ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების საიდუმლო და საყვარელი საქმიანობა - გზაპრესი

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების საიდუმლო და საყვარელი საქმიანობა

ფოტოგრაფიით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა და პირველი კადრიც გუშინდელივით ახსოვს... წლები გადის, მაგრამ ფოტოხელოვნება მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება - სიყვარულად, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ცნობილი ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი, სახელმწიფო პრემიისა და „ოქროს ფრთის“ ლაურეატი ბადრი ვადაჭკორია გვიამბობს:

- დაახლოებით მე-6 კლასში ვიყავი, როცა გურამ თიკანაძის შესახებ შევიტყვე - ის უდიდესი ქართველი ფოტოგრაფი და მთამსვლელი იყო, რომელიც მთების სიყვარულს შეეწირა. მე არა მარტო მისი პიროვნებით, ფოტოგრაფიითაც დავინტერესდი. გურამ თიკანაძის ცხოვრება ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო და მათ შორის მეც ვიყავი. მართალია, ერთხანს რეჟისორობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ბოლოს მაინც ჟურნალისტიკამ და ფოტოგრაფიის სიყვარულმა გადამიბირა.

- პირველი ფოტო როგორ გახსენდებათ?

- ხშირად ვამბობ, რომ პირველი კადრი და პირველი ფოტო პირველ კოცნას ჰგავს - არასდროს გავიწყდება. სპეციალობით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ ორ საქმეს ერთმანეთს კარგად ვუხამებდი: უმეტესად, ტექსტის და ფოტოს ავტორი მე ვიყავი. სტუდენტობის წლებში გავხდი საქართველოს ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი, სადაც 35 წელი ვიმუშავე. დიდხანს ვთანამშრომლობდი ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია ფოტოგრაფია არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაშიც. ფოტოგრაფიამ იმდენი რამ შემოგვინახა, იმდენი ისტორიული მოვლენა გახადა თვალსაჩინო, რომ მისი როლის შეფასება ძნელია, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ახლაც, ჩემს ოჯახურ ალბომს რომ ვათვალიერებ და 50-60 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს ვხედავ, ვხვდები, ეს ჩემი ცხოვრების და ჩემი ოჯახის ისტორიაა.

- ეთანხმებით აზრს, რომ მხატვრობა ყველაზე ახლოსაა ფოტოგრაფიასთან?

- რასაკვირველია. ამიტომ არ მიკვირს, რომ ჩემი ფოტოების მიხედვით, თავისი ტილო ბევრ ცნობილ მხატვარს შეუქმნია. პირველივე შეხვედრაზე დიდმა ზურაბ წერეთელმაც კი მითხრა, შენს რამდენიმე ფოტოს დავხატავო.

- რა სჭირდება ფოტოგრაფს, რომ საინტერესო ფოტოები გადაიღოს და თავის საქმეში ცნობილი გახდეს?

- მე ახალბედა კოლეგებს ასე ვურჩევ: რაც შეიძლება ბევრი ფოტო გადაიღეთ, მაგრამ გადაიღეთ ის კადრი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, რომელიც თქვენს გემოვნებას შეეფერება. მერე ბევრ ადამიანს აჩვენეთ, დადეთ ინტერნეტში, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში და თუ ხალხს მოეწონება, ე.ი. კარგი გამოვიდა, თუ არადა, არა უშავს, ბედი კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ-მეთქი. ეს არის კარგი ფოტოს შექმნის მთავარი გასაღები. ფოტოგრაფისთვის მთავარი გემოვნებაა, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტექნიკური უნარ-ჩვევები; ძალზე მნიშვნელოვანია კომპოზიციას როგორ შეადგენ და დანარჩენი წამის მეასედში ხდება. ფოტოგრაფია არაჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ადამიანს ძალიან დიდ ფიზიკურ და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს. წარმოიდგინეთ, სოლოლაკში, ჩემი პატარა ქუჩაც კი ვერ ამოვწურე.

sameba-copy-1707669095.jpg

- ბატონო ბადრი, თქვენს ნამუშევრებში, ერთი შეხედვით, პეიზაჟები ჭარბობს...

- პორტრეტებსაც დიდი სიამოვნებით ვიღებ და პეიზაჟებსაც. ვცდილობ, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე ფოტოებზე გადმოვიტანო. ყოველთვის ვიღებ იმას, რაც განსაკუთრებით მომწონს, რადგან ვიცი, ის ჩემს გულშემატკივრებსაც მოეწონებათ. ყველაზე კარგი სეზონი ფოტოგადაღებისთვის გაზაფხული და შემოდგომაა, თუმცა, საქართველოში ნებისმიერ სეზონზე იმდენ ფერს აღმოაჩენ, რომ გაოცებული და გაოგნებული რჩები... გამოგიტყდებით, ფოტოგრაფიაშიც არის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს - ფოტონადირობაა. განსაკუთრებული გატაცებით, ფრინველებსა და ცხოველებზე "ვნადირობ".

- საქართველოს რომელ მხარეებში "ნადირობთ" ხოლმე?

- ჯავახეთი საოცარი მხარეა - ეს არის ტბების საუფლო, რომელიც საქართველოს არც ერთ კუთხეს არა ჰგავს. როგორ ფრინველებს არ ნახავთ იქ: გედები, ვარხვები, ფლამინგოები და პელიკანები ყოველთვის ხვდებიან ჩემს ობიექტივში. ჯავახეთში ბევრი ლამაზი ტბა და უამრავი საინტერესო ფრინველია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საოცრად ფერადი და ფოტოგენური ქვეყანაა, სადაც ადამიანი ყველაფერს მოიძიებს, აქაც არის გამორჩეული ადგილები და ერთ-ერთი სწორედ ჯავახეთია. ძალიან მომწონს თუშეთი და სვანეთი, საოცარი ბუნებაა გურიაში, რომელსაც ულამაზესი გომის მთა და ბახმარო ამშვენებს. ამ ადგილებში ამოუწურავი მასალაა ფოტოგრაფისთვის, რადგან ყოველ ნაბიჯზე ზღაპრული ფერები და პეიზაჟებია. არაჩვეულებრივი მხარეა მთიანი აჭარა, სადაც საოცარი ხალხი ცხოვრობს. იქ ისეთ ადამიანებს წააწყდები, რომ მათი პორტრეტების შექმნა დიდი სიამოვნებაა.

- ესე იგი, ფოტოგენური ადამიანებიც არსებობენ, ქვეყნებიც და რეგიონებიც?

- რასაკვირველია, ასეა... თბილისშიც არის ადგილები, რომლებსაც ყოველთვის ინტერესით და სიამოვნებით ვიღებ, რადგან ამ უძველეს, იდუმალ ქალაქში ყოველ დილით რაღაც სიახლეს აწყდები. როდესაც პეიზაჟს იღებ, იმ განათებით და რაკურსით უნდა გადაიღო, რომელიც შენ მოგწონს. დიდი მნიშვნელობა აქვს ათვლის წერტილს და ტექნიკურ მხარესაც. მე ჩემი ფოტოების შემოწმების გამოცდილი და საიმედო მეთოდი მაქვს: ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე ვდებ და თუ შევატყობ, ბევრს მოეწონა, ე.ი. კარგი ფოტო გადამიღია. ეს, ყველაზე ადვილი და უტყუარი გზაა ახალი ფოტოების შესაფასებლად.

- საქართველოს გარდა, კიდევ რომელ ქვეყნებში დაგხვდათ განუმეორებელი ფერები?

- მსოფლიოს მრავალ წერტილში ვარ ნამყოფი, მაგრამ აზიური ქვეყნები ყველასგან გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითად: ვიეტნამი და ინდოეთი, სადაც ლამაზი ფერები ჭარბობს. უაღრესად საინტერესო ქვეყანაა თურქეთი, სადაც დიპლომატიურ სამსახურში ოთხ წელიწადზე მეტი გავატარე. სტამბოლი საოცარი ქალაქია, ბოლოს და ბოლოს, ეს ყოფილი კონსტანტინოპოლია და თავისი სიძველის გამოც არის მიმზიდველი, საინტერესო. ლამაზია კაბადოკია და ეფესო, სადაც უამრავი საინტერესო ადგილია - ეს ქალაქები ფოტოგრაფისთვის ნამდვილი მიგნებაა.

- ნათქვამია, ყველა წარმატებული კაცის უკან, ჭკვიანი და ძლიერი ქალი დგასო. თქვენც ეთანხმებით ამ გამონათქვამს?

- დიახ, ასეა, რადგან ჩემი მეუღლე თამილა ხურციძე განუმეორებელი ადამიანი იყო. 36 ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად და ამ ხნის განმავლობაში, ერთი სერიოზული კამათიც არ მოგვსვლია. ეს იყო საოცარი ადამიანი, რომელსაც უსასრულოდ ვუყვარდი და ვუყვარდი არა თავისთვის, არამედ ჩემთვის. როცა ადამიანში ეგოიზმის ნასახიც არ არის, ეს იშვიათი მოვლენაა. იმის საჩვენებლად, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა, ხშირად ვყვები მილა იოვოვიჩთან გადაღებული ფოტოს ამბავს: ჩემმა მეუღლემ ეს ფოტო რომ ნახა, მისაყვედურა, როგორ მომჭერი თავი, ეს ანგელოზივით გოგო შენთანაა ჩახუტებული, შენ კი ჩანთას ჩაჰფრენიხარო.

- ამდენი წლის განმავლობაში ბედნიერი ოჯახის შენარჩუნება რთული არ არის?

- არა, როცა გვერდით ისეთი მეუღლე გყავს, როგორიც მე მყავდა. პირველად საქმის გამო შევხვდით, მერე კი აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო შეხვედრა არ იყო და თურმე, ჩემთვის შევხვედრივარ... ძალიან სიმპათიური, სასიამოვნო ადამიანი იყო და გარეგნობაც ასეთივე ჰქონდა. ჩემი აზრით, მტკიცე ოჯახის საფუძველი და საიდუმლო სიყვარულია. როცა ერთად ცხოვრებას პრეტენზიებით იწყებენ, ასეთ ოჯახში ბზარიც იოლად ჩნდება და უთანხმოებაც მალე იწყება. ოჯახში რაღაცები უნდა აიტანო, სხვაგვარად, ვერ შეინარჩუნებ, მაგრამ მე ამ მხრივაც გამიმართლა: 36 წელი ისე ვიცხოვრე, ასატანი არაფერი მქონია. ჩვენ შორის კამათი ხუმრობითაც კი არ ყოფილა.

batumi-copy-1707669082.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

- პირველ ყოვლისა, ფოტოგრაფს სილამაზის შეგრძნება უნდა ჰქონდეს. მე არანაირი წარმატების ფორმულა და საიდუმლო არა მაქვს: ვაკეთებ იმას, რაც მინდა, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მიხარია. ყოველთვის ვცდილობ, გადაღებამდე ბუნებრივი, ლამაზი კადრი შევარჩიო, ცხადია, განათებასაც საგანგებოდ ვარჩევ. როგორც ყველა ფოტოგრაფი, შინაგანად თავისუფალი ვარ, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ დედამიწა ჩემ ირგვლივ ტრიალებს და მზე ჩემ გამო ამოდის. მთავარი საიდუმლო კი ისაა, რომ შენი საქმე გიყვარდეს და გულით აკეთებდე. მე კარგა ხანს ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში, აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყანაში აკრედიტებული ჟურნალისტი, მაგრამ ფოტოკამერა ხელიდან არასდროს გამიშვია, ფოტოგრაფია არასდროს დამვიწყებია. მარტო საქართველოსა და თბილისზე 18 საავტორო ალბომის ავტორი ვარ, გარდა ამისა, 13 წიგნი მაქვს გამოცემული ჩემივე ავტორობით. ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწია პალიტრა L"-მა და "ბიბლუსმა". მთელი ჩემი შემოქმედება საქართველოს ეხება, რადგან სამშობლოზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში არაფერია.

- თქვენს ფოტოებს ყოველთვის დადებითი ემოციები მოაქვს, ეს თქვენი ხასიათია?

- დიახ, ჩემს ფოტოებზე ნეგატიურ განწყობას ვერ ნახავთ, რადგან სულ ვცდილობ, ადამიანებს კარგი განწყობა შევუქმნა. ჩემი სურვილია, ეს ფოტოები მნახველებმა სიამოვნებით დაათვალიერონ და განწყობა აუმაღლდეთ. ცხოვრებაში ცუდი ისედაც ბევრია, ამიტომ ვცდილობ, კარგი დავინახო. მიხარია თუ ამას ვახერხებ და ფოტომოყვარულები ჩემს მცდელობას სწორად იგებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე