"თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემს ქალიშვილს საერთო საფლავში არ მოუწია დამარხვამ" - გზაპრესი

"თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემს ქალიშვილს საერთო საფლავში არ მოუწია დამარხვამ"

გასულ კვირას, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-ma SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, 2022 წელს, რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის აღებას 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. საუბარია როგორც სამხედრო პირებზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელთაც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსული ჭურვების გასროლის ფონზე, შიმშილსა და სიცივეში უწევდათ ყოფნა...

გამოკვლევის ავტორების ცნობით, მონაცემები არ ასახავს დაღუპულთა რეალურ რიცხვს - სავარაუდოდ, ის უფრო მეტია, რადგან ხშირად, ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანს მარხავდნენ. ანგარიშის თანახმად, მარიუპოლში უამრავი ადგილობრივი სამოქალაქო პირი იძულებული გახდა გაქცეულიყო და ახლობლები დაუკრძალავი დაეტოვებინა. "გვამები ქუჩაში, ხალიჩებში გახვეული ან მოფარებულ ადგილებში ერთად თავმოყრილი იყო... ბევრი დაღუპული სახლებში რჩებოდა, რომლებიც შემდგომი იერიშისას დაინგრა და რუსეთის ხელისუფლებამ ისინი მთლიანად დაანგრია ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ", - ნათქვამია ანგარიშში.

უფლებადამცველთა დაანგარიშებით, კიდევ ასიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირა ალყაში მოქცეული აღმოჩნდა. მათ არ ჰქონდათ არა მარტო ქალაქის დატოვების, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არ ჰქონდათ წყალი, სითბო და საკვები.

მოხსენებაში მთლიანობაში 14 თავდასხმაა აღწერილი, რომელთა შედეგად დაზიანდა ან სრულად განადგურდა 18 შენობა, დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სამოქალაქო პირები. ჩამონათვალშია ორი საავადმყოფოს, საცხოვრებელი სახლების, სუპერმარკეტისა და დრამატული თეატრის დაბომბვა. ამ უკანასკნელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 16 მარტს რუსეთის ჯარებმა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თეატრის თავზე ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღწერილ არც ერთ შემთხვევაში შენობაში ან მის მახლობლად არ ყოფილან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

ანგარიშის მომზადებისას ადამიანის უფლებების დამცველები ესაუბრნენ მარიუპოლის იმ ასობით მოსახლეს, რომლებმაც ქალაქის დატოვება ალყის მოხსნის შემდეგ შეძლეს. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეულია საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი. უკრაინის ომის თითქმის ორწლიანი მიმდინარეობისას, ყველაზე მეტად მარიუპოლი დაზიანდა. მიუხედავად ყველაფრისა, არიან ისეთები, ვინც იქაურობა სხვადასხვა მიზეზით ვერ დატოვეს. ასეთი იყო ვალენტინა ზრაჟევსკიც (მეუღლის გვარია), რომელსაც უკრაინის ომის დაწყებამდე სამი შვილი ჰყავდა. 2014 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინას პირველად დაესხა თავს, მისი უფროსი ვაჟი მაშინვე "აზოველთა" რიგებში ჩაეწერა, უმცროსი მოხალისე გახდა, ქალიშვილი კი მძიმე სენს ებრძოდა...

- საზღვარგარეთ მკურნალობდა, პერიოდულად თანხას ვაგროვებდით და მივდიოდით. მძიმე დაავადება ჰქონდა, რომელიც ზოგჯერ ურთულდებოდა... 2022 წლის მასშტაბური თავდასხმის მერე, მკურნალობას კი არა, მედიკამენტის შეძენასაც ვერ ვახერხებდით. ბიჭებმა არაერთხელ მთხოვეს, - ვიდრე გვიანი არ არის, დატოვეთ მარიუპოლი, თორემ ჩვენი და დაიღუპებაო. მე და ჩემი ქმარი ტყვიების ზუზუნში ჩურჩულით ვმსჯელობდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა გზას დავდგომოდით. ვხედავდი, როგორ ებრძოდა სნეული ქალიშვილი უკურნებელ სენს. მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების სანაცვლოდ, ორივე დაუფიქრებლად დავთმობდით სიცოცხლეს, მაგრამ იმავდროულად გვეშინოდა, რომ მომდევნო დღეებში მარიუპოლთან მობილური და ყველანაირი კავშირი გაწყდებოდა, რომელიმე ბიჭი შინ რომ დაბრუნებულიყო და არავინ დახვდებოდა, დახოცილი ან მძევლად აყვანილები ვეგონებოდით და არავინ იცის, რას ჩაიდენდნენ... არავის ვუსურვებ, რომ შვილებს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდეს, ამაზე უარესი სიკვდილიც კი არ არის.

გარშემო ყველაფერი ინგრეოდა. აფეთქებების ხმა არ წყდებოდა და ხან ერთ სარდაფს ვაფარებდით თავს, ხან მეორეს. მე და ჩემს ქმარს გვეშინოდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის შემდეგ, ბიჭებთან დაკავშირებას ვერ შევძლებდით... ორივე შვილი ტყვიის პირისპირ იდგა და ასეთ პირობებში სახლს ვერ დავტოვებდით. ისინიც რამდენიმე დღეში ერთხელ რეკავდნენ. ზოგჯერ ორი-სამი წუთით, მხოლოდ ავადმყოფი დის მდგომარეობის გასაგებად და იმის სათქმელად, რომ ცოცხლები იყვნენ. თან დაჟინებით გვთავაზობდნენ, როგორმე გადით ქალაქიდან, მანქანის შოვნაში ჩვენ დაგეხმარებითო.

- ერთად იყვნენ?

- არა, ერთი მოხალისე იყო, დანგრეულ ქალაქში ხალხს საკვებითა და სასმელი წყლით ამარაგებდა, დაჭრილებსა და დაღუპულებს ეძებდა... მეორე იბრძოდა. ზოგჯერ ერთმანეთზეც არაფერი იცოდნენ. ერთი ძმა მეორის ამბავს ჩვენგან იგებდა... გამუდმებით გვეხვეწებოდნენ, თავს უშველეთო, ჩვენ კი გვეშინოდა, - რომ წავიდეთ და უკან ვეღარ დავბრუნდეთ, თქვენ რა გეშველებათ-თქო?.. უმძიმესი არჩევანის წინაშე ვიყავი, მაგრამ ვერც ბიჭებს ვტოვებდი და ვერც ქალიშვილს ვშველიდი... აუცილებელი მედიკამენტის გარეშე ჩემი გოგონა მალევე გარდაიცვალა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ დაისვენა საცოდავმა. საბედნიეროდ, მაშინ ჯერ კიდევ შეგვეძლო საფლავის გაჭრა. დღემდე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ქრისტიანულად ავუგეთ წესი და ომს შეწირული სხვა ადამიანებივით საწოლის გადასაფარებლებსა და პარკში გახვეულს, საერთო საფლავში არ მოუწია დამარხვამ.

423147333-1122347522261314-780170101908848328-n-copy-1708279775.jpg

- ბიჭებმა იცოდნენ დის დაღუპვის ამბავი?

- ბიჭებზე ერთი თვე თავად არ ვიცოდი არაფერი... როგორც კი სროლები მიწყნარდებოდა, ჩემი ქმარი დარჩენილ ორ შვილს ხან ერთი შენობის ნანგრევებში ეძებდა, ხან მეორის... საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ერთ-ერთ ვაჟს უნდა ეცხოვრა, თითქმის დანგრეული იყო. სახლს კი ჭურვების ნამსხვრევების გარდა, სხვა სახლებიდან და შენობებიდან გამოტყორცნილი ბეტონის ფილები და სხვა ნაწილები ხვდებოდა. სახურავი ალაგ-ალაგ ამოგლეჯილი იყო, კედლები დანგრეული ან ამონგრეული, დაბზარული. ახლაც ასეა... არაერთხელ მივმართე ახალ ე.წ. ადმინისტრაციას, - სახლში წვიმა და თოვლი ჩამომდის, სითბოს ვერ ვაჩერებ, კედლებს ნაპრალები აქვს, შეშის ღუმელი კი გვინთია, მაგრამ სითბოს რამდენიმე მეტრშიც ვერ ინარჩუნებს-მეთქი. - ბევრი განაცხადია შემოსული და თქვენი რიგი რომ მოვა, დაგიკავშირდებითო. ასე გავიდა ორი ზამთარი. შარშან ისე გავცივდი, მთელი სეზონი მახველებდა, შემდეგ ექიმბაშებითა და რაღაც ხალხური წამლებით დავდექი ფეხზე. წელს ტემპერატურა -15-მდე დაეცა. 70 წელს მიღწეული ვარ, ძველებურად ჯანი აღარ მაქვს და ისევ გავცივდი.

- ქალაქში სამედიცინო დაწესებულება არსებობს?

- დიახ, ფასიანი და უფასო. ვინაიდან ფასიანზე მისასვლელი ფული არ მაქვს, შესაბამისად, მე ჯერ უფასო, ე.წ. სახელმწიფო კლინიკაში მივედი... ჩემს სიცოცხლეს არ ვჩივი, მაგრამ უამრავი უბედურებაგამოვლილი და დაჩაჩანაკებული ქმარი მეცოდება, შვილებიც, რომლებიც როგორც შემდეგ მისმა ომის მეგობრებმა მითხრეს, დის სიკვდილს ჩუმად, სანგრებში ტიროდნენ... მათი ერთადერთი იმედი და სახლთან დამაკავშირებელი ძაფი დედაა. ჩემი სიკვდილის შემდეგ კი, ვიცოდი, ვერც ჩემი ქმარი გაძლებდა დიდხანს მარტო, ამიტომ როგორმე ამათ გამო უნდა მეცოცხლა.

უფასო კლინიკაში მხოლოდ ფონენდოსკოპით მომისმინეს და გამაყუჩებელი გამომიწერეს. მისი დალევის შემდეგ, ტკივილი მიყუჩდებოდა, მაგრამ სიცხე არ მიწევდა.

იძულებული გავხდი, თანხა შემეკოწიწებინა და ფასიან კლინიკაში წავსულიყავი, ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა... ექიმმა რომ მომისმინა, შეიცხადა, ასე სად გაცივდითო? ახალგაზრდა გოგონა იყო, უკრაინული აქცენტი არ ჰქონდა, მაგრამ რომელი რესპუბლიკიდან იყო, ვერ მივხვდი. გაუკვირდა, - მთელი ქალაქი აღდგენილია, ზოგი ახალი კორპუსი აშენდა, ზოგიც ახალივით არის, თქვენ სად ცხოვრობთო?.. ეტყობა, გარემონტებულ სახლებს გარედან უყურებდა, მათ უმეტესობას კი ფასადი აქვს შეღებილი, თორემ შიგნით არაფერია, სრულად დანგრეულია. სტადიონის მხარეს მთელ შენობას ვერ ნახავთ-მეთქი, ღიმილით ვუთხარი. ადგილობრივი ძალოვანი სამსახურები დადარაჯებული არიან, ვინმემ რამე საწინააღმდეგო არ თქვას, ამიტომ სიფრთხილე სჯობს...

- დიაგნოზი დაგისვეს?

- დიახ, ოსტეოქონდროზი და ფილტვებში წყალი, ეს რაც ჩანდა... ერთი კვირით დამაწვინეს. მხოლოდ მედიკამენტებში ერთი კვირის განმავლობაში, 18.000 რუბლი დავხარჯეთ. მე და ჩემს მეუღლეს, როგორც რუსული, ასევე უკრაინული პენსიაც გვაქვს, რაღაც ნაწილი კი ვისესხეთ. ამას დაემატა კვების ხარჯი. საშინელი საჭმელები იყო, ამიტომ ჩემს ქმარს ფაფაც კი ყოველდღე სახლიდან მოჰქონდა... რამდენიმე დღის წინ გამომწერეს. ვერ ვიტყვი, რომ ტკივილი შემიმცირდა, მაგრამ თანხა ამომეწურა და მკურნალობას ვეღარ გავაგრძელებდი. ვთხოვე, ინსტრუქცია მომეცით და თავს თავად მივხედავ-მეთქი... რამდენიმე დღის სამყოფი წამალი მაქვს, შემდეგ რას ვიზამ არ ვიცი... თანაც, იმ პალატაში სამნი ვიყავით და შვილებს ვეღარ ვესაუბრებოდი, ისევ ჩემს სახურავახდილ სახლში მერჩივნა ყოფნა...

423568557-371220725844729-3947828966087911945-n-copy-1708279764.jpg

- შვილები რას გეუბნებიან?

- ერთ-ერთს უკვე ვეტერანის სტატუსი მიანიჭეს, ჩვენს ენაზე "დაბრაკეს", სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია, რადგან უამრავი ჭრილობა, სხვადასხვა ფორმის კონტუზია აქვს მიღებული და ჯარიდან გაუშვეს, მაგრამ შეიარაღებულ ძალებში რჩება. მთხოვა, მოვაგვარებ მანქანის საქმესაც, რაც გინდათ წამოიღეთ და კიევში ჩამოდით, ბინის შეძენა შემიძლია. ჩემი ცოლ-შვილიც ბრუნდება საფრანგეთიდან და ერთად ვიცხოვროთო... მეორეს ახლა მოხალისე ჰქვია, თორემ ისიც იბრძვის. თუმცა, "ცხელ წერტილებში" არ უწევს შესვლა, იქ მხოლოდ დაჭრილების გამოსაყვანად, სპეცმანქანით შედიან... მას ოჯახი არ ჰყავს. საცოლე ჰყავდა, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაშორდნენ. ისიც ყოველდღე ბეწვის ხიდზე გადის. რას ვიზამთ, ომია ჩვენს ქვეყანაში და ახლა ოჯახურ ტრაგედიებზე წუწუნის დრო არ არის.

ჩემი ქალიშვილის საფლავი რომ არა, მე და ჩემი ქმარი აქაურობას დღესვე დავტოვებდით... მარიუპოლი უკვე სავსეა ახალი "ბინადრებით". რამდენიმემ თავხედურად გვითხრა, - თქვენი ქალაქი ძალიან მოგვწონსო.

ერთი ნაცნობი არ არის, ვისაც ვთხოვ, ჩემი შვილის საფლავზე შაბათობით გადი და სანთელი აუნთე-მეთქი. არადა, უმძიმესი პირობები გვაქვს, ძალიან ბევრი ადგილი ჯერ კიდევ დანაღმულია. არავითარი გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის...

პროდუქტი, მედიკამენტი, ყველაფერი ძვირია. როგორც გვეუბნებიან, სურსათი ყირიმიდან, იქიდან კი მოსკოვსა და დანარჩენი რუსეთის ქალაქებიდან შემოაქვთ...

როდესაც მარიუპოლის ფილარმონიის სარდაფში ვისხედით, რომლის სახურავსაც "ბავშვები" ეწერა, მტერმა არ დაგვინდო და ნანგრევებში აღმოვჩნდით. მეგონა, ჯოჯოხეთში ვიყავით და იქიდან ვერ გამოვაღწევდით... დაბომბვამდე უმძიმესი დღეები გამოვიარეთ - თავშესაფრიდან თავშესაფარში, სარდაფიდან სარდაფში, მტერი ფეხდაფეხ დაგვდევდა და ჭურვებს გვიშენდა... გვქონდა დღეები, როდესაც მხოლოდ ერთი კოვზი წყალი უნდა დაგველია. გვციოდა, გვშიოდა, უეცარ სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ ჩემი ქმარი მეცოდებოდა, არ მინდოდა ჩემი სიკვდილი ენახა. ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ ისედაც ძალიან საწყალი გახდა.

მუდმივად სიკვდილს თვალებში ვუყურებდით და შიმშილს ვერ ვგრძნობდით, მხოლოდ გვციოდა და გვწყუროდა. მაღაზიები სავსეა საკვებით, მაგრამ ის მხოლოდ სამხედროებისა და მშენებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც ნორმალურ შემოსავალს იღებენ, ადგილობრივებისთვის კი ყველაფერი ძალიან ძვირად ღირებულია...

- რას აპირებთ?

- იქნებ როგორმე ფეხზე დავდგე და გაზაფხულამდე მოვაღწიო, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებთ. მარიუპოლის გათავისუფლების იმედი ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ, სანამ ცოცხალი ვარ, მირჩევნია, შვილებთან და შვილიშვილებთან ვიყო.

ლალი პაპასკირი