ვერ მოასწრო, სანამ 49 წლის გახდებოდა, გარდაიცვალა. ციცინო მაშინ ემზადებოდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, ნანულის ინსტიტუტი დამთავრებული ჰქონდა. თბილისი-ქუთაისის მატარებელში ერთი ვაგონი, 6 ნომერი გვქონდა მიჩენილი და ქუთაისიდან ვუგზავნიდი წიგნებს, ფულს. პენსიაზე გასვლის შემდეგ, 55 წლის ასაკში გადავწყვიტე საცხოვრებლად რაჭაში გადავსულიყავი... ძალიან თბილი ხალხია რაჭველები, გვერდში დგომა იციან. ახლა არ შემიძლია ძროხის მოვლა, მაგრამ როცა მყავდა და სახლში არ მოდიოდა, დამინახავდნენ თუ არა საძებნელად მიმავალს, მეტყოდნენ: შენ სახლში დაბრუნდი, მოგიძებნითო. შეშის დაჩეხაშიც მეხმარებიან... ჩემი მეუღლის ძმების ოჯახები გვერდიგვერდ არიან, რაჭაში უბნები გვარების მიხედვითაა დაყოფილი. ჩვენს უბანში ძირითადად, ცხვედიანები ცხოვრობენ. მერე ზოგი ჩაესიძა, ზოგი ჩამოსახლდა და ახლა ცოტათი აირია გვარები. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ის არის, რომ როცა სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელოს ამბობენ, ქალები ფეხზე არ დგებიან, ამას სულ ვაპროტესტებდი. სამეგრელოში სადღეგრძელოს დროს ქალები ფეხზე დგანან, ასე გამოხატავენ პატივისცემას...
- რაჭაში გატარებული თქვენი ერთი დღე როგორია?
- ჩემი ერთი დღე ადრე ძალიან დატვირთული იყო, დილაადრიან ვდგებოდი და უამრავ საქმეს ვაკეთებდი. კი მეხმარებოდნენ მაგალითად, ვენახის შეწამვლაში, მაგრამ ყოველთვის ჩემთვის ვის ეცალა? მოვიკიდებდი ზურგზე მანქანას და ჩემი ხელით ვწამლიდი ვენახს. შერეული, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მქონდა, ვწურავდი ხვანჭკარასაც, ცოლიკაურსაც. მყავდა ძროხა, ღორი, ქათმები, მომყავდა პროდუქტები. მოკლედ, ბევრს ვშრომობდი. ახლა ეს არ შემიძლია, შვილიშვილებიც ვერ ახერხებდნენ შესაწამლად ჩამოსვლას და ვენახს აღარ ვამუშავებთ, თანაც ვაზი ბებერი იყო და გახმა... ზამთარშიც არ მინდა იქაურობის მიტოვება, მაგრამ შვილები და შვილიშვილები მეუბნებიან, ავად რომ გახდე, იქ ვინ მოგხედავსო? ახლა ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ჩემს სახლში. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჩემს ეზოში ფუსფუსი ყველაფერს მირჩევნია. ზაფხულში ვყიდულობ ხოლმე იხვებს. შვილთაშვილები, კესანე და ალექსანდრე რომ ჩამოდიან, ააჟრიამულებენ ხოლმე ჩვენს ეზოს, მათაც უხარიათ იხვების მოვლა... 93 წლის ვარ და არასოდეს ვყოფილვარ ავად, არასოდეს დამილევია წამალი. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ და საკუთარი თავის მოვლა შემიძლია.
- რას გაიხსენებთ ახალგაზრდობის პერიოდიდან?
- დიდ სამამულო ომს მოვესწარი. პატარები ვიყავით, მამა ომში რომ წაიყვანეს, იქიდან 11 თვის მერე დაბრუნდა. მახსოვს, დიდი ოვაციებით შევხვდით. არაჩვეულებრივი კაცი იყო, გარეგნულადაც ლამაზი, მაღალი, კარგი აღნაგობის; ტკბილი და ერთგული, ყველას მხარში ამომდგომი. თვითონაც დიდ სიღარიბეში იყო გაზრდილი და განსაკუთრებით ღარიბების დახმარება უყვარდა. 6 შვილი ვყავდით, 5 გოგო და ერთი ვაჟი. ყველაზე უფროსი მე ვარ. ახლა რომ საუბრობენ ბევრს კორონავირუსზე, მაშინაც იყო ასეთი ვირუსები. 25 წლის იყო ჩემი ძმა, აკაკი, როცა გარდაიცვალა. ასეთი გრიპი იყო, "ფესტივალს" ეძახდნენ. ახველებდა, სუნთქვა გაუჭირდა და გარდაიცვალა. მაშინ სად იყო საავადმყოფო და ექიმები. ჩემი ერთი და დარჩა ჩვენი მშობლების სახლში, ძველ სენაკში. არ გათხოვილა, ბავშვთა სახლიდან აიყვანა პატარა, რომელსაც ჩემი ძმის სახელი - აკაკი დაარქვა და მას ზრდიდა. მოულოდნელად დას ლეიკემია აღმოაჩნდა, მალე გარდაიცვალა. მაშინ ბევრს სურდა ამ ბავშვის აყვანა, მაგრამ ჩემმა დებმა ამაზე კატეგორიული უარი თქვეს და ჩვენ გავზარდეთ. ეს ბიჭი ჩვენს სახლში ცხოვრობს თავის არაჩვეულებრივ მეუღლესა და 6 შვილთან ერთად... ომის დროს ძალიან ჭირდა ცხოვრება, მაგრამ მეგრელებმა საოცარი გვერდში დგომა იციან. მამაკაცები ყველა სახლიდან ომში წაიყვანეს, ბევრი უკან ვეღარც დაბრუნდა. მახსოვს, ყანებს მეზობლები ერთად თოხნიდნენ. რაჭაში პატარა სასიმინდე აქვთ, სამეგრელოში კი დიდია, ჯარგვალივით. მაშინ სხვა დრო იყო. სკოლაში რომ დავდიოდით, ჩანთები სად იყო, წიგნებს სკოლაში გვირიგებდნენ. მაშინ ვერც წარმომედგინა, მასწავლებელს სახლში ძროხა თუ ჰყავდა. მახსოვს, ერთხელ რაღაცაზე გამიშვეს პედაგოგის სახლში და დავინახე, თოკით მოჰყავდა ძროხა, უკან კი ღორი მოჰყვებოდა. ამის დანახვაზე ისე დავიბენი, სათქმელი დამავიწყდა. ახლა მეცინება ამაზე. ისე, ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან ჩემი კლასელები და ერთად ვსწავლობდით.
- მიქაძეები როგორ აღმოჩნდნენ სამეგრელოში?
- მიქაძეები მეგრელი თავადები იყვნენ, ხობსა და სენაკში ჰქონდათ მიწები, კალიგრაფისტთა ცნობილი საგვარეულო იყო და ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტია. ბაბუაჩემის 4 ძმა ცხოვრობდა ძველ სენაკში, მერე ორი დარჩა იქ და ორი თბილისში გადავიდა... ეჰ, რთული ცხოვრება იყო... მამა ზაფხულში ყოველთვის აივანზე იწვა, კორიდორში მიჭედებული ჰქონდა ხის საწოლი. დედაჩემი ნამჯისგან გაკეთებულ საწოლში იწვა ყველაზე პატარა შვილთან ერთად, ჩვენ, უფრო დიდები კი იატაკზე ვშლიდით ლეიბს. ძალიან გვიყვარდა ზაფხულში მარტვილში, სოფელ სალხინოში სტუმრობა. მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით. დედაჩემი თოდუა იყო და გვიყვებოდა, მიურატების ბიჭებთან ერთად დადიანების ეზოში ხშირად ვთამაშობდითო. ჩვენც ვთამაშობდით ამ ეზოში, მდინარე წაჩხურაშიც ვბანაობდით. ოთხდოლაბიანი წისქვილი ჰქონდათ დადიანებს აშენებული. ძალიან კარგი დღეები მაქვს იმ ადგილებში გატარებული. ჩემი დეიდაც იქ იყო გათხოვილი და მასაც ხშირად ვსტუმრობდი. ამ ურთიერთობებმა მოიტანა დიდი სიყვარული. მაგალი თოდუა, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ჩემი ნათესავია, დედაჩემის ბიძაშვილი. მის ოჯახსაც უჭირდა, მაგრამ ძალიან უყვარდა სწავლა და 40 კილომეტრს სოფლიდან სენაკამდე ფეხით გადიოდა, მერე მამაჩემი აცილებდა თბილისში, წასასვლელ ფულს აძლევდა. ყველას გაუმართლა იმედი, ცნობილი პროფესორი გახდა და ბედნიერად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მის დედას მაკი ერქვა, კოჭებამდე თმა ჰქონდა. მასზე ერთ ამბავს გავიხსენებ. თურმე მაკი შეჰყვარებია თავის ბიძაშვილს. ეს გასაოცარი ამბავი იყო, როგორ შეიძლებოდა ბიძაშვილის შეყვარება? გოგო ოჯახს ვერ უმხელდა ამ ამბავს და ძალიან განიცდიდა. მაშინაც კოჭებამდე მუქი ოქროსფერი თმა ჰქონია და ერთ დღეს დედისთვის უთქვამს: ძალიან ცუდად ვარ, თავი უნდა გადავიპარსოო. გაგიჟდა თურმე დედამისი, რას ამბობო? მაგრამ დაიჟინა გოგომ, ისეთი თავის ტკივილი მაქვს, თუ არ გადავიპარსე, მოვკვდები და მაშინ მოგიწევს გარდაცვლილი შვილის თმის კედელზე ჩამოკიდებაო. ასე დაითანხმა დედა და გადაიპარსა თავი იმ იმედით, რომ ბიძაშვილი აღარ ეტყოდა, ცოლად გამომყევიო. თავშალწაკრული დადიოდა. ერთხელაც მოვიდა ბიძაშვილი იმავე თხოვნით, არ ეშვებოდა. ამანაც კარგიო, უპასუხა და გადაიძრო თურმე თავშალი. ამ ბიჭმა თავგადაპარსული რომ დაინახა, თურმე გაბრაზებულმა უთხრა, - ფუჰ, შენს თმას და შენს ქალობასო, ადგა და წავიდა. ამ ამბის მერე ისე დაიკარგა, მისი ადგილსამყოფელი ვერავინ გაიგო, არც მკვდარი უნახავთ და არც ცოცხალი...
კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემს ნათესავს ქმარი ღალატობდა, არადა, ისეთი ლამაზი ქალი იყო, ყველას ყურადღებას იქცევდა. თბილისში ცხოვრობდა, მეუღლეც გარეგნულად კარგი კაცი იყო. ცოლმა რომ გაიგო, ქმარი ღალატობდა, მასზე შურისძიება გადაწყვიტა. მახსოვს პატარები ვიყავით, მამას და დედას უყვებოდა ამ ამბავს. მე მეორე ოთახში ვიჯექი და ვისმენდი. ერთ დღეს თურმე ქმარი შინ მთვრალი დაბრუნდა, გაბრაზებულმა ცოლმა აიღო დაფქული წიწაკა და მძინარე ქმარს სასქესო ორგანოზე წაუსვა. მალევე მოესმა მისი გამწარებული ყვირილი, - მიშველე, ვკვდებიო. კაცი ადგილს ვერ პოულობდა, დაუსივდა თურმე და ისეთ დღეში ჩავარდა, ცოლსაც შეეშინდა, ექიმი მოიყვანა, რომელსაც უთხრა: არ ვიცი რა სჭირს, გაეღვიძა და მას მერე ასე ყვირისო. გაოგნებულა ექიმი. ამბობდა, 30 წელია ვმუშაობ და ასეთი რამე ჩემს პრაქტიკაში არ მინახავსო. გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ეტყობა ახალი დაავადებააო და ატყდა ამბავი. ძლივს გამოჯანმრთელდა ეს კაცი. ამის მერე თურმე მიუვარდა იმ საყვარელს, რა დაავადება გადამდეო და ატეხილა ერთი აურზაური. ასე იძია შური იმ ქალმა და ქმარს საყვარელი დააშორა.
- როგორია დღეს რაჭაში ცხოვრება?
- ადრე უფრო ხალხმრავლობა იყო, ახლა რაჭა ფაქტობრივად, დაცლილია. მოხუცებიც ზამთარში ძირითადად, შვილებთან მიდიან. იქ ძალიან ცოტანი რჩებიან. ზაფხულობით კი აჟრიამულდება იქაურობა. კარგი იქნება, თუ მიაქცევენ სოფლის განვითარებას ყურადღებას. ეს ლამაზი მხარე არ უნდა დაიცალოს, ახალგაზრდებს იქ დაბრუნების სურვილი უნდა გაუჩნდეთ. ულამაზესი ბუნებაა. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, სიამოვნებით წავიდოდი ისევ რაჭაში. ძალიან მიყვარს იქაურობა. აქ შვილიშვილები მართლა არაფერს მაკლებენ. ყველას რაღაც მოაქვს ჩემთვის, სულ მათი მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ ვარ, მაგრამ არ მიყვარს ოთახში ყოფნა და ამიტომ სულ ვამბობ, აქ მონობაში ვარ-მეთქი.
ზოგადად, ზრდილობას ვაქცევ დიდ ყურადღებას და ამას ვასწავლიდი შვილიშვილებსაც. ვერ ვიტან უწესრიგობას. ტელევიზორის ყურება მიყვარს. ერთხელ ბარაკ ობამას შეხვედრა ჰქონდა 4 კაცთან, ის ფეხზე წამოდგა, სკამს მოჰკიდა ხელი. ვფიქრობ, - აბა, რას იზამს ახლა ბარაკ ობამა, როგორ მოიქცევა? მაინტერესებს, შეწევს თუ არა სკამს თავის ადგილას. სკამს ხელები მოჰკიდა და ჩვენებურად, მეგრულად გაასწორა. გამიხარდა, ზრდილობიანად მოიქცა.
- თქვენს ქალიშვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. როგორ ზრდიდით მათ?
- ძალიან მიყვარდა წიგნის კითხვა და გოგონებიც პატარა ასაკიდან კითხულობდნენ. საჭმლის საყიდლად ქუჩაში გასულს ყოველთვის მომქონდა ახალი წიგნი. იყო ლიტერატურა, რომელიც არ მინდოდა წაეკითხათ და საგულდაგულოდ ვუმალავდი. თურმე, მაინც პოულობდნენ. ციცინომ 4 წლიდან ისწავლა კითხვა, ნანულიმ - 5 წლისამ. მე რომ სამსახურში ვიყავი, გოგონები თურმე გაიპარებოდნენ ქუთაისში, ბიბლიოთეკაში და იქაც კითხულობდნენ. არადა, გზა იყო გადასაჭრელი, სადაც სულ მანქანა მოძრაობდა და მეშინოდა. ციცინო 11 თვით უმცროსია ნანულიზე. დები იმაზე ჩხუბობდნენ, პირველი რომელი წაიკითხავდა ახალ წიგნს. ერთხელ წიგნის გამო ნანულიმ მაკრატელი ჩაარტყა წვივში ციცინოს და სახლში დაბრუნებული ძალიან გავუბრაზდი. ნანულიმ წერა ადრე დაიწყო და პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია, ლექსებსაც წერდა. გოგონები რომ გათხოვდნენ, ის წიგნები, ჩვენი დიდი ბიბლიოთეკა თავიანთი შეხედულებისამებრ გაყვეს: ციცინოს მხატვრული ლიტერატურა ერგო, ნანულიმ ენციკლოპედია-ლექსიკონები და შემეცნებითი წიგნები აარჩია.
ნანული წლებია ჟურნალისტია, ქუთაისში ცხოვრობს, რამდენიმე წიგნის ავტორია, ორი კარგი ბიჭი ჰყავს. მეუღლეც არაჩვეულებრივი ჰყავდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ციცინო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ცნობილი სპეციალისტია, ჩემი სიძე ზურაბ როსტიაშვილია. გაზარდეს სამი კარგი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. ციცინოს უყვარს თევზაობა, კულინარია, ქსოვს, კერავს, ქარგავს... ყველაფერი გამოსდის ხელიდან. მართლა ბედნიერი დედა ვარ, რომ ასეთი შვილები გავზარდე.
ყველას გვაქვს ოჯახში ისეთი ნივთები, რომელთაც საკუთარი ისტორია აქვს. ჩემს სახლშიც იყო ასეთი მწვანე ტოტებით მოჩითულ-მოარშიებული დიდი თეფშები, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებოდით მე და ჩემი დები. ეს თეფშები დედას, ძაძუ თოდუას უფროსმა ბიძაშვილმა, ჯუბუ თოდუამ აჩუქა. ქორწილში საჩუქრად მიურთმევია. დედას ბიძაშვილი ისე განსაკუთრებულად უყვარდა, სიკვდილამდე სულ მას იფიცებდა. დედა რომ გარდაიცვალა, ეს თეფშები ჩემმა დებმა ძველი სენაკის ოდა-სახლის ბუფეტიდან გამოალაგეს და სახსოვრად უფროსმა და უმცროსმა დებმა თანაბრად გავინაწილეთ. მე 6 ცალი მერგო. ეს თეფშები გავყავი, სამი ნანულის მივეცი, სამი - ციცინოს და ძალიან უფრთხილდებიან...
ტრაგიკული ამბავი გადახდა ჯუბუ თოდუას. ის სალხინოელი იყო, მთელ კუთხეში გამორჩეული ვაჟკაცი, ცხოვრების წესითაც, აღნაგობითაც, მოზომილი სიტყვა-პასუხითაც. ქეიფი და მოლხენა უყვარდა. დიდი სამეგობრო ჰყოლია მარტვილსა თუ სენაკში. ისე მოხდა, რომ ერთი ლამაზი გოგო შეჰყვარებია, გოგოს კი სხვა ჰყვარებია. მაგრამ ჯუბუს საბედისწერო ნაბიჯი გადაუდგამს და თავისი რჩეული მოუტაცია, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა ცოლ-შვილთან ბედნიერად ყოფნა. ერთი შვილი ჰყავდათ. ერთ დღეს, მარტვილიდან სენაკში მიმავალს, გზაზე ღვინის გამყიდველი დახვედრია. იქვე სუფრაც ჰქონიათ ბიჭებს გაშლილი. დაპატიჟეს თურმე ჯუბუ და მოწამლული ღვინო დაალევინეს. მერე გაირკვა, რომ ცოლის ყოფილმა შეყვარებულმა ასე იძია შური მასზე, საგანგებოდ დაახვედრა თავისი ამხანაგები, რომელთაც მოწამლული ღვინო შეასვეს გულით მიმნდობ ვაჟკაცს. მოკვდა ჯუბუ. ერთხელაც, შემოდგომის მზიან დღეს, როცა მისი ოჯახის ქალები ეზოში სიმინდს არჩევდნენ, იქვე, აკვანში კი მამით ობოლ მის პატარა ბიჭს ეძინა, ღობის იქიდან ნაცნობმა ხმამ ნიშანი მისცა ჯუბუს ცოლს და ისიც გახარებული გაფრინდა თავის შეყვარებულთან. არ მოუტანა ბედნიერება სხვისთვის წართმეულმა სიყვარულმა დედას ბიძაშვილს, სრულიად ახალგაზრდა და გაუხარელი წავიდა იმ ქვეყნად. დედისგან მიტოვებული მისი ბავშვი კი ჯუბუს დამ საკუთარი შვილივით გაზარდა.
თეა ხურცილავა