ვანო ხორნაული - ფშავ-ხევსურეთში ხალხური საუნჯის ერთადერთი პროფესიონალი შემკრები - გზაპრესი

ვანო ხორნაული - ფშავ-ხევსურეთში ხალხური საუნჯის ერთადერთი პროფესიონალი შემკრები

დიდი გატაცებით, უანგაროდ და სიყვარულით ემსახურა ვანო გიორგის ძე ხორნაული ქართული ხალხური სიტყვიერების შეკრებისა და პოპულარიზაციის საქმეს. იგი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ფშავ-ხევსურეთში ხალხური საუნჯის ერთადერთ პროფესიონალ შემკრებად ითვლებოდა. ვანო ხორნაულის შესახებ საუბრობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნანა კოტეტიშვილი, რომელიც ძველი ქართულის სპეციალისტია, თუმცა მისთვის ფოლკლორი ყოველთვის წამყვანი იყო, რადგან ვახტანგ კოტეტიშვილი მისი ბიძა გახლდათ, ხოლო ვანო ხორნაულის შვილი - გიგი ქალბატონი ნანას მეუღლეა.

- ხალხური პოეზიისა და ქართული სიტყვის განსაკუთრებული სიყვარული გამოჰყვა ფშავში, სოფელ კაწალხევში დაბადებულ ვანოს, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა ფშავის ულამაზეს ბუნებას, საარაგვოს მთებს, წყალ-ჭალებს. ვანო ხორნაული ნამდვილი მთიელი ვაჟკაცი იყო, კარგი მონადირე, გამრჯე მეურნე, პოეტური ბუნების, მოკაფიავე, მომლხენი, ფანდურზე ხალხური ლექსების შემსრულებელი. ფშავ-ხევსურეთში ცნობილი ვანო მთის კოლორიტული პიროვნება იყო თავისთავადი ბუნებით, გარეგნობით, ხასიათით და ცხოვრების წესით. მამამისი - გიორგი ბლოელ ხევსურთა ჩამომავალი, განათლებული, ვაჟკაცობით განთქმული, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე გახლდათ. ვაჟა ხშირად დადიოდა მასთან და სარგებლობდა გიორგის უნიკალური ბიბლიოთეკით, რაც მაშინ ფშავში იშვიათობას წარმოადგენდა. გიორგი ხორნაული მდიდარი კაცი ყოფილა, ფშავ-ხევსურეთის "აბეშჩიკი“ (მეტყევე). 3000 სული ცხვარი ჰყავდა. პირველმა მან აიშენა კაწალხევში ორსართულიანი, თუნუქით გადახურული სახლი. ის 1916 წელს ფშავში, ბუსნის ჭალას მოკლეს (როგორც მდიდარი), მისი ქონება კი დაიტაცეს. ვანოს დედამ, ფშაველმა ბაბალე ცოკილაურმა ოთხი ობოლი გაზარდა, ორი ვაჟი და ორი ქალი. ვანო და-ძმებში უფროსი, 10 წლისა იყო. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჯერ თბილისის მუშფაკში მიიღო განათლება, შემდეგ ზოოვეტერინალური ინსტიტუტი დაამთავრა, დაუბრუნდა სოფელს, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. თავდადებით ემსახურებოდა მეცხოველეობის განვითარების საქმეს. წიგნიერი ვანო ბევრს კითხულობდა. მან დაუსწრებლად დაამთავრა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამ პერიოდში გაიცნო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც ვანოს ნათესავის, მწერალ ლადო ბალიაურის უახლოესი მეგობარი იყო. მათ ირგვლივ გაერთიანდა 40-იანი წლების ნიჭიერ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი და მათ შორის იყო ვანოც, რომელსაც უკვე გამოცემული ჰქონდა „ფშაური მილექსებანი“ (წიგნი 1939 წელს დაიბეჭდა). ვანო ხორნაული გახდა კოტე ხიმშიაშვილის რომანის „ჯონქა ხორნაულის“ მთავარი გმირის პროტოტიპი. როდესაც დააპატიმრეს ე.წ. შეთქმულთა ჯგუფი - კოტე ხიმშიაშვილი და მასთან ერთად ცხრამეტი ახალგაზრდა, ვანო ხორნაულმაც ამ საქმის გამო ციხეში ერთი წელი დაჰყო. მას ფშავ-ხევსურეთში ყველა იცნობდა, როგორც უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლს. ფშავში, სოფელ მაღაროსკარში გახსნა სკოლა, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. შემდეგ ის აირჩიეს სოფელ ზემო თიანეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ბოლოს ისევ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. გარდაიცვალა 1993 წელს, 88 წლის ასაკში. დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე.

ვანო ხორნაულმა 15 წლის ასაკიდან დაიწყო ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეგროვება. ჯერ თითქოს გატაცება იყო, შემდეგ პროფესიად ექცა. სადაც უნდა ყოფილიყო: ხატობაში, ქორწილში, ნათლობაში, ჭირსა თუ ლხინში, ყველგან თან დაჰქონდა რვეული და კალამი. იწერდა ყველაფერს, რასაც ხალხში გაიგონებდა: ლექსებს, მილექსებებს, ანდაზებს, ზღაპრებს, ხალხურ იუმორს, წამლეულობას, ადგილობრივ ლექსიკას. ეს ყველაფერი მისი შვილის, გიგი ხორნაულის მიერ გამოცემულ „ფშაურ ლექსიკონშია“ შეტანილი. ვანოს თვითონაც ეხერხებოდა, მისივე სიტყვებით, „ცოტ-ცოტად ლექსის თქმა“ და ფანდურზე დამღერება. ხშირად პირველ ადგილზეც გასულა სხვადასხვა შეკრებაზე, რადიოთიც გადაუციათ სიმღერა მისი შესრულებით.

ვანო ხორნაული მოესწრო ფშაური კაფიის ცნობილ მოლექსეებს: მღვდელ ღვთისო ქისტაურს, უძილაურ ჭრელას, ყრუვ გიორგის, ფრუშკას, შეთეს, მბღავან დავითს. სახალხო მთქმელებს: მიხა ხელაშვილს, გიორგი წიკლაურს, გოგი ჭიჭოშვილს და სხვებს. მიხა ხელაშვილის ლექსები ვანო ხორნაულმა შემოუნახა ქართველ ერს. მიხა მას უგზავნიდა ლექსებს ფანდურზე დასამღერებლად და ხალხში გასავრცელებლად. ამიტომ მასთან აღმოჩნდა უამრავი მასალა. მან კლდის ეხში დამალა ეს ლექსები, რომ არავის გაენადგურებინა. 1936-39 წლებში საქართველოს გეოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის საზოგადოებისაგან საგანგებოდ დაევალა ვანო ხორნაულს ფშავ-ხევსურეთში შეეგროვებინა ხალხური სიტყვიერების სხვადასხვა ჟანრის მასალა. ამ საზოგადოებამ შეკრებილი მასალების ნაწილი გამოსცა „ფშაური მილექსებანის“ სახელწოდებით. მილექსებაში ნახსენები სახელები: გოგიტი, სახელა, რუსა, ხოხა, ჩუგუა, მერცხალა, მჭადა, ჯოყელა და სხვები, განთქმული მოლექსეები იყვნენ. ფშაურ მილექსებასთან ერთად, ამ კრებულში შესულია ფშაური საყოფაცხოვრებო ლექსები და ნიმუშებიც.

nana-copy-1707669329.jpg

მილექსება ფშავში გავრცელებული ჩვეულებაა და იციან ხატობაში, ქორწილში, ნათლობასა და სხვა თავყრილობების დროს. ვანო ხორნაული აღწერს, თუ რაში მდგომარეობს მილექსების თავისებურება. მილექსება იციან სიმღერით. დამწყებს ბანს ეუბნებიან მებანენი და თვით მოპაექრეც. თუ მიმლექსებელთაგანმა საპასუხო სიტყვა ვერ მოასწრო, მაშინ ისევ გამარჯვებული ეტყვის შაირს. ისეც ხდება, რომ დამარცხებულს მებანეებიდან გადმოეშველებიან ხოლმე. ასეთი მილექსება ორ ან სამ პირს შორის გრძელდება ზოგჯერ ერთი საათიც კი, სანამ ერთ-ერთი მოჭრილი სიტყვით არ დაამარცხებს მეორეს, რადგან ეს მოსწრებული სიტყვა სინამდვილესთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ, ხმა აღარ ამოეღება. ასეთი მილექსების დროს ბევრი ლექსი ითქმის, ხოლო დაიხსომებენ მთავარს - რითმით დაბოლოებულ, მოსწრებულ პასუხს.

ფშაველს ეხერხება ლექსსა და მილექსებაში უსულო საგნებისა და ცხოველების ამეტყველება, - აღნიშნავდა ვანო ხორნაული, რომელთა პასუხს თვითონვე მღერის და თავს მიალექსებს. მაგალითად: „ხმალ გასჭერ, თორო გაგყიდი,/ ვაჭარი ამიჩენია!/ - რად ეგრე, ჩემო პატრონო,/ რა წუნი შაგიმჩნევია?/ მამიკლავ შენი მამკლავი,/ ჯავრი არ შამირჩენია“. ან ვითომ ძაღლმა მიალექსა პატრონი: "ფრთხილად იარე, ძობანავ,/ აქ ცუდ გზებია ზოგანა!/ - რაღა ჩვენდ არი ცუდ გზები,/ სულ ესრე დადის ქოყანა!“ ვანო ხორნაული გვაწვდის ცნობას იმის შესახებ, რომ წინათ მთის ადათით, ქალები მამაკაცებთან პურის ჭამის და არყის სმის დროს ვერ დასხდებოდნენ, მაგრამ თუ ქალი მოლექსე იყო, მას „მოიხდენდნენ თავის გვერდზე და ალექსებდნენ“. ფშავლები თავის მილექსებაში დასცინიან გაურჯელ და ზარმაც ადამიანს. ვერ ითმენენ ისეთ გლეხს, ვინც ვერ დახვდება სტუმარს და მოკეთეს, ვერ გაუმკლავდება კარზე მომდგარ უბედურებას. ქურდიც უშრომელივით ეჯავრება ფშაველს. „თივას ნუ მპარავ, ჩოთეშავ,/ მეც ლუბადა მყავ ღვინაო,/ - ეგ მაშინ მოთიბულია/ შენ რომ გრილოში გძინაო“. მილექსებით ცუდს დასცინიან, კარგს აქებენ, უმოქმედოს აამოქმედებენ და მშრომელს ახალისებენ.

„ფშავ-ხევსურული პოეზია“ - შედგენილი ვანო ხორნაულის მიერ, გამოცემულია თბილისში, 1949 წელს. კრებულში შეტანილია და ცალკე თავებად გამოყოფილია ლექსები: საისტორიო-საგმირო, საყოფაცხოვრებო, ნადირობასა და მწყემსობაზე, გალექსებანი, ნარევი - და შენიშვნები. ფშავ-ხევსურული პოეზიის ეს კრებული მხოლოდ ნაწილია იმ მრავალრიცხოვანი მასალისა, რომელიც ვანო ხორნაულმა მთის მოსახლეობაში შეკრიბა. მას ხალხური ლექსების დიდი ნაწილი ზეპირად ახსოვდა. ძველ მოლექსეთა შემოქმედებაში ასახულია მთიელ ხალხთა ცხოვრება: ეკონომიური სიდუხჭირე, უცხო ტომების თარეში, განუწყვეტელი თავდასხმები თემებისა ერთი-მეორეზე, ზურაბ ერისთავის სისხლიანი ლაშქრობები ფშავ-ხევსურეთში და სხვა. „ყმა უმღერალი არ ვარგა,/ ვაჟკაცი უხელებელი,/ ვაჟკაცსა უხელებელსა,/ გველი სჯობ უხსენებელი“. კრებულში შეტანილია ლექსები წუთისოფელსა თუ საწუთროზე, სადაც ასახულია ხალხური წარმოდგენა მარადიულ ღირებულებებზე, მათი ფილოსოფიური მრწამსი: „ვინაც საწუთროს ენდობა,/ ისიც თავისა მტერია“.

ამ პერიოდში შექმნილ ლექსებში გადმოცემულია სამამულო ომის ეპიზოდები. განსაკუთრებით საყურადღებოა ფრონტელების, ლუკა მახაურის „ომია გახურებული“ და პავლე ბოძაშვილის „ფშაველი ომში“. ეს ლექსები მშობლიურ ფშავში წერილის სახით გამოგზავნილი, შემდეგ ზეპირად გავრცელდა. ფშავ-ხევსურებმა განსაკუთრებულად უმღერეს კავკასიის გმირულ ეპოპეას. 1942 წელს, როდესაც თერგის ხეობასთან მძვინვარებდა ომის ცეცხლი, ხევსურმა გ. ჭინჭარაულმა დაწერა ლექსი „ომია მყინვარწვერზედა“. იყვნენ ისეთი ნიჭიერი მთქმელებიც, რომელთაც სხვათა მიერ შექმნილი ლექსების მდიდარი რეპერტუარი ჰქონდათ: პავლე ობგაიძე, ს. ჟამიაშვილი, ალ. ქეშიკაშვილი, ალ. ჭოლიკაშვილი (იგი ავტორ-მთქმელიცაა), ალ. ბექაური, მართა და მაია ხორნაულები... ისეც ხდება, რომ ავტორ-მთქმელებს საკუთარი ლექსი ავიწყდებათ და ხშირად სხვა პირისგან უხდებოდა ჩაწერა ვანო ხორნაულს.

vano-xornauli-meuglestan-da-shviltan-gigistan-ertad-1707669319.jpg

„ქართული ანდაზების“ კრებულის პირველ გამოცემაში ვანო ხორნაულის მიერ ფშავ-ხევსურეთში შეკრებილ ანდაზებს წიგნის მეორე ნაწილი დაეთმო. მეორე გამოცემაში კი, რომელიც ზ. ჭუმბურიძის რედაქტორობით გამოვიდა 1984 წელს, მხოლოდ მისი მასალაა შეტანილი. ანდაზების რაოდენობა ორი ათასს აჭარბებს. აქ ბევრია ნაკლებად ცნობილი და სრულიად უცნობი ანდაზა. ვანო ხორნაულის მიერ შეკრებილი ანდაზები ფასეულია იმდენად, რამდენადაც უმეტესობა ფშავ-ხევსურეთშია შეკრებილი, რაც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ეს მასალა საქმის ცოდნითა და სიყვარულით, მთაში სათუთად არის ნაგროვები. საინტერესოა ანდაზის ვარიანტული ცვლილებანი. ურითმო ანდაზების ვარიანტები გარითმულია. „მანამ თონეა ცხელიო, პური დააკარ სქელიო“, „მწყერი არ შეჯდა ხესაო, არც უგვარობდა ესაო“ და სხვა. ზოგ ანდაზას არსებითი ცვლილება განუცდია. მაგალითად, „მიჰყე, მიჰყე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა“, ვანო ხორნაულის ვარიანტით ასეა - „ემსახურე სიმართლესა, არ დაგილევს სინათლესა“.

ვანო ხორნაულის მიერ ჩაწერილი ტექსტები გამოირჩევა ადგილობრივი დიალექტისა და წეს-ჩვეულებების ზედმიწევნითი ცოდნით. მის მიერ მოძიებული დიდძალი მასალა, მისივე სიტყვებით, ოც ტომს მაინც შეადგენს. ამ ხალხური ტექსტებიდან ზოგი დაცულია ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების არქივში, ნაწილი გამოქვეყნებულია „ქართული ხალხური პოეზიის“ აკადემიურ გამოცემაში. მასალის დიდი ნაწილი საოჯახო არქივშია.

ფშაურ კაფიას არაერთი მკვლევარი იკვლევდა, მაგრამ მან პირველმა მიაქცია ყურადღება ფშაურ მილექსებანს და ცალკე ჟანრად გამოყო. ვანო ხორნაულის მიერ მოძიებული მასალის უმეტესი ნაწილი მხოლოდ მისი ჩანაწერით შემოგვრჩა, ამიტომ ითვლება, რომ მას განსაკუთრებული მეცნიერული ღირებულება აქვს. მან შეძლო უამრავი მასალიდან ნაწილი სისტემაში მოეყვანა და წიგნებად გამოეცა. ამ საგანძურს მოვლა-პატრონობა, გაფრთხილება და გამომზეურება უნდა, რადგან ეს ყოველივე ერის შემოქმედებაა, მისი სულისა და გულის ნაწილია.

ნანული ზოტიკიშვილი