„მოგონებების მუზეუმი“ დუშეთში - გზაპრესი

„მოგონებების მუზეუმი“ დუშეთში

ედუარდ გოგიშვილს საინტერესო და იშვიათი გატაცება აქვს. აგროვებს ყველა იმ ნივთს, რაც მასში ნოსტალგიას აღძრავს. თემატურად მრავალფეროვან საგნებს თუ რაოდენობრვად აღვწერთ, მათ შორის ყველაზე დიდი სათამაშოების კოლექციაა. თუ ნივთი სიძველისგან დაზიანებულია, მაშინ რესტავრაცია-აღდგენას თავად აკეთებს, ხან ორიგინალთან მიახლოებულს, ხანაც საკუთარი ფანტაზიით ძველი საგნიდან „ახალ“ ნივთს ქმნის.

5-copy-1708282044.jpg

- 1992 წელს დუშეთში დავიბადე და აქვე გავიზარდე. კომპიუტერული ტექნოლოგიები მაქვს დამთავრებული და ამჟამად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს გატაცებას, ცოტა რთული სათქმელია, ეს ყველაფერი როდის და როგორ დაიწყო. ყოველთვის მაინტერესებდა ნივთები, რომელიც ჩემში ნოსტალგიას იწვევს, მოგონებებს აღვივებს. ჩემი კოლექცია არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული თემატიკის, არამედ ბევრ სხვადასხვა ნივთს აერთიანებს. ამიტომ უკვე წლებია, თუ სადმე ისეთი ნივთები მხვდება, რომელიც ბავშვობაში მქონდა ან არ მქონდა და უბრალოდ იმ პერიოდში გამოდიოდა, ვყიდულობ და ჩემს კოლექციას ვამატებ. შინ, იმ ოთახს, სადაც კოლექციას ვინახავ, „მოგონებების მუზეუმი“ დავარქვი.

7-copy-1708282070.jpg

- მეტად დავაკონკრეტოთ, რა შედის თქვენს კოლექციაში?

- თავიდან ვინილის ფირფიტების შეგროვება დავიწყე. დღესაც ვყიდულობ, უპირატესობას ქართულ მუსიკას ვანიჭებ. ასევე კინომუსიკას, რომელიც ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო. მაქვს აუდიოკასეტები, კონსოლები, ბუდას ფიგურები, ვინტაჟური მანქანის მოდელები, სხვადასხვა სათამაშოს კოლექცია და ასევე ისეთი ნივთების ასლები, რომლებიც იმ ფილმებშია გამოყენებული, რაც განსაკუთრებით მიყვარს. მაგალითად, ფილმიდან „მოკალი ბილი“ მაქვს ორივე, კეთილი და ბოროტი პერსონაჟის ხმლები. განსაკუთრებით დიდი ინტერესით ვაგროვებ ფიგურებს „ვარსკვლავური ომებიდან“ და ასევე ნიტენდოს სუპერმარიოს გმირებსა და პოკემონის ფიგურებს. ბოლო პერიოდში ჩემს კოლექციას მარიოზე პატარა კომიქსი შევმატე და მიხარია. საერთოდ, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია გასული საუკუნის 90-იანი წლების ნივთები. რასაკვირველია, მაქვს მათზე ძველი და ახალი სხვადასხვა თემატიკის კრებული, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმ პერიოდის კოლექცია მიყვარს. პირველ რიგში, მომწონს იმ დროის სიმბოლიკა, გერბი, საქართველოს დროშა, სამკერდე ნიშნები და ერთ-ერთი კედლის კუთხეც მათ ეთმობა. „ქინდერის“ სათამაშოების საკმაოდ დიდი კოლექციაც მაქვს, დაახლოებით 500 ცალი. მათ შორისა კერამიკის ფიგურები: ბეჰემოტი, კატა, დინოზავრები და ა.შ. კიდევ იყო მეტალის ჯარისკაცები, რომელიც დროის სვლასთან ერთად „ქინდერის“ სათამაშოებს შორის ყველაზე მეტად დაფასდა და დღეს რთულად მოიპოვება. საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს კანფეტის დისპანსერების. საკანფეტეებს სხვადასხვა პერსონაჟის „თავი“ აქვთ. ჩემს ბავშვობაში ეს კანფეტი იშვიათობა იყო. პაპამ იცოდა, რომ მიყვარდა, თბილისში ყიდულობდა და ჩემთვის ჩამოჰქონდა. პაპას საჩუქარი ხშირად მახსენდებოდა, დღეს ის გარდაცვლილია და ამ მოგონების გამო, შეგროვება დავიწყე. ჰოდა, 200 მეტი ასეთი ნივთი მაქვს და როგორც ვიცი, ჩემ გარდა საქართველოში მას არავინ აგროვებს.

3-copy-1708282056.jpg

- როგორ ხდება თქვენი კოლექციის გამდიდრება? საქართველოში თანამოაზრეთა ჯგუფი ხართ, თუ მარტო დაეძებთ წარსულიდან დღემდე შემორჩენილ ნივთებს?

- ბევრნი არა, აქტიური შემგროვებელი 15 ადამიანი ვართ. ასაკი საშუალოდ 25-დან 40 წლამდეა და მათ შორის რამდენიმე გოგონაა. რაც შეეხება მოპოვებას, ეს კიდევ ცალკე საინტერესო პროცესია. კვირაში ერთხელ თბილისში ჩამოვდივარ. მე და ჩემი მეგობარი სხვადასხვა ადგილას დავდივართ, როგორც მშრალ ხიდზე, ისე მეორადი სათამაშოების მაღაზიაში და „ვნადირობთ“. როცა კოლექციონერობამ სერიოზულად გამიტაცა, თანამოაზრეების ძებნა დავიწყე. სოციალურ ჯგუფში ჩამოვაყალიბე ჯგუფი: „90ს დენდიმერ რეტრო კონსოლების კარტრიჯების ფიგურების კოლექციონერთა კლუბი“. ვინტერესდები, თუ არიან მსგავსი თემით დაინტერესებული ადამიანები და მინდა თავი ყველას ერთად მოვუყარო. სამომავლოდ ნივთები რომ არ გაიბნეს და დაიკარგოს, მინდა ჩემს კოლექციას მუზეუმის სახე მიეცეს. თუმცა, ეს როგორ გამოვა, ჯერჯერობით არ ვიცი.

ანა კალანდაძე