მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და თეატრში ნაპოვნი ნამდვილი სიყვარული - გზაპრესი

მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და თეატრში ნაპოვნი ნამდვილი სიყვარული

ალბათ თითოეულ ჩვენგანს იშვიათად ხვდება ადამიანი, ვინც თავის გრძნობებზე ისე ღიად, გულწრფელად, მადლიერების განცდით საუბრობს და ისეა შეყვარებულია თავის მეუღლეზე, როგორც მამუკა მაზავრიშვილი. მსახიობს ახმეტელის თეატრში შევხვდი, სადაც 25 წელია სცენაზე დგას და დაახლოებით ამდენივე დროა გასული მას შემდეგ, რაც მის გვერდით ასევე მსახიობი თამარ ბეჟუაშვილია...

თეატრის გავლენა

- ჩემი ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი გამორჩეულად მახსოვს: მაშინ ბაღში დავდიოდი, ჩემებმა ხის სარწეველა ცხენი მიყიდეს და ამის გამო ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რამდენიმე წლის მერე კი ძალიან დამამახსოვრდა, როცა მამიდაჩემმა ველოსიპედი „შკოლნიკი“ მიყიდა. უბედნიერესი ვიყავი ამ ფაქტით (იღიმის). „ძველი ვოდევილები“ იყო სპექტაკლი, რამაც სკოლის მოსწავლე აღმაფრთოვანა. ალბათ ეს შეიძლება ავიღოთ ათვლის წერტილად, რომ მე თეატრით დავინტერესდი. არ ვიცი, რამდენად საჭიროა ამის თქმა, მაგრამ ძალიან ცელქი ვიყავი და მაშინდელ მილიციაში, ბავშვთა ოთახში აღრიცხვაზე გახლდით. იმ დროის კანონების მიხედვით, სკოლას რომ დაამთავრებდი და არ მუშაობდი, 1 წელი ციხეში გიშვებდნენ. ბავშვთა ოთახის ხელმძღვანელმა, მილიციის კაპიტანმა, ერთმა ძალიან კარგმა ქალბატონმა დედაჩემს უთხრა, მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეკვიზიტორის ადგილი გათავისუფლდა, როგორც ვიცი, მამუკას თეატრი უყვარს და იქ სამუშაოდ ხომ არ წავიდოდაო?.. დავთანხმდი. ამას ის დაემთხვა, რომ თემურ ჩხეიძე „კიკვიძეს“ დგამდა, სადაც მთავარ როლს გოგი ქავთარაძე თამაშობდა. იმდენად გავერთე რეპეტიციების პროცესით, სულ დამავიწყდა რეკვიზიტორი რომ ვიყავი - ჩამითრია და ჩამითრია... მაშინ მოზარდის მთავარი რეჟისორი ბატონი თენგიზ მაღალაშვილი იყო. ის თავისივე დაწერილი პიესის - „გოგო და ბიჭი“ დადგმას აპირებდა და ბიჭის როლის შემსრულებელი არ ჰყავდა. ამ როლზე მე დამაკავა. ასე რომ, ბატონი თენგიზის დამსახურებაა, თეატრში რომ მოვხვდი. ამას მოჰყვა მუშაობა სხვა რეჟისორებთანაც და სპექტაკლები: „მერხებზე ანგელოზები სხედან“, "მერი პოპინსი“ და სხვა. მოკლედ, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ ჯერ თეატრში მსახიობის შტატში ვიყავი და მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე...

165447439-3989855997745913-6058458455264802452-n-1707669483.jpg

პედაგოგები

- ჩემს პროფესიაში თუკი რამ ვიცი, ეს ქალბატონი ლილი იოსელიანის დამსახურებაა. ჯერ ის იყო ჩემი პედაგოგი, შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე. მაშინ ასეთი ხმა დადიოდა, ლილისთან თუ გაძლებ, მაშინ არც ერთ რეჟისორთან მუშაობა აღარ გაგიჭირდებაო. არ გაპატიებდა, თუ ჩათვლიდა, რომ უგულოდ, არადამაჯერებლად ამბობდი ან მოქმედებდი.

ერთხელ ასეთი ეტიუდი მომცა: წარმოიდგინე, ხარ 80 წლის კაცი. ადექი და ჩემთან მოდიო. სკამიდან ნელა, შეწუხებული სახით და „წელის ტკივილით“ წამოვდექი, ქალბატონი ლილისკენ გავემართე. მაშინვე შემაჩერა თავისი ცნობილი გამოთქმით: „ნე ვერიუ!“ ასე არაერთხელ განმეორდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, ეტიუდი არაერთხელ გავიმეორე. ისეთ დღეში ჩამაგდო და ბოლოს ისე გამიხადა საქმე, რომ მასთან 80 კი არა, 120 წლის კაცი მივედი (იღიმის).

ორი კურსის მერე ჯგუფი გაიყო და მე ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან მოვხვდი. მას სწავლებისა და სტუდენტებთან დამოკიდებულების სხვა მეთოდი ჰქონდა: გვესაუბრებოდა თეატრზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, პროფესიაზე და გვიყვებოდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან, ალბათ ამით ცდილობდა გაგვეგო, ზოგადად რა არის თეატრი, რას წარმოადგენს ის და ჩვენ სად მივდიოდით. სწავლის დასრულების შემდეგ კი განაწილებით ბატონ სანდრო მრევლიშვილთან „მეტეხის თეატრში“ მოვხვდი. იქ 12 წელი გავატარე, მაგრამ თავის ტრავმის გამო, მუშაობის გაგრძელება ვეღარ შევძელი...

რთული პერიოდი

- ციფრებს და ტექსტს იოლად ვიმახსოვრებ, მაგრამ სახეებს ნაკლებად. მქონია შემთხვევა, როცა კაცი შემხვედრია, გადამხვევია, მაგრამ ვერ მიცნია, მაგრამ ამას თავის ტრავმას ვაბრალებ, რომლის შემდეგად 1 წელი ამნეზია მქონდა, ვერავის ვცნობდი. მიყვებოდნენ, ვინ ვარ, რა ვარ. ექიმთან წასასვლელი თუ ვიყავი, პატარა ბავშვივით ჩამკიდებდნენ ხელს და მივყავდით. ეს თბილისის ომის დროს იყო, „ბანდიცკაია პულია“ მომხვდა და თავის ქალა ჩამეხსნა. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი, პირდაპირ მორგში წამიყვანეს. 5 დღე ოპერაცია არ გამიკეთეს, ეგონათ, მაინც მოვკვდებოდი. 1992 წელია, არამიანცის საავადმყოფოს ჰოსპიტალში ვარ და როცა ნახეს, არ მოვკვდი, ოპერაცია მხოლოდ მაშინ დაგეგმეს. თავიდან 1 ჩაის ჭიქა ჰემატომა ამოიღეს და ტვინში შერჭობილი თავის ქალის წვრილ-წვრილი ნამსხვრევები. დეტალურად არ მახსოვს, მახსოვრობა როგორ დამიბრუნდა, მაგრამ ვისხედით მე და ჩემი და და უცებ ვუთხარი, - ნინო, აქ რას აკეთებ?! რთულია ეს აღწერო... ჯანმრთელობის პრობლემა 15 წლის წინაც მქონდა, სიმსივნე აღმომაჩნდა, ოპერაციები დამჭირდა და ჩემი მეუღლე ლამის ჩემთან ერთად იწვა ინტენსიურში. მდგომარეობიდან კი გამოვძვერი, მაგრამ მაშინ ექიმს უთქვამს, მაქსიმუმ 1 წელი იცოცხლოსო და ამ ნერვიულობის ნიადაგზე თამუნამ დიაბეტი „აიკიდა“...

ახმეტელის თეატრი

- ძნელია გამოვარჩიო ჩემთვის მნიშვნელოვანი როლი, სპექტაკლი და ბუნებრივია, პირველი სულ გახსოვს, მაგრამ მეორეს ალბათ „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს“ დავასახელებ. ასევე სხვადასხვა წელს იყო სპექტაკლები: „ღალატი“, „ეჭვის ჭია“, „მოთმინება და იმედი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ჯალათები“, „ცუდი გზები“... ახლახან „ანე ფრანკის დღიური“ დაიდგა, რომლის პრემიერაზეც ხალხი ტიროდა!

ჩემი ტრავმის მერე, 6 წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნების მერიდებოდა, თან ეს არც მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოხერხდა, არც მეტეხის თეატრში და ვიფიქრე, ალბათ ჩემი ბედიც ასეთი ყოფილა-მეთქი. მაშინ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ანდღულაძე იყო, ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. მან თეატრში დამაბრუნა და მთელი ცხოვრება მისი სულის მადლიერი ვიქნები. იმ დროს მას დაწყებული ჰქონდა მუშაობა სპექტაკლზე „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ და სპეციალურად ჩემთვის, ნარკომოვაჭრის როლი გამოიგონა. მერე უკვე ბესო მეგრელიშვილის ნაცვლად მომიწია სპექტაკლში შესვლამ, მაშინაც ახალი ნაოპერაციები ვიყავი, ღვიძლში დამჭრეს და კვლავ უფლის ნებით, ძლივს გადავრჩი. ასე დავუბრუნდი პროფესიას და მას შემდეგ 25 წელია, ახმეტელის თეატრში ვარ...

თამუნა...

- თეატრმა ნამდვილი სიყვარული მომიტანა. ახმეტელის თეატრში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე თამარ ბეჟუაშვილი. არ ვიცი, თამუნა რომ არა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება ან საერთოდ, ვიქნებოდი თუ არა დღეს ცოცხალი. ალბათ 10 ცხოვრება რომ მქონდეს, მის ვალს მაინც ვერასდროს გადავიხდი. 24 საათი ერთად ვართ, შინ თუ გარეთ. ბევრს უკვირს, ასეთი დიდი დოზით ერთად ყოფნისას, ერთმანეთს როგორ უძლებთო? მაგრამ იცით, თუ ვერ ვხედავ და რამდენიმე წუთით ერთად არ ვართ, ერთმანეთს ვურეკავთ. თუმცა, ფაქტობრივად, ასეთი რამ არც არსებობს. თამუნა მეტროში არ ჩადის. როცა თეატრში ცალ-ცალკე ვართ მოსასვლელი ან იმ დღეს მე სპექტაკლი არ მაქვს, მანქანით მომყავს. თუ მხოლოდ მე მაქვს სპექტაკლი, მეტროთი ვმგზავრობ, რადგან ასე დროსაც ვიგებ და საცობებსაც თავს ვარიდებ. კიდევ გავიმეორებ, თამუნა რომ არა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი...

9-copy-1707669494.jpg

თეატრს მიღმა...

- სიმართლე გითხრათ, თეატრში მუშაობისას და შინ იმდენი საქმეა, სამწუხაროდ, დრო სხვა არაფრისთვის მრჩება. ის წაიყვანე, ეს მოიყვანე, ეს გააკეთე, იმას მიხედე, წადი-წამოდი და დღეც გადის. მით უმეტეს, ადრე, დათოს პერიოდში თეატრში ხელფასი 35 ლარი გვქონდა. მაშინ "ტაქსაობამ" მომიწია. ეს კიდევ ცალკე ქვეთავია ჩემს ცხოვრებაში (იღიმის). იმ პერიოდში „ყავა და ლუდში“, "27 დრაკონში“ და კიდევ რამდენიმე სერიალში გადამიღეს და ასე ვთქვათ, ცნობადი სახე ვიყავი. საჭესთან კეპით ვიჯექი. ერთხელ მგზავრი გვერდით დამიჯდა, ახალგაზრდა კაცი იყო და გზად მკითხა, - უკაცრავად, თქვენ ხომ მსახიობი ხართო? დავუდასტურე. 3 ლარი რომ უნდა გადაეხადა, 10 დატოვა. მანქანიდან რომ გადავიდა, მთავრობის გინება დაიწყო... ერთხელ საოცარი შემთხვევაც მქონდა: გადაღებაზე დამირეკეს და ტაქსი გამომიგზავნეს. აეროპორტში მივდიოდით, შორი გზა იყო, მძღოლმა და მე ვილაპარაკეთ. ტაქსის მძღოლების საუბრის შინაარსი ხომ იცით, მგზავრებზე, მოძრაობაზე... მოკლედ, მე ჩემი ამბავი ვუთხარი, მან თავისი და აღმოჩნდა ერთ-ერთი რაიონის საკრებულოს წევრი. გამიკვირდა, ვიცი საკრებულოებში კარგი ხელფასებია, მაგრამ მითხრა, - კი, ასეა, მაგრამ მყავს: დედა-მამა, ცოლი და სამი შვილი, ჩემი 1.500-ლარიანი ხელფასი მაინც არ გვყოფნის; თავისუფალ დროს თბილისში ჩამოვდივარ, ვტაქსაობ და ამით ოჯახში დამატებითი შემოსავალი შემაქვსო. მგონი, როცა გაქვს საშუალება, მეტი აკეთო, ასეთი მიდგომა ნორმალურია...

დაბოლოს... რომ არა მსახიობი, მაშინ ვინ?

- ექიმი. მაგრამ ჩემს დროს თუ ფული არ გქონდა, სამედიცინოზე ჩაბარება წარმოუდგენელი იყო. არადა ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა. ერთი პერიოდი, როცა "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს", „მგლის ბილიკს“ და დეტექტივებს ვკითხულობდი, დეტექტივობაც მომინდა, მაგრამ რომ არა მსახიობი, ალბათ მაინც ქირურგი ვიქნებოდი.

ანა კალანდაძე