სიკვდილზე გამარჯვება და ფილიპინელი ექთანისთვის მიძღვნილი წიგნი, რომელიც მსოფლიოს ბესტსელერად იქცა - გზაპრესი

სიკვდილზე გამარჯვება და ფილიპინელი ექთანისთვის მიძღვნილი წიგნი, რომელიც მსოფლიოს ბესტსელერად იქცა

- მახსოვს, იმ ექთანს ვუთხარი, - ამდენ დაინფიცირებულებთან როგორ არ გეშინიათ-მეთქი? მიპასუხა: რომც მოვკვდე, მაინც მოვალ, მე მიყვარს ჩემი პროფესიაო... ამ სიტყვებით მიჩვენა, როგორ შეიძლება სიყვარულმა გაგხადოს დედამიწაზე სხვა ადამიანისთვის ანგელოზი! მე ამ ექთანს შევპირდი, რომ დავწერდი წიგნს იმ შვიდ დღეზე, რომელიც აპარატზე შეერთებულმა რეანიმაციაში გავატარე... უფალმა მოინდომა, რომ მე გამეგრძელებინა ამ დედამიწაზე ყოფნა, დიდება მის სახელს... საავადმყოფოდან რომ გამოვედი, გადავწყვიტე, პირობა შემესრულებინა - მადლიერების გარდა, წიგნი სხვისთვისაც დიდი მოტივაცია რომ გამხდარიყო... რაც კლავს ადამიანს, ეს არის სასოწარკვეთილება, სინანული, შიში... ამიტომ დადებით ვიბრაციებში არის დიდი სიყვარული! ჩემი ცხოვრების ამოცანა ამოვხსენი: სიყვარული არის ღმერთი და ის თითოეულ ჩვენგანშია და არა მხოლოდ ცაში. ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი... წიგნი „7 მაგიური დღე“ დიდი სიყვარულით დავწერე და ამაზონის პლატაფორმაზე ავტვირთე; გავუგზავნე იმ ექთანსაც, ვინც ამხელა მოტივაცია მომცა და დამეხმარა, რომ მეცოცხლა... მე ექთანებს „პანდემიის ანგელოზები“ ვუწოდე... ზუსტად 4 საათში ჩემი წიგნი ბესტსელერად იქცა. ამაზონიდან დამიკავშირდნენ და მაცნობეს, ასეთი რაღაც იშვიათად ხდებაო. საავადმყოფომ, სადაც ვიწექი, დიდი რაოდენობით შეისყიდა, რათა რეანიმაციაში მყოფ ხალხს წაეკითხა...

- თქვენს ბავშვობაზეც მიამბეთ...

- ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, ოცნებებით სავსე... თბილისში, პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. პატარაობიდანვე ვოცნებობდი, ჩემს სამშობლოს რამეთი გამოვდგომოდი... მე 9 აპრილის თაობა ვარ... 1989 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა და მაშინდელმა ახალგაზრდობამ დიდი ტკივილი მივიღეთ იმისგან, რაც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა. ბანკეტზე მეგობრის - თამრიკო ჭოველიძის საფლავზე ვიყავით. პატივი მივაგეთ მის ლამაზ სულს, ხსოვნას... შემდეგ აფხაზეთი დავკარგეთ... ამდენი ხალხი თავის სახლ-კარიდან გამოასახლეს. ბევრი ახლობელი თუ მეგობარი ამ ომში დაგვეღუპა...

- საზღვარგარეთ წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- 20 წლის ასაკში გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად წავსულიყავი ემიგრაციაში... 90-იანი წლებში იქ ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მე კი უკვე შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა, მას კარგი მომავალი ჰქონოდა.

- ახსენეთ, რომ პატარაობიდან პატრიოტიზმით გამოირჩეოდით...

- დედას ცეკას ბაღში დავყავდი. მაშინ პარადები იმართებოდა, სადაც ბავშვები ბრეჟნევის სურათით გავყავდით, მაგრამ მე თვალწინ სულ გორგასლის ძეგლი მედგა და იმას ვუძღვნიდი ხოლმე იმ გამოსვლასაც. რატომღაც გამორჩეულად მიყვარდა ძეგლიც და თვითონ ვახტანგ გორგასალიც...

- პატარა ასაკში დედობა რთული იყო?

- დედობა ჩემთვის გაუაზრებელი მოვლენა იყო, ისეთი პატარა ვიყავი. თუმცა დღეს ვამბობ, რომ მე და ჩემი უფროსი ვაჟი ერთად გავიზარდეთ... ორი შვილი მყავს, უმცროსი ქალიშვილი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, 1995 წელს დაიბადა. და-ძმას შორის ოთხი წელია სხვაობა... ახლა მეხუთე შვილიშვილს ველოდები, უფროსი შვილიშვილი კი 16 წლისაა... უცხო ქვეყანაში მყოფი ვცდილობდი, ჩემს ამ ორ სიხარულს ქართული ტრადიცია არასდროს დაეკარგა და თუნდაც სამშობლოს გარეთ ღირსეული ქართველები აღმეზარდა!

- საცხოვრებლად ესპანეთი რატომ აირჩიეთ?

- მონათესავე ერად მიმაჩნია და ამიტომ. ეს ქვეყანაც და ხალხიც ძალიან შევიყვარე, ჩემი მეორე სამშობლოა... ესპანეთში ძირითადად ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული, მაგრამ შევძელი და უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დისტანციურად დავამთავრე. ოჯახი დიდ დროს მოითხოვს, დედაც შეუძლოდ მყავდა, ამიტომ ყველაფრის გაძღოლა მე მიწევდა, სანამ ბავშვები წამოიზრდებოდნენ... შემდეგ რამდენიმე წელი უძრავი ქონების სააგენტოს ვხელმძღვანელობდი. ასევე მქონდა ჟურნალი „ემიგრანტი ქალი“ - სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონები იყვნენ მოწვეული და ისინი ძირითადად თავიანთ კულტურასა და გასტრონომიაზე ჰყვებოდნენ... ჟურნალმა მხოლოდ წელიწად-ნახევარი იარსება. სპონსორი არ გვყავდა და უსახსრობის გამო დაიხურა...

- ბრიტანეთში რატომ გადახვედით?

- როცა ბავშვები ზრდასრულები გახდნენ, ბრიტანული განათლების მიღება მოინდომეს და მე, როგორც ქართველი დედა, მათ წამოვყევი, შვილები მარტო ვერ გამოვუშვი... დედამ მძიმე ავადმყოფობის შედეგად დაგვტოვა და ესპანეთში დავკრძალეთ... ბრიტანეთში ჯერ მე და ჩემი ქალიშვილი ჩამოვედით, შემდეგ ჩემი ვაჟიც შემოგვიერთდა... აქ, რა თქმა უნდა, სხვა კლიმატი იყო, ცხოვრების სხვა სტილი და რითმი, მაგრამ აქაც ყველაფერს სიყვარულით შევხედე და თავის პლუს-მინუსებიანად შევიყვარე ეს დალოცვილი, კონსერვატორული ქვეყანა.

fd-1708282207.jpg

- ახლახან ჟურნალი „კავკასიის იბერია“ გამოუშვით...

- ამაზონიდან დამიკავშირდნენ, ამაზონზე ბესტსელერის ასოციაცია მწერალთა კავშირის წევრის სტატუსით, ესპანურენოვანი კატეგორიით მწერალთა კავშირში ჩამსვეს... იქ გავიცანი ქალბატონი, ვინც შემომთავაზა ჟურნალის შექმნის კურსები გაგვევლო... კურსებზე სიარულისას სადიპლომოს თავისუფალი თემა მომცა, სადაც - „გაიცანი საქართველო“ ავირჩიე... მე ხომ ბავშვობის ოცნება ამისრულდა: გამოვდგომოდი ჩემს სამშობლოს! გულში ვიფიქრე, მგონი მომეცა საშუალება, ჩემს მონატრებულ ქვეყანას თუნდაც რამდენიმე ადამიანს გავაცნობ-მეთქი... როცა ნაშრომი დავასრულე, ჩემს ფოსტაზე სამადლობელი წერილები არ წყდებოდა: გმადლობთ, ამხელა კულტურის ქვეყანა რომ გაგვაცანითო... მაშინ მივხვდი, რამდენად საჭირო ყოფილა ეს ყველაფერი და პირობა დავდე, რომ საქართველოს პოპულარიზაციiსთვის ბევრს დავწერდი... ასე დაარსდა „კავკასიის იბერია“ დიდი სიყვარულით... სხვათა შორის, ოფიციალურად სახელმწიფო ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში განთავსდება ჩვენი ჟურნალი, რომელსაც კულტურულ-გასართობი სტატუსი მიანიჭეს...

ამ ჟურნალზე მუშაობისას შეიქმნა ჯგუფი და ვაპირებთ ძველი ქართული ნივთების დამზადებას: ქვაზე ხატვა, ხეზე ხატვა, ვიტრაჟული ესკიზის შექმნა, ჯაჭვის პერანგების და ქუდების ქსოვა. ასევე გვსურს ქართული ძველი სპორტის მიმდინარეობების, კავკასიური იოგას და მრავალი სხვა სახეობის აღდგენა... კარგი იქნება კონკურსებიც დაარსდეს, რათა ინტერესი უფრო დიდი იყოს...

მანანა გაბრიჭიძე