სოსო ჯაჭვლიანის "ლამაზი ზღაპარი", აუხდენელი ნატვრა და ბავშვობაში ჩაფიქრებული დიდი სურვილი
ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. "შესანიშნავი შვიდეულით" შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა... რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.
ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.
რეზო გაბრიაძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში "სიყვარული ძალასა შენსა" სათამაშოდ მიიწვია. ფილმის მიხედვით მისი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს... იმ ლამაზი გოგოს როლს ლიკა ქავჟარაძე ასრულებდა. წლების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარდა.
თუმცა, ფართო საზოგადოებამ "ნატვრის ხიდან", გედიას როლით გაიცნო. ცნობილია, რომ თენგიზ აბულაძე გედიას, მარიტას და შეთეს ყველაზე დიდხანს ეძებდა. არსებობს როლები, რომლებიც მუდმივად რჩება როგორც მსახიობის, ასევე მაყურებლის მეხსიერებაში, ასეთი იყო გედია.
ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: "ნატვრის ხის" გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. ბედნიერებაა, როდესაც 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა. იცით, როგორ გავხდი პოპულარული ამ ფილმის გადაღებისას? სიღნაღში ვიღებდით. სასტუმროში ვცხოვრობდით და იქვე, რაიკომის შენობაში ვსადილობდით ხოლმე. დილით გადაღებაზე რომ მივდიოდით, ირგვლივ იმდენი ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მე მიყურებდა. ცხადია, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი. ბავშვები სასადილოშიც კი შემომყვებოდნენ ხოლმე და იქაც მათვალიერებდნენ. ბოლოს გაირკვა, რაც ხდებოდა: ეს ის ბიჭია, შვიდ პორცია შნიცელს რომ ჭამსო! - ასე აცნობდნენ ვიღაცას ჩემს თავს".
ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად ორ წელზე მეტი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში, ორივე ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდათ. მოგვიანებით სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: "შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა, ლიკასნაირი გოგო არ შეგყვარებოდა?!" იქვე იმასაც დასძენდა, რომ არც მაშინ და არც შემდეგ, "ნატვრის გოგონას" სიყვარულში არ გამოსტყდომია.
ლიკა ქავჟარაძე რომ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის დღეს, ძალიან ამაღელვებელი იყო ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ლიკა შეთემ და გედიამ გამოaსვენეს, ეს იყო "ნატვრის ხის" უცნაური "დასასრული".
მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ძმობის ამბავს ასე იხსენებს:
- მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: - მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.
- თქვენი მეჯვარე იყო, არა?
- დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებoდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა.
- "ნატვრის ხის" გადაღებისას, ხელჩართული ჩხუბის სცენა როგორ გადაიღეთ და მერე კადრს მიღმა რა ხდებოდა?
- მეუბნებოდა, დღეს იმდენი უნდა გირტყა, ღამე ტახტზე დაწვებიო. მეც ხომ კარგად ვურტყამდი, სოსოს ძალიან ძლიერი ხელი ჰქონდა, ერთმანეთი სულ დალურჯებული გვყავდა. ფილმში მხოლოდ 53 წამი შევიდა, არადა, 10 წუთი მაინც ვჩხუბობდით. კადრს მიღმა სულ სიამტკბილობაში ვიყავით. ისეთი ბუმბერაზების გვერდით გვიწევდა ყოფნა, სულ გვინდოდა, მათთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა, ბევრი რამ გვესწავლა. ისინიც ხათრს არ გვიტეხდნენ. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, ყველანი ერთად ვიყავით და ყველა ლიკას დავციცინებდით, ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყოდა, კარგი მუშტიც მოხვდებოდა, ეს გარანტირებული ჰქონდა.
- ბატონი სოსო ბოლოს როდის ნახეთ?
- რაც ცუდად იყო, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდა, ნერვიულობდა და მეც თავს ვიკავებდი. სოსოს შესახებ ყველაზე მეტს მისი ლუკასგან და გია ბურჯანაძისგან ვიგებდი. ლუკა ჩემი პატარა ძმაკაცია. სოსოს ბოლოს ახალი წლის ღამეს ველაპარაკე, პირველის 10 წუთი იყო, თავად დარეკა, მოგვილოცა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა. ახალ წელს საქართველოში იყო, 10 იანვარს თურქეთში წავიდა და... ბოლო საუბრის დროს მითხრა: თურქეთიდან რომ ჩამოვალ, გნახავ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკოო... სოსოს ცოლად საოცარი გოგო ჰყავს, მახსოვს ირმა როგორ მოიყვანა, როგორ გაგვაცნო. ირმა ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო, საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ. სოსომ ამქვეყნად დიდი სიყვარული დატოვა. ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს და სანთლად დაენთოს ყველა სიკეთე, რაც აქ დატოვა!
დიდი სიყვარული რომ დატოვა, ამის დასტურია ის, რასაც თამარ ჩიბურდანიძე ("ხალხის ძალის" წევრი) იხსენებს:
"გაბრიელის ნათლობაზე მითხრა, პირველად სვანეთში მე უნდა ავიყვანოო. რომ დამირეკავდა, პირველი გაბრიელს მოიკითხავდა, - ხომ იზრდება მაგარი ქართველიო? ყველაფერი მახსენდება, მთელი ეს წლები, განსაკუთრებით მისი დეპუტატობის პერიოდი, ხალხთან შეხვედრები და მის მიმართ გამოხატული უსაზღვრო სიყვარული. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაინახავდნენ თუ არა სოსოს, ცნობილ პოლიტიკოსებს გვერდს აუვლიდნენ და მისკენ გარბოდნენ. მოიხედავდა და ხმამაღლა გვეტყოდა: "აბა, მსახიობები არ გვინდა პარლამენტშიო..." მასთან ერთად სულ ლოდინი გვიწევდა, როდის წავართმევდით ხალხს მის თავს და წავიდოდით. ერთხელ მახსოვს, რიკოთზე შევისვენეთ, გზის მეორე მხარეს დაინახეს და რამდენიმე ადამიანი ერთად გამოიქცა სოსოსკენ, კინაღამ ავარიაში მოხვდნენ. ალბათ რამდენიმე სიცოცხლე სჭირდება ადამიანს, ამდენი სიყვარულის დასათესად. ამიტომაც მიჰყვება ამდენი ცრემლი იმ მარადიულ სასუფეველში, სადაც ნაადრევად გადაინაცვლა. ასეთები არ კვდებიან, სოსო მარადისობას შეუერთდა".
მარადისობაში აუხდენელი ნატვრა გაჰყვა. 2022 წელს "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "სცენარი მაქვს - "ვისია უშბა?", რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც... გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს... ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში - ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ... მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები... ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს!
სცენარი ვინც წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა... დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა... ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო..."
დაბოლოს, როგორც თავად უწოდებდა, მის "ლამაზ ზღაპარს", ანუ "ნატვრის ხეს" მივუბრუნდები. 8 თებერვალს, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სოციალური ქსელში ყველა წერდა, რომ გედია მარიტასთან წავიდა. ყველა აზიარებდა ნაწყვეტს ფილმიდან "ცოცხალი ხარ გედია? ჩემთან მოხვედი გედია?"...
თურმე ფილმში ლიკას და სოსოს სცენებიდან პირველი ეს ეპიზოდი გადაუღიათ. ამბობენ, როგორც კი დუბლის გადაღება მორჩა, ლიკამ თენგიზ აბულაძეს შეხედა, რომლის აზრიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და თენგიზს თვალებზე ცრემლი ჰქონდაო.
ცრემლისა და ემოციის გარეშე ყოველთვის შეუძლებელი იყო ამ ეპიზოდის ხილვა, მით უმეტეს ახლა, როცა აღარც მარიტა გვყავს და აღარც - გედია.
მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს, თურქეთში, დილის 5 საათზე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩვენი ჟურნალის რედაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცvლილის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს...
თამუნა კვინიკაძე